მთავარი თემა | მისტიკური სამყარო — უწყინარია მასთან კავშირი?
მისტიკით შეპყრობილი მსოფლიო
„კინოფილმებსა და ნაწარმოებებში ვამპირები, მაქციები და ზომბები დემონიზმმა და ეგზორციზმმა ჩაანაცვლა“, — აღნიშნულია „უოლ-სტრიტ ჯორნელში“.
წიგნებში, ფილმებსა თუ ვიდეოთამაშებში ხშირად ჩნდებიან მისტიკური პერსონაჟები — ჯადოქრები, ლამაზი გრძნეული ქალები და მიმზიდველი გარეგნობის ვამპირები. რატომ იზიდავს ხალხს მისტიკური სამყარო?
„ბოლო ათწლეულებია, შეერთებულ შტატებში სულ უფრო იზრდება მათი რიცხვი, ვისაც მოჩვენებების სჯერა; თუკი ადრე ყოველ მეათე ამერიკელს სჯეროდა მოჩვენებების, ახლა ყოველ მესამეს სჯერა, — აღნიშნავს სოციოლოგიის პროფესორი კლოდ ფიშერი. — ძველი თაობის ამერიკელებთან შედარებით ორჯერ მეტია იმ ახალგაზრდა ამერიკელების რიცხვი, რომლებიც მედიუმებს მიმართავენ და რომელთაც მოჩვენებების სჯერათ“.
ამიტომაც ბოლო დროს ისტორიები ადამიანებში ჩასახლებული ბოროტი სულების შესახებ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ეს ნამდვილად შემაშფოთებელი ფაქტია. „დღეს რომ გართობის ინდუსტრიაში მყარად აქვს ფეხი მოკიდებული დემონიზმს, გარკვეულწილად იმან განაპირობა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ვამპირები, მაქციები და ზომბები ხშირად ფიგურირებდა ფილმებსა თუ ნაწარმოებებში“, — აღნიშნავს მაიკლ კალი „უოლ-სტრიტ ჯორნელის“ ერთ სტატიაში.
ერთი ანგარიშის თანახმად, „მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 25-დან 50 პროცენტამდე მერყეობს იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც მოჩვენებების სჯერათ. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას ის, რომ თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურაში ხშირად ვხვდებით მისტიკურ პერსონაჟებს“. სოციოლოგიის პროფესორების, კრისტოფერ ბედერისა და კარსენ მენკენის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად „გამოვლინდა, რომ ამერიკელთა სადღაც 70—80 პროცენტი, სულ მცირე, ერთ მოვლენას მაინც მიაწერს ზებუნებრივ ძალებს“.
უწყინარია სპირიტიზმით ან მისტიკური შინაარსის წიგნებით, კინოფილმებითა თუ ვიდეოთამაშებით გართობა?