რუსეთის სასამართლო პალატა გადაწყვეტილებას იღებს იეჰოვას მოწმეების სასარგებლოდ
იეჰოვას მოწმეები კეთილგანწყობილებით ხვდებიან საინფორმაციო საშუალებების მიერ მათ შესახებ მოწოდებულ ცნობებს, როდესაც მასალა პასუხისმგებლობითაა მომზადებული. გარდა ამისა, თვითონაც მზად არიან სწორი ინფორმაცია მიაწოდონ ხალხს თავიანთ რელიგიურ შეხედულებებსა და საქმიანობაზე. მაგრამ, როდესაც არაზუსტი და ცილისმწამებლური სტატიები იბეჭდება, მოწმეები იძულებული ხდებიან, სათანადო ინსტანციებს მიმართონ თავიანთი რელიგიური და მოქალაქეობრივი უფლებების დასაცავად. ქვემოთ მოყვანილია ბოლო დროს მომხდარი ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა.
პოპულარული რუსული გაზეთის, „კომსომოლსკაია პრავდის“, 1997 წლის 1 აგვისტოს ნომერში, სანქტ-პეტერბურგის დანართში, გამოქვეყნებული იყო სტატია, რომელშიც იეჰოვას მოწმეების შესახებ მეტისმეტად დამახინჯებული ინფორმაცია იყო მოცემული. სტატიაში, სათაურით „სექტ-პეტერბურგი. აქ ქალაქ-ტაძარი იქნება“, სტატიის ავტორი ოლეგ ზასორინი ამტკიცებდა, რომ იეჰოვას მოწმეთა სწავლებები საფრთხეს უქმნის ხალხს და მათი საქმიანობა ეწინააღმდეგება რუსეთის კონსტიტუციას. ბრალდებების წასაყენებლად ავტორი არასწორად წარადგენდა იეჰოვას მოწმეთა შეხედულებებს, მაგალითად, სისხლის გადასხმასა და ოჯახურ ურთიერთობებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ზასორინი იეჰოვას მოწმეებს „სექტად“ იხსენიებდა და ამტკიცებდა, რომ ზოგი მათ „ყველაზე საშიშ სექტად“ თვლის.
იეჰოვას მოწმეთა რუსეთის რეგიონალური რელიგიური ორგანიზაციის მმართველობითმა ცენტრმა თხოვნით მიმართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან დაკავშირებულ სადავო საკითხების სასამართლო პალატას, რომ განეხილა სტატიაში მოცემული მტკიცებები, რომლებიც, იეჰოვას მოწმეების აზრით, სინამდვილეს არ შეესაბამება. 1998 წლის 12 თებერვალს სასამართლო პალატის სხდომაზე იეჰოვას მოწმეთა წარმომადგენლებმა პალატის წევრთა, ჟურნალისტთა და იურისტთა მრავალ შეკითხვას უპასუხეს. იმის დასადგენად, თუ სინამდვილეში რა სწამთ და რას ასწავლიან, სასამართლო პალატამ გამოიკვლია იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული ლიტერატურა, განსაკუთრებით კი წიგნი „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“.
რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ვ. ვ. ბორშჩევმა აღნიშნა, რომ სიტყვა „სექტას“ უარყოფითი გაგება აქვს. მან თქვა: „თვითნებობა და იარლიყების მიკვრა მეტისმეტად საშიშია. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო პალატამ იეჰოვას მოწმეების სარჩელი განსახილველად მიიღო. უნდა შეწყდეს რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციების ამგვარად მოხსენიება და შეურაცხყოფა“.
ჩვენებების მოსმენის შემდეგ სასამართლო პალატამ დაასკვნა, რომ გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდაში“ დაბეჭდილი სტატია უკანონო და არაეთიკური იყო. ასევე აღინიშნა სტატიაში ნათქვამის სიცრუე და უსაფუძვლობა. „სტატიის ავტორს არც ერთი კონკრეტული ფაქტი არ მოჰყავს. . . ის ავრცელებს ჭორებს როგორც საიმედო ინფორმაციას და ამით ბოროტად იყენებს ჟურნალისტის უფლებებს“, — დაადგინა სასამართლო პალატამ. სტატიაში ნათქვამის საპირისპიროდ, სასამართლო პალატა დარწმუნდა, რომ იეჰოვას მოწმეები კანონის მორჩილი ადამიანები არიან და თავიანთი ორგანიზაციის წევრებს ასწავლიან, მშვიდობა შეინარჩუნონ ოჯახის წევრებთან და სხვებთან, ვინც მათს რელიგიურ შეხედულებებს არ იზიარებს.
ბოლო ჩვენებიდან ერთი საათის შემდეგ სასამართლო პალატამ მიიღო გადაწყვეტილება:
1. სტატიის „სექტ-პეტერბურგი. აქ ქალაქ-ტაძარი იქნება“ გამოქვეყნება აღიარებულ იქნეს რუსეთის ფედერაციის „მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შესახებ“ კანონის მე-4, 49-ე და 51-ე მუხლების დარღვევად.
2. რუსეთის ფედერაციის პრესასთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო კომიტეტმა განიხილოს გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდის“ გამომცემლობის ოფიციალურად გაფრთხილების საკითხი.
3. საყვედური გამოეცხადოს ჟურნალისტ ო. ზასორინს.
4. გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდის“ რედაქციამ ბოდიში მოიხადოს არაზუსტი ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის, რომელიც უსაფუძვლოდ სცხებს ჩირქს „იეჰოვას მოწმეების“ რელიგიურ ორგანიზაციას.
სასამართლო პალატის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ეთანხმება ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატის, რელიგიათმცოდნე სერგეი ივანენკოს, დასკვნას. იეჰოვას მოწმეების სწავლებების გამოკვლევისა და მათთან ურთიერთობის საფუძველზე ბატონმა ივანენკომ, რომელიც არაა იეჰოვას მოწმე, გაზეთ „მოსკოვსკიე ნოვოსტის“ 1997 წლის 16—23 თებერვლის ნომერში გამოაქვეყნა სტატიაa. ბატონმა ივანენკომ დაწერა: „იეჰოვას მოწმეებს მტკიცედ სწამთ, რომ აუცილებელია ბიბლიასთან შეთანხმებულად ცხოვრება. . . ბიბლია იეჰოვას მოწმეებისთვის კონსტიტუცია, სამოქალაქო კოდექსი და ჭეშმარიტების უმაღლესი გამოხატვაა. . . ბიბლიური ჭეშმარიტების მიმართ ერთგულებისა და რწმენისთვის თავგანწირვის გამო იეჰოვას მოწმეები მისაბაძი არიან თანამოქალაქეებისთვის“.
სასამართლო პალატის გადაწყვეტილება და ბატონ ივანენკოს თვალსაზრისი კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული რელიგია საფრთხეს კი არ უქმნის საზოგადოებას, არამედ გულმართალი ადამიანების კეთილდღეობას ემსახურება. იეჰოვას მოწმეები კვლავაც ‘მზად არიან, რომ სიმშვიდით და მოწიწებით უპასუხონ ყველას, ვინც მათი იმედის გამო ახსნა-განმარტებას მოითხოვს’ (1 პეტრე 3:15).
[სქოლიო]
a ბატონი ივანენკოს სტატიის „უნდა გვეშინოდეს იეჰოვას მოწმეების?“ უმეტესი ნაწილი ავტორის ნებართვით გამოქვეყნებულია ჟურნალში „გამოიღვიძეთ!“, 1997 წლის ოქტომბერი — დეკემბერი, გვერდები 23—28.