წყალდიდობა მოზამბიკში როგორ ზრუნავდნენ ქრისტიანები დაზარალებულებზე
ჩვენი კორესპონდენტისგან მოზამბიკში
გასული წლის დასაწყისში ტელემაყურებლები გააოგნა მოზამბიკში გადაღებულმა კადრებმა; ადამიანები, რომელთა სიცოცხლესაც წყალდიდობა ემუქრებოდა, ხის ტოტებს ებღაუჭებოდნენ. ერთმა ქალმა ხეზე იმშობიარა და აჩვენეს, თუ როგორ ასწიეს ვერტმფრენით ის და მისი ბავშვი და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. მაგრამ მანამ, სანამ წყალი დაიკლებდა ან სანამ ხალხს ვერტმფრენებით უშველიდნენ, ათასობით ადამიანი რამდენიმე დღის განმავლობაში წყლის ტყვეობაში იყო — თანაც ზოგი მათგანი გველების გარემოცვაში.
ტრაგედია დაიწყო იმით, რომ მოზამბიკის დედაქალაქ მაპუტუში კოკისპირული წვიმები არ წყდებოდა. რამდენიმე საათში მთელი გარეუბნები წყლით დაიფარა. წყალი ზოგან სახლების სახურავებამდე ავიდა. გზები მძვინვარე მდინარეებად გადაიქცა. წარმოიქმნა დიდი ღელეები; სახლები, მანქანები და თითქმის ყველაფერი წყალმა წალეკა. მაგრამ უარესი ჯერ კიდევ წინ იყო.
ხანგრძლივმა წვიმებმა ქვეყნის მთელი სამხრეთი ნაწილი დატბორა. მეზობელ სამხრეთ აფრიკაში, ზიმბაბვესა და ბოტსვანაშიც წვიმდა. იმის გამო, რომ მდინარეები ინკომატი, ლიმპოპო და ზამბეზი ამ ქვეყნებიდან მოზამბიკის გავლით უერთდებიან ოკეანეს, მათმა ადიდებამ მოზამბიკის დიდი ტერიტორიები გააპარტახა. ამ კატასტროფის დროს ქრისტიანების მიერ ერთიმეორის მიმართ გამოვლენილი ზრუნვა ჩვენს რწმენას აძლიერებს.
თავდაპირველი ზარალის შეფასება
გასული წლის 9 თებერვალს მაპუტუში იეჰოვას მოწმეთა ფილიალის ორი წარმომადგენელი ჩრდილოეთის მოსანახულებლად გაემგზავრა. დაახლოებით დილის 9 საათისთვის მათ გაიარეს ქალაქი შინავანე, სადაც მდინარე ინკოლუანე ძალიან ადიდებული იყო. მათ გადაწყვიტეს, გზა გაზას პროვინციის დედაქალაქ შაი-შაის გავლით განეგრძოთ, მაგრამ შენიშნეს, რომ ქალაქ შოკვესთან, სადაც ქარიშხლების დროს ხშირად ყველაზე უარესი წყალდიდობა ხდება ხოლმე, ყველაფერი რიგზე იყო. ამიტომაც მათ მაპუტუში დაბრუნება გადაწყვიტეს.
მაგრამ უკანა გზაზე, შინავანესთან მიახლოებისას, ისინი პოლიციამ გააჩერა. „სამხრეთ აფრიკიდან მოვარდნილმა ნიაღვარმა მთავარი მაგისტრალი გადაკეტა, — გააფრთხილა ისინი პოლიციამ, — არც ავტობუსებს და არც სატვირთო მანქანებს არ შეუძლიათ გავლა“. გზის ის მონაკვეთი, რომელიც მათ დილით გამოიარეს, ახლა მთლიანად წყლით იყო დაფარული! ეს ტერიტორია ქვეყნის დანარჩენი ნაწილისგან იზოლირებული იყო, რადგან მდინარეები ჩრდილოეთითაც ადიდდა.
ამ ორმა ძმამ გადაწყვიტა, ღამე ახლომდებარე ქალაქ მასიაში გაეთიათ. იმ ღამეს მდგომარეობა გაუარესდა. მთელი ქალაქი შინავანე წყლით დაიტბორა, ხალხმა კი დაკარგა ყველაფერი, რაც გააჩნდათ. იზრუნეს იმისათვის, რომ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოწმეები მისულიყვნენ მასიაში მდებარე სამეფო დარბაზში, სადაც დროებით ლტოლვილთა ბანაკი იყო მოწყობილი. მოწმეები დაუყოვნებლივ წავიდნენ საწყობებში და იყიდეს პირველადი საჭიროების ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ბრინჯი, ლობიო, ფქვილი და ზეთი.
ახლა, ძირითადად, უკვე შოკვესა და მის ახლომდებარე ქალაქებში მცხოვრებ თანაქრისტიანებზე ფიქრობდნენ. შოკვეს კრებების უხუცესები შეხვდნენ ერთმანეთს და მასობრივ ევაკუაციას გაუწიეს ორგანიზება. გავრცელდა ცნობა: „სასწრაფოდ დატოვეთ სახლები და მიაშურეთ მასიას!“. მაგრამ მალე შეიტყვეს, რომ შინავანედან ბევრი არ ჩამოსულა. მათ შესახებ ამბის გასაგებად გაგზავნეს მოწმეები. შეიტყვეს იმის შესახებაც, რომ ერთი ქრისტიანი უხუცესი საკუთარ სახლში დამხრჩვალა. მოეწყო მისი დაკრძალვა, აგრეთვე დადგინდა დანარჩენი მოწმეების ადგილსამყოფელი, რომელთა შორისაც ზოგი სახლის სახურავზე იყო ამძვრალი. ისინი მასიაში ჩაიყვანეს.
ყოველივე ამის ორგანიზების შემდეგ ფილიალის წარმომადგენლები ჩავიდნენ სანაპიროზე მდებარე პატარა ქალაქ ბილენიში, სადაც, მაპუტუში გასამგზავრებლად, თვითმფრინავი დაიქირავეს. მგზავრებს სადამდეც კი თვალი მიუწვდებოდათ, რეგიონი დატბორილი იყო. გამოცხადდა, რომ ჯერ მარტო გაზას პროვინციაში უბედურება 600 000 ადამიანს შეეხო.
მდგომარეობა უარესდება
მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში წვიმები გაძლიერდა და მოზამბიკის ცენტრალური პროვინციებიც წალეკა. შემდეგ წარმოიქმნა ელაინად წოდებული უზარმაზარი ტროპიკული ციკლონი. 20 თებერვალს ინიამბანეს, სოფალასა და მანიკას პროვინციებში ციკლონმა გამანადგურებელი წვიმა გამოიწვია, რასაც შედეგად წყალდიდობა, სიკვდილი და გაპარტახება მოჰყვა.
შემდეგ, თებერვლის ბოლოსთვის, ქალაქი შოკვე და მის გარშემო არსებული მთელი რეგიონი ისე დაიტბორა, როგორც არასდროს. 26 თებერვალს, შაბათს, შუაღამისას დიდი ზვავის მსგავსად წამოვიდა ნიაღვარი, რომელმაც ყველაფერი წალეკა, რაც კი წინ დაუხვდა. „მეზობელი ფანჯრიდან ყვიროდა და მის ყვირილზე გაგვეღვიძა“, — ჰყვება 32 წლის მოწმე, ლუიშ შიტლანგუ.
შიტლანგუმ გაიხსენა: „როგორც კი ლოგინიდან წამოვხტით, აზვირთებული წყლის ხმაური გავიგონეთ. გაქცევისას ბევრ გველს გადავეყარეთ. დილის ექვს საათზე შემაღლებულ ადგილთან მივედით, მაგრამ იმავე დილას მოგვიანებით, როდესაც წყალმა ყველა მხრიდან იმატა, ხეებზე ავძვერით. ჩვენი ჯგუფი 20 კაცისგან შედგებოდა.
პირველად ხეებზე კაცები აძვრნენ. შემდეგ ქალებმა ბავშვები ააწოდეს და კაცებმა ისინი ხის ტოტებს მიაბეს. შემდეგ ავიდნენ ქალები, რომელთაც თოთო ბავშვები ჰყავდათ. დროგამოშვებით ხეებიდან ჩამოვძვრებოდით ხოლმე და წყლის ქვეშ მიწაში ვეძებდით მიწის თხილს, რადგან ვიცოდით, რომ ის ამ ადგილებში იზრდებოდა.
სამი დღის შემდეგ გადაწყდა, რომ ყველანი შოკვეში წავსულიყავით. წყალი მკერდამდე გვწვდებოდა და სიარულისას ძლიერ ნაკადებს ვებრძოდით. გზადაგზა ხეებსა და სახლის სახურავებზე ამძვრალ ხალხს ვხვდებოდით. მომდევნო დღეს წყალმა იმდენად იკლო, რომ სატვირთო მანქანების ქალაქში შესვლა და ხალხის მასიაში გადაყვანა გახდა შესაძლებელი“.
ლტოლვილ მოწმეთა ბანაკი
4 მარტს იეჰოვას მოწმეთა ფილიალმა თვითმფრინავი დაიქირავა და უბედურების ზონაში წარმომადგენლები გააგზავნა. მოსახლეობის დიდი ნაწილი გაიქცა მასიაში, რომელიც ლტოლვილთათვის განკუთვნილ უზარმაზარ ბანაკად იქცა. ბევრი, ვინც წყალდიდობისგან იყო დაზარალებული, გრიპით, კვების ნაკლებობით, მალარიითა და სხვა მიზეზთა გამო იტანჯებოდა.
ტერიტორია საომარ ზონას წააგავდა. ქალაქის თავზე სხვადასხვა ქვეყნის მიერ გამოგზავნილი უამრავი ვერტმფრენი დაფრინავდა, რომლებიც სურსათის გადმოსატვირთად სახელდახელოდ მოწყობილ ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე ეშვებოდნენ. როდესაც მოწმეთა მაშველი ჯგუფი მასიაში ჩავიდა, მათ არა მხოლოდ დაზარალებულთა დაპურებაზე იზრუნეს, არამედ ლაზარეთიც მოაწყვეს. სანამ ეს ჯგუფი მუშაობას შეუდგებოდა, ჯერ ადგილობრივი ხელისუფლებისგან დაიმსახურა მოწონება; მათ ისინი გამოვლენილი ინიციატივის გამო შეაქეს.
ყოველ დილას მოწმეთა ბანაკში, რომელსაც დაახლოებით 700 მოწმე და სხვებიც აფარებდნენ თავს, 6 საათსა და 30 წუთზე ბიბლიური მუხლი განიხილებოდა. როდესაც ქრისტიანი დების მიერ მომზადებული საჭმელი მზად იყო, ოჯახის უფროსების სახელებს აცხადებდნენ ხოლმე. ყოველ მათგანს თითებით უნდა ენიშნებინა, რამდენი ულუფა ესაჭიროებოდა, რის შემდეგაც საჭმელი ნაწილდებოდა.
ცხოვრების ყველა მხარე ბანაკში კარგად იყო ორგანიზებული. ზოგი საკვების საყიდლად იყო დანიშნული, სხვები სასმელი წყლის სისუფთავეზე ზრუნავდნენ, წმენდნენ საპირფარეშოებს და ასე შემდეგ. კარგი ორგანიზება შეუმჩნეველი არ დარჩენიათ სამთავრობო პირებს, რომლებმაც აღნიშნეს: „ყველაფერი კარგად გაქვთ მოწყობილი. არავინ რჩება უსაკვებოდ და არავინ კინკლაობს“. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა თქვა: „ყველამ უნდა მოინახულოს მოწმეების ბანაკი და ნახოს, რა როგორ უნდა კეთდებოდეს“.
ერთხელ დახმარების კომიტეტმა შეკრიბა ქრისტიანი უხუცესები და შეატყობინა, რომ ფილიალში მიიღეს ზომები წყალდიდობისგან დაზარალებულთა სახლებისა და სამეფო დარბაზების აღსადგენად, აგრეთვე პირველადი საჭიროების საგნებით უზრუნველსაყოფად. მომდევნო დილას, ამ დღის ბიბლიური მუხლის განხილვისას, განცხადება გაკეთდა ამ გეგმების შესახებ. განცხადებას ხანგრძლივი ტაში მოჰყვა.
მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივმა მთავრობამ ბანაკს საჩუქრად ორი დიდი კარავი გადასცა, ბევრს ჯერ კიდევ ღია ცის ქვეშ ეძინა. ამიტომაც შედგა ჯგუფი, რომელშიც წყალდიდობის შედეგად დაზარალებულები შედიოდნენ. ამ ჯგუფს ადგილობრივი კრების კუთვნილ მიწის ნაკვეთზე დიდი სამეფო დარბაზი უნდა აეშენებინა. დარბაზი ააშენეს ლერწმისა და თუთიის გოფრირებული ფურცლებისგან — მოზამბიკური სტილით — და 200 ადამიანზე გათვალეს. მშენებლობა, სულ რაღაც, ორ დღეში დასრულდა!
იზოლირებულთა ადგილსამყოფლის დადგენა
ამასობაში, 5 მარტს, მას შემდეგ, რაც წყალმა ცოტათი იკლო, ჩამოყალიბდა მაშველი ჯგუფი, რომელიც უნდა ჩასულიყო თავდაპირველად დატბორილი რეგიონის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქ ალდეია-და-ბერაჟენში. ამ ქალაქში იყო კრება, რომელიც დაახლოებით 90 მოწმისგან შედგებოდა, და მათგან არაფერი ისმოდა.
გზად ამ ჯგუფმა გაიარა ლტოლვილთა დიდი ბანაკი, შიაკელენი, სადაც 100 000-მდე ადამიანი იყო მოთავსებული. გზა ადგილ-ადგილ გადარეცხილი იყო და მის ორივე მხარეს, რასაც კი თვალი მისწვდებოდა, რეგიონი დატბორილი იყო. ჯგუფის ერთმა წევრმა შენიშნა: „როდესაც შოკვეში ჩავედით, ჩვენ თვალწინ გაუკაცრიელებული ადგილი გადაიშალა. ქალაქის შესასვლელში ბევრ სახლს წყალი ისევ სახურავამდე სწვდებოდა. სახლების უმეტესობა წყალქვეშ იყო მოქცეული. ბნელდებოდა, ჩვენ კი ჯერ კიდევ 25 კილომეტრი გვქონდა გასავლელი ალდეია-და-ბერაჟენამდე“.
ბოლოს, ჯგუფმა ღამით დანიშნულების ადგილს მიაღწია. ჯგუფის წევრი იხსენებს: „შევჩერდით და ვერ გაგვეგო, რა გაგვეკეთებინა“. ცოტა ხანში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ყვიროდნენ: „ძმებო!“. ამ შეძახილს მოჰყვა ძმების სიხარულის გამომხატველი ხმამაღალი სიცილი. როდესაც ადგილობრივმა მოწმეებმა ორი სატვირთო მანქანის ფარების შუქი დაინახეს, მაშინვე იფიქრეს, რომ ესენი მათი ძმები უნდა ყოფილიყვნენ, და ეს ამბავი სხვებსაც შეატყობინეს. მათზე, ვინც ეს იხილა, ნანახმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მათ თქვეს: „ამ ადამიანებს შორის ნამდვილად არსებობს სიყვარული. მათ საკვები პროდუქტებიც მოაქვთ და სხვებსაც ინახულებენ!“.
შემდგომი ზრუნვა
ალდეია-და-ბერაჟენელ ძმებს დახმარება გაუწიეს, რომ მასიაში მდებარე ბანაკში ჩასულიყვნენ, სადაც ისინი საკვებით, თავშესაფრითა და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყვეს. ამასობაში, მდგომარეობა მასიაში კრიტიკული ხდებოდა. საკვები, მედიკამენტები და საწვავი დეფიციტური გახდა, რადგან ყოველივე ამას საჰაერო გზით იღებდნენ. სასწრაფოდ უნდა აღმდგარიყო სახმელეთო კავშირი მაპუტუსთან. ეს კი 8 მარტს მოხდა.
დიდი ქალაქი შაი-შაი მთლიანად დატბორილი იყო. მის ცენტრალურ ნაწილში წყლის დონე ზოგან 3 მეტრს აღწევდა! იქაურ ძმებზე ზრუნვის მიზნით მოწმეებმა დახმარების კომიტეტი შექმნეს. გარდა ამისა, შეიქმნა კომიტეტები სოფალასა და მანიკას პროვინციებში მცხოვრები ძმების საჭიროებებზე საზრუნველად.
სხვა ქვეყნებში მცხოვრები მოწმეებისგანაც მოვიდა დახმარება. სამხრეთ აფრიკის ფილიალმა, მაგალითად, ტონობით ტანსაცმელი, საბნები და პირველადი მოთხოვნილების სხვა ნივთებიც გამოაგზავნა. იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარმა სამმართველომ ბრუკლინში (ნიუ-იორკი) სახსრები გამოყო სტიქიური უბედურებით დაზარალებულთა დასახმარებლად.
როდესაც წყალმა საკმარისად იკლო და უსახლკაროდ დარჩენილთა რიცხვი აღირიცხა, სახლებისა და სამეფო დარბაზების აღდგენაზე დაიწყო მუშაობა. შეიქმნა აღდგენით სამუშაოებზე პასუხისმგებელი კომიტეტი, რომელსაც ბევრი მოხალისე ამოუდგა მხარში და დაუყოვნებლივ შეუდგნენ საქმეს. იმ დროიდან მოყოლებული, 270-ზე მეტ სახლსა და, სულ მცირე, ხუთ სამეფო დარბაზს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
ხალხს შეუმჩნეველი არ დარჩენია ის სახლები, რომლებიც მოხალისე მოწმეებმა თავდაპირველად აღადგინეს. ერთმა მეზობელმა შენიშნა: „თქვენ ცოცხალ ღმერთს სცემთ თაყვანს. ჩვენს მოძღვრებს არ ახსოვთ თავიანთი ცხვრები, რომლებიც იტანჯებიან. მაგრამ თქვენ ეს მშვენიერი სახლები მიიღეთ“. ამ ადგილებში ბევრი გამოეხმაურა სამეფოს ცნობას, რომელსაც იეჰოვას მოწმეები ქადაგებდნენ, და ბიბლიის რამდენიმე შესწავლა დაიწყო (მათე 24:14; გამოცხადება 21:3, 4).
მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა მოწმემ მთელი თავისი სარჩო-საბადებელი დაკარგა, არც ერთ მათგანს არ დაუკარგავს რწმენა. პირიქით, მათი რწმენა იეჰოვა ღმერთისა და თანამორწმუნეთა მსოფლიო საძმოსადმი უფრო გაძლიერდა. ისინი მადლიერი არიან თავიანთი მოსიყვარულე საერთაშორისო საძმოსი, რომელმაც ამ საშინელ სტიქიურ უბედურებაზე ასეთი სწრაფი რეაგირება მოახდინა. მათ პირადად გამოსცადეს ის, თუ რამდენად სათუთად ზრუნავს იეჰოვა მათზე და როგორ მფარველობს, და ყოველთვის ემახსოვრებათ ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები: „დიდია უფალი“ (ფსალმუნი 47:2).
[სურათი 20 გვერდზე]
მოწმეთა მაშველმა ჯგუფმა ლაზარეთი მოაწყო.
[სურათი 20 გვერდზე]
გრძელდება ახალი სახლების მშენებლობა.
[სურათი 20 გვერდზე]
ლტოლვილთა ყველაზე დიდ ბანაკს 100 000 ადამიანი აფარებდა თავს.