ხმელთაშუა ზღვა — სავალალო მდგომარეობაშია
ჩვენი კორესპონდენტისგან საბერძნეთში
საბერძნეთიდან მაროკომდე სანაპიროებზე დელფინების ათასზე მეტი გვამი; შხამიანი წითელი მოქცევები ეგეოსის ზღვაში; მილიონობით ტონა ლორწოვანი ქაფი ადრიატიკის ზღვაში; გადაშენების პირას მისული ზღვის კუ და სელაპი; უსიცოცხლო წყლები. რა ხდება ხმელთაშუა ზღვაში? განწირულია ის დაბინძურებისა და განადგურებისთვის?
„ადამიანებით დასახლებული უძველესი ლანდშაფტი მსოფლიოში“. ასე უწოდებს ზოოლოგი დეივიდ ატენბორო ხმელთაშუა ზღვასა და მის სანაპიროებს. ხმელთაშუა ზღვა, რომელიც სამ კონტინენტს ესაზღვრება, მთავარ როლს ასრულებდა ეგვიპტის, საბერძნეთისა და რომის აღზევებასა და დაცემაში. ამ ადგილიდან დღევანდელი კულტურისა და ცივილიზაციის უდიდესი ნაწილი განვითარდა. ბოლო ათწლეულებში გაძლიერდა ტურიზმი, გახშირდა თევზჭერა და იმატა დაბინძურებამ, რამაც ხმელთაშუა ზღვას კრიზისი შეუქმნა. ამ მდგომარეობით შეწუხებული მეცნიერები და დაზარალებული სახელმწიფოები ყველანაირად ცდილობენ პრობლემების გადაჭრას. ზოგ საკითხში მათ წარმატებას მიაღწიეს.
ხმელთაშუა ზღვა მსოფლიოში უდიდესი შიგა ზღვაა. მის 46 000-კილომეტრიან სანაპიროზე, რომლითაც 20 ქვეყანას ესაზღვრება, 160 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. 2025 წლისთვის მოსალოდნელია მოსახლეობის ამ რაოდენობის გაორმაგება. ხმელთაშუა ზღვა ატლანტის ოკეანესთან შედარებით, რომელიც მისი წყლების ძირითადი წყაროა, უფრო თბილი და მლაშეა. მას თითქმის არა აქვს მოქცევები. წყლები ბინძურდება იმის გამო, რომ მათი განახლება დაახლოებით 80–90 წელიწადში ერთხელ ხდება. „ზღვაში ჩაყრილი ნებისმიერი ნაგავი დიდი ხნის მანძილზე რჩება“, — ამბობს ერთი ჟურნალი (National Geographic).
ტურისტებით სავსე
მზიანი პლაჟების, საუცხოო პეიზაჟების, ტრადიციული ხმელთაშუაზღვისეული სტუმარმასპინძლობისა და მდიდარი ისტორიის გამო ის მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულ საკურორტო ადგილს წარმოადგენს. ყოველწლიურად პლაჟებზე 100 მილიონი ადგილობრივი დამსვენებელი და უცხოელი ტურისტი მოდის. მოსალოდნელია, რომ 25 წელიწადში ეს ციფრი გასამმაგდეს. ნაწილობრივ ხალხთა ეს მოზვავება ხომ არ არის იმის მიზეზი, რომ დასასვენებელი ადგილი ფუჭდება? განვიხილოთ ფაქტები.
ხალხის სიმრავლის შედეგად იმდენი ნაგავი რჩება, რომ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები ვეღარ აუდიან დასუფთავებას. მათ მიერ დაბინძურებული წყლების დაახლოებით 80 პროცენტი — 500 მილიონ ტონაზე მეტი წელიწადში — გაუფილტრავი ჩადის ზღვაში. ტურისტების უმრავლესობა მშრალი სეზონის დროს ჩამოდის და ხელს უწყობს უკვე შეზღუდული წყლის რესურსების დაბინძურებას, ეს კი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ხმელთაშუა ზღვის ზოგ ნაწილში ცურაობის შედეგად შეიძლება ინფექცია შეიჭრას ყურებში, ცხვირსა და ყელში, თუ არ გავიხსენებთ სხვა დაავადებებს, მაგალითად: ჰეპატიტს, დიზენტერიას და ქოლერის იშვიათ შემთხვევებს.
მაგრამ ხმელთაშუა ზღვის მრავალი ქვეყნის ეკონომიკა ტურიზმზეა დამოკიდებული. მიშელ ბატისი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე, ასეთ ქვეყნებზე ამბობს: „ტურიზმი მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა, მაგრამ ის დამოკიდებულია იმაზე, რომ სანაპირო არ გაფუჭდეს სწრაფი გამორჩენის მიზნით მიმდინარე მშენებლობებით“.
ტანკერების გადატვირთული მოძრაობა
ხმელთაშუა ზღვა ახლო აღმოსავლეთსა და ევროპას შორის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო გზაა, რომლითაც დიდი რაოდენობით ნავთობის გადაზიდვა ხდება. მსოფლიოს ნავთობის 20 პროცენტზე მეტი ამ გზით გადის. ყოველ წელს ხმელთაშუა ზღვაში იღვრება ალასკაში 1989 წელს „ექსონ ვალდეზის“ მიერ დაღვრილ ნავთობზე დაახლოებით 17-ჯერ მეტი უსარგებლო ნავთობი. 1980—1995 წლებში ხმელთაშუა ზღვაში 14 ტანკერიდან ჩაიღვარა ნავთობი. ყოველ წელს მილიონ ტონაზე მეტი გადაუმუშავებელი ნავთობი იღვრება გემებიდან და ზღვაც ხშირად იმიტომ ბინძურდება, რომ ნავსადგურებს არა აქვს უსარგებლო ნავთობის მოგროვებისა და ტანკერების გასუფთავების საშუალება.
მდგომარეობას ის ართულებს, რომ წყლის დინება ხმელთაშუა ზღვიდან ატლანტის ოკეანეში გიბრალტარის სრუტით დიდ სიღრმეზეა. რადგან ნავთობი ტივტივებს, ზღვის სიღრმიდან იკარგება, სუფთა წყლები, ნავთობი კი ზედაპირზე გროვდება. „ხმელთაშუა ზღვის კვების ჯაჭვი ახლა ნავთობითაა დაბინძურებული. ნავთობი ჩვენი თევზებისა და მოლუსკების სხეულის ნაწილი გახდა“, — ამბობს ისრაელის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი კოლეტ სერუია. 1990 წელს გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა იტყობინებოდა, რომ ხმელთაშუა ზღვიდან ამოღებული მოლუსკების 93 პროცენტი შეიცავდა მაქსიმუმზე უფრო მეტ ფეკალურ ბაქტერიას, ვიდრე დაშვებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ.
დასუსტებული ეკოსისტემა
ამ გამანადგურებელ დაბინძურებასთან ერთად დიდად ზიანდება ხმელთაშუა ზღვის სანაპირო, რომლის უმეტესი ნაწილი XVI საუკუნემდე ხშირი ტყით იყო დაფარული. სოფლის მეურნეობისთვის, ქალაქების გაფართოებისა თუ ვენეციური გალერების ასაშენებელი მასალებისთვის ტყის გაჩეხვამ გამოუსწორებელი ზიანი მოიტანა. სხვა მინერალებთან ერთად, რომლებიც წვიმებს ჩამოაქვს, მდინარეებს ჩააქვს ზღვაში ისეთი დამაბინძურებლები, როგორიცაა: სარეცხი საშუალებები, პესტიციდები და მძიმე ლითონები. საფრანგეთის რონას, ეგვიპტის ნილოსს, იტალიის პოს, ესპანეთის ებროსა და სხვა მდინარეებს ზღვაში მზარდი რაოდენობით ჩააქვს სოფლის მეურნეობისა და წარმოების ნარჩენები.
ამ დაბინძურების ერთ უშუალო შედეგს წარმოადგენს წითელი მოქცევები, რომლებმაც დააზიანა ადრიატიკისა და ეგეოსის ზღვების სხვადასხვა ზონა და პლაჟები აყროლებული, წებოვანი შლამით დაფარა. ამ მოვლენას იწვევს ევტროფიკაცია — პროცესი, როცა ხრწნადი ნარჩენები წყალს მასში გაზავებულ ჟანგბადს ართმევს და ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის უმეტესი ნაწილი იგუდება. სხვა ტერიტორიები, რომლებსაც ეს მოვლენა ემუქრება, მოიცავს ლიონის ყურეს (საფრანგეთი), ტუნისის ტბას (ტუნისი), იზმირის ყურეს (თურქეთი) და ვენეციის ლაგუნას (იტალია).
სანაპირო ეკოსისტემა იმ დონემდე დასუსტდა, რომ ხმელთაშუა ზღვისთვის უცხო სახეობები ადგილობრივ სახეობებს ჩაგრავს. ამის ტიპიური მაგალითია ზღვის „მკვლელი“ წყალმცენარე (Caulerpa taxifolia), რომელიც სპობს სხვა წყალქვეშა სახეობებს. ის შემთხვევით მოხვდა მონაკოში და ახლა ზღვის ფსკერისკენ გავრცელება იწყო. ის შხამიანია, უკვე ფართოდ გავრცელდა და მისი შთამნთქმელიც უცნობია. ალექსანდრე მენეჟი, ჰიდრო ბიოლოგიის პროფესორი (ნიცას უნივერსიტეტი, საფრანგეთი), ამბობს: „ჩვენ შეიძლება ვიხილოთ ეკოლოგიური კატასტროფა“.
სხვა მრავალი ცუდი ამბავიც ისმის. ჰიდრო ბიოლოგის, შარლ-ფრანსუა ბუდურესკის, სიტყვების თანახმად, ხმელთაშუა ზღვაში 300-ზე მეტი უცხო წყალქვეშა ორგანიზმი დამკვიდრდა. უმეტესობა წითელი ზღვიდან შევიდა სუეცის არხის გავლით. ზოგი მკვლევარი ფიქრობს, რომ ეს ბიოლოგიური დაბინძურება შეუქცევადია და შეიძლება მომავალი საუკუნის უდიდეს ეკოლოგიურ პრობლემად იქცეს.
სიკვდილი წყალში
ხმელთაშუა ზღვის ფლორა მრავალი საფრთხის წინაშე დგას. ერთ-ერთი მათგანია ზღვის იმ ბალახოვანი მინვდრების განადგურება, რომლებიც ზღვაში ფილტვებისა და საკუჭნაოს როლს ასრულებს, აგრეთვე წყლის ასობით ბინადრის გამრავლებისთვის სათანადო თავშესაფარს წარმოადგენს. ნავსადგურები, რომლებიც ამ ადგილებზე შენდება, სპობს მინდვრებს, სასეირნო კატერები კი ღუზებით ფლეთს მცენარეულობას.
მსგავსი საფრთხე ემუქრება ზღვის ფაუნას. ხმელთაშუა ზღვის სელაპი, რომელიც მსოფლიოში უდიდეს საფრთხეში მყოფ 12 სახეობას განეკუთვნება, გადაშენების პირას არის მისული. 1980 წელს ხმელთაშუა ზღვაში 1 000-მდე სელაპი იყო, მაგრამ მონადირეებმა და მეთევზეებმა შეამცირეს მათი რიცხვი და დღეს მხოლოდ 70–80 თუ დარჩა. ზღვის კუ დღეს კვერცხებს მხოლოდ საბერძნეთისა და თურქეთის სანაპიროებზე დებს, სადაც ზოგჯერ ტურისტები თელავენ მათ. კუ ხშირად ებმება სათევზაო ბადეში და შემდეგ ადგილობრივი რესტორნების მენიუში ჩნდება. კიბო-მავედრელა, პინა და ჩვეულებრივი ლიტოფაგაც იმ სახეობათა სიას მიაკუთვნეს, რომლებსაც საფრთხე ემუქრება.
მოქმედების გეგმა
შექმნილი საგანგაშო სიტუაციის გასამკლავებლად 1975 წელს გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის ხელმძღვანელობით მიღებულ იქნა ხმელთაშუა ზღვის მოქმედების გეგმა. მისი მიზანია, მიანდოს ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებსა და ევროპის კავშირის სხვა წევრებს, არა მხოლოდ დაიცვან ზღვა დაბინძურებისგან, არამედ იზრუნონ, რომ სანაპიროს გამოყენებამ ზიანი არ მიაყენოს გარემოს. 1990 წელს ამოქმედდა ხმელთაშუა ზღვის გარემოს დაცვისა და ტექნიკური დახმარების პროგრამა (METAP), რომელიც 1993 წელს ამ პროგრამის მეორე ვერსიამ (METAP II) შეცვალა. სხვა მცდელობებს — გაეშენებინათ ნაკრძალები და წყალქვეშა ეროვნული პარკები — სანაქებო შედეგები მოჰყვა დელფინის, ვეშაპის, სელაპის, კუსა და საფრთხეში მყოფი სხვა სახეობების დაცვაში.
მაგრამ ნათქვამი ბოლომდე არ შეასრულეს. 90-იან წლებში ხმელთაშუა ზღვის მოქმედების გეგმა თითქმის ჩაიშალა, რადგან მთავარმა გადამხდელმა სახელმწიფოებმა არ შეიტანეს საჭირო გადასახადი. გეგმის ხელმძღვანელობის სიტყვების თანახმად, მისი ერთი მიზანიც არ იქნა მიღწეული. როცა საუბრობდა ხმელთაშუა ზღვის სახელმწიფოების მზადყოფნაზე — მიეღოთ გამოსასწორებელი ზომები — ლიუბომირ იეფტიქმა, ამ გეგმის კოორდინატორის მოადგილემ, წარმოთქვა გაფრთხილება: „ძალიან ოპტიმისტურად ნუ განეწყობით“. ქვეყნები თანახმაც რომ იყვნენ მოქმედებაზე, მიყენებული ზიანის გამოსწორებას შეიძლება ათწლეულები დასჭირდეს. ერთ-ერთი ჟურნალი შენიშნავს: „დღესდღეობით ხმელთაშუა ზღვის მოქმედების გეგმა ისევე მკვდარია, როგორც ზღვის უმეტესი ცოცხალი არსება“ (New Scientist).
მაშ, როგორი მომავალი ელის ხმელთაშუა ზღვას? გადაიქცევა ის მკვდარ ზღვად, რომელიც სავსეა მყრალი, ლაფიანი წყალმცენარეებით? თუ მისი მომავალი მხოლოდ ადამიანზეა დამოკიდებული, ეს შეიძლება ასეც იყოს. მაგრამ ჩვენი პლანეტის შემოქმედი, იეჰოვა ღმერთი, ზრუნავს ‘ზღვაზე, თვითონ რომ შექმნა’ (ფსალმუნი 94:5). ის დაგვპირდა, რომ მალე ‘მოსპობს დედამიწის მომსპობთ’ (გამოცხადება 11:18). მას შემდეგ, რაც მოაშორებს მათ, ვინც უპასუხისმგებლოდ აბინძურებს სხვა რამეებთან ერთად ზღვებსაც, ღმერთი აღადგენს ეკოლოგიურ ბალანსს და სათანადო ბიოლოგიურ მრავალფეროვნებას პლანეტაზე. მაშინ ‘ზღვები და ყოველი, მათში მოძრავი, განადიდებენ მას’ თავიანთი პირველადი დაუზიანებელი მდგომარეობით (ფსალმუნი 68:35).
[რუკა⁄სურათები 15 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ატლანტის ოკეანე
პორტუგალია
ესპანეთი
მაროკო
საფრანგეთი
მონაკო
ალჟირი
ტუნისი
სლოვენია
იტალია
ხორვატია
იუგოსლავია
ალბანეთი
მალტა
საბერძნეთი
თურქეთი
ლიბია
ეგვიპტე
კვიპროსი
სირია
ლიბანი
ისრაელი
[სურათები 16 გვერდზე]
სხვადასხვა დარგის განვითარებამ დაბინძურება გამოიწვია.
ლიორეტ-დე-მარი, კოსტა-ბრავა (ესპანეთი).
სასტუმროები ბენიდორმში (ესპანეთი).
[სურათები 16 გვერდზე]
ესპანეთის დაბინძურებული წყლები; (ქვემოთ) ნავთობის ფენა გენუასთან (იტალია).
[საავტორო უფლება]
V. Sichov/Sipa Press
[სურათები 17 გვერდზე]
ზღვის კუს საფრთხე ემუქრება.
ხმელთაშუა ზღვის სელაპი გადაშენების პირას არის.
[საავტორო უფლება]
Turtle: Tony Aruza/Cobris; Seal: Panos Dendrinos/HSSPMS