რა ხდება მსოფლიოში
გამოცდილი მშობლების ნაკლებობა
მშობლობასთან დაკავშირებით კანადაში ჩატარებული პირველი ეროვნული გამოკითხვიდან ჩანს, რომ „ბევრ [მშობელს] ძირითადი ცოდნაც კი არა აქვს იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდებიან ბავშვები და როგორ შეუძლიათ მშობლებს მათთვის დახმარების გაწევა“ (National Post). გამოკითხულ იქნა 1 600-ზე მეტი „მამა და დედა, მათ შორის მარტოხელა დედები, რომელთაც ექვს წლამდე შვილები ჰყავთ“, და მათგან 92-მა პროცენტმა აღიარა, რომ მშობლობა ნებისმიერ სხვა საქმესთან შედარებით ყველაზე მნიშვნელოვანია. მაგრამ „ნახევარზე ნაკლებს ესმოდა ბოლომდე, რომ შეუძლიათ დადებითი გავლენა იქონიონ თავიანთი შვილების განვითარების დონეზე, თუ უკითხავენ მათ, ეთამაშებიან, ეხებიან და ხელში იყვანენ“. გარდა ამისა, დაახლოებით 30 პროცენტს „მიაჩნია, რომ ყველა ბავშვი იბადება გარკვეული გონებრივი მონაცემებით და, როგორც უნდა იმოქმედონ მათზე მშობლებმა, ამ მონაცემების გაზრდა თუ შემცირება შეუძლებელია“. როგორც ზემოხსენებულ გაზეთშია ნათქვამი, ასეთი დასკვნები დამაფიქრებელია, რადგან გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ „ბავშვს უმთავრესად ცხოვრების პირველი ხუთი წლის განმავლობაში უვითარდება სწავლისა და შემოქმედებითი უნარი, სიყვარული და რწმენა; ამავე პერიოდში უვითარდება სამყაროში თავისი ადგილის დანახვის გრძნობაც“.
ძალადობა კომპიუტერებზე
„რას აკეთებთ, როდესაც თქვენი პკ [პერსონალური კომპიუტერი] არ გემორჩილებათ?, — კითხვას სვამს გერმანული ელექტრონული ჟურნალი (PC Welt). — ურტყამთ? თუ პირდაპირ ფანჯრიდან აგდებთ?“. ასეთი რეაქციები იშვიათი არ არის. მთელ მსოფლიოში საინფორმაციო ტექნიკის სფეროში მომსახურე 150 ხელმძღვანელის გამოკითხვისას 83 პროცენტი რისხვის გამოვლენისა თუ კომპიუტერებზე პირდაპირი ძალადობის შესახებ იტყობინებოდა. გაუთავებელი ჩატვირთვითა და მწყობრიდან გამოსული „თაგვით“ იმედგაცრუებული მომხმარებლები ამსხვრევენ მონიტორს, მუშტს ურტყამენ კლავიატურას, კედელს ანარცხებენ „თაგვს“ ან კომპიუტერსაც კი წიხლს ჰკრავენ. თუმცა მომხმარებლის იმედგაცრუების მიზეზი კომპიუტერია, ხშირად თავად მომხმარებელი იწვევს პრობლემას. მაგალითად, ერთი მომუშავე თავისი ელ-ფოსტის (E-mail) პროგრამაზე გაბრაზდა იმის გამო, რომ ვერც ერთ წერილს ვერ აგზავნიდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ელ-ფოსტის მისამართის ნაცვლად ის ქუჩის მისამართს ბეჭდავდა.
შვედეთში ეკლესია გამოეყოფა სახელმწიფოს
შვედეთის ეკლესია ამბობს, რომ 2000 წლის 1 იანვარს სახელმწიფოს გამოეყოფა. ამით გაწყდება მასსა და შვედეთის მთავრობას შორის არსებული კავშირი, რომელიც XVI საუკუნიდან არსებობს. «1996 წლის პირველ იანვრამდე შესაძლებელი იყო, რომ ბავშვები დაბადებისთანავე ავტომატურად შვედეთის ეკლესიის წევრები გამხდარიყვნენ, თუკი ერთ-ერთი მშობელი მისი წევრი იყო, — ამბობს ამ ეკლესიის ოფიციალური „ვებ საიტი“ (Web site). — მონათვლა არ მოითხოვებოდა». ოთხი ათწლეულის მანძილზე ეკლესიის სინოდში მიმდინარე დებატებისა და წინადადებების წამოყენების შემდეგ, 1995 წელს, შვედეთის მთავრობამ ეს რეფორმა გაატარა. შვედეთის მოსახლეობის დაახლოებით 88 პროცენტი შვედეთის ეკლესიის წევრია.
ტანსაცმელი წარმატებისთვის
როდესაც გასაუბრებისთვის ემზადებით სამსახურში მოსაწყობად, კარგი იქნება გახსოვდეთ, რომ „კარგად ჩაცმული ადამიანები კარგ შთაბეჭდილებას ტოვებენ“, — ნათქვამია გაზეთ „ტორონტო სტარში“. ეს იმიტომ, რომ პირველი შთაბეჭდილება დიდხანს რჩება. ამიტომ „საქმიანი ადამიანებისთვის მთავარია შემდეგი: თუ ყურადღებას არ აქცევთ თქვენს გარეგნობას, უყურადღებო ადამიანი ბრძანდებით“, — ნათქვამია ამ სტატიაში. სპეციალისტების თქმით, ადამიანი, რომელიც კოხტად და სუფთად გამოიყურება, უსიტყვოდ არწმუნებს მომავალ დამსაქმებლებსა თუ კლიენტებს, რომ შეუძლიათ სამუშაოს ხარისხიანად შესრულების იმედი ჰქონდეთ. კონსულტანტებიც აღნიშნავენ, რომ „თავის გამართულად დაჭერა და ენერგიულობა თავიდანვე ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს. თქვენი ხმის ტონი და ლაპარაკის ტემპი მნიშვნელოვან როლს ასრულებს“.