მკითხველთა წერილები
პორნოგრაფია. გმადლობთ სტატიათა სერიისთვის „პორნოგრაფია — საზიანოა თუ არა?“ (8 აგვისტო, 2003). ზუსტად ასეთი პირდაპირი პასუხი მჭირდებოდა. ქრისტიანად გახდომამდე დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი გატაცებული პორნოგრაფიით. ეს სტატიები დამეხმარა, ნათლად გამეგო, რამხელა ზიანი მოაქვს მას და როგორი გადამჭრელი ზომების მიღება სჭირდება ადამიანს, მისი ძლიერი „მაგნიტური მიზიდულობისგან“ რომ გათავისუფლდეს.
ე. პ. (შეერთებული შტატები).
22 წლის წინ შექმნილი ჩვენი ბედნიერი ოჯახი ორი წლის წინ დაინგრა. პორნოგრაფიამ, პირდაპირი გაგებით, წამართვა შესანიშნავი მეუღლე, ჩემს შვილებს კი წაართვა მოსიყვარულე მამა. ამ საშინელმა მიდრეკილებამ კეთილი და რბილი პიროვნება ბოროტ, მატყუარა და მხეცური თვისებების მქონე ადამიანად აქცია. მეგონა, პორნოგრაფიამ მხოლოდ ჩვენი ოჯახი გააუბედურა, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ მან ბევრი გაამწარა. გმადლობთ ასეთი კარგი სტატიებისთვის.
ლ. ტ. (შეერთებული შტატები).
ბიბლიის შესწავლის დაწყებამდე, 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, პორნოგრაფიის ზეგავლენის ქვეშ ვიყავი. თუმცა ზოგი მხარდამჭერი ამართლებს კიდეც მას, ახლა ვხვდები, რომ აბსოლუტურად არაფერია მასში დადებითი. სანამ იეჰოვას მოწმე გავხდებოდი, თითქმის ყველა ცნობილ ნარკოტიკს ვიღებდი. იმ ყველაფრიდან, რისი მიტოვებაც მომიწია, პორნოგრაფიის მიტოვება ყველაზე ძნელი აღმოჩნდა. გთხოვთ, ასეთი სტატიები კვლავაც დაბეჭდოთ.
ჯ. ა. (შეერთებული შტატები).
დაზარალებულთა დახმარება. წავიკითხე სტატია „ის, რასაც ვერაფერს აკლებს სტიქია“ (8 აგვისტო, 2003). უბედური შემთხვევების დროს იეჰოვას მოწმეების მოქმედებამ აღმძრა, უფრო მეტად დავაფასო, რომ ამ ორგანიზაციის წევრი ვარ. გმადლობთ ასეთი სტატიებისთვის. ისინი იმ თვისებების გამოვლენაში გვეხმარება, რომლებსაც ვერაფერს აკლებს სტიქია.
მ. პ. (იტალია).
პირადად გამოვცადე რამდენიმე სტიქიური უბედურება, მაგალითად წყალდიდობა და მიწისძვრა. 1989 წელს კარდაკარ ვქადაგებდი, როცა მიწისძვრა დაიწყო. ჩემთან ერთად მსახურობდა 14 წლის ბიჭი, რომელსაც ძალიან შეეშინდა და გაქცევა დააპირა. ხელი ჩავჭიდე და, მისი დამშვიდების მიზნით, ლოცვა დავიწყე. რამდენიმე წამის განმავლობაში ჩვენ გარშემო ელექტროსადენები ცვიოდა. ხალხი პანიკაში ჩავარდა. ჩემს სახლში ბეტონის იატაკზე უზარმაზარი ბზარი გაჩნდა. მიუხედავად ამისა, იმ დღეს მაინც დავბრუნდით სამქადაგებლო უბანზე და ხალხის დამშვიდება დავიწყეთ. ამ სტატიის კითხვამ წარსული გამახსენა.
ბ. ს. (შეერთებული შტატები).
ახალგაზრდების შეკითხვები. გულითად მადლობას გიხდით რუბრიკა „ახალგაზრდების შეკითხვებში“ გამოქვეყნებული სტატიისთვის „რატომ ვთხოვ ყველაფერში საკუთარ თავს მაქსიმუმს?“ (8 აგვისტო, 2003). ვარ 25 წლის და სრული დროით ვმსახურობ. ბავშვობაში ოთხი წლით უფროს დას და სამი წლით უფროს ძმას ვადარებდი ხოლმე თავს. ხშირად მიწევდა არასრულფასოვნების გრძნობასთან ბრძოლა. ამ გრძნობის დასაძლევად ვცდილობდი, ყველაფერი სრულყოფილად გამეკეთებინა. ეს სტატია ზუსტად აღწერს ჩემს გრძნობებს. მინდა, რომ აზროვნება გამოვისწორო.
მ. ი. (იაპონია).
16 წლის ვარ და ახლახან დეპრესიის დიაგნოზი დამისვეს. ყოველთვის ვცდილობდი, ყველაფერი ბრწყინვალედ გამეკეთებინა და ხშირად ვკიცხავდი საკუთარ თავს შეცდომების გამო. ეს სტატია მართლაც დროული იყო. კითხვისას ცრემლებს ვერ ვიკავებდი. არასდროს მიფიქრია, რომ სხვებიც ებრძოდნენ მსგავს გრძნობებს. გმადლობთ რუბრიკისთვის „ახალგაზრდების შეკითხვები“. მოუთმენლად ველი შემდეგ სტატიას.
ლ. ს. (შეერთებული შტატები).