სიძულვილის გლობალური ეპიდემია
ურჩხული გაშმაგებულია; ამ ურჩხულს სიძულვილი ჰქვია. ის გამძვინვარებული დაძრწის მთელი დედამიწის ზურგზე.
ბალკანეთის ერთ-ერთ პროვინციას ჯერაც არ მოშუშებია არც ისე დიდი ხნის წინათ ეთნიკური წმენდის შედეგად მიღებული ჭრილობა. მტრობას, საუკუნეების მანძილზე მასობრივი ჟლეტა, ძალადობა, საცხოვრებელი ადგილებიდან გაძევება, სახლებისა თუ სოფლების გადაბუგვა და ძარცვა, მოსავლისა თუ შინაური ცხოველების განადგურება, შიმშილი და შიმშილობით გამოწვეული სიკვდილიანობა მოჰყვა. იქ დღემდე ბევრგან შემორჩა ნაღმები.
აღმოსავლეთ ტიმორში (სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია) 700 000 შეშინებულ ადამიანს მოუწია გაქცევა სიკვდილის, ცემის, დახვრეტისა და იძულებით გადასახლების საშიშროების გამო. მათ უკან დარჩათ მაროდიორებისგან გატიალებული მშობლიური ადგილები. „მეგონა, ნადირი ვიყავი და მონადირე მომდევდა“ — ჩიოდა ერთი მსხვერპლი.
მოსკოვში ტერორისტების მიერ მოწყობილი ძლიერი აფეთქების შედეგად ერთი მრავალსართულიანი სახლი მიწასთან გასწორდა. 94 უდანაშაულო ადამიანის, მათ შორის ბავშვების, გვამებმა დაფარა იქაურობა. 150-ზე მეტი დაშავდა. ამ საშინელი ფაქტის შემდეგ ხალხი კითხულობს: „ვინ იქნება შემდეგი?“
ლოს-ანჟელესში (კალიფორნია) ერთმა რასისტმა მიზანში ამოიღო სკოლამდელი ასაკის ებრაელ ბავშვთა ჯგუფი და სროლა დაუწყო; შემდეგ ფილიპინელი ფოსტალიონი მოკლა.
სიძულვილს მართებულად შეგვიძლია გლობალური ეპიდემია ვუწოდოთ. ახალი ამბები თითქმის ყოველდღე გვატყობინებს, თუ რა ხდება, როდესაც რასობრივი, ეთნიკური ან რელიგიური მტრობა უკანონობას ერწყმის. ვხედავთ ერების, ხალხების, ოჯახების დანაწევრებას; ქვეყნებს, რომლებიც მასობრივი გენოციდის მორევმა ჩაითრია; ენით აუწერელ არაჰუმანურ ქმედებებს, რომლებსაც მხოლოდ ის იწვევს, რომ ვიღაც „განსხვავებულია“.
თუ ურჩხულად წოდებულ სიძულვილს ოდესმე „დაამწყვდევენ“, მაშინ გავიგებთ, თუ საიდან მოდის სიძულვილით ნაკარნახები ასეთი ძალადობა. ჩადებულია ადამიანის გენში სიძულვილი? თუ ის შეძენილი თვისებაა? შესაძლებელია თუ არა სიძულვილის დამარცხება?
[სურათის საავტორო უფლება 3 გვერდზე]
Kemal Jufri/Sipa Press