ᲠᲐ ᲨᲔᲣᲛᲡᲣᲑᲣᲥᲔᲑᲡ ᲛᲒᲚᲝᲕᲘᲐᲠᲔᲔᲑᲡ ᲛᲓᲒᲝᲛᲐᲠᲔᲝᲑᲐᲡ?
გაუსაძლისი ტკივილი
„მე და სოფიაa თითქმის 40 წლის ცოლ-ქმარი ვიყავით, როცა იგი ხელიდან გამომეცალა. ის წლების მანძილზე სერიოზული დაავადებით იტანჯებოდა. მეგობრები გვერდიდან არ მცილდებოდნენ; თავადაც ვცდილობდი, ყოველთვის რაღაცით ვყოფილიყავი დაკავებული. მეუღლის სიკვდილის შემდეგ მთელი ერთი წლის მანძილზე გაუსაძლის ტკივილს ვგრძნობდი, თითქოს შუაზე ვიყავი გახლეჩილი. წამდაუწუმ მეცვლებოდა გუნება-განწყობილება. მისი დაღუპვიდან თითქმის სამი წელი გავიდა, მაგრამ ახლაც კი სრულიად მოულოდნელად მძიმე ნაღველი შემომაწვება ხოლმე“ (კოსტასი).
თუ თქვენც დაკარგეთ საყვარელი ადამიანი, შესაძლოა ისეთივე გრძნობები დაგეუფლოთ, როგორიც კოსტასს. ცოტა რამ თუ აგდებს ადამიანს ისეთ საშინელ მდგომარეობაში და ცოტა რამ თუ აყენებს ისეთ აუტანელ ტკივილს, როგორც მეუღლის, ოჯახის წევრის ან ახლო მეგობრის სიკვდილი. ამას ეთანხმებიან სპეციალისტებიც, რომლებიც მგლოვიარეთა მდგომარეობას შეისწავლიან. ერთ ჟურნალში აღნიშნულია, რომ სწორედ ახლობლის სიკვდილი იწვევს ყველაზე ძლიერ ტკივილს და მგლოვიარეთ ისეთი შეგრძნება ეუფლებათ, თითქოს იგი ერთხელ და სამუდამოდ დაკარგეს (The American Journal of Psychiatry). მას, ვინც ასეთ აუტანელ ტკივილს გრძნობს, შეიძლება დაებადოს კითხვები: რამდენ ხანს გასტანს ეს ტკივილი? ოდესმე დამიბრუნდება სიხარული? როგორ შევიმსუბუქო მდგომარეობა?
ამ კითხვებს პასუხს გასცემს „გამოიღვიძეთ!“-ის ეს ნომერი. მომდევნო სტატიაში ვიმსჯელებთ, როგორ შეიძლება რეაგირებდეთ, თუ ახლახან დაგეღუპათ ახლობელი. სხვა სტატიებში კი ვისაუბრებთ, რა საშუალებები არსებობს მდგომარეობის შესამსუბუქებლად.
ვიმედოვნებთ, რომ ეს სტატიები ანუგეშებს მგლოვიარეებს და მდგომარეობას შეუმსუბუქებს.
a ამ სტატიათა სერიაში ზოგი სახელი შეცვლილია.