საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g19 № 2 გვ. 10-11
  • 4. პასუხისმგებლობის გრძნობა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • 4. პასუხისმგებლობის გრძნობა
  • გამოიღვიძეთ! — 2019
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • რას ნიშნავს, გქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა?
  • რატომ არის კარგი პასუხისმგებლობის გრძნობის ქონა?
  • როგორ ჩავუნერგოთ შვილს პასუხისმგებლობის გრძნობა?
  • ჩააბით შვილები საოჯახო საქმეებში
    გამოიღვიძეთ! — 2017
  • დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება
    გამოიღვიძეთ! — 1998
  • 8. პირადი მაგალითი
    გამოიღვიძეთ! — 2018
  • შეუძლია ბიბლიას დაგეხმაროთ შვილების აღზრდაში?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2004
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2019
g19 № 2 გვ. 10-11
მამა ასწავლის შვილს მცენარეების მოვლას

4. პასუხისმგებლობის გრძნობა

რას ნიშნავს, გქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა?

ადამიანი, რომელსაც პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს, სანდოა. მას ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს საქმე და არასდროს აჯანჯლებს.

პატარებსაც აქვთ უნარი, განივითარონ პასუხისმგებლობის გრძნობა, მიუხედავად იმისა, რომ მათი შესაძლებლობები შეზღუდულია. ერთ წიგნში ნათქვამია: „ერთი წლის ბავშვს უკვე აქვს უნარი, მშობლებს დაუჯეროს, წლინახევრის ბავშვს კი მშობლების მიბაძვის სურვილი უჩნდება. ბევრ ქვეყანაში ხუთიდან შვიდ წლამდე ბავშვებს მშობლები სახლის საქმეებს ავალებენ. ასეთი პატარა ბავშვებიც კი კარგად ართმევენ თავს მსგავს საქმეებს“ (Parenting Without Borders).

რატომ არის კარგი პასუხისმგებლობის გრძნობის ქონა?

არსებობს ასეთი ტერმინი „ბუმერანგის თაობა“. ამ თაობას მიეკუთვნებიან ის ახალგაზრდები, რომლებიც სახლიდან მიდიან, რათა დამოუკიდებლად იცხოვრონ, მაგრამ თავს ვერ ართმევენ სირთულეებს და ისევ მშობლებთან ბრუნდებიან. ზოგ შემთხვევაში ამის მიზეზი ის არის, რომ მშობლებმა თავის დროზე არ ასწავლეს, პასუხისმგებლობის გრძნობით მოკიდებოდნენ ყველაფერს, რის გაკეთებაც ევალებათ, რაშიც შედის ფულის სწორად განკარგვა და საოჯახო საქმეების კეთება.

უმჯობესია, თუ პატარაობიდანვე ასწავლით შვილებს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ ყველაფერს. „კარგი არ იქნება, თუ შვილი თვრამეტ წლამდე თქვენზე იქნება დამოკიდებული, შემდეგ კი ერთ დღეში ჩააბამთ ცხოვრების ფერხულში“, — ნათქვამია ერთ წიგნში (How to Raise an Adult).

როგორ ჩავუნერგოთ შვილს პასუხისმგებლობის გრძნობა?

დაავალეთ სახლის საქმეები.

ბიბლიური პრინციპი: „ყოველგვარი შრომა სასარგებლოა“ (იგავები 14:23).

პატარებს უყვართ მშობლებთან ერთად საქმის კეთება. ისარგებლეთ ამით და დაავალეთ სახლის საქმეები.

ზოგ მშობელს არ სურს, ბავშვმა სახლის საქმეები აკეთოს, რადგან ფიქრობენ, რომ ისედაც უამრავი საშინაო დავალება აქვთ გასაკეთებელი და რატომღა აჰკიდონ ზედმეტი ტვირთი.

ბავშვები, რომლებიც სახლის საქმეებს აკეთებენ, დიდი ალბათობით უფრო კარგად ისწავლიან სკოლაში, რადგან სახლში ეჩვევიან დავალებული საქმის ბოლომდე მიყვანას. გარდა ამისა, როგორც ერთ წიგნშია აღნიშნული, „თუ ბავშვს პატარაობაში არ ვაძლევთ საშუალებას, დაგვეხმაროს, შეიძლება დაასკვნას, რომ ამის გაკეთება არც ისე მნიშვნელოვანია . . . შესაძლოა სხვები ვალდებულადაც კი ჩათვალოს, რომ მის გასაკეთებელს გააკეთებენ“ (Parenting Without Borders).

როგორც ამ ამონარიდიდან გამოჩნდა, სახლის საქმეებში მონაწილეობა ბავშვს ასწავლის, მხოლოდ კი არ მიიღოს, გასცეს კიდეც. როცა მათ თავიანთი წვლილი შეაქვთ საოჯახო საქმეებში, აცნობიერებენ, რომ ოჯახის სრულფასოვანი წევრები არიან და მათაც აკისრიათ გარკვეული პასუხისმგებლობა.

დაეხმარეთ, პასუხი აგოს საკუთარ შეცდომებზე.

ბიბლიური პრინციპი: „მოუსმინე რჩევას და მიიღე დარიგება, რათა საბოლოოდ დაბრძენდე“ (იგავები 19:20).

როდესაც თქვენი შვილი რაღაცას აშავებს, მაგალითად, სხვის ნივთს შემთხვევით აზიანებს, ნუ დააფარებთ ხელს. ბავშვებმაც უნდა აგონ პასუხი შედეგებზე — მოიბოდიშონ ან, თუ შესაძლებელია, დანაკარგი აანაზღაურონ.

როცა ბავშვს ესმის, რომ საკუთარ შეცდომაზე თავად უნდა აგოს პასუხი, მას უადვილდება . . .

  • იყოს კეთილსინდისიერი და აღიაროს თავისი შეცდომა.

  • სხვებს არ გადააბრალოს თავისი დანაშაული.

  • არ დაიწყოს თავის მართლება.

  • საჭიროების შემთხვევაში მოიბოდიშოს.

მამა ასწავლის შვილს მცენარეების მოვლას

ბავშვობიდანვე ასწავლეთ

თუ ბავშვს პატარაობიდანვე უნერგავთ პასუხისმგებლობის გრძნობას, დიდობაში უკეთ გაართმევს თავს ცხოვრებისეულ სირთულეებს

მაგალითი მიეცით

  • ვარ შრომისმოყვარე, მოწესრიგებული და პუნქტუალური?

  • ხედავენ შვილები, რომ მიყვარს საოჯახო საქმეების კეთება?

  • ვაღიარებ შეცდომებს და, თუ საჭიროა, მზად ვარ, მოვიბოდიშო კიდეც?

აი, რას გვიზიარებენ მშობლები

„ჩემი შვილები პატარაობიდანვე მეხმარებოდნენ სადილის მომზადებაში, დარეცხილი ტანსაცმლის დაკეცვაში ან მტვრის გადაწმენდაში. მათთვის სახალისო გახდა ასეთი საქმეების კეთება. უხაროდათ ჩემ გვერდით ყოფნა და ჩემი დახმარება. შედეგად პასუხისმგებლობის გრძნობა განუვითარდათ“ (ლორა).

„ერთხელ ჩემს პატარა ბიჭს ვუთხარი, ჩემი მეგობრისთვის დაერეკა და ბოდიში მოეხადა იმის გამო, რომ ეუზრდელა. წლების მანძილზე მას არაერთხელ მოუწია მობოდიშება, რადგან სათქმელს გულწრფელად, მაგრამ უტაქტოდ ამბობდა. ახლა მას აღარ უჭირს მობოდიშება, როცა რაღაც ეშლება“ (დებრა).

საკუთარ შეცდომებზე სწავლა

ერთმა მასწავლებელმა ჯესიკა ლეიჰიმ ერთ ჟურნალში დაწერა: „მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ ბავშვებს ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ საკუთარ შეცდომებზე. ჩემი პრაქტიკიდან ვხედავ, რომ ყველაზე წარმატებული მოსწავლეები სწორედ ისინი არიან, რომლებსაც მშობლები თავიდან კი არ არიდებენ თავიანთი შეცდომების შედეგებს, არამედ ეხმარებიან მათ გამოსწორებაში“ (Atlantic).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება