საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g 11/07 გვ. 10-11
  • ვინ არის ბიბლიის ავტორი?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ვინ არის ბიბლიის ავტორი?
  • გამოიღვიძეთ! — 2007
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ორმოცი დამწერი, ერთი ავტორი
  • „ღვთისგან  . . . შთაგონებული“
  • დამწერთათვის დამახასიათებელი თავისებურებები
  • საბოლოო შედეგი
  • როგორ დაიწერა ღვთის ინსპირირებით ბიბლია?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
  • შეგვიძლია იმის გაგება, სინამდვილეში ვინ დაწერა ბიბლია?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • შთაგონება
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • „წმინდა სულით აღძრულები“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2007
g 11/07 გვ. 10-11

ბიბლიის თვალსაზრისი

ვინ არის ბიბლიის ავტორი?

ბიბლიიდან კარგად ჩანს ბიბლიის დამწერთა ვინაობა. ბიბლიის წიგნები იწყება ისეთი ფრაზებით, როგორიცაა „ნეემიას  . . . სიტყვები“, „ესაიას   . . . ხილვა“, „იეჰოვას ეს სიტყვა გამოეცხადა იოელს“ (ნეემია 1:1; ესაია 1:1; იოელი 1:1). ბიბლიაში ზოგიერთი შემთხვევა გადმა, ნათანმა და სამუელმა აღწერეს (1 მატიანე 29:29). ზოგიერთი ფსალმუნის ეპიგრაფიდან კი ჩანს, თუ ვინ დაწერა ფსალმუნები (ფსალმუნები 79, 88, 89, 90, 103 და 127).

ვინაიდან ბიბლია ადამიანებმა დაწერეს, სკეპტიკოსები ფიქრობენ, რომ ნებისმიერი წიგნის მსგავსად ბიბლიაც ადამიანური სიბრძნის ნაყოფია. რამდენად საფუძვლიანია ეს მოსაზრება?

ორმოცი დამწერი, ერთი ავტორი

ბიბლიის დამწერთა სიტყვებიდან ჩანს, რომ ისინი ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის, იეჰოვას სახელით წერდნენ; ღმერთი ზოგჯერ თავად ელაპარაკებოდა მათ, ზოგჯერ კი ანგელოზების მეშვეობით (ზაქარია 1:7, 9). იმ წინასწარმეტყველებმა, რომლებმაც ებრაული წერილები დაწერეს, სულ ცოტა 300-ჯერ წარმოთქვეს შემდეგი სიტყვები: „აი რას ამბობს იეჰოვა“ (ამოსი 1:3; მიქა 2:3; ნაუმი 1:12). ბევრი წიგნი ისეთი ფრაზებით იწყება, როგორიცაა: „იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა ოსიას“ (ოსია 1:1; იონა 1:1). მოციქულმა პეტრემ ღვთის წინასწარმეტყველთა შესახებ დაწერა: „ადამიანებს, წმინდა სულით აღძრულებს, ღმერთი ალაპარაკებდა“ (2 პეტრე 1:21).

როგორც ვხედავთ, ბიბლია სხვადასხვა წიგნისგან შედგება, მაგრამ ერთი აზრი გასდევს. როგორც ბიბლიის დამწერები აღიარებდნენ, ღმერთი მათ თავის აზრებს აწერინებდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მდივნის როლს ასრულებინებდა. როგორ?

„ღვთისგან  . . . შთაგონებული“

„მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული“ (2 ტიმოთე 3:16). ბერძნული სიტყვა, რომელიც ითარგმნა როგორც „ღვთისგან შთაგონებული“, სიტყვასიტყვით ნიშნავს „ღვთისგან შთაბერილს“. ეს იმას ნიშნავს, რომ თავისი ცნობის გადასაცემად ღმერთი დამწერებს უხილავი ძალით აღძრავდა. მაგრამ ათი მცნება თავად იეჰოვამ ამოტვიფრა ქვის ფილებზე (გამოსვლა 31:18). ზოგჯერ კი ღმერთი უშუალოდ კარნახობდა თავის ცნობას თავის მსახურებს. მაგალითად გამოსვლის 34:27-ში ვკითხულობთ: «უთხრა იეჰოვამ მოსეს: „ჩაიწერე ეს სიტყვები  . . .“».

ზოგჯერ ღმერთი ხილვებს აჩვენებდა ბიბლიის დამწერებს. მაგალითად, ეზეკიელმა თქვა: „ვიხილე ღვთიური ხილვები“ (ეზეკიელი 1:1). ‘დანიელმაც იხილა სიზმარი და ხილვები თავის საწოლში. ჩაწერა მან სიზმარი და სრულად გადმოსცა ყველაფერი’ (დანიელი 7:1). ბიბლიის ბოლო წიგნი „გამოცხადებაც“ იოანე მოციქულმა ხილვის შემდეგ დაწერა. იოანემ აღნიშნა: «შთაგონებით უფლის დღეში აღმოვჩნდი და უკნიდან შემომესმა საყვირის ხმის მსგავსი ძლიერი ხმა, რომელიც ამბობდა: „რასაც ხედავ, დაწერე“» (გამოცხადება 1:10, 11).

დამწერთათვის დამახასიათებელი თავისებურებები

მართალია ბიბლია ღვთის შთაგონებით დაიწერა, მაგრამ მასში დამწერთა ინდივიდუალურობაც შეინიშნება. აშკარაა, რომ ღვთის სიტყვების დაწერას ძალისხმევა დასჭირდებოდა. მაგალითად, „ეკლესიასტეს“ დამწერმა აღნიშნა, რომ „ცდილობდა, ეპოვა სასიამოვნო სიტყვები და ზუსტი სიტყვებით დაეწერა ჭეშმარიტება“ (ეკლესიასტე 12:10). ეზრამ თავისი წიგნების დასაწერად სულ ცოტა 14 წყარო გამოიყენა, მაგალითად „დავით მეფის მატიანე“ და „იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნი“ (1 მატიანე 27:24; 2 მატიანე 16:11). სახარების დამწერმა ლუკამ კი ‘ყველაფერი თავიდანვე ზედმიწევნით გამოიკვლია და გადაწყვიტა, ლოგიკური თანამიმდევრობით დაეწერა’ (ლუკა 1:3).

ბიბლიის ზოგ წიგნში გამოვლინდა დამწერთათვის დამახასიათებელი თავისებურებები. მაგალითად, მათე, იგივე ლევი, რომელიც, სანამ იესოს მოწაფე გახდებოდა, გადასახადების ამკრეფი იყო, განსაკუთრებულ ყურადღებას ციფრებს აქცევდა. მხოლოდ მან მოიხსენია თავის სახარებაში ის, რომ იესო „ოცდაათ ვერცხლის მონეტად“ გაყიდეს (მათე 27:3; მარკოზი 2:14). ექიმმა ლუკამ კი ისეთი ფრაზები გამოიყენა, როგორიცაა „მაღალი სიცხე“ და „კეთრი“, რომ იმ ადამიანების მდგომარეობა აღეწერა, რომლებიც იესომ განკურნა (ლუკა 4:38; 5:12; კოლოსელები 4:14). მართალია იეჰოვა ბიბლიის დამწერებს ხშირად აძლევდა იმის ნებას, რომ საკუთარი სიტყვებითა და თავისებური სტილით გადმოეცათ სათქმელი, მაგრამ ხელმძღვანელობდა კიდეც, რომ ზუსტად დაეწერათ მისი სიტყვა (იგავები 16:9).

საბოლოო შედეგი

გასაოცარი არ არის ის ფაქტი, რომ წიგნს, რომელსაც 40 მამაკაცი სხვადასხვა ადგილას 1 600 წლის განმავლობაში წერდა, ერთი საერთო თემა გასდევს?! (იხილეთ სტატია „რა არის ბიბლიის მთავარი თემა?“, გვერდი 19). ეს შეუძლებელი იქნებოდა, თუ მათ ერთი პიროვნება, ბიბლიის ავტორი არ გაუწევდა ხელმძღვანელობას.

აუცილებელი იყო, რომ იეჰოვას მაინცდამაინც ადამიანები გამოეყენებინა ბიბლიის დასაწერად? არა, მაგრამ ამით იეჰოვას სიბრძნე გამოვლინდა. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბიბლია უნიკალურ წიგნად ითვლება, ის არის, რომ ბიბლიის დამწერები გულწრფელად გამოხატავდნენ თავიანთ გრძნობებს. მაგალითად, ერთ-ერთი ფსალმუნიდან ჩანს, თუ როგორ ინანიებს მეფე დავითი ჩადენილ ცოდვას და როგორ სთხოვს ღმერთს წყალობას (51-ე ფსალმუნის ეპიგრაფი, 2—4, 13, 17 მუხლები).

მართალია იეჰოვამ ადამიანებს დააწერინა ბიბლია, მაგრამ პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანების მსგავსად, ჩვენც გვაქვს იმის მტკიცე საფუძველი, რომ ღვთის სიტყვა მივიღოთ „არა როგორც ადამიანის სიტყვა, არამედ როგორც სინამდვილეშია — როგორც ღვთის სიტყვა“ (1 თესალონიკელები 2:13).

[სურათი 11 გვერდზე]

დაფიქრებულხართ?

[სურათი 11 გვერდზე]

◼ ვინ არის „მთელი წმინდა წერილის“ ავტორი? (2 ტიმოთე 3:16).

◼ რა და რა სახით გადასცა იეჰოვამ თავისი აზრები თავის მსახურებს? (გამოსვლა 31:18; 34:27; ეზეკიელი 1:1; დანიელი 7:1).

◼ როგორ გამოჩნდა ბიბლიის დამწერთათვის დამახასიათებელი თავისებურებები ბიბლიის წიგნებიდან? (მათე 27:3; ლუკა 4:38).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება