ბიბლიის თვალსაზრისი
რა არის ღვთის სულიწმიდა?
«როცა მთელი ხალხი ინათლებოდა და იესოც მოინათლა და ლოცულობდა, გაიხსნა ცა და გარდმოხდა მასზედ სულიწმიდა ხორციელი სახით, როგორც მტრედი, და გაისმა ზეცით ხმა: „შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“» (ლუკა 3:21, 22).
ძველი საბერძნეთის ფილოსოფოსებთან საუბრისას მოციქულმა პავლემ ღმერთს ‘ცისა და მიწის უფალი’ უწოდა. მან განაცხადა, რომ ამ ღმერთმა ‘შექმნა სამყარო და ყოველივე მასში არსებული’ და, რომ ის „ანიჭებს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს“ (საქმეები 17:24–28). როგორ აკეთებს ღმერთი ყოველივე ამას? თავისი სულიწმიდის ანუ მოქმედი ძალის საშუალებით.
გარდა ამისა, ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთი არის ‘ძალამოსილი და ყოვლადძლიერი’ (ესაია 40:26). დიახ, ღმერთმა შექმნა სამყარო, რომელიც მის ძალამოსილებასა და ძლიერებაზე მეტყველებს.
ღვთის ძალა მოქმედებს
არ იქნებოდა მთლად სწორი, გვეთქვა, რომ სულიწმიდა ღმერთში არსებული ენერგიაა, რადგან ვიღაცაში ან რაღაცაში არსებული ენერგია შეიძლება იყოს უმოქმედო, მაგალითად, როგორიცაა დამუხტულ, მაგრამ გამოუყენებად ელემენტში არსებული ენერგია. ბიბლიიდან კი ჩანს, რომ ღვთის სულიწმიდა ყოველთვის მოქმედებაშია, დაახლოებით ისე, როგორც ელექტრონული დენი გამოდის ელემენტიდან მისი გამოყენებისას (დაბადება 1:2). მაშასადამე, სულიწმიდა ღვთისგან მომდინარე ენერგია, მისი მოქმედი ძალაა.
ბიბლიაში ზოგან ნათქვამია, რომ სულიწმიდა გარკვეულ დავალებას ასრულებს ან რომ ის ღვთისგან მოშორებითაა (მათე 28:19, 20; ლუკა 3:21, 22; საქმეები 8:39; 13:4; 15:28, 29). ზოგი, როდესაც ასეთ ადგილებს კითხულობს, ფიქრობს, რომ სულიწმიდა ცალკე რამეა. რატომ იხსენიებს ბიბლია სულიწმიდას ასეთნაირად? არის სულიწმიდა ღვთისგან განცალკევებული რამ?
ყოვლისშემძლე ღმერთი არსებობს სფეროში, რომელიც მიუწვდომელია მისი მატერიალური ქმნილებების გონებისთვის. ის სულია, რაც ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გონებისთვის რთული გასაგებია (იოანე 4:24). ბიბლიაში ნათქვამია, რომ იეჰოვა ღმერთი ზეცაში მკვიდრობს და იქიდან აკვირდება კაცობრიობას (ფსალმუნი 32:13, 14). ეს გასაგებია. შემოქმედი უნდა აღემატებოდეს ქმნილებას. ის ფლობს, აყალიბებს და მართავს მას (დაბადება 1:1).
ღმერთს თავისი უხილავი სამყოფელიდან შეუძლია უხელმძღვანელოს მოვლენებს ყველგან და ყოველთვის. ასე რომ, მას არ სჭირდება იქ ყოფნა, სადაც მისი ძალა მოქმედებს. მას თავისი სულის გაგზავნა შეუძლია გარკვეული დავალების შესასრულებლად (ფსალმუნი 103:30). ამას დღეს ადვილად გაიგებენ ისინი, ვინც საყოფაცხოვრებო ნივთებს დისტანციურად მართავს. ჩვენ ვიცით უხილავი ძალების, მაგალითად ელექტროენერგიისა და ინფრაწითელი გამოსხივების, შესაძლებლობები. მსგავსად ამისა, ღმერთს წმინდა ძალის ანუ სულის მეშვეობით შეუძლია ისე შეასრულოს თავისი განზრახვა, რომ არსად გადაინაცვლოს (ესაია 55:11).
ბიბლიურ პერიოდში ეს შეიძლება რთული გასაგები იყო. სულიწმიდის ცალკე ძალად აღწერა ეხმარებოდა მკითხველს გაეგო, თუ როგორ იყენებს ღმერთი მას ისე, რომ თვითონ არ სჭირდება იქ ყოფნა, სადაც ეს სული მოქმედებს. როდესაც ბიბლია ამბობს, რომ სულიწმიდამ გააკეთა ეს ან ის, ფაქტიურად, გვეუბნება, რომ ღმერთმა გაუშვა თავისი ძალა ან ამ ძალით იმოქმედა ვინმეზე ან რამეზე, რომ შეესრულებინა თავისი ნება.
სულიწმიდის სხვადასხვა მოქმედება
იეჰოვამ სულიწმიდა გამოიყენა ყოველი სულიერისა და უსულოს შექმნისას (ფსალმუნი 32:6, აქ). მან მოძალადე და მოუნანიებელი ადამიანების წარღვნით განადგურებისასაც ის გამოიყენა (დაბადება 6:1–22). სწორედ ამ მოქმედი ძალის საშუალებით გადაიტანა ღმერთმა თავისი ძის ძვირფასი სიცოცხლე ებრაელი ქალწულის, მარიამის, საშვილოსნოში (ლუკა 1:35).
ზოგჯერ სული სიმტკიცესა და გაბედულებას მატებდა ხალხს მტრების წინაშე ჭეშმარიტების შესახებ საუბრისას, მაშინაც კი, როცა მათი სიცოცხლე საფრთხეში იყო (მიქა 3:8). ბიბლიაში ჩაწერილია მრავალი შემთხვევა, როდესაც ადამიანებს, განსაკუთრებით წინასწარმეტყველების წარმოთქმისას, ეს ძალა აძლევდა განსაკუთრებულ გამჭრიახობასა და გონიერებას. რადგანაც არავის შეუძლია ზუსტად იწინასწარმეტყველოს მომავალი, ეს სულიწმიდის მოქმედების შედეგია (2 პეტრე 1:20, 21).
სულს აგრეთვე შეუძლია ადამიანს საოცარი რამ შეაძლებინოს. მაგალითად, ამ ძალის საშუალებით იესო მართავდა ბუნების ძალებს, კურნავდა სნეულებებს და მკვდრებსაც კი აცოცხლებდა (ლუკა 4:18–21; 8:22–26, 49–56; 9:11). ეს სული უწევდა ხელმძღვანელობას და აღძრავდა პირველ ქრისტიანებს, ღვთის მოწმეებად ემსახურათ მთელ დედამიწაზე (საქმეები 1:8; 2:1–47; რომაელთა 15:18, 19; 1 კორინთელთა 12:4–11).
ღვთის ძალა ჩვენ სასარგებლოდ მოქმედებს
შეუძლიათ ღვთის მსახურებს, ისარგებლონ ამ უსაზღვრო ენერგიით? შეუძლიათ! ღმერთი აძლევს სულიწმიდას თავის ხალხს, რომ დაეხმაროს მათ ჩასწვდნენ მის ნებას და შეასრულონ ის. იეჰოვა აძლევს თავის სულს იმას, ვინც გულწრფელად სთხოვს მას ლოცვაში, ვისაც სწორი აღძვრა აქვს და შეესაბამება მის მოთხოვნებს (1 კორინთელთა 2:10–16). ეს სული აძლევს არასრულყოფილ ადამიანს ‘აღმატებულ ძლიერებას’, რითაც ეხმარება მას, დაბრკოლებების მიუხედავად ერთგულად ემსახუროს ღმერთს. რა თქმა უნდა, ყველა ღვთისმოშიშს სურს, ჰქონდეს ღვთის სული (2 კორინთელთა 4:7; ლუკა 11:13; საქმეები 15:8; ეფესელთა 4:30).
მალე ღმერთი ამ მოქმედი ძალის საშუალებით შეწყვეტს უსამართლობასა და ტანჯვას ამ ბოროტ წუთისოფელში და ასეთნაირად განწმენდს თავის დიდებულ და წმინდა სახელს. სულიწმინდა მარადიულად იმოქმედებს მთელ მსოფლიოში და მისი ნაყოფი ცხადი გახდება ყველასთვის, რაც დიდებას მოუტანს შემოქმედს (გალატელთა 5:22, 23; გამოცხადება 21:3, 4).