ბიბლიის თვალსაზრისი
რელიგიური ერთიანობა ცოლქმრობაში — რატომ არის მნიშვნელოვანი?
ოჯახი სავახშმოდ ჯდება. როდესაც ოჯახის უფროსი ლოცვას წარმოთქვამს, მისი მეუღლე უსიტყვო ლოცვით სხვა ღმერთს მიმართავს. სხვა ოჯახში ცოლი ღვთის თაყვანისსაცემად ეკლესიაში დადის, ხოლო ქმარი — სინაგოგაში. არის ოჯახები, სადაც ერთი მშობელი თავის შვილებს სანტა კლაუსის შესახებ უამბობს, მეორე კი ხანუკას დღესასწაულის შესახებ უყვება.
ახლახან ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, ზოგ ოჯახში არსებული მსგავსი მდგომარეობა უჩვეულო არ არის, რადგან მრავალი ადამიანი ქორწინდება სხვა რელიგიის წარმომადგენელზე. ერთმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ დღესდღეობით ამერიკის შეერთებულ შტატებში კათოლიკეების 21, მორმონების 30, მუსლიმანების 40 და იუდეველების 50 პროცენტი სხვა რწმენის მქონე ადამიანებზე ქორწინდება. რამდენადაც რელიგიებს შორის საუკუნეების მანძილზე მტრული დამოკიდებულება არსებობს, ზოგს სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანების ერთმანეთთან შეუღლება შეუწყნარებლობაზე გამარჯვებად მიაჩნია. ერთი გაზეთის მიმომხილველი წერდა: „სხვადასხვა სარწმუნოების მიმდევრების ერთმანეთზე დაქორწინება ნამდვილი დღესასწაულია“. ასეთივეა ბიბლიის თვალსაზრისიც?
უნდა აღინიშნოს, რომ ბიბლია არ იწონებს რასობრივ ან ეთნიკურ კონფლიქტებს. ღვთის სიტყვა მხარს უჭერს რასობრივ მიუკერძოებლობას. მოციქულმა პეტრემ ხაზგასმით თქვა: „ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის“ (საქმეები 10:34, 35). ამავე დროს, ბიბლია იეჰოვას ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს ურჩევს, რომ „უფალში“ დაქორწინდნენ (1 კორინთელთა 7:39). რატომ?
დაქორწინების მიზანი
ღვთის განზრახვის თანახმად, დაქორწინების შედეგად ადამიანებს განსაკუთრებული ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ ერთმანეთთან (დაბადება 2:24). ცოლქმრული ურთიერთობის დამაარსებელ ღმერთს ამ კავშირში მეგობრულ დამოკიდებულებაზე უფრო მეტი რამ ჰქონდა ჩადებული. როდესაც იეჰოვამ პირველ წყვილს შვილების აღზრდა და თავიანთი მიწიერი საცხოვრებლის მოვლა-პატრონობა დაავალა, ამით აჩვენა, რომ მათ მისი ნების შესასრულებლად მჭიდროდ უნდა ეთანამშრომლათ (დაბადება 1:28). ღვთისმსახურებაში ამგვარი თანამშრომლობით მამაკაცი და ქალი არა მხოლოდ მეგობრული თანაარსებობით დატკბებოდნენ, არამედ მჭიდრო, ხანგრძლივი და განსაკუთრებული ურთიერთობითაც (შეადარეთ მალაქია 2:14).
იესო განსაკუთრებულ ცოლქმრულ ურთიერთობას შეეხო, როდესაც კარგად ცნობილი სიტყვები წარმოთქვა: „ისინი უკვე ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მათე 19:6). იესომ გამოიყენა სიტყვა, რომელიც, სიტყვასიტყვით, უღელში შებმას ნიშნავს, მან ცოლქმრული კავშირი შეადარა უღელს, რომელშიც ორი ცხოველია შებმული, რათა ერთობლივი ძალებით გადაზიდონ ტვირთი. წარმოიდგინეთ, რა ძალა დაადგებოდა ცხოველებს, თუ ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით ეცდებოდნენ ტვირთის გადაადგილებას! მსგავსად ამისა, ვინც ურწმუნოზე ქორწინდება, შეიძლება გაუჭირდეს მეუღლის წინააღმდეგობისას ბიბლიური პრინციპების შესაბამისად ცხოვრება. ამიტომ ბიბლია აცხადებს: „ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად“ (2 კორინთელთა 6:14).
უკეთესი ცოლქმრობა
როცა წყვილს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა აერთიანებს, მათი ცოლქმრობა საკმაოდ მყარი იქნება. ერთი მწერალი შენიშნავს, რომ „საერთო რწმენა ჯანსაღი და ბედნიერი ოჯახების ერთ-ერთი ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია“. ეკლესიასტეს 4:9, 10-ში ნათქვამია: „მარტო ყოფნას სჯობს ორნი იყვნენ, რადგან კეთილად მიეზღვებათ მათ საშრომელში. თუ დაეცნენ, ერთი მაინც წამოაყენებს თავის ამხანაგს“.
როცა ქრისტიანი წყვილის ცხოვრებაში პირველ ადგილზე თაყვანისმცემლობის საკითხი დგას, ისინი არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერადაც არიან გაერთიანებული. როდესაც ისინი ერთად ლოცულობენ, სწავლობენ ღვთის სიტყვას, თანაქრისტიანებთან ერთად იკრიბებიან და თავიანთ რწმენას სხვებს უზიარებენ, უფრო მეტად განამტკიცებენ სულიერ კავშირს, რითაც საფუძველს უმაგრებენ თავიანთ ცოლქმრობას. ერთმა ქრისტიანმა ქალმა აღნიშნა: „ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა ცხოვრების გზა არის. ვერ წარმომიდგენია ისეთ პიროვნებაზე დაქორწინება, რომელიც არ იზიარებს იმას, რაც ჩემთვის ესოდენ მნიშვნელოვანია“ (შეადარეთ მარკოზი 3:35).
ისინი, ვინც „უფალში“ ქორწინდება, თავიანთი მეუღლეებისგან მოელიან, რომ იესოს მსგავსად მოიქცევიან. ქრისტიანი ქმრები ისეთივე სიყვარულით უნდა მოექცნენ ცოლებს, როგორც ქრისტე ეპყრობოდა კრებას. ასევე, ქრისტიანი ცოლებიც პატივისცემით უნდა მოეპყრონ ქმრებს და მორჩილება გამოავლინონ მათ მიმართ (1 კორინთელთა 11:3; ეფესელთა 5:25, 29, 33). ქრისტიანები ამას იმიტომ კი არ აკეთებენ, რომ მხოლოდ თავიანთ მეუღლეებს ასიამოვნონ, არამედ — ღმერთსაც, ვის წინაშეც დაქორწინებული წყვილი პასუხისმგებელია, ასეთი ურთიერთდამოკიდებულება იქონიოს ერთმანეთის მიმართ (მალაქია 2:13, 14; 1 პეტრე 3:1–7).
საერთო რწმენის ერთგულად დაცვაც ეხმარება ქრისტიან წყვილს, მშვიდობიანი გზით მოაგვარონ უთანხმოებები. ბიბლია ურჩევს ქრისტიანებს, რომ ‘მარტო საკუთარ თავზე კი არ იზრუნონ, არამედ სხვებზეც’ (ფილიპელთა 2:4). პირადი გადაწყვეტილებების მიუხედავად, დაქორწინებულები, რომლებსაც რწმენა აერთიანებთ, ღვთის სიტყვას ნებისმიერი უთანხმოების გადამჭრელ საშუალებად მიიჩნევენ (2 ტიმოთე 3:16, 17). ამგვარად, ისინი მიჰყვებიან ქრისტიანებისთვის საყურადღებო ბიბლიურ რჩევას, რომ გაერთიანებული იყვნენ „გონებით“ (1 კორინთელთა 1:10; 2 კორინთელთა 13:11; ფილიპელთა 4:2).
ურთიერთლტოლვა და საერთო ინტერესები
რა თქმა უნდა, ურთიერთობა საერთო რწმენის გაზიარებაზე უფრო მეტს ნიშნავს. ბიბლია ადასტურებს, რომ ამის ხელშემწყობი ფაქტორი ერთმანეთისადმი ლტოლვაც არის (ქებათა-ქება 3:5; 4:7, 9; 5:10). მაგრამ ცოლქმრობის გასამყარებლად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, წყვილს საერთო ინტერესები ამოძრავებდეს. ერთი წიგნის თანახმად, „როცა წყვილს საერთო ინტერესები ამოძრავებს, უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, საფუძველი ჩაუყაროს ბედნიერ, ჰარმონიულ და ხანგრძლივ ცოლქმრულ ურთიერთობას“ (Are You the One for Me?).
სამწუხაროდ, როცა ორ ადამიანს ერთმანეთისადმი ლტოლვა აქვს, დაქორწინებამდე შეიძლება ყურადღებას არ აქცევენ, რომ მათ შორის საკმაო სხვაობაა. მაგალითად, წარმოიდგინეთ, ყიდულობთ სახლს, რომელიც მოგეწონათ. მაგრამ იქ გადასვლის შემდეგ ხვდებით, რომ სახლის საძირკველი მყარი არ არის. ამის გამო სახლს თქვენს თვალში ყოველგვარი მიმზიდველობა ეკარგება. მსგავსად ამისა, გამორიცხული არ არის, ვინმეს იზიდავდეს განსხვავებული რწმენის ადამიანი, რომელიც თავის შესაფერისად ეჩვენება, მაგრამ დაქორწინების შემდეგ შეიძლება დაინახოს, რომ სრულიად შეუფერებლები არიან ერთმანეთისთვის.
დაფიქრდით ზოგიერთ პრობლემაზე, რაც მოგვიანებით შეიძლება სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანების ერთმანეთზე დაქორწინებამ გამოიწვიოს: სად შეასრულებს ოჯახი ღვთისმსახურებას? რა რელიგიურ განათლებას მიიღებენ ბავშვები? რომელ სარწმუნოებას გაუწევს ოჯახი მატერიალურ მხარდაჭერას? დაჟინებით ხომ არ მოითხოვს ერთ-ერთი მეუღლე გარკვეული რელიგიური ადათ-წესების დაცვასა და დღესასწაულების აღნიშვნას მაშინ, როცა მეორე თვლის, რომ ეს დღესასწაულები და ადათ-წესები წარმართულია? (ესაია 52:11). ყოველი დაქორწინებული წყვილი გონივრულად უნდა ეცადოს საერთო ენის გამონახვას, მაგრამ, როცა ცოლქმრული ურთიერთობის შენარჩუნების გამო ბიბლიური პრინციპები ირღვევა, ეს ღვთისთვის მიუღებელია (შეადარეთ მეორე რჯული 7:3, 4; ნეემია 13:26, 27).
რელიგიურად დაყოფილ ოჯახებში ზოგი წყვილი ცოლქმრული ურთიერთობის შესანარჩუნებლად ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მისდევს თავის რელიგიურ მრწამსს. სამწუხაროდ, როცა ცოლ-ქმარი ღვთისმსახურებას ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ასრულებს, მათ სულიერი არაფერი აკავშირებთ. ერთი ქრისტიანი ქალი დაქორწინდა მამაკაცზე, რომელიც არ იზიარებდა მის რწმენას. მან თქვა: „40 წელი დაქორწინებულები ვიყავით, მაგრამ, სინამდვილეში, ჩემი ქმარი არ მიცნობდა“. მაგრამ სულ სხვაა, როცა დაქორწინებული წყვილი ღმერთს ერთად სცემს თაყვანს „სულითა და ჭეშმარიტებით“ და თავის ცხოვრებაში პირველ ადგილზე მას აყენებს. ბიბლია პოეტურად ამბობს: „მალე არ გაწყდება სამმაგი ძაფი“ (იოანე 4:23, 24; ეკლესიასტე 4:12).
რა შეიძლება ითქვას ბავშვებზე?
ზოგიერთი თვლის, რომ შეუძლიათ უბრალოდ გააცნონ შვილებს თავიანთი აღმსარებლობა და მისცენ სარწმუნოების არჩევის უფლება. სინამდვილეში, ორივე მშობელს აქვს მორალური და კანონიერი უფლება, რელიგიური განათლება მისცენ მათ და, საბოლოოდ, ბავშვებმა თავად მიიღონ პირადი გადაწყვეტილებაa.
ბიბლია არიგებს ბავშვებს, დაემორჩილონ მშობლებს „უფალში“ (ეფესელთა 6:1). იგავნის 6:20-შიც იგივე დარიგებაა: „დაიმარხე, შვილო, მამაშენის ანდერძი და დედაშენის რჯულს ნუ გადახვალ“. ბავშვებს, რომლებიც ერთმორწმუნე მშობლების მიერ აღიზარდნენ, ნაცვლად იმისა, რომ სხვადასხვა მოძღვრება ისწავლონ, ბიბლიის თანახმად, „ერთი უფალი, ერთი რწმენა და ერთი ნათლისღება“ აერთიანებთ (ეფესელთა 4:5; მეორე რჯული 11:19).
ჭეშმარიტად „უფალში“ დაქორწინება
თუ წარმატებული ცოლქმრობისთვის მნიშვნელოვანია, წყვილს ერთნაირი შეხედულებები ჰქონდეს, ნუთუ გონივრული იქნებოდა ისეთ პიროვნებაზე დაქორწინება, რომელიც მხოლოდ სიტყვიერად აცხადებს, რომ ქრისტიანია? ბიბლია გვპასუხობს: „ვინც ამბობს, რომ მასში [იესოში] რჩება, ისევე უნდა მოიქცეს, როგორც ის იქცეოდა“ (1 იოანე 2:6). ამიტომ კარგი იქნებოდა, ქრისტიანს მეუღლედ აერჩია თანამორწმუნე, რომელიც ნამდვილად ცდილობს, მიბაძოს იესოს. ასეთი მომავალი მეუღლე უკვე უნდა იყოს ღვთისადმი მიძღვნილი და მონათლული. უნდა ბაძავდეს იესოს, როგორც მოსიყვარულე პიროვნებას და მის მსგავსად, მთელი ენთუზიაზმით ქადაგებდეს ღვთის სამეფოს შესახებ. ის, იესოს მსგავსად, ღვთის ნებას პირველ ადგილზე უნდა აყენებდეს თავის ცხოვრებაში (მათე 6:33; 16:24; ლუკა 8:1; იოანე 18:37).
ვინც მოთმინებით ელოდება ღვთის თაყვანისმცემლებისგან შემდგარი ოჯახიდან შესაფერისი თანამგზავრის არჩევის დროს, ცხოვრებაში ღვთის ნების პირველ ადგილზე დაყენების კარგ მაგალითს იძლევა. ასეთი არჩევანი, საბოლოოდ, ბედნიერსა და უფრო სასიამოვნოს გახდის ცოლქმრობას (ეკლესიასტე 7:8; ესაია 48:17, 18).
[სქოლიო]
a იხილეთ ჟურნალის „გამოიღვიძეთ!“ სტატია — „ბიბლიის თვალსაზრისი: უნდა აირჩიონ თუ არა ბავშვებმა საკუთარი რელიგია?“, ივლისი — სექტემბერი, 1997 წელი, გვერდი 29. აგრეთვე იხილე საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ გამოცემული ბროშურა — „იეჰოვას მოწმეები და განათლება“, გვერდები 24, 25.
[ჩარჩო 28 გვერდზე]
დახმარება რელიგიურად დაყოფილი ოჯახებისთვის
დღესდღეობით უამრავი მიზეზის გამო ბევრ დაქორწინებულ წყვილს სხვადასხვა რწმენა აქვს. ზოგმა მეუღლედ ისეთი ადამიანი აირჩია, რომელიც სხვა აღმსარებლობას იზიარებს. ბევრ წყვილს, თავდაპირველად, საერთო რწმენა ჰქონდა, მაგრამ მოგვიანებით მათი ოჯახი რელიგიურად დაიყო, რადგან ერთ-ერთმა მეუღლემ განსხვავებული თაყვანისმცემლობა აირჩია. შეიძლება არსებობდეს სხვა ფაქტორებიც, რაც ოჯახების რელიგიურად დაყოფას უწყობს ხელს. რა მიზეზებიც უნდა არსებობდეს, საქორწინო აღთქმა არ უნდა დაირღვეს ან არ უნდა იქნეს დავიწყებული მხოლოდ იმიტომ, რომ წყვილს სარწმუნოებასთან დაკავშირებით არა აქვს ერთი აზრი. ბიბლიის თანახმად, მნიშვნელოვანია, ცოლქმრობა შეუბღალავი და ხანგრძლივი იყოს მაშინაც კი, თუ წყვილს რწმენა არ აერთიანებს (1 პეტრე 3:1, 2). მოციქულმა პავლემ დაწერა: „თუ ვინმე ძმას ჰყავს ურწმუნო ცოლი და ის ქალი თანახმაა მასთან იცხოვროს, ნუ დატოვებს იმ ცოლს“ (1 კორინთელთა 7:12). ნებისმიერი დაქორწინებული წყვილი, რომელიც გამოიყენებს ბიბლიაში მოცემულ პრინციპებს, დატკბება მშვიდობით, ურთიერთპატივისცემითა და სიყვარულით (ეკლესიასტე 5:28–33; კოლასელთა 3:12–14; ტიტე 2:4, 5; 1 პეტრე 3:7–9).