წყალი და თქვენი ჯანმრთელობა
„წყურვილს ვერ მიენდობით, რადგან მას არ შეუძლია განსაზღვროს თუ რამდენ წყალს ითხოვს თქვენი ორგანიზმი“, — შენიშნავს ერთი ჟურნალი (Health). მაგრამ ჩვენი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, აგრეთვე გარეგნობისთვისაც მნიშვნელოვანია დიდი რაოდენობით წყლის დალევა. ჩვენი სხეული განუწყვეტლივ კარგავს წყალს ოფლის, ცრემლებისა და შარდის სახით, აგრეთვე სუნთქვის შედეგად გამოყოფილი ორთქლის სახით. დაკარგულ სითხეს ანაზღაურება ესაჭიროება. რა რაოდენობის წყალი უნდა მიიღოს ორგანიზმმა? ბევრი ავტორიტეტული პიროვნება გვირჩევს, დღეში დავლიოთ, სულ ცოტა, რვა ჭიქა წყალი — დაახლოებით ორი ლიტრი.
რისთვისაა საჭირო ამდენი წყლის დალევა? წყალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირებასა და ნივთიერებათა ცვლის პროდუქტების გამოყოფაში. ის აუცილებელია ტემპერატურის რეგულირებისა და სასახსრე ზედაპირის დასასველებლად. „წყლის ოდნავმა უკმარისობამაც კი, შესაძლოა გადაღლა. . . ან ავადმყოფობა გამოიწვიოს — შენიშნავს ზემოხსენებული ჟურნალი. — ჩვეულებრივ მხედველობიდან რჩებათ ის ფაქტი, რომ გაუწყლოება იწვევს გადაღლას“. ჟურნალი გვირჩევს: „თავს ნუ მოიტყუებთ რომ ჩაის, ყავის, კოფეინის შემცველი გაზიანი წყლების ან ალკოჰოლური სასმელების სმით სითხეს ღებულობთ; სინამდვილეში ისინი ხელს უწყობენ გაუწყლოებას“. კოფეინი და ალკოჰოლი იწვევს შარდდენას და ორგანიზმი კარგავს წყალს.
ამასთან ერთად, „კანს ელასტიკურობისა და სინაზის შესანარჩუნებლად წყალი ესაჭიროება“. ამისთვის კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებაც შეიძლება. მაგრამ ისინი კანს სინოტივეს ვერ მატებენ. ნაცვლად ამისა, ისინი გვევლინებიან დამცავ ფენად, რომელიც ეხმარება კანს სინოტივის შენარჩუნებაში. ასაკოვანთათვის სინოტივის შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი კანი ასაკის მატებასთან ერთად, კარგავს წყლის შენარჩუნების უნარს.
სამწუხაროდ, მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში დიდი ძალისხმევაა საჭირო საკმაო ოდენობის წმინდა და სუფთა წყლის მოსაპოვებლად, რაც ღირს ამდენ ძალისხმევად. დალიეთ ბევრი წყალი და გამოიყენეთ ეს მარტივი საშუალება, რათა საუკეთესოდ გამოიყურებოდეთ და თავსაც კარგად გრძნობდეთ!