ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა
„არსებობს ნეტა ღმერთი?“, — გენეტიკოს ფრანსის კოლინზის თქმით, კაცობრიობის ისტორიაში არ დასმულა ამაზე მნიშვნელოვანი კითხვა. ფრანსისს ძლიერი ლოგიკა მოჰყავს და ასე მსჯელობს, რომ თუ ღმერთი არ არსებობს, მაშ ამ ცხოვრების იქით აღარაფერი ყოფილა და არ უარსებია უზენაესს, რომელიც გაუკონტროლებდა ადამიანთ ზნეობას.
მიზეზი, რის გამოც მრავალს ეჭვი შეაქვს ღვთის არსებობაში ის არის, რომ მეცნიერებს არ სწამთ მისი. მაგრამ საზოგადოებაში გავრცელებული ესა თუ ის მოსაზრება ზოგჯერ არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს. ეს შემდეგი სტატიიდანაც კარგად გამოჩნდება.
სამწუხაროდ, მრავალი რელიგია კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის ამ სწავლებას თავისი მოძღვრებებით, რომლებიც ეწინააღმდეგება მეცნიერების კარგად დასაბუთებულ გამოკვლევებს. ამის მარტივი მაგალითია ის არაბიბლიური მოსაზრება, რომ თითქოს ღმერთმა ექვს 24-საათიან დღეში შექმნა ფიზიკური სამყარო რამდენიმე ათასი წლის წინათ.
ასეთი ურთიერთგამომრიცხავი თეორიებისა და ფილოსოფიური მოსაზრებების გამო მრავალმა შეწყვიტა ჭეშმარიტების ძიება ღვთის არსებობის შესახებ. მაგრამ, რა უნდა იყოს იმაზე ღირებული, ვიდრე ის, რომ მიიღო ამომწურავი პასუხი ამ უსერიოზულეს კითხვაზე, თანაც განიცადო ის სიამოვნება, რაც ჭეშმარიტების პოვნას მოაქვს?! რა თქმა უნდა, ღმერთი არავის უნახავს და არც სამყაროსა და სიცოცხლის შექმნას დასწრებია რომელიმე ჩვენგანი. და მაინც, გვწამს თუ არა ღვთის არსებობის, ჩვენს ცხოვრებაზე რწმენა ასე თუ ისე მაინც ახდენს გავლენას.
ჭეშმარიტ რწმენას მყარი საფუძველი აქვს
რწმენა გარკვეულწილად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში. სამუშაოს იმის მოლოდინით ვიწყებთ, რომ თვის ბოლოს ანაზღაურებას მივიღებთ. ვთესავთ იმ იმედით, რომ შემოდგომაზე მოსავალს ავიღებთ. მეგობრებს ვირჩევთ და გვწამს, რომ მოლოდინს გაგვიმართლებენ. იმისიც გვჯერა, რომ არსებობს ფიზიკური კანონები, რომლებითაც იმართება ჩვენი სამყარო. ეს არის ფაქტებზე დაფუძნებული გააზრებული რწმენა. ღმერთთან დაკავშირებითაც ასეა, რწმენა ღვთის არსებობის შესახებ ფაქტებს ეფუძნება.
ბიბლიაში, კერძოდ, ებრაელების 11:1-ში ასეთი რამ წერია: „რწმენა . . . აშკარა მტკიცებაა უხილავი სინამდვილისა“. „ახალი ინგლისური ბიბლია“ ამ მუხლს ასე თარგმნის: „რწმენა გვაჯერებს იმის არსებობაში, რასაც ვერ ვხედავთ“. მაგალითისთვის, წარმოიდგინეთ, რომ ზღვის ნაპირს მიუყვებით. უეცრად თქვენს ფეხებქვეშ მიწა ირყევა. ხედავთ, რომ წყალი ნაპირს შორდება. ხვდებით, რომ ეს უჩვეულო მოვლენები იმის მომასწავებელია, რომ მალე ნაპირს ცუნამი გადაუვლის. მოცემულ სიტუაციაში მიწისძვრა და წყლის უჩვეულო მიქცევა „აშკარა მტკიცებაა უხილავი სინამდვილისა“, ანუ მოსალოდნელი ცუნამისა. ფაქტებზე დაფუძნებული რწმენა იმისკენ აღგძრავთ, რომ გაიქცეთ და თავი შეაფაროთ მაღალ და უსაფრთხო ადგილს.
ღვთის შესახებ რწმენასაც მტკიცე საფუძველი უნდა ჰქონდეს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გახდება ღმერთი თქვენთვის „უხილავი სინამდვილე“. მაინცდამაინც მეცნიერი უნდა იყო, რომ გამოიკვლიო ეს ფაქტები? ნობელის პრემიის ლაურეატი ვლადიმირ პრელოგი აცხადებს, რომ „თავად ნობელის პრემიის ლაურეატებიც კი არ არიან სხვებზე კომპეტენტურები ისეთ საკითხებში, როგორიცაა ღმერთი, რელიგია და საიქიო ცხოვრება“.
გულწრფელობამ და ჭეშმარიტების წყურვილმა იმისკენ უნდა გიბიძგოთ, რომ წინასწარ შექმნილი აზრები გვერდზე გადადოთ და ისე გამოიკვლიოთ ღვთის არსებობის დამამტკიცებელი ფაქტები. დაე, ამ ფაქტებმა სწორი მიმართულებით წაგიყვანოთ. მაგრამ საკითხავია, არსებობს კი ასეთი ფაქტები?
[სურათი 3 გვერდზე]
მთესველს სჯერა, რომ თესლი გაღივდება და გაიზრდება