„ყველა ვერ სარგებლობს ეკონომიკური კეთილდღეობით“
კაცობრიობის განვითარების გზების შესახებ 1998 წლის წლიურ ანგარიშში, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამაში (გეოგპ) იყო მოცემული, ყურადღება მსოფლიოში საგანთა მოხმარების უპრეცედენტო ბუმზე მახვილდებოდა. ამ ანგარიშმა ცხადყო, რომ მსოფლიო მასშტაბით 1950 წელთან შედარებით 6-ჯერ, ხოლო 1975 წელთან შედარებით 2-ჯერ მეტ საქონელს ვიყენებთ. საგანთა მოხმარებაზე ასეთი ბუმის მიუხედავად, გეოგპ-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმზ გუსტავ სპეთი ამბობს: „ყველა ვერ სარგებლობს ეკონომიკური კეთილდღეობით“.
მაგალითად, უმდიდრესი ადამიანები, რომლებიც მსოფლიო მოსახლეობის 20 პროცენტს შეადგენენ, შვიდჯერ მეტ თევზს ჭამენ, ვიდრე უღარიბესი ადამიანები, რომლებიც ასევე 20 პროცენტს შეადგენენ. უმდიდრესი ადამიანები, რომლებიც მსოფლიო მოსახლეობის 20 პროცენტს შეადგენენ, ჭამენ 11-ჯერ მეტ ხორცს, იყენებენ 17-ჯერ მეტ ენერგიას, აქვთ 49-ჯერ მეტი სატელეფონო კავშირი, იყენებენ 77-ჯერ მეტ ქაღალდს და ფლობენ 149-ჯერ მეტ მანქანას, ვიდრე მსოფლიოს უღარიბესი ადამიანები, რომლებიც ასევე 20 პროცენტს შეადგენენ.
ამ მონაცემების გადმოცემისას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რადიომ აღნიშნა, რომ დედამიწის ბუნებრივი რესურსების გაჩანაგების შესამცირებლად საჭიროა, ინდუსტრირებულმა მსოფლიომ შეცვალოს მოხმარების მისთვის ჩვეული მოდელი. ამავე დროს, მდიდარმა ქვეყნებმა ღარიბებს უფრო მეტად უნდა გაუზიარონ თავიანთი სიმდიდრე, რათა მათაც უფრო მეტად ისარგებლონ დედამიწის რესურსებით. რა რაოდენობის სიმდიდრის განაწილება იქნებოდა ამისათვის საჭირო?
მისტერ სპეთმა გამოთვალა, რომ თუ ინდუსტრირებული ქვეყნები გააორკეცებდნენ დახმარებას, ესე იგი, წელიწადში 50 მილიარდი ამერიკული დოლარის ნაცვლად 100 მილიარდ დოლარს გამოყოფდნენ, მაშინ მთელ მსოფლიოში ყველა ღარიბს ექნებოდა საკვები, ჯანმრთელობა, განათლება და თავშესაფარი. 50 მილიარდი ამერიკული დოლარი შეიძლება საკმაოდ სოლიდურ თანხად მოგვეჩვენოს, მაგრამ მისტერ სპეთი შეგვახსენებს, რომ „ამდენ თანხას ევროპა ყოველწლიურად სიგარეტებზე ხარჯავს და ორჯერ მეტს შეერთებული შტატები — ალკოჰოლურ სასმელებზე“.
ნათელია, რომ ჩვენი პლანეტის რესურსების თანაბარი გადანაწილებისთვის მოხმარებული გაერთიანებული ძალისხმევა ხელს შეუწყობდა მტანჯველი სიღარიბის აღმოფხვრას. რა არის ამის გასაკეთებლად საჭირო? გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა: „საჭიროა გულის, გონებისა და სურვილის შეცვლა“. ამაზე ადამიანების უმეტესობა თანახმაა, მაგრამ ისიც ესმით, რომ დღევანდელი პოლიტიკური ატმოსფეროს შემქმნელი ორგანიზაციები, კეთილი სურვილებიც რომ ჰქონდეთ, ვერ შეძლებენ ასეთი ცვლილების მოხდენას; მათ სიხარბის აღმოფხვრაც კი არ შეუძლიათ.
მიუხედავად ამისა, ადამიანებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან კაცობრიობისა და ჩვენი პლანეტის მომავლით, იმედი არსებობს. გულს გვიხარებს იმის ცოდნა, რომ დედამიწის შემოქმედმა პრობლემების აღმოფხვრა აღგვითქვა. ფსალმუნმომღერალმა იწინასწარმეტყველა: „მიწამ მოგვცა ნაყოფი თვისი; გვაკურთხოს ღმერთმა, ჩვენმა ღმერთმა“. „იქნება სიუხვე პურისა დედამიწაზე, მთათა მწვერვალზე“ (ფსალმუნი 66:7; 71:16). დიახ, მაშინ დედამიწის ყველა მკვიდრი „ისარგებლებს ეკონომიკური კეთილდღეობით“!