ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝ ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
ღვთის სამეფოს მმართველობის დროს „იმეფებს მშვიდობა“
მალე დიდი ხნის ნანატრი ღვთის სამეფო — ღვთის მიერ დაფუძნებული ხელისუფლება — მშვიდობას მოიტანს მთელ დედამიწაზე. როგორც 72-ე ფსალმუნის მე-7 მუხლში ვკითხულობთ, „იმეფებს მშვიდობა“. მაგრამ როდის დაიწყებს ეს სამეფო მმართველობას? როგორ განახორციელებს თავის მმართველობას და როგორ მოემსახურება ეს თქვენს სიკეთეს?
ᲠᲝᲓᲘᲡ ᲓᲐᲘᲬᲧᲔᲑᲡ ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲐᲛᲔᲤᲝ ᲛᲛᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲑᲐᲡ?
ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია გასაოცარი მოვლენები, რომლებიც ღვთის სამეფოს მოსვლაზე მიანიშნებს. ეს მოვლენები იესოს მიერ მოხსენიებული ნიშნის შემადგენელი სხვადასხვა ნაწილია; ეს ნიშანი ერთდროულად ბევრ მოვლენას მოიცავს, მათ შორის მსოფლიო ომებს, შიმშილს, ავადმყოფობას, მიწისძვრებს და უკანონობის გამრავლებას (მათე 24:3, 7, 12; ლუკა 21:11; გამოცხადება 6:2—8).
ღვთის სიტყვაში კიდევ ერთ წინასწარმეტყველებას ვკითხულობთ: „ბოლო დღეებში მძიმე და ძნელად ასატანი დრო დადგება. ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები . . . მშობლების ურჩები, უმადურები, ორგულები, გულცივები, ჯიუტები, ცილისმწამებლები, თავშეუკავებლები, სასტიკები, კარგის მოძულეები . . . გაყოყოჩებულები, სიამოვნებათა მოყვარულები და არა ღვთისა“ (2 ტიმოთე 3:1—4). მართალია, ყოველთვის არსებობდნენ ასეთი ადამიანები, მაგრამ დღეს უმეტესობა ავლენს ამგვარ თვისებებს.
ზემოხსენებული წინასწარმეტყველებების შესრულება 1914 წლიდან დაიწყო. არაერთმა სახელმწიფო მოღვაწემ, ისტორიკოსმა და მწერალმა აღნიშნა, თუ როგორ შეიცვალა მსოფლიო მას შემდეგ. მაგალითად დანიელი ისტორიკოსი პეტერ მუნკი წერდა: „1914 წელი გარდამტეხი აღმოჩნდა კაცობრიობის ისტორიაში. უსაფრთხო მომავლის იმედი გვქონდა . . . მაგრამ კატასტროფების ეპოქაში შევაბიჯეთ; ყოველ ფეხის ნაბიჯზე შიში და სიძულვილი სუფევს და ვერსად გრძნობ თავს უსაფრთხოდ“.
საბედნიეროდ, დღევანდელი გაუსაძლისი ყოფა მალე დასრულდება და მთელ მსოფლიოში მშვიდობა დაისადგურებს. ის, რაც დღეს ხდება, იმაზე მიანიშნებს, რომ მალე მთელ დედამიწაზე ღვთის სამეფო დაიწყებს მმართველობას. იესომ ზემოხსენებულ შემაშფოთებელ მოვლენებთან ერთად სასიხარულო მოვლენაც მოიხსენია, რომელიც ნიშნის შემადგენელი ნაწილია. მან თქვა: „იქადაგებენ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის საუწყებლად და მაშინ დადგება აღსასრული“ (მათე 24:14).
ეს სასიხარულო ცნობა იეჰოვას მოწმეების ქადაგების მთავარი თემაა. მათი ძირითადი პუბლიკაციის სახელწოდებაა „საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ“. ამ პუბლიკაციაში განიხილება, რას გააკეთებს ღვთის სამეფო ადამიანებისთვის და ჩვენი პლანეტისთვის.
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲐᲘᲦᲔᲑᲡ ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲐᲛᲔᲤᲝ ᲛᲛᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲡᲐᲓᲐᲕᲔᲔᲑᲡ ᲮᲔᲚᲨᲘ?
მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ოთხი რამ:
ეს სამეფო დღევანდელი პოლიტიკური მმართველების მეშვეობით არ განახორციელებს მმართველობას.
თანამედროვე პოლიტიკური ლიდერები, ძალაუფლება რომ არ დაკარგონ, უგუნურად მოიქცევიან და ღვთის სამეფოს წინააღმდეგ გაილაშქრებენ (ფსალმუნი 2:2—9).
ღვთის სამეფო გაანადგურებს დღევანდელ სამეფოებს, რომელთაც ადამიანებზე ბატონობა სურთ (დანიელი 2:44; გამოცხადება 19:17—21). ამ გადამწყვეტ ბრძოლას, რომელიც მთელ დედამიწას მოიცავს, არმაგედონი ეწოდება (გამოცხადება 16:14, 16).
ყველა, ვინც მზადაა, გახდეს ღვთის სამეფოს მორჩილი ქვეშევრდომი, არმაგედონის დროს გადარჩება და მშვიდობიანად იცხოვრებს ახალ ქვეყნიერებაში. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ესენი იქნებიან „უამრავი ხალხი“, რომელთა რიცხვიც მილიონებს მიაღწევს (გამოცხადება 7:9, 10, 13, 14).
ᲠᲐ ᲡᲘᲙᲔᲗᲔᲡ ᲛᲝᲒᲘᲢᲐᲜᲗ ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲐᲛᲔᲤᲝ?
ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები უპირველესად განისწავლებიან. იესომ ღვთისადმი აღვლენილ ლოცვაში თქვა: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3).
როდესაც ხალხი ეცნობა იეჰოვა ღმერთს, ეს მათზე მრავალმხრივ აისახება სასიკეთოდ. დავფიქრდეთ ორ მხარეზე: პირველი, მათ ძლიერი რწმენა უვითარდებათ ღვთის მიმართ. მათი რწმენა ფაქტებს ეფუძნება, ამიტომ ეჭვი არ ეპარებათ, რომ ღვთის სამეფო რეალურია და მალე დაიწყებს მმართველობას (ებრაელები 11:1). მეორე, მათ უფრო მეტად უყვარდებათ ღმერთი და მოყვასი. ღვთისადმი სიყვარული აღძრავს მათ, მთელი გულით დაემორჩილონ მას; მოყვასის სიყვარული კი უბიძგებს, გაითვალისწინონ იესოს სიტყვები და მოიქცნენ ოქროს წესის თანახმად: „როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (ლუკა 6:31).
ჩვენს მოსიყვარულე შემოქმედს საუკეთესო სურს ჩვენთვის. მას უნდა, გავიხაროთ „ჭეშმარიტი სიცოცხლით“ (1 ტიმოთე 6:19). დღევანდელ ცხოვრებას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ „ჭეშმარიტ სიცოცხლეს“. დღეს მილიონობით ადამიანს გაუსაძლისი ყოფა აქვს — ისინი არსებობისთვის იბრძვიან. წარმოდგენა რომ შეგექმნათ, როგორი იქნება „ჭეშმარიტი სიცოცხლე“, ვნახოთ, რას გააკეთებს ღვთის სამეფო თავისი ქვეშევრდომებისთვის.
იესო თავის გარშემო შეკრებილ ხალხს ასწავლის