ახალგაზრდების შეკითხვები
გავიკეთო პლასტიკური ოპერაცია?
„სანამ ცხვირის ოპერაციას გავიკეთებდი, ხალხი დამცინოდა და ამის გამო ძალიან ვიტანჯებოდი. ის კი არ მინდოდა, რომ რაღაც განსაკუთრებული ცხვირი მქონოდა, უბრალოდ, მინდოდა, რომ სახეზე მომხდენოდა. ძალიან კმაყოფილი ვარ ოპერაციის შედეგით და თუ კიდევ დამჭირდა მსგავსი რამის გაკეთება, უკან არ დავიხევ“ (ელენი)a.
„მაინცდამაინც რატომ უნდა მოვექცე იმ ჩარჩოებში, რომელიც საზოგადოებას აქვს შექმნილი მიმზიდველ გარეგნობასთან დაკავშირებით? ოპერაცია რომ გავიკეთო და სხეულის ნაწილები შევიცვალო, ისეთი შეგრძნება გამიჩნდება, თითქოს ყალბი ფული ვარ. ეს მე აღარ ვიქნები“ (მათიასი).
„გადაწყვეტილება ყველამ თავად უნდა მიიღოს. ძალიან ძნელია, ვინმე განსაჯო“ (მანუელა).
„ვინც ჩემზე უკეთ გამოიყურება, უეჭველია, მაკიაჟი აქვს გაკეთებული“. გერმანიაში გავრცელებულ ამ იუმორისტულ გამოთქმაში თავიანთი გარეგნობით უკმაყოფილო ადამიანების თავდაცვითი და საკუთარი თავის გამამართლებელი პოზიცია აისახება. ეს სიტყვები ზოგი ქვეყნის დღევანდელობას ასე შეიძლებოდა მისადაგებოდა: „ვინც ჩემზე უკეთ გამოიყურება, უეჭველია, პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული“. მართლაცდა, პლასტიკური ოპერაციით დღეს ვერავის გააკვირვებ.
«ის დრო წარსულს ჩაჰბარდა, როდესაც პლასტიკური ოპერაცია მხოლოდ მდიდრებისთვის იყო ხელმისაწვდომი, — იუწყება შვეიცარიაში გამომავალი გაზეთი „ნოიე ცუერხერ ცაიტუნგი“ და იქვე აგრძელებს — გამოკვეთილია ორი ტენდენცია: უფრო და უფრო მეტი მამაკაცი მიმართავს პლასტიკური ქირურგიის სპეციალისტებს. . . და ქალებს შორისაც კლიენტურა საგრძნობლად გაახალგაზრდავდა». როგორც გერმანიაში ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, 14-დან 29 წლამდე ასაკის გამოკითხულთა თითქმის 20 პროცენტს ან უკვე ჰქონდათ გაკეთებული პლასტიკური ოპერაცია, ან გეგმავდნენ მის გაკეთებას, ანდა ფიქრობდნენ ამაზეb. შესაძლოა, თქვენი მეგობრებიდან, თანაკლასელებიდან ან ნათესავებიდან ვინმემ უკვე მიმართა ამ საშუალებას თავისი გარეგნობის გასაუმჯობესებლად.
შენ რას ფიქრობ ყოველივე ამაზე? მოგსვლია ოდესმე აზრად ოპერაციის გაკეთება შესახედაობის გასალამაზებლად? ხომ არ ფიქრობ, რომ ნამეტანი თვალშისაცემი ყურები, უზომოდ დიდი ან, პირიქით, პატარა მკერდი გაქვს, ღიპი გადევს, მსხვილი თეძოები, ან კიდევ უშნო ცხვირი გაქვს? თუ ასე ფიქრობ, იცოდე, რომ მხოლოდ შენ არ გტანჯავს ასეთი აზრები. ერთ-ერთ გერმანულ გაზეთში გამოქვეყნებული იყო უფროსკლასელი გოგონების წერილი, სადაც ეწერა: „ძნელად თუ ნახავთ ჩვენი ასაკის ქალიშვილს, რომელიც კმაყოფილი იყოს თავისი სხეულით“. სავსებით ნორმალურია, გსურდეს, იყო მიმზიდველი. მაგრამ არის კი ოპერაცია ამ მიზნის მიღწევის საშუალება?
მოაგვარებს ოპერაცია შენს პრობლემებს?
აბა დაფიქრდი შენს ნაცნობ ახალგაზრდებზე. ალბათ, გაგაოცებდა ის ფაქტი, რომ ბევრი მათგანი — თუნდაც ძალიან სასიამოვნო გარეგნობისანი — უკმაყოფილონი არიან საკუთარი იერსახით. შენი აზრით, ესაჭიროებათ თუ არა მათ ყველას ოპერაცია? თუ უფრო იმ აზრისა ხარ, რომ, უმჯობესია, დადებითი თვალით შეხედონ საკუთარ გარეგნობას? შენს შემთხვევაშიც ასე ხომ არ არის?
როგორც ელენის სიტყვებიდან ჩანს, ზოგი იმიტომ წყვეტს პლასტიკური ოპერაციის გაკეთებას, რომ გამაღიზიანებელ დაცინვებს აუაროს გვერდი. მეორე მხრივ კი, ეს ოპერაცია ყველა პრობლემას არ ხსნის. ის ნამდვილად ვერ გასწევს ცხოვრების ჯანსაღი წესის მაგივრობას, ვინაიდან სწორედ მას მიუძღვის დიდი წვლილი ადამიანის გარეგნულ სილამაზეში. და კიდევ, თუნდაც ქირურგს შენი გარეგნული იერსახის შეცვლა შეეძლოს, ის ვერ შეცვლის შენს პიროვნებას, ვერც სხვადასხვა საწუხარს მოგაშორებს და ვერც ღირსების გრძნობას აგიმაღლებს.
ისიც გახსოვდეს, რომ ზოგი კლინიკა ან ექიმი თავს დებს იმაზე, რისი გაკეთების უნარიც არ შესწევს. ისინი, ფაქტობრივად, ბედნიერებას გპირდებიან, მაგრამ, სინამდვილეში, შეიძლება შენი ფული უფრო აინტერესებდეთ, ვიდრე შენი ბედნიერება. სამწუხაროდ, არიან ისეთი არაკეთილსინდისიერი ქირურგებიც, რომლებიც, ოღონდაც ვინმეს ფული გამოსტყუონ, აბსოლუტურად უსარგებლო ოპერაციებს გააკეთებენ, რაც დადებითი შედეგის გარანტიას ვერ იძლევა ან შეიძლება სარისკოც კი იყოს.
ზოგი რამ შეიძლება დროთა განმავლობაში გამოსწორდეს. მაგალითად, რაც 16 წლის ასაკში საშინლად გხვდება თვალში, შეიძლება 21 წლის ასაკში სრულიად სხვაგვარად მოგეჩვენოს. ესთეტიკური ქირურგიის სპეციალისტი, დ-რი ურს ბოში, ამბობს: „როგორც წესი, პლასტიკური ოპერაციები მოზარდებს არ უკეთდებათ. მოზარდის სხეული დროთა განმავლობაში იცვლება; იცვლება აგრეთვე მისი შეხედულებაც საკუთარ სხეულზე“. გარდა ამისა, არსებობს იმის ალბათობაც, რომ მათ მოგვიანებით კიდევ დასჭირდეთ ასეთი ოპერაციის გაკეთება. თანაც, ტანის აყრასთან ერთად ოპერაციის ნაიარევიც იწელება.
ყველაფერი კარგად აწონ-დაწონე
ბიბლია გვირჩევს, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ყველაფერი კარგად ავწონ-დავწონოთ (ლუკა 14:28). ბევრი ახალგაზრდა თავისი ფინანსური მდგომარეობით ვერ დაიკვეხნის, რის გამოც მათთვის პლასტიკურ ოპერაციაზე ფიქრიც კი ზედმეტია. ხოლო რაც შეეხება ფასს, მასში შეიძლება არა მხოლოდ ოპერაციის გადასახადი შედიოდეს, არამედ მომდევნო გამოკვლევების თანხაც; მომავალში, შესაძლოა, გარეგნობაში კიდევ რაღაც დამატებითი კორექტივების შეტანა გახდეს საჭირო და ამ ყველა დანახარჯს ეს თანხაც დაემატოს.
ზოგს ოპერაციის გაკეთება გარკვეულ თანხასთან ერთად ჯანმრთელობის ფასადაც უჯდება. როგორც ამერიკის ესთეტიკური პლასტიკური ქირურგიის საზოგადოება იტყობინება, ნაოპერაციებ ადამიანს ზოგ ადგილას შეიძლება დროებით შეუსივდეს სხეული, სამუდამოდ დააჩნდეს ნაიარევი, მან შეიძლება დაკარგოს მგრძნობელობა და ძუძუთი კვების უნარი, ან, შესაძლოა, დიდი რაოდენობით სისხლიც კი დაკარგოს. ერთი ქალი, სახელად ანა, კინაღამ გადაჰყვა ლიპოსაქციას (ოპერაციას, რომლის დროსაც ცხიმების ამოღება ხდება). ის ჩივის: „მუცელზე რამდენიმე ადგილას საშინელი ნაჭრილობევი დამრჩა“. ლიპოსაქციის შესახებ ერთ გერმანულ გაზეთში ნათქვამი იყო: „არსებობს არაერთი შეტყობინება სერიოზულ გართულებებზე, მათ შორის სიკვდილის შემთხვევების შესახებაც კი“. გახსოვდეს, რომ, როგორც ერთ სამედიცინო ბიულეტენშია ნათქვამი, „ოპერაცია ოპერაციაა, და პლასტიკურსაც იგივე საფრთხე ახლავს, როგორც ნებისმიერ სხვას“ (Apotheken Umschau). ასე რომ, სანამ განსაზღვრული სახის ოპერაციის გაკეთებას გადაწყვეტდე, საგულდაგულოდ აწონ-დაწონე ყველაფერი და დაფიქრდი შესაძლო რისკზე, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, როდესაც ოპერაცია სამკურნალო ხასიათს არ ატარებს.
შეგიძლია საკუთარ თავს ჰკითხო: რას იფიქრებს ხალხი? ხომ არ იფიქრებენ, რომ გარეგნობა ჩემი უმთავრესი საზრუნავია? როგორ იმოქმედებს ჩემი გადაწყვეტილება თანატოლებსა თუ უმცროს და-ძმებზე?c
შენი აღძვრები
ღირს იმაზე დაფიქრებაც, რატომ გსურს ოპერაციის გაკეთება. მაგრამ საკუთარ მოტივებში გარკვევა შეიძლება არც თუ ისე ადვილი იყოს. შეგიძლია ასეთი კითხვები დაუსვა თავს: იმიტომ ხომ არ მინდა ოპერაციის გაკეთება, რომ აღარ დამცინონ ულამაზო შესახედაობის გამო? თუ პატივმოყვარეობის გამო მსურს ამის გაკეთება? თანატოლების ზეგავლენის გამო ხომ არ მინდა გარეგნობის შეცვლა? იქნებ შთამბეჭდავი რეკლამები მოქმედებს ჩემზე ან მსურს, რომ შოუ-ბიზნესის ზოგ ვარსკვლავს დავემსგავსო? ხომ არ ვცდილობ სილამაზის იმ უკიდურესი სტანდარტების მიღწევას, რომელსაც დღევანდელი მასმედია ასე დაჟინებით აკანონებს?
ზოგი ფიქრობს, რომ, თუკი გარეგნულად ლამაზი იქნება, უფრო ადვილად იპოვის ცხოვრების თანამგზავრს და კარგი სამუშაოს შოვნაც არ გაუჭირდება. მაგრამ, მოდი გულწრფელად ვთქვათ, განა ყველა დაქორწინებული ადამიანი, ვისაც იცნობ, მიმზიდველი გარეგნობისაა? და განა მხოლოდ ლამაზ ადამიანებს აქვთ კარგი სამსახური? არა, არ შეიძლება ყველაფერი გარეგნობას მიეწეროს. გარდა ამისა, ღირს კი ოპერაციისთვის უზარმაზარი თანხის გადახდა და თავის საფრთხეში ჩაგდება ისეთი მეუღლისა თუ დამსაქმებლისთვის, რომელიც შენს პიროვნულ თვისებებზე მეტად შენს გარეგნობას აფასებს?
როდესაც საკუთარ მოტივებს გულდასმით გააანალიზებ, შენს მშობლებს ან მოწიფულ მეგობარს გაესაუბრე. თუ ფიქრობ, რომ შენი სხეულის რომელიმე ნაწილი ულამაზოა, სთხოვე მათ, გულწრფელად გაგიმხილონ თავიანთი აზრი. მხოლოდ სარკეში დანახულით ნუ განსაზღვრავ ყველაფერს. იმის შესახებ, თუ როგორ აღვიქვამთ საკუთარ ნაკლოვანებებს, ნანა ამბობს: „შენ უფრო მეტად განაღვლებს შენი შესახედაობა, ვიდრე სხვებს იმიტომ, რომ საკუთარ თავს კრიტიკული თვალით უყურებ“. როგორც ლანდაუს (გერმანია) უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა განმარტა, ხშირ შემთხვევაში პლასტიკური ოპერაციის გაკეთება სურთ „არა იმიტომ, რომ სხეულის გარკვეული ნაწილი ამას ნამდვილად საჭიროებს, არამედ უფრო იმიტომ, რომ ადამიანს ის უშნოდ ეჩვენება“.
ნუ აჩქარდები და წინდაუხედავად ნუ მიიღებ გადაწყვეტილებას, ყველაფერი საგულდაგულოდ აწონ-დაწონე. გახსოვდეს, რომ ოპერაციის შემდეგ ვეღარაფერს შეცვლი. ნებისმიერ შემთხვევაში, გარკვეული დროის განმავლობაში მაინც მოგიწევს ოპერაციის შედეგების ატანა.
ის, რაც შენში ყველაზე ლამაზია
ბედნიერება სილამაზეზე არ არის დამოკიდებული. თუმცა გარეგნობამ შეიძლება გარკვეულწილად იმოქმედოს ადამიანის ღირსების გრძნობაზე, ნამდვილად ფასეული შენი პიროვნული თვისებებია. მწარე გამოცდილების მიღების შემდეგ ანამ დაასკვნა: „როგორც მივხვდი, ჭეშმარიტი სილამაზე სასიამოვნო გარეგნობით არ განისაზღვრება“.
მართალია, ბიბლია დადებითად ლაპარაკობს ფიზიკურ სილამაზეზე, მაგრამ ამასთანავე ხაზს უსვამს, რომ სულიერ სილამაზესთან შედარებით ის მეორეხარისხოვანია: „მაცთუნებელია სიკოხტავე და სილამაზე ამაოებაა. უფლის მოშიში დედაკაცია საქებარი“ (იგავნი 31:30; პირველი მეფეთა 16:7). ამ აზრის გათავისება შინაგანი სიმშვიდის მოპოვებაში დაგეხმარება და ეს სიმშვიდე გექნება მაშინაც კი, თუ ზოგი რამ საკუთარ გარეგნობაში არ მოგწონს.
რა გადაწყვეტილებასაც უნდა იღებდე, გახსოვდეს, რომ სრულყოფილი სილამაზე და ბედნიერება დღესდღეობით მიუღწეველია. ყოველი ჩვენგანი არასრულყოფილია და ეს ამა თუ იმ მხრივ ვლინდება (რომაელთა 3:23). ამ მდგომარეობის შეცვლა შენს ძალებს აღემატება. ის, რისი შეცვლაც შეგიძლია, შენი შინაგანი პიროვნებაა — რასაც ბიბლია „გულის დაფარულ კაცს“ უწოდებს (1 პეტრე 3:3, 4). ეცადე, დამშვენდე იმ თვისებებით, რომლებიც ღვთის თვალშია ლამაზი. ამით თავს არც საფრთხეში ჩაიგდებ და არც ფინანსურად დაზარალდები, განუზომლად დიდ ჯილდოს კი მიიღებ!
[სქოლიოები]
a ზოგი სახელი შეცვლილია.
b ესთეტიკური პლასტიკური ოპერაცია სრულდება სხეულის ჯანმრთელ ნაწილებზე მათი გარეგნული იერის გასაუმჯობესებლად, ხოლო აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის მიზანი სხეულის იმ ნაწილების გაუმჯობესებაში მდგომარეობს, რომლებიც ტრავმების, დაავადებებისა თუ თანდაყოლილი ნაკლოვანებების გამოა დამახინჯებული.
c იხილე აგრეთვე თავი „რამდენად მნიშვნელოვანია გარეგნობა?“, წიგნში „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).
[ჩანართი 28 გვერდზე]
ნამდვილად პრობლემატურია შენი „პრობლემა“, თუ საკუთარ თავზე შექმნილი შეხედულების შეცვლა გესაჭიროება?