„სათუთნი არიან ბავშვები“
„სათუთნი არიან ბავშვები . . . მე ნელ-ნელა, ფეხდაფეხ გავყვები ბავშვებს“ (იაკობი, ძვ. წ. XVIII საუკუნეში მცხოვრები მრავალშვილიანი მამა).
ბავშვებისადმი ცუდი მოპყრობა ახალი ამბავი როდია. უძველესი ცივილიზაციები: აცტეკები, ქანაანელები, ინკები და ფინიკიელები, ცნობილი არიან თავიანთი სამარცხვინო საქმით — ბავშვების მსხვერპლად შეწირვით. ფინიკიური ქალაქის, კარფაგენის (დღევანდელი ტუნისის გარეუბანი ჩრდილოეთ აფრიკაში), გათხრებისას აღმოაჩინეს, რომ ძვ. წ. V—III-საუკუნეებში ღმერთ ბაალს და ქალღმერთ ტანიტს 20 000 ბავშვი შესწირეს. ეს რიცხვი კიდევ უფრო შემაძრწუნებელი ხდება, როდესაც ვგებულობთ, რომ კარფაგენის აყვავების ხანაში მისი მოსახლეობა მხოლოდ და მხოლოდ 250 000-ს შეადგენდა.
მაგრამ იმ დროს იყო ხალხი, რომელიც ამას არ აკეთებდა. მიუხედავად იმისა, რომ მეზობელ ქვეყნებში პატარებს სასტიკად ეპყრობოდნენ, ისრაელებს აბსოლუტურად სხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდათ ბავშვების მიმართ. ამ ერს მამამთავარმა იაკობმა მაგალითი დაუტოვა. ბიბლიური წიგნის, „დაბადების“, თანახმად, იაკობი მშობლიურ მიწაზე დაბრუნებისას, ყველა თავისი თანმხლებითურთ ბავშვების ნაბიჯებით მიიწევდა წინ, პატარებს მგზავრობა რომ არ გასჭირვებოდათ. „სათუთნი არიან ბავშვები“, — თქვა იაკობმა. იმ დროს მისი შვილები 5—14 წლამდე ასაკის იყვნენ (დაბადება 33:13, 14). იაკობის შთამომავლები, ისრაელები, ასეთივე ყურადღებას ავლენდნენ ბავშვების საჭიროებებისა და ღირსებებისადმი.
რა თქმა უნდა, ბიბლიურ დროში ბავშვებს ბევრი საქმე ჰქონდათ. როდესაც წამოიზრდებოდნენ, მამები ვაჟებს მიწის დამუშავებას ან რაიმე ხელობას, მაგალითად დურგლობას, ასწავლიდნენ (დაბადება 37:2; პირველი მეფეთა 16:11). გოგონებს კი დედები საოჯახო საქმეში ახელოვნებდნენ, რაც მომავალში გამოადგებოდათ; იაკობის ცოლი, რახელი, ქალწულობისას ცხვარს მწყემსავდა (დაბადება 29:6-9). ახალგაზრდა ქალები მკაში მონაწილეობდნენ და ვენახში მუშაობდნენ (რუთი 2:5-9; ქებათა-ქება 1:6)a. ასეთ სამუშაოს ისინი ძირითადად მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ ასრულებდნენ, რაც მათ ამ საქმის უკეთესად დაუფლების საშუალებას აძლევდა.
ისრაელში ბავშვებს დასვენება და გართობაც ჰქონდათ. წინასწარმეტყველმა ზაქარიამ მოიხსენია ‘ქალაქის მოედნები, რომლებიც სავსე იყო მოთამაშე ბიჭებით და გოგონებით’ (ზაქარია 8:5). იესო ქრისტეც ლაპარაკობდა ბავშვებზე, რომლებიც მოედნებზე ისხდნენ, სალამურზე უკრავდნენ და ცეკვავდნენ (მათე 11:16, 17). რა იყო ბავშვებისადმი ასეთი კარგი მოპყრობის მიზეზი?
მაღალი პრინციპები
სანამ ისრაელები ღვთის კანონებს იცავდნენ, არასოდეს მოპყრობიან ბავშვებს ცუდად და არც ექსპლუატაცია გაუწევიათ მათთვის (შეადარეთ მეორე რჯულის 18:10 იერემიას 7:31-თან). მათ შვილები ‘უფლისგან მიღებულ მემკვიდრეობად’ და „გასამრჯელოდ“ მიაჩნდათ (ფსალმუნი 126:3-5). მშობლისთვის შვილები ‘მისი სუფრის გარშემო არსებულ ზეთისხილის ყლორტებს’ წააგავდნენ, რადგან მათთვის, როგორც მიწათმოქმედი ხალხისთვის, ზეთისხილის ხე ძვირფასი მცენარე იყო (ფსალმუნი 127:3-6). ისტორიკოსი ალფრედ ედერშაიმი აღნიშნავს, რომ ძველ ებრაულ ენაში გარდა სიტყვებისა „ქალიშვილი“ და „ვაჟი“ კიდევ ცხრა სიტყვა ჰქონდათ, რომლებიც ბავშვის სხვადასხვა ასაკის მაჩვენებელი იყო. ის ამბობს: „უეჭველია, რომ ხალხს, რომელიც იმდენად ყურადღებით აკვირდებოდა ბავშვის ცხოვრებას, რომ მისი განვითარების ყოველ ეტაპს თავისი აღმნიშვნელი სიტყვა გამოუნახა, ნამდვილად უნდა ჰყვარებოდა ბავშვები“.
ქრისტიანულ ხანაში მშობლებს ურჩევდნენ, პატივისცემით მოქცეოდნენ შვილებს. იესომ ბავშვებისადმი მოპყრობასთან დაკავშირებით მშვენიერი მაგალითი დაგვიტოვა. ერთხელ, როდესაც მისი მიწიერი მსახურება დასასრულს უახლოვდებოდა, ხალხმა მასთან ბავშვები მიიყვანა. მოწაფეები ფიქრობდნენ, რომ იესოს მათთვის არ ეცალა, ამიტომ ცდილობდნენ მათ შეჩერებას. მაგრამ მან მოწაფეებს უსაყვედურა: „გამოუშვით ბავშვები და ნუ დაუშლით“. ის „მოეხვია“ კიდეც მათ. უეჭველია, რომ ბავშვები მისთვის ძვირფასი იყვნენ და, მისი აზრით, ისინი სათანადო მოპყრობას საჭიროებდნენ (მარკოზი 10:14, 16; ლუკა 18:15-17).
მოგვიანებით მოციქულმა პავლემ მამებს ურჩია: „მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, რათა თავი არ მოაბეზროთ“ (კოლასელთა 3:21). ქრისტიანი მშობლები, რომლებიც ამ რჩევას ითვალისწინებენ, არასოდეს დაუშვებენ, რომ მათი შვილები სახიფათო სამუშაოს არსულებდნენ. მათ ესმით, რომ შვილებს ფიზიკური, ემოციური და სულიერი ჩამოყალიბებისთვის სიყვარული, ზრუნვა და უსაფრთხო გარემო სჭირდებათ. შვილები აშკარად უნდა გრძნობდნენ მშობლების ნამდვილ სიყვარულს, რაშიც უნდა შედიოდეს შვილების დაცვა გამანადგურებელი სამუშაო პირობებში მუშაობისგან.
დღეს არსებული სინამდვილე
ჩვენ „საზარელ ჟამს“ ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1-5). მრავალ ქვეყანაში რთული ეკონომიკური სიტუაციის გამო შეიძლება ქრისტიანმა მშობლებმაც საჭიროდ ჩათვალონ შვილების მუშაობა. როგორც უკვე ავღნიშნეთ, არაფერია ცუდი ისეთ სამუშაოში, რომელიც არ ავნებს ბავშვის ჯანმრთელობას და რომელიც ცოდნას მისცემს. მსგავსმა სამუშაომ შეიძლება ხელი შეუწყოს ან დააჩქაროს ბავშვის ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარება, ისე რომ არ შეზღუდოს აუცილებელი საშუალო განათლების მიღებაში, სათანადო დასვენებასა და გართობაში.
უეჭველია, ქრისტიან მშობლებს სურთ, შვილები მათი მეთვალყურეობის ქვეშ მუშაობდნენ და არ იყვნენ ბოროტი, გულქვა ან უსინდისო დამსაქმებლების მონები. ასეთ მშობლებს სურთ, დარწმუნდნენ, რომ შვილებს სამუშაოზე არავითარი ფიზიკური და ემოციური ტრავმის ან სექსუალური ძალადობის საფრთხე ემუქრებათ. გარდა ამისა, მათ სურთ, შვილები გვერდში ჰყავდეთ. ასეთნაირად ისინი ბიბლიაში ნახსენები სულიერი დამრიგებლების როლს შეასრულებენ: „ჩააგონებდე შენს შვილებს [ღვთის სიტყვებს] და უთხრობდე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას“ (მეორე რჯული 6:6, 7).
უფრო მეტიც, ბიბლია ქრისტიანებს ურჩევს, იყვნენ გულშემატკივარნი, მოსიყვარულენი და შემწყნარებელნი (1 პეტრე 3:8). მათ მოუწოდებენ, ‘სიკეთე მოიმოქმედონ ყველასათვის’ (გალატელთა 6:10, აფ). თუ ასეთი ღვთიური თვისებების გამოვლენა ყველა ადამიანისადმი საჭიროა, რამდენად უფრო აუცილებელია ამის გაკეთება ბავშვების მიმართ. ქრისტიანები იცავენ ოქროს წესს: „ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“, ამიტომ ისინი არასოდეს გაუწევენ ექსპლუატაციას არც თანაქრისტიანების და არც სხვის შვილებს (მათე 7:12). გარდა ამისა, ქრისტიანები კანონის მორჩილი ხალხია, ამიტომ ცდილობენ, არ დაარღვიონ კანონი იმასთან დაკავშირებით, რა ასაკის ბავშვები შეუძლიათ ამუშაონ (რომაელთა 13:1).
რეალური გამოსავალი
რა შეიძლება ითქვას მომავალთან დაკავშირებით? ბავშვებსაც და უფროსებსაც უკეთესი ცხოვრება ელით. ჭეშმარიტი ქრისტიანები დარწმუნებული არიან, რომ ბავშვთა ექსპლუატაციის პრობლემას გადაწყვეტს მომავალი მთავრობა, რომელსაც ბიბლია „ცათა სასუფეველს“ უწოდებს (მათე 3:2). ღვთის მოშიში ხალხი საუკუნეების განმავლობაში ლოცულობს ამაზე: „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი; მოვიდეს სუფევა შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“ (მათე 6:9, 10).
სხვა პრობლემებთან ერთად ეს სამეფო აღმოფხვრის ბავშვების ექსპლუატაციის გამომწვევ მიზეზებს. ის ბოლოს მოუღებს სიღარიბეს. „მიწამ მოგვცა ნაყოფი თვისი; გვაკურთხოს ღმერთმა, ჩვენმა ღმერთმა“ (ფსალმუნი 66:7). ღვთის სამეფო ყველას უზრუნველგვყოფს სათანადო ღვთიური განათლებით. „როდესაც მსჯავრს სდებდი [ღმერთო] ქვეყანას, სამყაროს მკვიდრთა სიმართლე ისწავლეს“ (ესაია 26:9).
ღვთის სამეფო გაანადგურებს ეკონომიკურ სისტემებს, რომლებიც უთანასწორობას იწვევს. რასობრივი, სოციალური, ასაკობრივი და სქესობრივი დისკრიმინაცია აღარ იარსებებს, რადგან იმ სამეფოს ძირითადი კანონი დაფუძნებული იქნება სიყვარულზე, მცნებაზე: „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ (მათე 22:39). ასეთი სამართლიანი მსოფლიო მთავრობის მმართველობისას ბავშვების ექსპლუატაციის პრობლემა ძირფესვიანად იქნება აღმოფხვრილი!
[სქოლიო]
a ეს არ ამცირებდა ქალს და არ ხდიდა ოჯახის მეორეხარისხოვან წევრად, რომელსაც მხოლოდ სახლსა თუ მინდორში მუშაობა ევალებოდა. იგავნში „გამრჯე დედაკაცის“ აღწერისას ჩანს, რომ გათხოვილი ქალი ოჯახზე ზრუნავდა, შემოსავლისთვის სხვადასხვა საქმეს აწარმოებდა, ყანას უვლიდა და სავაჭრო საქმიანობასაც ეწეოდა (იგავნი 31:10, 16, 18, 24).
[ჩარჩო 12 გვერდზე]
საროსკიპოს მეპატრონე უშვებს თავის გოგოებს
თხუთმეტი წლის განმავლობაში სესილიაb კარიბის ერთ-ერთ კუნძულზე საროსკიპოს მეპატრონე იყო. მას დაახლოებით 12—15 გოგონა ჰყავდა ნაყიდი, რომელთაგანაც უმრავლესობა 18 წლისაც არ იყო. ისინი იქ თავიანთი ნების წინააღმდეგ, მშობლების ვალების გამო აღმოჩნდნენ. სესილია კი ამ ვალებს იხდიდა და გოგონები თავისთან მიჰყავდა სამუშაოდ. მათ მიერ გამომუშავებული ფულიდან ის ნაწილს მათ საკვებსა და რჩენაზე ხარჯავდა, ნაწილს კი ამ გოგონების საფასურის გადასახდელად ინახავდა. მათ წლები სჭირდებათ თავისუფლების დასაბრუნებლად. გოგონებს დარაჯის გარეშე სახლიდან გასვლის ნებასაც კი არასოდეს რთავდნენ.
სესილიას კარგად ახსოვს ერთი შემთხვევა. ერთ-ერთი როსკიპი გოგონას დედა ყოველ კვირა მიდიოდა მასთან საკვებით სავსე ყუთის წამოსაღებად, რაც მისი ქალიშვილის „შრომის“ გასამრჯელოს წარმოადგენდა. ამ გოგონას ერთი ვაჟი ჰყავდა, რადგანაც ვალებს ვერ იხდიდა და თავისუფლების დაბრუნების იმედი აღარ ჰქონდა თავის მოკვლა განიზრახა, მანამდე კი წერილი დატოვა, რომელშიც ამბობდა, რომ შვილს მოსავლელად საროსკიპოს მეპატრონეს აბარებდა. სესილიამ ეს ბავშვი თავის ოთხ შვილთან ერთად გაზარდა.
სესილიას ქალიშვილმა იეჰოვას მოწმე მისიონერებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. სესილიასაც სთავაზობდნენ იმავეს, მაგრამ თავიდან, წერა-კითხვის უცოდინრობის გამო უარზე იყო. მას ესმოდა მათი საუბრები ბიბლიურ თემებზე და დროთა განმავლობაში გაიგო, რომ ღმერთი მოსიყვარულე და მომთმენია, ამიტომ სურდა, ღვთისგან პატიება მიეღო (ესაია 43:25). ბიბლიის შესწავლის სურვილით, წერა-კითხვის სწავლას მოჰკიდა ხელი. ბიბლიის შესწავლისას კი დაინახა, რომ საჭირო იყო ბიბლიური ზნეობრივი ნორმების თანახმად ცხოვრება.
ერთ დღესაც მან გაათავისუფლა თავისი გოგოები, რამაც ისინი ძალიან გააკვირვა. სესილიამ აუხსნა მათ, რომ იეჰოვას არ მოსწონდა მათი საქმიანობა. ვერც ერთმა მათგანმა ვერ გადაუხადა მას ვალი. ორი მასთან დარჩა საცხოვრებლად, ერთი კი იეჰოვას მოწმე გახდა. ახლა უკვე 11 წელია, რაც სესილია სრული დროით მქადაგებელია; თავისი მსახურებით ის ხალხს ღვთის შეურაცხმყოფელი საქმეების მიტოვებაში ეხმარება.
[სქოლიო]
b სახელი შეცვლილია.