იეჰოვას მოწმეები — გამბედაობა ნაცისტური საფრთხის წინაშე
„გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტისგან გერმანიაში
ცნობილია, რომ იეჰოვას მოწმეები მტკიცედ იცავენ ღვთის სიტყვას, ბიბლიას. ეს ხშირად მოითხოვს გამბედაობას და, რასაკვირველია, ზეგავლენას ახდენს მათს ცხოვრებასა და ადამიანებთან ურთიერთობაზე.
მაგალითად, მოწმეები დიდ პატივს სცემენ ნებისმიერი ეთნიკური თუ კულტურული წარმომავლობის ადამიანს. მათ უყვართ ღმერთი და მოყვასი (მათე 22:35–40). და სრულიად ეთანხმებიან მოციქულ პეტრეს სიტყვებს: „ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის“ (საქმეები 10:34, 35).
ასევე მთელ მსოფლიოში ცნობილია, რომ იეჰოვას მოწმეები იცავენ კანონებსა და წესრიგს და პატივს სცემენ ხელისუფლებას. ისინი არასოდეს ყოფილან აჯანყების მოთავეები და არც არასდროს იქნებიან. ეს მაშინაც ასეა, როდესაც ზოგ ქვეყანაში მათ სდევნიან მოციქულების მსგავს პოზიციაზე დგომის გამო, რომლებმაც განაცხადეს: „ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს“ (საქმეები 5:29; მათე 24:9). ამავე დროს, მოწმეები პატივს სცემენ სხვა ადამიანების უფლებას, რომ თაყვანისმცემლობის საკითხებში საკუთარი სინდისით იხელმძღვანელონ.
იეჰოვას მოწმეების ქრისტიანული გამბედაობა გერმანიასა და ადოლფ ჰიტლერის მმართველობის ქვეშ მყოფ სხვა ქვეყნებში, ისტორიული ფაქტია. 1933 წელს ბერლინში (გერმანია) მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენა ცხადყოფს მოწმეების გამბედაობას და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მათ უყვართ ღმერთი, მოყვასი და აფასებენ კანონებს, წესრიგსა და რელიგიურ თავისუფლებას.
არავითარი კომპრომისი ჰიტლერთან
ორმოცდაათ წელზე მეტი გავიდა, რაც რასიზმისა და მკვლელობის, ჰიტლერის საზარელ თორმეტწლიან მმართველობას ბოლო მოეღო. და მაინც, დღემდე ვერ განიკურნა კაცობრიობა ნაცისტური რეჟიმის მიერ მიყენებული ჭრილობებისგან.
ისტორია აღიარებს, რომ საზოგადოების მხოლოდ რამდენიმე ჯგუფი იჩენდა გაბედულებას სიტყვითა და საქმით ნაცისტური ძალადობის წინაშე. მათ შორის იყვნენ იეჰოვას მოწმეები, როგორც „შეუპოვარი [მორალური] წინააღმდეგობის გამწევი პატარა ჯგუფი ტერორიზებული ერის წიაღში“. მათ გამბედაობას კარგად ასახავენ ცნობილი ისტორიკოსები.
თუმცა ზოგიერთი პიროვნება, რომელთა შორის იეჰოვას ყოფილი მოწმეებიც არიან, ბრალს სდებს მოწმეებს, რომ ჰიტლერის რეჟიმის პირველ ხანებში მათ კომპრომისზე წასვლა სცადეს. ისინი ამტკიცებენ, რომ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ წარმომადგენლები უშედეგოდ ცდილობდნენ ახალი მთავრობის კეთილგანწყობილების მოპოვებას და რაღაც დროის მანძილზე მაინც უჭერდნენ მხარს ნაციზმის რასისტულ იდეოლოგიას, რომელსაც შედეგად ექვსი მილიონი ებრაელის დახოცვა მოჰყვა.
ეს ბრალდება სრული სიცრუეა. ქვემოთ საფუძვლიანადაა განხილული მსჯელობის საგნად გამხდარი მოვლენები არსებულ დოკუმენტაციასა და ისტორიულ მასალაზე დაყრდნობით.
წარსულის გახსენება
იეჰოვას მოწმეებმა თავიანთი საქმიანობა გერმანიაში 100 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყეს. 1933 წლისთვის იქ დაახლოებით 25 000 კაცი იყო, რომლებიც თაყვანს სცემდნენ იეჰოვას და ბიბლიურ ლიტერატურას მთელ გერმანიაში ავრცელებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის კონსტიტუცია იეჰოვას მოწმეებს თავისუფლებას აძლევდა, ისინი ხშირად იყვნენ ცილისმწამების სამიზნე, ძირითადად ოპონენტების მხრიდან. ჯერ კიდევ 1921 წელს მოწმეებს, რომლებსაც მაშინ „ერნსტე ბიბელფორშერები“ (ბიბლიის გულმოდგინე მკვლევარები) ეწოდებოდათ, ბრალს სდებდნენ, რომ მთავრობის საწინააღმდეგო პოლიტიკურ მოძრაობაში ებრაელებს უჭერდნენ მხარს. ბიბლიის მკვლევარებს საშიშ ბოლშევიკ „ებრაელ მატლებს“ უწოდებდნენ, თუმცა ბრალდებები არასდროს ყოფილა დამტკიცებული. შვედმა თეოლოგმა, კარლ ბართმა, მოგვიანებით დაწერა: „ბრალდება, რომ იეჰოვას მოწმეები კომუნისტებს უჭერენ მხარს, მხოლოდ უნებლიე ან შეიძლება განზრახ შექმნილი გაუგებრობაა“.
გერმანიაში საეკლესიო პერიოდულმა გამოცემამ ბრალი დასდო მოწმეებს, რომ ისინი ებრაელებთან ერთად რევოლუციურ მოძრაობაში იყვნენ ჩაბმული. ამის საპასუხოდ ჟურნალის „ოქროს ხანა“ (ჟურნალის „გამოიღვიძეთ!“ წინამორბედი) 1930 წლის 15 აპრილის გერმანულ გამოცემაში ნათქვამი იყო: „არავითარი საფუძველი არა გვაქვს, რომ ეს ცრუ ბრალდება შეურაცხყოფად მივიღოთ, რადგან ჩვენი აზრით, ებრაელები ისეთივე პატივისცემას მაინც იმსახურებენ, როგორსაც ნომინალური ქრისტიანები; მაგრამ ჩვენ უარვყოფთ საეკლესიო გამოცემის ზემოხსენებულ სიცრუეს, რადგანაც ის ჩვენი საქმიანობის განსასჯელადაა გამიზნული, ვითომდაც ჩვენ ყველაფერს არა სახარებისთვის, არამედ ებრაელებისთვის ვაკეთებდეთ“.
ამგვარად, ერთმა ისტორიკოსმა, პროფესორმა ჯონ ვაისმა, დაწერა: „მოწმეებს საერთო არაფერი ჰქონდათ გერმანიის რასობრივ ნაციონალიზმთან და საუკუნეების განმავლობაში არ სწუხდნენ იმაზე, რომ ებრაელები ქრისტიანებად ვერ მოიქცნენ. ადამიანის ქრისტიანად მოქცევის აუცილებლობის საკითხში მოწმეები პირველი ქრისტიანების შეხედულებებს ინარჩუნებდნენ“.
რა მოხდა, როდესაც ხელისუფლებას ჰიტლერი ჩაუდგა სათავეში?
1933 წლის 30 იანვარს გერმანიის ახალი კანცლერი ადოლფ ჰიტლერი გახდა. პირველ ხანებში ჰიტლერის მთავრობა თავისი მოძალადე და ექსტრემისტული ბუნების შენიღბვას ცდილობდა. ამიტომაც მოწმეები, ისევე როგორც მილიონობით სხვა გერმანელი, 1933 წლის დასაწყისში ნაციონალ-სოციალისტურ პარტიას კანონიერ ხელისუფლებად მიიჩნევდნენ. მოწმეები იმედოვნებდნენ, რომ ნაციონალ-სოციალისტური (ნაცისტური) მთავრობა მიხვდებოდა, რომ ეს მშვიდობისმოყვარე, კანონების დამცველი ქრისტიანული ჯგუფი არავითარ საშიშროებას არ უქმნიდა სახელმწიფოს. ეს არ იყო ბიბლიური პრინციპების კომპრომისი. როგორც სხვა ქვეყნებში, გერმანელ მოწმეებსაც სურდათ, მთავრობისთვის გაეგებინებინათ, რომ მათი რელიგია პოლიტიკაში არ ერეოდა.
მალე ნათელი გახდა, რომ იეჰოვას მოწმეები უმოწყალო ნაციზმის ერთ-ერთი პირველი სამიზნეები გახდებოდნენ. მოწმეები კვლავ ბოლშევიკურ-ებრაული შეთქმულების მონაწილეებად შერაცხეს. დაიწყო დევნა.
რატომ გამოიწვია ასეთმა პატარა რელიგიურმა ჯგუფმა ახალი მთავრობის გამძვინვარება? ისტორიკოსი ბრაიან დანი სამ ძირითად მიზეზს ასახელებს: 1) მოწმეები მთელ მსოფლიოში არსებობდნენ; 2) ისინი რასიზმის წინააღმდეგები იყვნენ; 3) ისინი პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ. ბიბლიური თვალსაზრისის გამო გერმანელი მოწმეები უარს ამბობდნენ ჰიტლერის მისალმებაზე, ნაციონალურ-სოციალისტური პარტიის მხარდაჭერასა და მოგვიანებით სამხედრო საქმეებში მონაწილეობის მიღებაზე (გამოსვლა 20:4, 5; ესაია 2:4; იოანე 17:16).
ყოველივე ამის გამო მოწმეები მუქარას, დაკითხვებს, სახლების ჩხრეკასა და სხვა წინააღმდეგობებს ხვდებოდნენ პოლიციისა და ჰიტლერის შტურმაბტაილუნგის მოიერიშეთა რაზმებისგან ანუ ყავისფერპერანგიანებისგან. 1933 წლის 24 აპრილს კი მთავრობის წარმომადგენლები შეიჭრნენ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მაგდებურგის (გერმანია) ოფისში და დახურეს ის. როდესაც საგულდაგულო ჩხრეკის შემდეგ ვერავითარი სამხილი ვერ აღმოაჩინა და შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდანაც წინააღმდეგობას წააწყდა, პოლიციამ საკუთრება დააბრუნა. თუმცა 1933 წლისთვის გერმანიის ზოგიერთ მხარეში მოწმეების საქმიანობა აიკრძალა.
მოწმეების გაბედულება
ამ ადრეულ წლებში ჰიტლერმა თანდათანობით ხალხში ქრისტიანობის ქომაგის სახელი დაიმკვიდრა. ის აცხადებდა, რომ რელიგიურ თავისუფლებას უზრუნველყოფდა და ქრისტიანული მიმდინარეობებისადმი „ობიექტურობასა და სამართლიანობას“ გამოიჩენდა. თავისი ავტორიტეტის გასაზრდელად ახალი კანცლერი ეკლესიებში ჩნდებოდა. იმ ქვეყნებში მცხოვრები მრავალი ადამიანი, რომლებიც მოგვიანებით გერმანიის წინააღმდეგ ომში იყვნენ ჩაბმული, ჰიტლერის მიღწევებს აღტაცებაში მოჰყავდა.
გერმანიაში მდგომარეობის უფრო და უფრო დაძაბვის გამო საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მაშინდელმა პრეზიდენტმა, ჯოზეფ ფ. რუტერფორდმა, და გერმანიის ფილიალის კოორდინატორმა, პაულ ბალცერაიტმა, გადაწყვიტეს წამოეწყოთ კამპანია, რათა ნათელი გაეხადათ კანცლერ ჰიტლერისთვის, მთავრობის წარმომადგენლებისთვისა და საზოგადოებისთვის, რომ იეჰოვას მოწმეები არავითარ საფრთხეს არ უქმნიდნენ გერმანელ ხალხსა და სახელმწიფოს. როგორც ჩანს, რუტერფორდი ფიქრობდა, რომ ჰიტლერმა არ იცოდა, თუ როგორ წინააღმდეგობებს ხვდებოდნენ იეჰოვას მოწმეები ან ის რელიგიური პირების მიერ იყო დეზინფორმირებული.
ამიტომ მაგდებურგის ფილიალმა ორგანიზება გაუწია კონგრესს, რათა გამოეყენებინა გერმანელი მოქალაქეების უფლება და პეტიცია წარედგინათ. მთელი გერმანიის იეჰოვას მოწმეებს აცნობეს, რომ 1933 წლის 25 ივნისს ბერლინში, „ვილმერსდორფერ ტენიშოლენში“, იყვნენ მიწვეული. დაახლოებით 5 000 დელეგატს ელოდნენ. მაგრამ, მიუხედავად დაძაბული სიტუაციისა, 7 000-ზე მეტმა პიროვნებამ გამბედაობა გამოიჩინა და დაესწრო კონგრესს. დელეგატებმა მიიღეს რეზოლუცია, სათაურით „დეკლარაცია ფაქტების შესახებ“. ეს დოკუმენტი იეჰოვას მოწმეების საქმიანობის შეზღუდვების წინააღმდეგ იყო მიმართული. ის ნათლად გამოხატავდა მოწმეების პოზიციას და უარყოფდა ყოველგვარ პოლიტიკურ შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებას. მასში ნათქვამი იყო:
„ჩვენ უსამართლოდ დაგვდეს ბრალი მთავრობის წინაშე. . . პატივისცემით ვთხოვთ ერის მმართველებსა და საზოგადოებას, რომ სამართლიანად და მიუკერძოებლად განიხილონ ქვემოთმოყვანილი ფაქტები“.
„ჩვენ სადავო არაფერი გვაქვს არც ერთ პიროვნებასთან, არც ერთ რელიგიურ წინამძღვართან, მაგრამ ყურადღებას ვამახვილებთ იმ ფაქტზე, რომ, ხშირად ისინი, რომლებიც ღვთისა და ქრისტეს სახელით გამოდიან, სინამდვილეში, ჩვენი მდევნელები არიან და მთავრობის წინაშე ცრუ ბრალდებებს გვიყენებენ“.
კონგრესი — გამბედაობა თუ კომპრომისი?
ზოგი თვლის, რომ ბერლინის 1933 წლის კონგრესი და „დეკლარაცია ფაქტების შესახებ“ მოწმეების ხელმძღვანელების მხრიდან ებრაელების სიძულვილის გამომჟღავნებისა და ამგვარად ნაცისტური მთავრობის მხარდაჭერის მცდელობა იყო. მაგრამ მათი მტკიცებები სინამდვილეს არ შეესაბამება. ისინი დეზინფორმაციასა და ფაქტების არასწორად აღქმაზეა დაფუძნებული.
მაგალითად, კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მოწმეებს „ვილმერსდორფერ ტენიშოლენში“ სვასტიკიანი დროშები ჰქონდათ. 1933 წლის კონგრესზე გადაღებულ ფოტოსურათებზე აშკარად ჩანს, რომ შენობაში მათ არავითარი სვასტიკა არ ჰქონიათ. კონგრესზე დამსწრეები ადასტურებენ, რომ იქ არავითარი დროშები არ ყოფილა.
მაგრამ შესაძლებელია, რომ შენობაზე გარედან იყო დროშები. ნაცისტებმა 21 ივნისს, ოთხშაბათს, კონგრესამდე ისარგებლეს შენობით. შემდეგ კი, კონგრესის წინა დღეს, ახალგაზრდების ჯგუფმა, ესესელებმა (შუტცშტაფფელი, თავდაპირველად ჰიტლერის შავპერანგიანი მცველები), მოიერიშეთა რაზმებმა და სხვებმა ზაფხულის მზებუდობა იზეიმეს მახლობლად. ასე რომ, კვირას კონგრესზე მისვლისას მოწმეებს შენობაზე სვასტიკიანი დროშები დახვდებოდათ.
შენობის გარეთა ნაწილი იქნებოდა სვასტიკიანი დროშებით მორთული თუ მისი დერეფნები, ან თუნდაც თვით დარბაზი, იეჰოვას მოწმეები ამას არავითარ ყურადღებას არ მიაქცევდნენ. დღესაც კი, როდესაც იეჰოვას მოწმეები კრების შეხვედრებისა თუ კონგრესებისთვის სახელმწიფო შენობებს ქირაობენ, ისინი ხელს არ ახლებენ სახელმწიფო სიმბოლოებს. მაგრამ არავითარი მტკიცება არ არსებობს, რომ ისინი თვითონ ჰკიდებენ დროშებს ან სალამს აძლევენ მათ.
კრიტიკოსები იმასაც ამტკიცებენ, რომ იეჰოვას მოწმეებმა კონგრესი გერმანიის სახელმწიფო ჰიმნით გახსნეს. სინამდვილეში კი კონგრესი გაიხსნა „სიონის დიდებული იმედით“, 64-ე სიმღერით მოწმეების რელიგიური სიმღერების წიგნიდან. ამ სიმღერის სიტყვებისთვის იოზეფ ჰაიდნის მიერ 1797 წელს დაწერილი მუსიკა იყო შერჩეული. 64-ე სიმღერა ბიბლიის მკვლევარებს თავიანთ სიმღერების წიგნში 1905 წლიდან მაინც ჰქონდათ. 1922 წელს გერმანიის მთავრობამ ჰაიდნის ეს მელოდია და ჰოფმან ვან ფალერსლეიბენის სიტყვები სახელმწიფო ჰიმნად აიღო. მიუხედავად ამისა, ბიბლიის მკვლევარები გერმანიაში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, დროდადრო კვლავ მღეროდნენ 64-ე სიმღერას.
სიონის შესახებ სიმღერა შეუძლებელია აღქმული ყოფილიყო როგორც ნაცისტების საამებელი. ანტისემიტური ნაციზმის ზეგავლენის გამო მრავალი ეკლესია საგალობლებსა და ლიტურგიებში აღარ იხსენიებდა ისეთ ებრაულ სიტყვებს, როგორიცაა: იუდა, იეჰოვა და სიონი. იეჰოვას მოწმეები ასე არ მოქცეულან. კონგრესის ორგანიზატორებს, რაღა თქმა უნდა, აზრად არ ჰქონიათ სიონის განმადიდებელი სიმღერით მთავრობის კეთილგანწყობილების მოპოვება. შესაძლებელია, რომ ზოგი დელეგატი უხალისოდ მღეროდა „სიონის დიდებულ იმედს“, რადგანაც ჰაიდნის ეს მელოდია სახელმწიფო ჰიმნის მელოდიაც იყო.
პოლიციის განცხადება
ხელისუფლების შეცვლისა და ქვეყანაში არეული მდგომარეობის გამო მოწმეებს სურდათ, გაეცხადებინათ თავიანთი პოზიცია. „დეკლარაციის“ საშუალებით მოწმეებმა მტკიცედ უარყვეს ებრაელების მხრიდან ფინანსური დახმარებისა და მათთან პოლიტიკური კავშირების დამყარების ბრალდება. დოკუმენტში ნათქვამი იყო:
„მტრები ცრუ ბრალდებას გვიყენებენ, რომ ჩვენს საქმიანობას ებრაელები აფინანსებენ. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. დღემდე ებრაელების მხრიდან მცირეოდენი თანხაც კი არ მიგვიღია ჩვენი საქმიანობისთვის“.
თანხების მოხსენიების შემდეგ „დეკლარაცია“ განსჯიდა დიდი ბიზნესის უსამართლო კომერციულ საქმიანობებს:
„ეს ბრიტანულ-ამერიკული იმპერიის ებრაელები არიან, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს და ხელი მოჰკიდეს დიდ ბიზნესს, როგორც მრავალი ერის ექსპლუატაციისა და ჩაგვრის საშუალებას“.
ეს სიტყვები აშკარად არ ეხებოდა მთელ ებრაელ ხალხს და სამწუხაროა, თუ არასწორად იყო გაგებული და წყენის მიზეზი გახდა. ზოგი ამტკიცებს, რომ იეჰოვას მოწმეებიც მტრულად იყვნენ განწყობილი ებრაელებისადმი, ისევე როგორც იმდროინდელი გერმანული ეკლესიები. ეს სრული სიცრუეა. ნაციზმის დროს თავიანთი ლიტერატურითა თუ მოქმედებით მოწმეები უარყოფდნენ ანტისემიტურ შეხედულებებს და ამხელდნენ ნაცისტების მიერ ებრაელების ჩაგვრას. უდავოდ, მოწმეების მიერ იმ ებრაელების მიმართ გამომჟღავნებული სიკეთე, რომლებსაც საკონცენტრაციო ბანაკებში იგივე წილი ხვდათ, აშკარად უარყოფს ამ ცრუ ბრალდებას.
„დეკლარაცია“ იეჰოვას მოწმეთა საქმიანობას ახასიათებდა როგორც რელიგიურს: „ჩვენი ორგანიზაცია არაა პოლიტიკური. ჩვენ მხოლოდ გადაწყვეტილებით ვართ აღსავსენი, რომ ადამიანებს იეჰოვას სიტყვა ვასწავლოთ“.
„დეკლარაცია“ ასევე მთავრობას თავისივე დაპირებებს ახსენებდა. მოწმეები მხარს უჭერდნენ მაღალ იდეალებს და გერმანიის მთავრობასაც სახალხოდ გაცხადებული ჰქონდა, რომ მაღალი იდეალების მხარდამჭერი იქნებოდა. ამაში შედიოდა ოჯახური ღირებულებები და რელიგიური თავისუფლება.
ამის თაობაზე „დეკლარაციაში“ ნათქვამი იყო: „ჩვენი წიგნებისა და სხვა ლიტერატურის გულდასმით გამოკვლევით ნათელი ხდება ის ფაქტი, რომ ჩვენი პუბლიკაციები მხარს უჭერს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დღევანდელი ეროვნული მთავრობის მაღალ იდეალებს და აუწყებს, რომ იეჰოვა ღმერთის ძალით თავის დროზე ამ მაღალ იდეალებს მიაღწევს სიმართლის მოყვარული ყველა ადამიანი“.
ამგვარად, მოწმეები არასდროს უჭერდნენ მხარს ნაცისტურ პარტიას. უფრო მეტიც, ისინი რელიგიური თავისუფლებით სარგებლობდნენ და არ აპირებდნენ სახალხოდ ქადაგების შეწყვეტას (მათე 24:14; 28:19, 20).
„1974 წლის იეჰოვას მოწმეთა წელიწდეულის“ თანახმად, ზოგი გერმანელი მოწმე უკმაყოფილო დარჩა, რომ „დეკლარაცია“ უფრო კატეგორიული არ იყო. ნუთუ ფილიალის კოორდინატორმა, პაულ ბალცერაიტმა, შეცვალა და შეასუსტა დოკუმენტის ტექსტი? არა, რადგანაც გერმანული და ინგლისური ტექსტების შედარებით ნათელი ხდება, რომ ეს ასე არ მომხდარა. განსხვავებული თვალსაზრისი უეჭველად იმ პიროვნებების სუბიექტურ აზრებზე იყო დაფუძნებული, რომლებსაც უშუალო მონაწილეობა არ მიუღიათ „დეკლარაციის“ შექმნაში. ასეთი დასკვნები შეიძლება იმის გამოც გამოიტანეს, რომ ბალცერაიტმა სულ ორ წელიწადში უარყო რწმენა.
ცნობილია, რომ იეჰოვას მოწმეების საქმიანობა გერმანიაში ოფიციალურად აიკრძალა შაბათს, 1933 წლის 24 ივნისს, ბერლინის კონგრესის წინა დღეს. კონგრესის ორგანიზატორებმა და პოლიციამ ამ აკრძალვის შესახებ რამდენიმე დღის შემდეგ შეიტყვეს. თუ მხედველობაში მივიღებთ დაძაბულ ვითარებასა და ნაცისტების აშკარად მტრულ განწყობილებას, საოცარია, რომ კონგრესი საერთოდ ჩატარდა. გაზვიადებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ 7 000-მა მოწმემ გაბედულება გამოიჩინა და საკუთარი თავისუფლება საფრთხეში ჩაიგდო შეხვედრაზე დასწრებით.
კონგრესის შემდეგ მოწმეებმა „დეკლარაციის“ 2,1 მილიონი ეგზემპლარი გაავრცელეს. ზოგი მოწმე მაშინვე დააპატიმრეს და შრომა-გასწორების ბანაკებში მოათავსეს. ამგვარად, ნაცისტურმა მთავრობამ სრულიად გამოამჟღავნა თავისი დესპოტიზმი და მოძალადეობა და სულ მალე ძლიერი იერიში მიიტანა ქრისტიანთა ამ პატარა ჯგუფზე.
პროფესორი კრისტინ კინგი წერდა: „ნაცისტები უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ ძალადობით მოწმეებთან ვერაფერს მიაღწევდნენ“. მოხდა ის, რაც „დეკლარაციაში“ იყო ნათქვამი: „იეჰოვა ღმერთს უდიდესი ძალა აქვს და ვერავითარი ძალა ვერ გაუწევს მას წინააღმდეგობას“a.
[სქოლიო]
a ადგილი საშუალებას არ გვაძლევს, რომ ამ ისტორიული ფაქტის შესახებ მთელი დოკუმენტაცია მოვიყვანოთ. თუმცა მსურველებს შეუძლიათ გამომცემლებისგან წყაროების სრული სიის მიღება. ასევე ინფორმაციის მიღებაში დაგეხმარებათ ვიდეოკასეტა, რომელიც დოკუმენტურ მასალაზეა შექმნილი, — „იეჰოვას მოწმეების სიმტკიცე ნაცისტური თავდასხმის წინააღმდეგ“.
[სურათები 13 გვერდზე]
ფოტოსურათები, რომლებიც გადაღებულია იეჰოვას მოწმეების 1933 წლის კონგრესზე „ტენიშოლენში“.