საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g99 11/8 გვ. 28
  • რა ხდება მსოფლიოში

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რა ხდება მსოფლიოში
  • გამოიღვიძეთ! — 1999
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • კანადელი მოზარდები და რელიგია
  • სწრაფი ტარაკნები
  • მსოფლიოს უდიდესი ბაქტერია?
  • უამრავი გვამი განგში
  • აღარ არსებობს განსაწმენდელი?
  • ადამიანის მოტაცება — სარფიანი ტერორი
    გამოიღვიძეთ! — 2000
  • ადამიანის მოტაცება — არსებობს გამოსავალი?
    გამოიღვიძეთ! — 2000
  • სიმართლე ცოდვაზე
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
  • აუცილებელია ჩვილების მონათვლა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 1999
g99 11/8 გვ. 28

რა ხდება მსოფლიოში

კანადელი მოზარდები და რელიგია

როგორც ერთ-ერთ გაზეთშია ნათქვამი, „საოცარია, რომ კანადელი მოზარდების 80 პროცენტს სწამს ღმერთი“, მაშინ როცა „რეგულარულად მხოლოდ 15 პროცენტი ესწრება ღვთისმსახურებას“ (Vancouver Sun). რატომ არსებობს ასეთი შეუსაბამობა? ზოგი რელიგიას ტოვებს „სრულიად მოსაწყენი ღვთისმსახურების გამო“ და იმის გამო, რომ „მოძღვრების სიმტკიცე ახალგაზრდებს განიზიდავს“. გაზეთი დასძენს: „უეჭველია, რომ ორგანიზებული რელიგიების სახეს ძალიან ამახინჯებს სენსაციური ამბები ქრისტიანული სამღვდელოების მხრიდან სექსუალური ძალადობის, სიქების მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის, ებრაელი ექსტრემისტებისა და ინდუსი მებრძოლების შესახებ. გამოკითხვამ ცხადყო, რომ კანადელი მოზარდების მხოლოდ 39 პროცენტს სჯერა რელიგიური წინამძღოლების, მაშინ როცა 1984 წელს ეს რიცხვი 62 პროცენტს შეადგენდა“. სტატია მთავრდება სიტყვებით: „ან მოზარდებს აკლიათ სამღვდელოების მხრიდან გულითადობა, ან საზოგადოება არის მეტისმეტად უარყოფითად განწყობილი სარწმუნოებისადმი, ან ახალგაზრდებს არ აინტერესებთ სულიერი საკითხები, ან კიდევ ყველაფერი ერთად“.

სწრაფი ტარაკნები

ვისაც კი უცდია ტარაკნების დაჭერა, იცის, რომ ეს იოლი საქმე არ არის. რაში მდგომარეობს მათი საიდუმლო? უპირველეს ყოვლისა, ისინი მუცლის გარშემო განლაგებული პაწაწინა ბუსუსებით აფიქსირებენ მტრის მხრიდან წამოსული ჰაერის სუსტ ნაკადს და გებულობენ, საიდან მომდინარეობს. ამასთანავე, როგორც ჩანს, მათი ნერვული სისტემა საოცრად ფუნქციონირებს, რადგანაც ტარაკნებს წამის მხოლოდ მეასედი ნაწილი სჭირდებათ იმისთვის, რომ რეაგირება მოახდინონ და გაიქცნენ. როგორც ერთ-ერთი გაზეთი იტყობინება, ამჟამად მჩქარობლური კინოკამერის საშუალებით ჯეფრი კამჰიმა და იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში მომუშავე მისმა თანამშრომლებმა უფრო მეტი გაიგეს (Berliner Morgenpost). მათ აღმოაჩინეს, რომ ტარაკნებს შეუძლიათ წამში ერთი მეტრის სიჩქარით ირბინონ და იგივე სიჩქარით წამში 25-ჯერაც კი შეიცვალონ მიმართულება. „როგორც ვიცით, არც ერთ სხვა ცხოველს არა აქვს სხეულის ესოდენ დიდი სიხშირით მოძრაობის უნარი, — თქვა კამჰიმ, რომლის სიტყვებიც მოყვანილი იყო ერთ-ერთ ჟურნალში (New Scientist). — ტარაკანი სახლის ასეთი არასასურველი სტუმარი რომ არ იყოს, უეჭველია, აღტაცებას გამოიწვევდა, რასაც ის ნამდვილად იმსახურებს“.

მსოფლიოს უდიდესი ბაქტერია?

მაქს პლანკის სახელობის საზღვაო მიკრობიოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერმა ჰაიდი შულცმა ნამიბიის (აფრიკა) სანაპიროსთან ახლოს, ოკეანის ფსკერის ნალექში, გიგანტური ბაქტერია აღმოაჩინა. ორგანიზმის დიამეტრი 0,75 მილიმეტრის მესამასედია; ის 100-ჯერ აღემატება ნებისმიერ სხვა ცნობილ ბაქტერიას. „ჩვეულებრივ ბაქტერიას ახალშობილი წრუწუნის ზომა რომ ჰქონოდა, ახლად აღმოჩენილი ბაქტერია ლურჯი ვეშაპის ზომისა იქნებოდა“, — იტყობინება ლონდონში გამომავალი გაზეთი „ტაიმზი“. ეს ორგანიზმები, სახელწოდებით Thiomargarita namibiensis, მარგალიტების ასხმულასავით თავისუფლად არის ერთმანეთზე გადაბმული. „ტაიმზის“ თანახმად, ეს ბაქტერიები „სულფიდების ხარჯზე არსებობენ, რომლებსაც ისინი ზღვის წყალში არსებული ნიტრატების დახმარებით ჟანგავენ“.

უამრავი გვამი განგში

„საუკუნეებია, რაც ინდუსები თავიანთ მიცვალებულებს განგში უშვებენ იმ რწმენით, რომ ამით მიიღწევა მოკშა ანუ ხორციელი არსებობის ციკლიდან სულის განთავისუფლება, — ნათქვამია ერთ-ერთ გამოცემაში (Electronic Telegraph). — სანამ 2 500 კილომეტრის სიგრძის განგი ღრმავდებოდა, მის სწრაფ დინებას ასობით ხრწნადი გვამი მიჰქონდა. მაგრამ წლების მანძილზე სამრეწველო ნარჩენებითა და ნაგვით დაბინძურების გამო მდინარე უფრო ნელი და წყალმარჩხი გახდა“. შედეგად ამისა, გვამები „კვირების განმავლობაში წყალმცენარეებსა და ნაგავში [იყო] გახლართული“. 80-იანი წლების მიწურულს მთავრობა შეეცადა ამ პრობლემის გადაჭრას განგში ათასობით ხორციჭამია ზღვის კუს გაშვებით. მაგრამ 1994 წელს ამ პროექტის განხორციელება შეწყდა, რადგან გვამების სიმრავლეს კუები ვერ აუდიოდნენ; ამავე დროს, თავად კუებს ბრაკონიერები იჭერდნენ. ახლად წამოწყებული კამპანია ხალხს მოუწოდებს, თავიანთი გარდაცვლილი ნათესავები დაწვან ან მდინარესთან სილაში დამარხონ.

აღარ არსებობს განსაწმენდელი?

განსაწმენდელი — ადგილი, სადაც, კათოლიკური ტრადიციის თანახმად, გარდაცვლილი მოუნათლავი ბავშვების სულები მიდიან, — კათოლიკური თეოლოგიიდან ქრება. თუმცა განსაწმენდელი არასოდეს გამხდარა დოგმა, ის იყო „XII საუკუნის თეოლოგების ექსტრაპოლაციების (მოვლენის ერთ ნაწილზე დაკვირვების შედეგად მიღებული დასკვნების გავრცელება მის მეორე ნაწილზე) ნაყოფი“. თეოლოგებს „საიქიოში“ ადგილი სჭირდებოდათ მათთვის, ვინც არც ზეცისთვის იყო განწესებული და არც ჯოჯოხეთისთვის. ასეთების რიცხვში შედიოდნენ „უმანკო ახალშობილები, რომლებიც ემბაზში მონათვლამდე დაიხოცნენ“, და „ურწმუნოები, რომლებიც პატიოსნად ცხოვრობდნენ“. „ოდესღაც გამოგონილი განსაწმენდელი ეკლესიური მოძღვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა“, — წერს ერთ-ერთ გაზეთში ვატიკანში მომხდარი ამბების მიმომხილველი მარკო პოლიტი (La Repubblica). მაგრამ შედარებით ახალ კატეხიზისებში, მათ შორის 1992 წელს გამოქვეყნებულ საყოველთაო კატეხიზისში, განსაწმენდელი საერთოდ არ არის ნახსენები. „სინამდვილეში, ბოლო რამდენიმე ათწლეულში საიქიოს შესახებ მთელი წარმოდგენა შეიცვალა“, — ხსნის პოლიტი. დღეს ბევრი თეოლოგი ამბობს, რომ ბავშვები, რომლებიც მონათვლამდე იხოცებიან, პირდაპირ ზეცაში მიდიან. იტალიელი თეოლოგი პინო სკაბინი თვლის: „დღესდღეობით არსებობს ტენდენცია, ყურადღება მიექცეს იმ მნიშვნელოვან საფუძვლებს, რაც თანდათანობით ნათელი ხდება, — მარადიულ სიცოცხლეს, რომლის შესახებაც იესო ლაპარაკობდა, და მკვდრეთით აღდგომას“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება