სიცოცხლე აღდგენილ სამოთხეში
იესო დარწმუნებით ამბობდა, რომ ადამიანები კვლავ იცოცხლებდნენ. როგორც მან თავის მოწაფეებს უთხრა, ეს უეჭველად მოხდებოდა. ‘ხელახლა შექმნისას მარადიულ სიცოცხლეს დაიმკვიდრებთ’, — თქვა იესომ. რას გულისხმობდა იგი „ხელახლა შექმნაში“? (მათე 19:25—29)
ამ მუხლების პარალელური მონაკვეთის მიხედვით, კერძოდ, ლუკას სახარებაში, იესო ამბობს, რომ „მომავალში“ მისი მოწაფეები „მარადიულ სიცოცხლეს“ მიიღებენ (ლუკა 18:28—30). რატომაა ბიბლიაში გამოყენებული „მომავალი“ და „ხელახლა შექმნა“ ერთი და იმავე მნიშვნელობით?
ალბათ იმის ხაზგასასმელად, რომ იეჰოვა ღმერთი თავის თავდაპირველ განზრახვას შეასრულებს და დედამიწას სამოთხედ გადააქცევს, სადაც ყველა მარადიულად იცხოვრებს. ისინი ისეთივე სრულყოფილები გახდებიან, როგორებიც ადამი და ევა იყვნენ შეცოდებამდე. ასე რომ, „მომავალში“ ისეთი პირობები, როგორიც ედემის ბაღში იყო, „ხელახლა შეიქმნება“.
როგორ აღდგება სამოთხე?
იესო თავის მიმდევრებს ასწავლიდა, რომ ელოცათ იმ ხელისუფლებაზე, რომელსაც ღმერთი თავისი განზრახვის შესასრულებლად გამოიყენებს და აღადგენს სამართლიანობას მთელ დედამიწაზე. იესომ თქვა, რომ ასე გველოცა: „მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:10). ამ სამეფოს მეფედ ღმერთმა თავისი ძე დანიშნა, რომელიც ღვთის განზრახვას შეასრულებს და მთელ დედამიწაზე სამოთხეს აღადგენს.
ღვთის მიერ დანიშნული მმართველის შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „შეგვეძინა შვილი, მოგვეცა ძე, რომლის მხარზეც იქნება ხელმწიფობა. დაერქმევა მას . . . მშვიდობის მთავარი. მისი ხელმწიფობა განივრცობა და მშვიდობას ბოლო არ ექნება“ (ესაია 9:6, 7). როგორ შესრულდება მისი „ხელმწიფობის“ დროს ღვთის ნება?
ამ კითხვაზე ბიბლია გვპასუხობს: „იმ მეფეების დროს ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს [ხელმწიფობას], რომელიც არასოდეს დაიქცევა. ეს სამეფო სხვა ხალხს არ გადაეცემა. ის დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს, თავად კი მარადიულად იდგება“ (დანიელი 2:44).
ახლა ვნახოთ, როგორი პირობები იქნება აღდგენილ სამოთხეში, როდესაც ყველაფერი „ხელახლა შეიქმნება“, და როცა ღვთის ძე, როგორც ‘ხელმწიფე’ მამის სამეფოში, თავის ძალას გამოიყენებს.
რა სასიამოვნო იქნება, როცა მთელი დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა. მაშინ ყველას ეყვარება როგორც ღმერთი, ისე ერთმანეთი (მათე 22:37—39). შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ მაშინ ღვთის ყველა დანაპირები შესრულდება, რადგან იგი ამბობს: „მე ვთქვი და შევასრულებ“ (ესაია 46:11).
შეიძლება ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იცით იეჰოვა ღმერთისა და მის მიერ დაპირებული ახალი ქვეყნიერების შესახებ. მაგალითად, რა ამტკიცებს, რომ ღვთის ახალი ქვეყნიერება ძალიან ახლოსაა? როგორ შეცვლის ღვთის სამეფო დედამიწაზე არსებულ ყველა მთავრობას? მანამდე რა მოვლენები უნდა მოხდეს? იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით დაგეხმარებიან ამ კითხვებზე პასუხების მიღებაში (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ამ ჟურნალის 32-ე გვერდი).
ძალიან მალე დამყარდება სამართლიანი ქვეყნიერება, რომელსაც ადამიანები დიდი ხანია ნატრობენ. გარდაცვლილთაგან უმრავლესობა კვლავ იცოცხლებს. ეს ღვთის ნებაა. სიცოცხლე ნამდვილად არ მთავრდება სიკვდილით! მას შეცვლის „ჭეშმარიტი სიცოცხლე“, რომელიც „მომავალში“ გველოდება (1 ტიმოთე 4:8; 6:19).
როგორი ცხოვრება იქნება სამოთხეში?
მკვდრები აღდგებიან
„მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ და გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29).
„იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (საქმეები 24:15).
აღარ იქნება ავადმყოფობა, სიბერე და სიკვდილი
„მაშინ ბრმებს თვალები აეხილებათ და ყრუებს ყურები გაეხსნებათ; მაშინ კოჭლი ირემივით იხტუნებს და მუნჯის ენა სიხარულით შესძახებს“ (ესაია 35:5, 6).
„თვითონ ღმერთი მათთან იქნება. მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:3, 4).
იქნება საკვების სიუხვე
„დედამიწა მოგვცემს თავის ნაყოფს და გვაკურთხებს ღმერთი, ჩვენი ღმერთი“ (ფსალმუნი 67:6).
„უხვად იქნება მარცვლეული დედამიწაზე, მთის მწვერვალებზეც უხვად იქნება“ (ფსალმუნი 72:16).
ყველას ექნება თავისი სახლი და საყვარელი სამუშაო
„ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ მათში, გააშენებენ ვენახებს და შეჭამენ მათ ნაყოფს. არ ააშენებენ სხვის საცხოვრებლად, არ დარგავენ სხვის შესაჭმელად“ (ესაია 65:21, 22).
აღარ იქნება დამნაშავეობა, ძალადობა, ომი
„ბოროტები მოისპობიან დედამიწიდან“ (იგავები 2:22).
„ისინი თავიანთი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — სასხლავებს. ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარ ისწავლიან ომს“ (ესაია 2:4).
შიში წარსულს ჩაჰბარდება და ყველგან მშვიდობა დაისადგურებს
„უსაფრთხოდ იცხოვრებენ, არავინ დააფრთხობს მათ“ (ეზეკიელი 34:28).
„ზიანს აღარ მოიტანენ და აღარაფერს მოსპობენ მთელ ჩემს წმინდა მთაზე, რადგან დედამიწა იეჰოვას ცოდნით აივსება, როგორც ზღვაა წყლით სავსე“ (ესაია 11:9).
[სურათი 7 გვერდზე]
აღდგება სამოთხე, რომელიც პირველმა ადამიანებმა ურჩობის გამო დაკარგეს