მუსიკის ჰანგები ძველ ისრაელში
მუსიკა ძველი ისრაელის კულტურის განუყრელი ნაწილი იყო. საყვირებითა და ბუკებით ხალხს თაყვანსაცემად უხმობდნენ და მნიშვნელოვან მოვლენებს აუწყებდნენ. ქნარებსა და სხვა სიმებიან საკრავებს სამეფო ოჯახების საამებლად და დასამშვიდებლად აჟღერებდნენ (1 სამუელი 16:14—23). დაირებით, წინწილებითა და ჩხარუნებით კი სასიხარულო მოვლენებს აღნიშნავდნენ (2 სამუელი 6:5; 1 მატიანე 13:8).
ბიბლიაში წერია, რომ კაენის შთამომავალ იუბალისგან „წამოვიდა ყველა მექნარე და მესტვირე“ (დაბადება 4:21). არ არის გამორიცხული, რომ სიმებიანი და ჩასაბერი საკრავები მას გამოეგონა.
ბიბლიაში აღწერილია ბევრი ისეთი მოვლენა, რომლის დროსაც მუსიკას აჟღერებდნენ. მაგრამ თავად საკრავების შესახებ ბიბლია მწირ ინფორმაციას გვაწვდის. არქეოლოგიურ აღმოჩენებსა და ძველ ხელნაწერებზე დაყრდნობით დღეს მეცნიერებს შეუძლიათ წარმოიდგინონ, როგორ გამოიყურებოდა ძველი მუსიკალური საკრავები და რა ხმას გამოსცემდა. ზოგიერთ მეცნიერულ დასკვნას ვარაუდები უდევს საფუძვლად, თუმცა ის, რასაც ეს სტატია განიხილავს, დასაბუთებული ფაქტებია.
დაირები, ბობღნები და წინწილები
მას შემდეგ, რაც ღმერთმა მოსესა და ისრაელს სასწაულებრივად გადააკვეთინა წითელი ზღვა, მოსეს დამ, მირიამმა და ყველა ქალმა დაირებით ხელში ცეკვა დაიწყეს (გამოსვლა 15:20). მართალია, დაირას სახელით ცნობილი ბიბლიური ეპოქის საკრავი აღმოჩენილი არ არის, სამაგიეროდ, ისრაელის ტერიტორიაზე, კერძოდ, აქციბში, მეგიდოსა და ბეთ-შეანში ნაპოვნია ძველი თიხის ფიგურები ქალის გამოსახულებით, რომელსაც ხელში პატარა დაირები უჭირავს. საკრავი, რომელიც ბიბლიის თარგმანებში ხშირად დაირად მოიხსენიება, როგორც ჩანს, იყო უბრალო ხის რგოლი, რომელზეც ცხოველის ტყავი იყო გადაჭიმული.
პატრიარქების დროს სადღესასწაულო შემთხვევებზე ქალები დაირებზე უკრავდნენ, რასაც სიმღერა და ცეკვა ახლდა თან. მაგალითად, ბიბლიიდან ვიგებთ, რომ როდესაც ისრაელის მსაჯული იფთახი ომიდან გამარჯვებული დაბრუნდა, მისი ქალიშვილი მას „დაირის დაკვრითა და ცეკვით“ გამოეგება. ერთხელ, დავითის გამარჯვება ქალებმა სიმღერითა და ცეკვით აღნიშნეს, და თან დაირებზე უკრავდნენ (მსაჯულები 11:34; 1 სამუელი 18:6, 7).
როდესაც მეფე დავითმა შეთანხმების კიდობანი იერუსალიმში ჩაიტანა, ხალხი ზეიმობდა იეჰოვას წინაშე: „უკრავდნენ ღვიის ხის ყველანაირ საკრავზე, ქნარებზე, სხვა სიმებიან საკრავებზე, დაირებზე, ბობღნებსა და წინწილებზე“ (2 სამუელი 6:5). მოგვიანებით, იერუსალიმის ტაძარს გამოცდილი მუსიკოსებისგან შემდგარი საკუთარი გუნდი ჰყავდა, რომელიც წინწილებზე, საყვირებზე, ქნარებსა და სხვა სიმებიან საკრავებზე უკრავდა.
ჩვენ გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნა დაირაზე, მაგრამ საინტერესოა, როგორი იყო ბობღანი? როგორც ჩანს, ეს იყო ოვალური ფორმის, მეტალის ჩარჩოიანი ჩხარუნა, რომელსაც სახელური ჰქონდა. მისი შენჯღრევით წარმოიქმნებოდა მკვეთრი, წკრიალა ხმა. ბიბლია ბობღანს მხოლოდ ერთხელ მოიხსენიებს, კერძოდ, იმ მონაკვეთში, როცა შეთანხმების კიდობანი იერუსალიმში გადაიტანეს. იუდაური ტრადიციის თანახმად, ბობღანზე გლოვის დროსაც უკრავდნენ.
წინწილებზე რაღას ვიტყვით? თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ ეს იყო დიდი მეტალის ფირფიტები, რომლებსაც ერთმანეთს ურტყამდნენ. მაგრამ ძველ ისრაელში გავრცელებული წინწილების დიამეტრი დაახლოებით 10 სანტიმეტრი იყო, ჰგავდა კასტანიეტებს და წკრიალა ხმას გამოსცემდა.
ქნარები და სიმებიანი საკრავები
ქინორი, რომელიც ჩვეულებრივ ითარგმნება როგორც „ქნარი“ ან „მუსიკალური საკრავი“, ძველ ისრაელში ყველაზე ფართოდ გამოიყენებოდა. ამ მუსიკალურ ინსტრუმენტზე მეფე დავითი საულის დასამშვიდებლად უკრავდა (1 სამუელი 16:16, 23). ძველი ქვის კედლებზე, მონეტებზე, მოზაიკებზე, ფირფიტებსა და ბეჭდებზე აღბეჭდილი გამოსახულებების საფუძველზე მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ისრაელში, სულ ცოტა, 30 სახეობის სიმებიანი საკრავი არსებობდა. მათი ფორმა საუკუნეების მანძილზე იცვლებოდა. დამკვრელი სიმებიან საკრავს მკლავებში მოიქცევდა და თითების ან მედიატორის გამოკვრით უკრავდა.
ნებელი ქინორის მსგავსი იყო. ზუსტად უცნობია, რამდენი სიმი ჰქონდა ნებელს, რა სიდიდის იყო და იკვრებოდა თუ არა თითების გამოკვრით. მაგრამ მეცნიერების უმეტესობის აზრით, ნებელიც და ქინორიც მუსიკოსებს დაჰქონდათ.
საყვირები და ბუკები
ღმერთმა მოსეს ორი ვერცხლის საყვირის გამოჭედვა დაავალა (რიცხვები 10:2). საყვირებს მღვდლები ტაძართან და სხვადასხვა დღესასწაულებთან დაკავშირებული მოვლენების საუწყებლად იყენებდნენ. საყვირით სხვადასხვა ხმას გამოსცემდნენ იმისდა მიხედვით, თუ რა მოვლენის უწყება სურდათ. მისი ხმა შეიძლებოდა ყოფილიყო მაღალი, მოკლე ან ხანგრძლივი ჟღერადობის. დღემდე უცნობია, როგორ გამოიყურებოდა ეს საყვირები, რადგან არც ერთი ბიბლიური ეპოქის საყვირი არ არის აღმოჩენილი. ჩვენ მხოლოდ მხატვრების ინტერპრეტაციებს ვფლობთ, რომელთაგან ერთ-ერთი რომში ტიტუსის თაღის ბარელიეფზეა ამოკვეთილი.
ბუკი, ანუ შოფარი, ებრაული წერილების დედანში 70-ზე მეტჯერ გვხვდება. ბუკს თხის ან ვერძის რქისგან აკეთებდნენ. იუდაური წყაროების თანახმად, არსებობდა ორნაირი ბუკი. ერთი იყო სწორი, ოქროსპირიანი, მეორეს კი რკალის ფორმა ჰქონდა და ვერცხლით იყო გაფორმებული. ბუკს განგაშის ასატეხად იყენებდნენ, რადგან მისი ხმა შორს აღწევდა და ორი-სამი ტონით დაბალი იყო.
ძველ ისრაელში ბუკით ზოგიერთ რელიგიურ დღესასწაულს აუწყებდნენ, მათ შორის შაბათის დაწყებასა და დასრულებას. მაგრამ მას სხვა დროსაც აყვირებდნენ, მაგალითად, ომის დროს. წარმოიდგინეთ, რა თავზარდამცემი იქნებოდა ერთდროულად 300 ბუკის (საყვირის) ხმა, რომელიც მაშინ გაისმა, როცა გედეონის ჯარი ღამით მიდიელებს თავს უნდა დასხმოდა (მსაჯულები 7:15—22).
სხვადასხვა მუსიკალური საკრავი
ბიბლიურ დროში აგრეთვე იყენებდნენ ზანზალაკებს, სალამურებსა და ლუტნებს. იეჰოვას წინასწარმეტყველი დანიელი, რომელიც ძველ ბაბილონში იყო გადასახლებული, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის სამეფო კარზე არსებულ სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტს მოიხსენიებს, მათ შორის, ციტრას, სტვირსა და გუდასტვირს (დანიელი 3:5, 7).
ჩვენ მოკლედ მიმოვიხილეთ წმინდა წერილებში მოხსენიებული რამდენიმე მუსიკალური საკრავი, რაც იმაზე მოწმობს, რომ ძველ ისრაელში მუსიკა ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. ამის თქმა, ალბათ, სხვა ძველ ცივილიზაციებზეც შეიძლება. მუსიკის ჰანგები ყველგან ისმოდა — სამეფო კარზე, თაყვანისმცემლობის ადგილში, სოფლებსა თუ სხვაგან.
[სურათი 15 გვერდზე]
ბობღანს ანჯღრევდნენ, როგორც ჩხარუნას
[სურათი 15 გვერდზე]
მეფე დავითი კარგად უკრავდა ქნარზე
[სურათი 15 გვერდზე]
დაირას პატრიარქების დროიდან იყენებენ
[სურათი 15 გვერდზე]
საყვირით მნიშვნელოვან მოვლენებს აუწყებდნენ
[სურათი 16 გვერდზე]
ფიგურა ქალის გამოსახულებით, რომელსაც ხელში დასარტყმელი ინსტრუმენტი უჭირავს, ძვ. წ. VIII საუკუნე
[სურათი 16 გვერდზე]
ახ. წ. II საუკუნის მონეტა ქნარის გამოსახულებით
[სურათი 16 გვერდზე]
იერუსალიმში ტაძრის ტერიტორიაზე ნაპოვნი ქვა, წარწერით „ადგილისკენ, სადაც საყვირის ხმას გამოსცემენ“, ძვ. წ. I საუკუნე
[სურათის საავტორო უფლებები 16 გვერდზე]
Pottery figurine: Z. Radovan/BPL/Lebrecht; coin: © 2007 by David Hendin. All rights reserved; temple stone: Photograph © Israel Museum, Jerusalem; courtesy of Israel Antiquities Authority