რა ხდება მსოფლიოში
ქუჩის ბავშვები შეურაცხყოფას გაურბიან
„ქუჩის ბავშვების 90 პროცენტს ოჯახი აქვს. [მათგან] დაახლოებით 90 პროცენტს მშობლები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. ამიტომაც ბავშვები გაურბიან მათ და ეხვევიან დამნაშავეობასა და ნარკომანიაში; აგრეთვე სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლები ხდებიან“, — შენიშნავს „შეურაცხყოფილ ბავშვებზე ზრუნვის რეგიონალური ცენტრის“ (Crami) კოორდინატორი ენზა მატარი. მატარი, რომლის სიტყვებიც ბრაზილიის ერთ-ერთ გაზეთში იყო მოყვანილი, მედიცინის მუშაკებსა და მასწავლებლებს ურჩევს, სიფხიზლე გამოიჩინონ შეურაცხყოფილი ბავშვების ამოცნობაში; მაგალითად, „ბავშვი უცბად იცვლის ქცევებს, ხდება გულჩათხრობილი და სხეულზე უჩნდება რაიმე ნაკაწრი ან შრამი“ (O Estado de S. Paulo). ამ საქმეში ჩარევა მნიშვნელოვანია, რადგან იმ ბავშვებიდან, რომლებსაც ცენტრი დაეხმარა, მხოლოდ 5 პროცენტმა მიმართა მას მფარველობისთვის. მშობლები, რომლებიც სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ შვილებს, ხშირად უარს ამბობენ შეთავაზებულ დახმარებაზე. რატომ? ცენტრის პრეზიდენტი ჟაუნ რობერტუ სკონპარინი ამბობს: „მშობლები, რომლებიც ძლიერ შეურაცხყოფენ შვილებს, ბავშვების აღზრდის საკითხში საკუთარი მშობლების მაგალითს მიჰყვებიან და სჯერათ, რომ ასე მოქცევით შვილებს ზრდიან“.
გულმავიწყი ადამიანები
1 600 იტალიელზე ჩატარებული დაკვირვების შედეგად დაასკვნეს, რომ 77 პროცენტი გულმავიწყობას უჩივის, — აღნიშნავს ერთ-ერთი გაზეთი (La Repubblica). მესამედზე მეტს არ ახსოვს გასული წლის მნიშვნელოვანი იუბილე. ამასთან, 42 პროცენტს სისტემატურად ავიწყდება, თუ სად გააჩერა ავტომანქანა, 30 პროცენტზე მეტს — სახლის გასაღები, 25 პროცენტს — საფულე, ხოლო 1,2 პროცენტს საკუთარი სახელი და გვარიც კი. მეორე მხრივ, იტალიელთა 28 პროცენტი ამბობს, რომ ჯერ კიდევ ახსოვთ სკოლაში ნასწავლი ერთი ლექსი მაინც. როგორ შეგიძლიათ მახსოვრობის გაუმჯობესება? ერთი ფსიქოლოგი გვირჩევს, რომ მოვიფიქროთ რაიმე, რასაც შეიძლება დავუკავშიროთ ის, რასაც ვიმახსოვრებთ, ჩავინიშნოთ დღიურში და გადავხედოთ ხოლმე ჩანაწერებს. აგრეთვე გონების სავარჯიშოდ დავიმახსოვროთ ტელეფონის ნომრები, მელოდიები და ავტომანქანის სარეგისტრაციო ნომრებიც კი.
რატომ გეჩვენებათ, რომ თქვენი რიგი ნელა მიიწევს
თუ გეჩვენებათ, რომ საყიდლებზე რიგში დგომისას თქვენი რიგი ყველაზე ნელა მიიწევს და ამის გამო ყოველთვის ნერვიულობთ, ეს, უბრალოდ, ალბათობის თეორიის კანონზომიერებაა. გერმანული გაზეთის (Die Zeit) თანახმად, იმის ალბათობა, რომ ორი პარალელური რიგიდან ერთი უფრო სწრაფად წავა, ვიდრე თქვენი, სამიდან ორია. რაც უფრო მეტია რიგები, მით უფრო ნაკლებია ალბათობა. მკვლევართა აზრით, ადამიანს ლოდინი კი არ აღიზიანებს, არამედ „იმის შეგრძნება, რომ დროს ტყუილუბრალოდ კარგავს“. ლიფტის ლოდინი ნაკლებად გამაღიზიანებელი რომ იყოს, ზოგი სასტუმროს ვესტიბიულში სარკეები ჩამოკიდეს. ეს ადამიანს საშუალებას აძლევს თმა გადაივარცხნოს ან ჰალსტუხი გაისწოროს. სასარგებლოა იმის შეტყობინებაც, თუ რამდენ ხანს მოუწევთ ლოდინი. ამიტომაც ზოგიერთ მეტროში დაყენებულია ელექტრონული დაფები, რომლებიც აჩვენებს, თუ რამდენი წუთია დარჩენილი შემდეგი მატარებლის გასვლამდე.
სამღვდელოების ამორალურობა აფრიკაში
„აფრიკაში თავი იჩინა სამღვდელოების მიერ ჩადენილმა სექსუალური უზნეობის შემთხვევებმა“, — იუწყება ჟურნალი „კათოლიკ ინტერნეიშენელი“ (Catholic International). ასეთი უზნეობის თავიდან აცილების მიზნით, ზოგი კათოლიკე ეპისკოპოსი იძლევა რჩევას, რომ საჭიროა სემინარიის პოტენციური სტუდენტების უფრო ზედმიწევნით შემოწმება და მომზადება. აფრიკელი ეპისკოპოსები სასულიერო პირთა მიერ ჩადენილი ისეთი არასწორი მოქმედებების გამოც წუხან, როგორიცაა: „ალკოჰოლის გადამეტებული სმა და მონაწილეობის მიღება ისეთ საქმეებში, რომლებიც მიუღებელია ან უცხოა სასულიერო პირისა და მისი პროფესიისთვის, მაგალითად: ბიზნესი, ვაჭრობა ან პოლიტიკოსობა“. რატომ მოეფინა ნათელი მათ საქმეებს მაინცდამაინც ბოლო დროს? „ეს განაპირობა პრესის თავისუფლებამ და საინფორმაციო საშუალებებზე ეკლესიების მეთვალყურეობის მოდუნებამ, — პასუხობს ზემოხსენებული ჟურნალი და ამატებს: — აფრიკის ზოგიერთ ნაწილში ზოგი ეკლესიის უფლებამოსილი პირების თავდაპირველი მცდელობები — თავიდან აერიდებინათ არასასიამოვნო ხმები. . . ჩაიფუშა“.