საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g99 10/8 გვ. 12-15
  • რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა
  • გამოიღვიძეთ! — 1999
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ძიება, რომელიც დაჯილდოვდა
  • ნიდერლანდში მსახურება
  • ჩვენს ახალ სახლში მსახურება
  • გაკვეთილი ჩემთვის
  • რა დაგვეხმარა მსახურების გაგრძელებაში
  • „მინდოდა, მთელი ცხოვრება იეჰოვასთვის მემსახურა“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2022
  • მკითხველთა წერილები
    გამოიღვიძეთ! — 2000
  • ნაწილი 4 — მოწმეები დედამიწის კიდით კიდემდე
    იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები
  • იეჰოვამ მასწავლა მისი ნების შესრულება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 1999
g99 10/8 გვ. 12-15

რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა

მოგვითხრო ვილემ ვან სელმა.

1942 წელი იდგა; ჩვენს ქვეყანაში II მსოფლიო ომი ბობოქრობდა. მე და კიდევ ოთხი ახალგაზრდა ნიდერლანდში, ქალაქ გრონინგენში, ნაცისტებს ვემალებოდით. ერთ პატარა ოთახში ვისხედით და ჩვენი გადარჩენის შესაძლებლობებზე ვსაუბრობდით.

ერთმა წინადადება შემოიტანა: ჩამოგვეწერა, თუ როგორ შეიძლებოდა დავეხოცეთ. ამის შესაძლებლობები ბევრი იყო. აშკარა იყო, რომ გადარჩენის შანსი თითქმის არ გვქონდა. სამი მართლაც არაადამიანურად მოუკლავთ. მე კი მოხუცებულობის ასაკს მივაღწიე, რამაც ჩემს მოლოდინს გადააჭარბა.

მაშინ, როცა ეს ამბავი შემემთხვა, მხოლოდ 19 წლის ვიყავი და ძალიან ცოტა ვიცოდი ბიბლიისა და საერთოდ რელიგიის შესახებ. მამაჩემი ნებისმიერი რელიგიის წინააღმდეგი იყო. დედა რელიგიის ძიებაში სპირიტიზმმა გაიტაცა. მე კი არაფრის იმედი არ მქონდა. ვფიქრობდი, რომ, თუ მომკლავდნენ, დაბომბვისას თუ სხვა დროს, ღმერთი არ გამიხსენებდა. მის შესახებ მეტის გაგებას არც კი ვცდილობდი.

ძიება, რომელიც დაჯილდოვდა

იმ ოთხ ახალგაზრდასთან საუბრის შემდეგ ცოტა ხანში ნაცისტებმა დამაპატიმრეს და გერმანიაში, ქალაქ ემერიხთან ახლოს, შრომა-გასწორების კოლონიაში გამაგზავნეს. ჩვენს სამუშაოში მოკავშირეთა ძალების მიერ დაბომბვის შემდეგ ტერიტორიის გასუფთავება და დაზიანებული შენობების შეკეთება შედიოდა. 1943 წლის ბოლოს გავიქეცი და, მიუხედავად იმისა, რომ ომი ჯერ კიდევ მძვინვარებდა, ნიდერლანდში დავბრუნდი.

ერთხელაც პატარა ბროშურას წავაწყდი, რომელიც კითხვებითა და ბიბლიური მუხლებით იყო სავსე. იეჰოვას მოწმეები მას ხალხთან წიგნის „გადარჩენა“ შესწავლისას იყენებდნენ. როდესაც წავიკითხე მასში მოცემული კითხვები და ბიბლიური მუხლები, ძალიან დავინტერესდი საღვთო წერილში მოცემული წინასწარმეტყველების შესრულებით.

წაკითხულის შესახებ ჩემს საცოლეს, გრეის, ვესაუბრე, მაგრამ თავდაპირველად დიდად არ დაინტერესებულა. დედაჩემი კი გაიტაცა ამ ბროშურამ. „ეს ჭეშმარიტებაა, რომელსაც მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ვეძებდი!“ — წამოიძახა მან. როცა მეგობრებს ვესაუბრე, ზოგმა მეტის გაგება მოისურვა. ერთი მათგანი იეჰოვას მოწმე გახდა და წერილებითა თუ სტუმრობით ხშირი ურთიერთობა გვქონდა 1996 წლამდე, მისი სიცოცხლის ბოლო წუთამდე.

დროთა განმავლობაში გრეიმ ბიბლიის შესწავლა დაიწყო და 1945 წლის თებერვალში ორივე მოვინათლეთ. ომი რამდენიმე თვის შემდეგ დამთავრდა. დაქორწინების შემდეგ გვინდოდა პიონერები, იეჰოვას მოწმე სრული დროით მსახურები, გავმხდარიყავით, მაგრამ ავადმყოფობამ და ფინანსურმა სირთულეებმა ხელი შეგვიშალა. გარდა ამისა, შესაძლებლობა მოგვეცა, ფინანსურად წელში გავმართულიყავით. ჯერ მუშაობა დაგვეწყო, რომ ფინანსური მდგომარეობა გაგვეუმჯობესებინა, და მერე — პიონერული მსახურება, თუ თავიდანვე სრული დროით მსახურება აგვერჩია?

ნიდერლანდში მსახურება

გადავწყიტეთ, პირველ რიგში პიონერული მსახურებისთვის მოგვეკიდა ხელი, რაც 1945 წლის 1 სექტემბერს განვახორციელეთ კიდეც. სწორედ ამ დღეს შინ დაბრუნებისას კაფეში შევიარე, რომ რამე დამელია. ოფიციანტს, ჩემი ჭკუით, ერთი გულდენი (ნიდერლანდის ფულის ერთეული) მივეცი და ვუთხარი, რომ ხურდა თავისთვის დაეტოვებინა. შინ დაბრუნებისას მივხვდი, რომ ერთის ნაცვლად 100 გულდენი მიმიცია მისთვის. ამიტომ, პიონერობის დაწყებისას ზუსტად ერთი გულდენიღა გვქონდა.

1946 წელს, როდესაც ბიბლიაზე დაფუძნებული საჯარო მოხსენებების წარმოთქმა დავიწყე, მხოლოდ ტყავის ქურთუკი მქონდა. ჩემი მეგობარი, რომელიც კრების თავმჯდომარე იყო, თითქმის ჩემი ზომის ტანისამოსს ატარებდა. როდესაც გამოაცხადებდა ხოლმე ჩემს მოხსენებას, სცენის უკან გამოდიოდა და კოსტიუმს მაძლევდა. მოხსენების დამთავრების შემდეგ კი ვუბრუნებდი.

1949 წლის მარტში მე და გრეიმ ახალი დანიშნულება მივიღეთ და მიმოსვლითი მსახურება დავიწყეთ. ჩვენ კრებებს უნდა ვსტუმრებოდით და სულიერად გაგვეძლიერებინა. ფრიც ჰარტსტანგმა, რომელიც ომამდეც და ომის დროსაც ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას, მიმოსვლით საქმეში გამწვრთნა. მან საინტერესო რამ მირჩია: „ვიმ, მიჰყევი იეჰოვას ორგანიზაციის მიერ მოცემულ მითითებებს მაშინაც კი, როცა გგონია, რომ არცთუ ისე სწორია, და არასოდეს ინანებ“. ის მართალი იყო.

1951 წელს ნიდერლანდში საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მაშინდელი პრეზიდენტი ნეიტან ჰ. ნორი ჩამოვიდა. იმ დროისთვის მე და გრეის შეერთებულ შტატებში განცხადება გვქონდა გაგზავნილი მისიონერების მოსამზადებელ სკოლაში მოსახვედრად. მალე საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ სკოლა „გალაადის“ 21-ე კლასში მიგვიწვიეს. 1945 წელს, პიონერული მსახურების დასაწყისში, ნიდერლანდში დაახლოებით 2 000 მოწმე იყო, 1953 წლისთვის კი მათი რიცხვი 7 000-მდე გაიზარდა, რამაც მოლოდინს დიდად გადააჭარბა!

ჩვენს ახალ სახლში მსახურება

ჩვენ ახალ გვინეაში (დღეს ინდონეზიის პროვინციის ტერიტორია) გაგვაგზავნეს, მაგრამ, რადგანაც იქ შესვლის უფლება არ დაგვრთეს, დანიშნულება შეგვიცვალეს და სამხრეთ ამერიკაში, სურინამში მიგვიჩინეს ბინა. იქ 1955 წლის დეკემბერში ჩავედით. სურინამში იმ დროს დაახლოებით ასი მოწმე იყო, ისინი ძალიან ყურადღებიანები იყვნენ. მალე ისე ვიგრძენით თავი, როგოც საკუთარ სახლში.

ცხადია, ახალ პირობებს უნდა შევგუებოდით, რაც ზოგჯერ ადვილი არ იყო. მაგალითად, გრეის ყველანაირი მწერის ეშინოდა. ნიდერლანდში მას რომ საძინებელ ოთახში პატარა ობობა დაენახა, ვერაფრით ვერ დაიძინებდა, სანამ არ მოვაშორებდი. სურინამში კი ათჯერ დიდი ობობებია და ზოგი მათგანი — შხამიანიც. გარდა ამისა, ტარაკნები, ვირთხები, ჭიანჭველები, კოღოები და კალიებიც იყო. ზოგჯერ გველებიც გვაკითხვავდნენ. გრეი ისე მიეჩვია ამ ცოცხალ არსებებს, რომ დღეს მათი მოცილება მისთვის ჩვეულებრივი რამ არის.

43 წელიწადში ეს ქვეყანა ბევრ მის მკვიდრზე უკეთესად გავიცანით. მოგვწონდა მისი მდინარეები, ტროპიკული ტყეები და ზღვის განაპირა ჭაობები. იქ მობინადრე მშვენიერ ცხოველებსაც გავეცანით, მაგალითად მაჩვზღარბს, ზარმაცას, იაგუარს, დიახ, მრავალი სახეობის და ლამაზი ფერის გველებსაც კი. განსაკუთრებით გაგვაოცა ხალხის მრავალეროვნებამ. ზოგის წინაპრები აფრიკიდან, ინდოეთიდან, ინდონეზიიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან იყვნენ. ზოგი კი ადგილობრივ მკვიდრთა შთამომავლები, ამერინდები გახლდნენ.

კარდაკარ მსახურების დროს ჩვენი ქრისტიანული მოღვაწეობისას ყველანაირი წარმოშობის ადამიანებს ვხვდებით. ჩვენს სამეფო დარბაზშიც სულ სხვადასხვა წარმოშობის მშვენიერი ძმები და დები იკრიბებიან. 1953 წელს ერთი ნახევრად დანგრეული სამეფო დარბაზი გვქონდა, ახლა კი 30-ზე მეტი მშვენიერი სამეფო დარბაზი, საკონგრესო დარბაზი და ლამაზი ფილიალი გვაქვს, რომლის მიძღვნაც 1995 წლის თებერვალში ჩატარდა.

გაკვეთილი ჩემთვის

შუაგულ სურინამში რამდენიმე კრება შავკანიანი და-ძმებისგან შედგება, რომელთა წინაპრები, აფრიკელი მონები იყვნენ, რომლებიც, პლანტაციებიდან გამოიქცნენ და მდინარეს რაც შეიძლებოდა მაღლა აუყვნენ. არაერთხელ გავუოცებივარ მათს სიმამაცეს — მაგალითად, იმას, თუ როგორ ოსტატურად ლახავენ ამ მდინარეს და როგორ კარგად ეგუებიან ტროპიკულ ტყეს. მათ ხეების მოჭრა, ნავების აგება და მათი საშუალებით ჩანჩქერებთან და სწრაფ დინებებთან გამკლავება ისწავლეს. ისინი საკვებს ნადირობითა და თევზაობით შოულობენ, საჭმლის მოსამზადებლად არანაირი თანამედროვე საშუალება არა აქვთ და ბევრ ისეთ რამეს აკეთებენ, რაც ჩვენ ძალიან გაგვიჭირდებოდა.

წლების განმავლობაში აქ მცხოვრებ სხვა ხალხებსაც გავეცანით, მათს ადათ-წესებს, მათი აზროვნებისა და ცხოვრების სტილს. კარგად მახსოვს 50-იან წლებში ამერინდების სოფელში სტუმრობა. შუაღამეს ტროპიკულ ტყეში მიტოვებულ ერთ ბანაკში მივედით, საიდანაც მე და ჩემი ინდიელი გიდი ნავით უნდა გავმგზავრებულიყავით. მან ცეცხლი აანთო, საჭმელი მოამზადა, ჰამაკები გააბა. მისთვის ჩვეულებრივი იყო, ყველაფერი თავისით გაეკეთებინა, რადგან იცოდა, რომ მე ამ საქმისა არაფერი გამეგებოდა.

შუაღამისას ჰამაკი ჩამომიწყდა, მას არც კი გაუცინია; ტანისამოსი გამისუფთავა და ხელმეორედ გამიბა ჰამაკი. ვიწრო მდინარეზე მოგზაურობისას ისე ბნელოდა, რომ საკუთარ ხელებს ვერ ვხედავდი, ჩემი გიდი კი, მრავალი მოსახვევისა და დაბრკოლების მუხედავად, თავისუფლად მართავდა ნავს. როდესაც ვკითხე, როგორ ახერხებდა ამას, მან მიპასუხა: „შენ სხვაგან იყურები. მაღლა აიხედე და ხის კენწეროებსა და ცას შეხედე. ის გიჩვენებს მდინარის მიმართულებას. ახლა დაბლა დაიხედე და ჭავლს დააკვირდი. ის დაგეხმარება, დაინახო, წინ ქვები ან სხვა დაბრკოლება ხომ არ არის. თანაც ყური დაუგდე. ხმებიც გატყობინებს, წინ რა გელოდება“.

ხისგან გამოჭრილი ერთნიჩბიანი ნავით მოგზაურობა, სწრაფი დინებების გადალახვა და ჩანჩქერებისთვის გვერდის ავლა საშიში და დამღლელი აღმოჩნდა. მაგრამ ასეთი მგზავრობის შემდეგ ჩვენს ქრისტიან და-ძმებთან შევხვედრა, რომლებიც დიდ სტუმართმოყვარეობას ავლენენ, ყოველთვის გამომაცოცხლებელი იყო. მათ ყოველთვის აქვთ რაიმე სტუმრებისთვის გასამასპინძლებლად, მაგალითად ერთი ჯამი სუპი. მისიონერული ცხოვრება ხშირად სირთულეებით იყო სავსე, მაგრამ არასოდეს ყოფილა გულისგამტეხი.

რა დაგვეხმარა მსახურების გაგრძელებაში

ჩვენ არ ვიყავით მაინცდამაინც ჯანმრთელები. ნათესავებისგანაც ვერ ვღებულობდით დიდ გამხნევებას, რადგან მათგან მხოლოდ დედაჩემი იყო იეჰოვას მოწმე. მიუხედავად ამისა, ძვირფასი მეგობრების დახმარება, გამხნევება და ჩვენს საჭიროებებზე ზრუნვა გვეხმარებოდა, არ შეგვეწყვიტა ჩვენი მსახურება. დედა ყოველთვის განსაკუთრებულად გვამხნევებდა.

ჩვენი მისიონერული მსახურების მეექვსე წელს დედა სერიოზულად დაავადდა. მეგობრებს სურდათ, დავბრუნებულიყავით, რომ უკანასკნელად გვენახა დედა, მაგრამ მან მოგვწერა: „გთხოვთ, დარჩით იქ, სადაც დაგნიშნეს. დამიმახსოვრეთ ისეთი, როგორიც ავადმყოფობამდე ვიყავი. იმედი მაქვს, რომ მკვდრეთით აღდგომის დროს შეგხვდებით“. მას მტკიცე რწმენა ჰქონდა.

ნიდერლანდში შვებულებით მხოლოდ 1966 წელს შევძელით ჩასვლა. ძალიან გაგვიხარდა ძველი მეგობრების ნახვა, მაგრამ ვიგძენით, რომ ჩვენი სახლი დღეს სურინამია. ახლა ვხვდებით, რატომ არის გონივრული ჩვენი ორგანიზაციის რჩევა, რომ მისიონერები არ დაბრუნდნენ შვებულებით თავიანთ ქვეყანაში, სანამ სულ მცირე სამ წელიწადს არ იმსახურებენ დანიშნულების ადგილზე.

მეორე, რაც მისიონერული მსახურების გაგრძელებაში დაგვეხმარა, იუმორის გრძნობის შენარჩუნება იყო — გაცინების უნარი არა მარტო სხვა რამეზე, არამედ საკუთარ თავზეც. იეჰოვამ ზოგი რამ იუმორის გრძნობით შექმნა. შინპანზეებისა და წავის სიცელქის, განსაკუთრებით კი მათი ნაშიერების ყურება ყოველთვის ღიმილის მომგვრელია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, დადებითი აზროვნება და არ უნდა გქონდეს საკუთარ თავზე მეტისმეტი წარმოდგენა — ეს სწორედ ამ წლებმა გვასწავლა.

ჩვენი კურთხეული საქმიანობა განსაკუთრებით გვეხმარებოდა მისიონერული მსახურების გაგრძელებაში. გრეი პარამარიბოს მოხუცთა სახლში ათ მამაკაცს ასწავლიდა ბიბლიას. ათივე 80 წელს გადაცილებული იყო. ყოველი მათგანი კაუჩუკის მისაღებად ან ოქროს მოსაპოვებლად მუშაობდა. ათივემ შეიყვარა ის, რაც გაიგეს, მოინათლნენ და სიკვდილამდე ერთგულად მონაწილეობდნენ სამქადაგებლო მსახურებაში.

სვედენბორგის ახალი ეკლესიის ერთი მოხუცი მღვდელი, სახელად რივერზი, ჩვენს შესწავლებს ისმენდა და დაგვცინოდა. მაგრამ ყოველკვირა უფრო და უფრო გვისმენდა და ნაკლებად დაგვცინოდა. ბოლოს სხვებთან ერთად ჩამოჯდა და შესწავლაში მონაწილეობის მიღებაც დაიწყო. ის 92 წლის იყო, ამიტომ ცუდად ხედავდა და ყურთასმენა აკლდა, მაგრამ ისე ამბობდა ბიბლიურ მუხლებს, თითქოს კითხულობსო. საბოლოოდ მან მსახურებაში მონაწილეობის მიღებაც დაიწყო და ყველასთან ქადაგებდა. სიკვდილის წინ თავისთან მიგვიწვია. როდესაც მივედით, ცოცხალი უკვე აღარ იყო, მაგრამ ბალიშის ქვეშ იმ თვის მისი მსახურების ანგარიში ვიპოვეთ.

1970 წელს, 25 წლის განმალობაში სრული დროით მსახურების შემდეგ, სურინამის ფილიალის ზედამხედველად დამნიშნეს. ოფისში მუშაობა მიჭირდა და ძალიან მინდოდა გრეისთან ერთად მეც ყოველდღე სამქადაგებლო მსახურებაში გავსულიყავი. ახლა გრეიც ფილიალში მუშაობს და ორივეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გვავალია.

მართლაც, როცა ვფიქრობ, რომ 1945 წელს მსოფლიოში 160 000-მდე სამეფოს მქადაგებელი იყო, დღეს კი თითქმის 6 000 000-ია, ვხედავ რომ რეალობამ ბევრად გადააჭარბა მოლოდინს. სურინამში მქადაგებელთა რიცხვი თითქმის 20-ჯერ გაიზარდა 1955 წლიდან, ჩვენი ჩასვლის შემდეგ; მაშინ იქ 100 მოწმე იყო, ახლა კი 1 900-ზე მეტი მქადაგებელია.

დარწმუნებული ვარ, რომ იეჰოვას მოწმეების საქმიანობაში კიდევ უფრო დიდ წარმატებებს ვიხილავთ, როცა იეჰოვა შეასრულებს თავის განზრახვებს, თუ ჩვენი ღვთის ერთგულები დავრჩებით. ჩვენი მიზანი კი სწორედ ეს არის.

[სურათი 13 გვერდზე]

1955 წელს სურინამში ჩამოსვლისას.

[სურათი 15 გვერდზე]

ერთნიჩბიანი ნავების გამოყენება მსახურებაში.

[სურათი 15 გვერდზე]

მე და ჩემი მეუღლე.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება