საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g98 12/8 გვ. 12-14
  • რატომ არ უნდა მყავდეს მშობლები?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რატომ არ უნდა მყავდეს მშობლები?
  • გამოიღვიძეთ! — 1998
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • შენი ბრალი არაა
  • ტრავმირებული ბავშვები
  • დახმარება
  • მშობლებო, სიყვარულით აღზარდეთ შვილები!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
  • ახალგაზრდებო, თქვენ შეგიძლიათ გული გაუხაროთ მშობლებს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
  • მშობლებო, შეაყვარეთ შვილებს იეჰოვა!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2022
  • პატივი ეცით მოხუც მშობლებს
    ოჯახური ბედნიერების საიდუმლო
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 1998
g98 12/8 გვ. 12-14

ახალგაზრდები იძლევიან შეკითხვას. . .

რატომ არ უნდა მყავდეს მშობლები?

„როგორ ვიზრდებოდი ობლად? მრავალი მიზეზის გამო ძალიან ცუდი ბავშვობა მქონდა. ძნელია ბავშვისთვის მშობლების სითბოსა და სიყვარულის გარეშე ცხოვრება“ (იოაკინი).

„ყველაზე მძიმე ჩემთვის ის დღეები იყო, როდესაც სკოლაში მშობლებს იძახებდნენ ნიშნების ფურცლის ხელმოსაწერად. სევდა მაწვებოდა და თავს მარტოდ ვგრძნობდი. დროდადრო ახლაც მეუფლება მსგავსი გრძნობები“ (16 წლის აბელინა).

ეს ჩვენი დროის ტრაგედიაა — მილიონები იზრდებიან მშობლების გარეშე. აღმოსავლეთ ევროპაში ათასობით ბავშვი დააობლა ომმა. აფრიკაში შიდს-ის ეპიდემიამ გამოიწვია იგივე. ზოგი ბავშვი მშობლებმა მიატოვეს. სხვები კი მშობლებს ომმა და სტიქიურმა უბედურებამ მოსწყვიტა.

ბიბლიურ დროშიც მსგავსი მდგომარეობა იყო. მაგალითად, ობლების გაჭირვებაზე არაერთხელაა საუბარი საღვთო წერილში (ფსალმუნი 93:6; მალაქია 3:5). ომები და სხვა უბედურებები მაშინაც აშორებდა ერთმანეთს მშობლებსა და შვილებს. ბიბლიაში მოხსენიებულია პატარა გოგონა, რომელიც არამელმა მოთარეშეებმა მშობლებს მოსწყვიტეს (მეოთხე მეფეთა 5:2).

შეიძლება, მილიონობით ახალგაზრდის მსგავსად, შენც არ გყავს მშობლები. თუ ასეა, შენთვის უცხო არაა, თუ რამდენად მტკივნეულია ეს. რატომ აღმოჩნდი ამგვარ მდგომარეობაში?

შენი ბრალი არაა

ხომ არ ფიქრობ, რომ ღმერთი გსჯის? ან შეიძლება გულმოსული ხარ მშობლებზე, თითქოს მათ თვითონ უნდოდათ სიკვდილი. პირველ რიგში, დარწმუნებული იყავი, რომ ღმერთი არ გიწყრება. არც მშობლებს მიუტოვებიხარ წინასწარგანზრახულად. სიკვდილი არასრულყოფილი კაცობრიობის საშინელი ხვედრია და ზოგჯერ მშობლები მაშინ იხოცებიან, როდესაც შვილები ჯერ კიდევ პატარები არიან (რომაელთა 5:12; 6:23). როგორც ჩანს, იესოსაც მოუკვდა საყვარელი მამობილი იოსებიa. ცხადია, ეს არ მომხდარა იმის გამო, რომ იესოს რაიმე ცოდვა ჰქონდა ჩადენილი.

არც ის დაგავიწყდეს, რომ ‘საზარელ ჟამში’ ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1–5). ძალადობამ, ომებმა და დამნაშავეობამ ჩვენს საუკუნეში მილიონობით უდანაშაულო ადამიანი შეიწირა. სხვები ‘დრომ და შემთხვევამ’ იმსხვერპლა, რასაც თითოეული ადამიანის სიცოცხლეზე აქვს ძალაუფლება (ეკლესიასტე 9:11). მტკივნეულია მშობლების სიკვდილი, მაგრამ ამაში შენ არ ხარ დამნაშავე. იმის მაგივრად, რომ თავი დაიდანაშაულო და მწუხარებამ მოგიცვას, ნუგეში ჰპოვე ღვთის დანაპირებში, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომაb. იესომ თქვა: „ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის ჟამი, როდესაც ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ. . . [და] გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29). აბელინა, რომელიც დასაწყისში მოვიხსენიეთ, ამბობს: „იეჰოვას სიყვარული და მკვდრეთით აღდგომის იმედი დიდად მეხმარება“.

რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევაში, თუ შენი მშობლები ცოცხლები არიან, მაგრამ მიგატოვეს? ღმერთი მშობლებისგან მოითხოვს, რომ აღზარდონ შვილები და იზრუნონ მათზე (ეფესელთა 6:4; 1 ტიმოთე 5:8). მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგი მშობელი აღმაშფოთებლად იქცევა და საკუთარი შვილისადმი არავითარ სიყვარულს არ ავლენს (2 ტიმოთე 3:3, აფ). სხვები კი შვილების მიტოვებამდე სიღატაკეს, ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებას, პატიმრობასა და ალკოჰოლიზმს მიჰყავს. ასევე არიან მშობლები, რომლებიც, უბრალოდ, ეგოისტური მიზნებით ტოვებენ შვილებს. რაც უნდა იყოს მიზეზი, მშობლების გარეშე ცხოვრება მტანჯველია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამაში ბრალი შენ მიგიძღვის და დანაშაულის გრძნობით თავი უნდა დაიტანჯო. ფაქტობრივად, შენი მშობლები არიან ღვთის წინაშე პასუხისმგებლები იმისთვის, თუ როგორ მოგექცნენ (რომაელთა 14:12). იმ შემთხვევაში, თუ შენს მშობლებს მათგან დამოუკიდებელი მიზეზების, მაგალითად სტიქიური უბედურების ან ავადმყოფობის, გამო მოუწიათ შენთან დაშორება, რა თქმა უნდა, არავინაა დამნაშავე! ყოველთვის არსებობს კვლავ ერთად ყოფნის იმედი, მაშინაც კი, თუ ეს იმედი დროდადრო გეკარგება (შეადარე დაბადება 46:29–31).

ტრავმირებული ბავშვები

მშობლების გარეშე ცხოვრების გამო შეიძლება უამრავ სერიოზულ პრობლემას ხვდები. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ, სახელწოდებით „ბავშვები ომში“, ცხადყო: „მზრუნველობას მოკლებული ბავშვები ყველაზე მეტად ტრავმირებული ბავშვები არიან, რომელთაც. . . უწევთ ბრძოლა გადარჩენისთვის, არავინ უწყობს ხელს ნორმალურად განვითარებაში და ხშირად ცუდად ეპყრობიან. მშობლების გარეშე ცხოვრება ბავშვს ყველაზე დიდ ტრავმას აყენებს“. შეიძლება დეპრესიასა და იმედგაცრუებასთანაც გიწევს ბრძოლა.

გაიხსენე იოაკინი, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ. მისი მშობლები გაიყარნენ და შემდეგ უპატრონოდ მიატოვეს ის და მისი და-ძმები. ის მაშინ მხოლოდ ერთი წლის იყო და უფროსმა დებმა გაზარდეს. იოაკინი ამბობს: „ხშირად ვფიქრობდი, რატომ არ უნდა გვყოლოდა მშობლები, როგორც ჩვენს მეგობრებს ჰყავდათ. როდესაც ვხედავდი, როგორ ეთამაშებოდა მამა შვილს, ვნატრობდი, რომ ის მამაჩემი ყოფილიყო“.

დახმარება

როგორი ძნელიც უნდა იყოს მშობლების გარეშე ცხოვრება, არ იფიქრო, რომ წარუმატებელი იქნები. არ მოგიწევს ყოველთვის გადარჩენისთვის ბრძოლა, არამედ დახმარებითა და თანადგომით წარმატებასაც მიაღწევ ცხოვრებაში. ეს შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სევდითა და მწუხარებით ხარ მოცული. ამგვარი გრძნობები ბუნებრივია, მაგრამ ისინი არ დაგტანჯავს მუდმივად. ეკლესიასტეს 7:2, 3-ში ვკითხულობთ: „ტირილში წასვლა სჯობს ლხინში წასვლას. . . მწუხარება სჯობს სიცილს, რადგან სახის დაღვრემისას კეთილია გული“. დიახ, როდესაც ტრაგედია ტრიალდება, ტირილი და მწუხარება ბუნებრივია და ამაში არაფერია არასწორი. ასეთ დროს შეიძლება დიდად დაგეხმაროს თანამგრძნობ მეგობართან ან მოწიფულ ქრისტიანთან საუბარი და მტანჯველი გრძნობების გაზიარება.

შეიძლება საკუთარ თავში ჩაკეტვის სურვილმა დაგძლიოს. მაგრამ ამასთან დაკავშირებით იგავნის 18:1 გვაფრთხილებს: «თავკერძა კაცი [„კაცი მნებებელი განშორებად მეგობრისაგან“, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884] თავის გულისთქმას არის აყოლილი და ყოველგვარი სიბრძნის წინააღმდეგ ჯანყდება». უმჯობესია დახმარებისთვის მიმართო გულკეთილ და გულისხმიერ ადამიანს. იგავნის 12:25-ში ნათქვამია: „სადარდებელი კაცის გულს აღონებს, კეთილი სიტყვა კი ახალისებს“. მხოლოდ მაშინ მოისმენ ‘კეთილ სიტყვას’, როცა შენს ‘სადარდებელს’ ვინმეს გაუზიარებ.

ვის შეგიძლია ესაუბრო? თანადგომისთვის ქრისტიანებს მიმართე კრებაში. იესოს დანაპირების თანახმად, იქ შეიძენ ‘ძმებს, დებსა და დედებს’, რომლებიც შეგიყვარებენ და მხარში ამოგიდგებიან (მარკოზი 10:30). იოაკინი ამბობს: „ქრისტიან ძმებთან ურთიერთობამ ცხოვრება სხვაგვარად დამანახვა. შეხვედრებზე რეგულარულმა დასწრებამ კიდევ უფრო შემაყვარა იეჰოვა და მისადმი მსახურების სურვილი აღმიძრა. მოწიფული ძმები სულიერად გვეხმარებოდნენ და რჩევა-დარიგებას გვაძლევდნენ. დღეს ზოგი ჩემი და-ძმა სრული დროით მსახურია“.

ასევე არ დაგავიწყდეს, რომ იეჰოვა ‘ობოლთა მამაა’ (ფსალმუნი 67:6, 7). ბიბლიურ დროში ღმერთი მოუწოდებდა თავის ხალხს, რომ გულმოწყალება გამოეჩინათ ობლების მიმართ და უსამართლოდ არ მოქცეოდნენ (მეორე რჯული 24:19; იგავნი 23:10, 11). იეჰოვა დღესაც ზრუნავს ობლებზე. ასე რომ, ლოცვით მიმართე მას და დარწმუნებული იყავი, რომ ის ზრუნავს შენზე და უპასუხოდ არ დატოვებს შენს ლოცვას. მეფე დავითმა დაწერა: „დამაგდო ჩემმა დედ-მამამ, ხოლო უფალი მიმიღებს მე. მიენდე უფალს, გამხნევდი და გაამაგრე შენი გული“ (ფსალმუნი 26:10, 14).

მაგრამ ცხოვრებაში მრავალი სიძნელის დაძლევა მოგიწევს. სად უნდა იცხოვრო? როგორ შეძლებ საკუთარი თავის უზრუნველყოფას? მომავალ სტატიაში განხილული იქნება, თუ როგორ შეგიძლია გაუმკლავდე ზოგიერთ სიძნელეს.

[სქოლიოები]

a სიკვდილის წინ იესომ დედაზე ზრუნვა მოწაფე იოანეს დაავალა, რასაც არ გააკეთებდა, თავისი მამობილი იოსები რომ ცოცხალი ყოფილიყო (იოანე 19:25–27).

b დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გადაიტანო მშობლის სიკვდილი, იხილე ჟურნალის „გამოიღვიძეთ!“ 1994 წლის 22 აგვისტოს (ინგლ.) და 8 სექტემბრის (რუს.) ნომრებში გამოქვეყნებული სტატიები, რუბრიკით: „ახალგაზრდები იძლევიან შეკითხვას. . .“.

[ჩანართი 14 გვერდზე]

„იეჰოვას სიყვარული და მკვდრეთით აღდგომის იმედი დიდად მეხმარება“.

[სურათები 13 გვერდზე]

ქრისტიანი და-ძმები დაგეხმარებიან და გაგამხნევებენ.

[სურათი 14 გვერდზე]

ზოგჯერ შეიძლება მარტოობის გრძნობა დაგეუფლოს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება