ვასკო და გამას — ღირსშესანიშნავი მოგზაურობა
შეუპოვრად აწყდება აზვირთებული ტალღები გემს. მრავალჭირგადახდილი ექსპედიცია ვასკო და გამას ხელმძღვანელობით მრავალი თვეა დაეხეტება გაშლილ ზღვაში. მათ შემოუარეს აფრიკის უკიდურესი სამხრეთის კონცხს და, სადაც არის, ევროპელთაგან პირველები მიადგებიან ინდოეთის სანაპიროს. ასეთი მოგზაურობა საშინლად დამქანცველი იქნებოდა თვით დღევანდელი სანავიგაციო ცოდნისა და აღჭურვილობის მიუხედავად. ხუთი საუკუნის წინათ კი ვასკო და გამას სამი პატარა გემის ეკიპაჟისთვის მთვარეზე გამგზავრების ტოლფასი იყო. რამ აიძულა ეს მამაცი პორტუგალიელი მკვლევარი და მისი თანმხლებნი, ასეთ რისკზე წასულიყვნენ? რა გავლენა მოახდინა ამ ექსპედიციამ მსოფლიოზე?
ვასკო და გამას დაბადებამდე ამ მოგზაურობისთვის ნიადაგი მოამზადა პორტუგალიის პრინცმა ჰენრიმ, რომელსაც ზოგჯერ ზღვაოსანსაც უწოდებდნენ. მისი მფარველობით პორტუგალიის ზღვაოსნობა და საოკეანო ვაჭრობა საკმაოდ კარგად განვითარდა. რაც შეეხებოდა ჰენრისა და მის შემდგომ მკვლევარებს, მათთვის ვაჭრობა, აღმოჩენები და რელიგია თითქმის განუყოფელი იყო. ჰენრის მიზანს პორტუგალიის გამდიდრება და კათოლიციზმის გავრცელება წარმოადგენდა. ის სათავეში ედგა „ქრისტეს ორდენს“, რომელიც პორტუგალიაში ყველაზე ძლიერი სამხედრო-რელიგიური საზოგადოება იყო და რომელსაც მფარველობას უწევდა რომის პაპი და ჰენრის ყოველი წამოწყება „ორდენის“ ხაზინიდან ფინანსდებოდა დიდი თანხებით. სწორედ ამიტომ მისი გემების იალქნებზე გამოსახული იყო წითელი ჯვარი.
ჰენრის გარდაცვალების დროისთვის (1460 წელს) პორტუგალიელებმა გამოიკვლიეს აფრიკის დასავლეთ სანაპირო და კონტინენტს სამხრეთისკენ, დღევანდელ სიერა-ლეონემდე ჩაუყვნენ. ბართოლომეუ დიაშმა 1488 წელს მიაღწია აფრიკის სამხრეთ კონცხს. შემდეგ მეფე ჟუან II-მ ბრძანება გასცა ინდოეთის ექსპედიციისთვის მოსამზადებლად. მოგვიანებით ეს მზადება გააგრძელა მისმა მემკვიდრე მეფე მანუელ I-მა. იმ დროისთვის ინდური სანელებლები ევროპაში მხოლოდ სახმელეთო გზით შემოდიოდა იტალიელი ან არაბი ვაჭრების მეშვეობით. ინდოეთის ოკეანის სავაჭრო გზას არაბი მუსლიმანი ვაჭრები განაგებდნენ. მანუელმა იცოდა, რომ მემატიანის სიტყვების თანახმად, ექსპედიციას სათავეში უნდა ჩასდგომოდა, „მამაცი მებრძოლი, მარჯვე ვაჭარი და ტაქტიანი დიპლომატი“. ალბათ, სწორედ ამიტომ აირჩია მან ვასკო და გამა.
ლეგენდარული მოგზაურობა
„ქრისტეს ორდენის“ ბაირაღით 1497 წლის 8 ივლისს ვასკო და გამას ექსპედიციის 170 წევრი ორ მწკრივად გაემართა ახლად აგებული გემებისკენ. ნაპირზე მღვდელმა მათ ცოდვები მიუტევა. თუკი რომელიმე მათგანი ექსპედიციაში დაიღუპებოდა, მოგზაურობის დროს ჩადენილი ყველა ცოდვა ეპატიებოდა. ვასკო და გამა, როგორც ჩანს, ელოდა პრობლემებს, რადგან გემები აღჭურვა ზარბაზნებით, არბალეტებით, მახვილებითა და შუბებით.
ვასკო და გამამ გადაწყვიტა მორიდებოდა არასასურველ ქარებსა და დინებებს, რომლებმაც ათი წლის წინათ დიაში გააწამა. მან სიერა-ლიონედან ექსპედიცია წაიყვანა სამხრეთ-დასავლეთით და გასცურა არა აფრიკის სანაპიროების ახლოს, არამედ ბრაზილიის მიმართულებით. სამხრეთ ატლანტიკის ძლიერმა ქარებმა აფრიკის კეთილი იმედის კონცხთან გაიყვანა გემები. არ არსებობს ჩანაწერები, რომ მანამდე ვინმეს ემოგზაუროს ასეთი გზით; მოგვიანებით ზღვაოსნები კონცხამდე მისაღწევად მხოლოდ ამ მარშრუტით სარგებლობდნენ.
როდესაც ვასკო და გამა გასცდა იმ ადგილს, საიდანაც ადრე დიაში უკან გაბრუნდა, ფლოტილიით აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროს აუყვა. მოზამბიკისა და მომბასის სულთნები მათ მტრულად შეხვდნენ და მთელი ექსპედიციის ამოხოცვა, მათ შორის ვასკო და გამას მოკვლაც, სურდათ. ექსპედიციამ თავს უშველა და გაემართა მალინდისკენ (ამჟამად სამხრეთ-აღმოსავლეთი კენია). იქ ვასკო და გამამ, როგორც იქნა, ნახა გამოცდილი ლოცმანი, რომელიც ინდოეთის ოკეანეს გადააკვეთინებდა.
დასავლეთი ხვდება აღმოსავლეთს
მალინდიდან 23-დღიანი ცურვის შემდეგ, 1498 წლის 20 მაისს, გამა და მისი ექსპედიციის წევრები სიხარულით ცას ეწივნენ, როდესაც ღუზა ჩაუშვეს კალიკუტის (ინდოეთი) ნავსადგურში. ვასკო და გამა ეახლა კალიკუტის ინდუს მმართველ რაჯას, რომელიც ენით აუწერელ სიმდიდრესა და ფუფუნებაში ცხოვრობდა. ზღვაოსანმა გააცნო სტუმრობის მისია, რომ სამტროდ არ იყვნენ მოსულები და ქრისტიანების ნახვა სურდათ. ვასკო და გამას თავდაპირველად სანელებლებზე სიტყვა არ დაუძრავს, მაგრამ არაბმა ვაჭრებმა მალევე იგრძნეს მეტოქეობის საშიშროება და რაჯას ურჩიეს, გასწორებოდა დაუპატიჟებელ სტუმრებს. ისინი აფრთხილებდნენ მას, რომ, თუ პორტუგალიელებთან დაიჭერდა საქმეს, ყველაფერს დაკარგავდა. ასეთი რჩევით გაოგნებული მმართველი შეყოყმანდა, მაგრამ ბოლოს ვასკო და გამას თხოვნა დააკმაყოფილა — გადასცა წერილობითი თანხმობა, რომ სავაჭრო ურთიერთობას ამყარებდა პორტუგალიის მეფესთან.
შეცვლილი მსოფლიო
ვასკო და გამა ლისაბონში 1499 წლის 8 სექტემბერს დაბრუნდა ტრიუმფით. მეფე მანუელმა დაუყოვნებლივ მოითხოვა შემდეგი ექსპედიციებისთვის მზადების დაწყება. ახალ ექსპედიციას ხელმძღვანელობდა პედრუ ელვარიშ კაბრალი, რომელმაც პორტუგალიის ინტერესების დაცვის მიზნით დაახლოებით 70 კაცი დატოვა კალიკუტაში. მაგრამ იქაური ვაჭრები ვერ შეეგუვნენ ასეთ მეტოქეობას. ერთ ღამეს გაშმაგებულმა ბრბომ ნახევარზე მეტი პორტუგალიელი ამოხოცა კალიკუტაში. როდესაც ვასკო და გამა კვლავ ესტუმრა ინდოეთს, როგორც მესამე ექსპედიციის ხელმძღვანელი, საპასუხო ზომები მიიღო: 14 გემისგან შემდგარი კარგად შეიარაღებული ფლოტილიით მიუახლოვდა კალიკუტის ნაპირებს და დაბომბა. მან აგრეთვე დაატყვევა მექადან მომავალი გემი, მთლიანად დაწვა და ასობით კაცი, ქალი და ბავშვი ამოჟლიტა. მიუხედავად იმისა, რომ დატყვევებულები შეწყალებას ითხოვდნენ, ვასკო და გამას სიბრალულის გრძნობაც არ გასჩენია.
პორტუგალიელები ინდოეთის ოკეანის ძლევამოსილი ბატონ-პატრონები გახდნენ. მათ მთელი რიგი ექსპედიციები გაგზავნეს მალაკაში, ჩინეთში, იაპონიასა და მოლუკის (სანელებლების) კუნძულებზე და სჯეროდათ, რომ ხალხი, რომლებსაც ხვდებოდნენ, „ქრისტეს რჯულს არ ექვემდებარებოდნენ“, რის გამოც „მსჯავრდადებული იყვნენ მარადიული ცეცხლისთვის“, —წერდა XVI საუკუნის მემატიანე ჟუან დე ბაროსი. ამგვარად, მკვლევარები სრულიად თავისუფლად მიმართავდნენ ძალადობას, როცა კი საჭიროდ მიიჩნევდნენ. ასეთმა არაქრისტიანულმა ქმედებებმა ქრისტიანობა შეაძულა აზიელ ხალხს.
ვასკო და გამას ღვაწლით გაიხსნა საზღვაო მარშრუტი ევროპასა და აზიას შორის. ამგვარად, დაიწყო კვლევა-ძიების ახალი ეპოქა, რამაც ახალი იდეები შთაუნერგა მკვლევარებთან დაახლოებულ ხალხს. „ვერავინ აირიდა თავიდან ევროპის გავლენა სოციალურ, რელიგიურ, კომერციულ თუ ტექნიკურ სფეროებში“, — წერს პროფესორი ჯ. ჰ. პარი. გარკვეულწილად აღმოსავლეთმაც დიდი გავლენა მოახდინა ევროპაზე. საბოლოოდ, იდეათა ასეთმა გაცვლა-გამოცვლამ უსაზღვროდ გააღრმავა იმის შესახებ ცოდნა, რამდენად მრავალფეროვანია მსოფლიო კულტურები. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, თანამედროვე მსოფლიო დღემდე გრძნობს ვასკო და გამას ღირსშესანიშნავი მოგზაურობის შედეგებს.
[რუკა 24, 25 გვერდებზე]
ვასკო და გამას პირველი მოგზაურობის მარშუტი.
[საავტორო უფლება]
Mountain High Maps® Copyright © 1997 Digital Wisdom, Inc.
[სურათი 26 გვერდზე]
ვასკო და გამას ერთ-ერთი გემის ესკიზი.
[საავტორო უფლება]
Cortesia da Academia das Ciências de Lisboa, Portugal
[სურათის საავტორო უფლება 24 გვერდზე]
Cortesia do Museu Nacional da Arte Antiga, Lisboa, Portugal, fotografia de Francisco Matias, Divisão de Documentação Fotográfica - IPM