ᲤᲐᲡᲔᲑᲘᲡ ᲖᲠᲓᲐ – ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲕᲐᲠᲗᲕᲐᲗ ᲗᲐᲕᲘ
იყავით ხელგაშლილი
რაც უფრო ძვირდება ცხოვრება, შეიძლება მით უფრო გაგვიჭირდეს, რომ ვიყოთ ხელგაშლილები. თუმცა, სინამდვილეში, თუ გულუხვები ვიქნებით, შეიძლება უფრო გაგვიადვილდეს ეკონომიკურ სირთულეებთან გამკლავება. საინტერესოა, რომ ხელგაშლილობა სულაც არ გამორიცხავს ეკონომიურობას.
ᲠᲐᲢᲝᲛ ᲣᲜᲓᲐ ᲕᲘᲧᲝᲗ ᲮᲔᲚᲒᲐᲨᲚᲘᲚᲔᲑᲘ
მნიშვნელობა არ აქვს, ცოტას გავცემთ თუ ბევრს, როცა ხელგაშლილები ვართ, ეს გვაბედნიერებს და ღირსების გრძნობას გვიმაღლებს. კვლევებიც ადასტურებს, რომ ასე მოქცევა დადებითად აისახება როგორც ჩვენს ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობაზე. მაგალითად, ამცირებს შფოთვის განცდას, სტრესის დონეს და სხეულში ტკივილის შეგრძნებას, აგრეთვე ხელს უწყობს არტერიული წნევის დარეგულირებას და აუმჯობესებს ძილის ხარისხს.
როცა სხვებს ხელს ვუმართავთ, იქნება ეს ფინანსურად თუ სხვა სახით, ჩვენც გვიმარტივდება დახმარების მიღება. ინგლისში მცხოვრები ერთი მამაკაცი, სახელად ჰაუარდი, აღნიშნავს: „მე და ჩემი ცოლი ვცდილობთ, ხელგაშლილები ვიყოთ და დახმარების ხელი გავუწოდოთ სხვებს. ამიტომ თავს უხერხულად აღარ ვგრძნობთ, როცა ჩვენ გვჭირდება სხვების თანადგომა“. რა თქმა უნდა, ვინც მთელი გულით იჩენს გულუხვობას, ამას იმიტომ არ აკეთებს, რომ სანაცვლოდ რაიმეს ელის. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ასეთი ადამიანები ნამდვილ მეგობრებს იძენენ, რომლებიც გასაჭირში ყოველთვის გაუწვდიან დახმარების ხელს.
ᲠᲘᲡᲘ ᲒᲐᲙᲔᲗᲔᲑᲐ ᲨᲔᲒᲘᲫᲚᲘᲐᲗ
გაეცით ის, რაც შეგიძლიათ. შეიძლება ხელმომჭირნედ ცხოვრობთ, მაგრამ ხელგაშლილობის გამოვლენა მაინც შეგიძლიათ, მაგალითად, ვინმეს უბრალო კერძით გამასპინძლება. უგანდაში მცხოვრები ერთი მამაკაცი, რომლის ოჯახიც სიღარიბის მიუხედავად ხელგაშლილობით გამოირჩევა, აღნიშნავს: „კვირაობით მე და ჩემი ცოლი ყოველთვის ვეპატიჟებით ხოლმე ვინმეს სადილად. მართალია, განსაკუთრებულს ვერაფერს ვამზადებთ, მაგრამ ძალიან გვსიამოვნებს მათთან ურთიერთობა“.
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გაწონასწორებულობაა საჭირო, რათა საკუთარი ოჯახი არ დაგვრჩეს აუცილებლის გარეშე (იობ. 17:5).
ეცადეთ, ასე მოიქცეთ: დაპატიჟეთ ვინმე და თუნდაც უბრალო კერძით ან რაიმე ცივი თუ ცხელი სასმლით გაუმასპინძლდით. თუ ისეთი ნივთები გაქვთ, რომლებსაც აღარ იყენებთ, შეგიძლიათ მათ მისცეთ, ვისაც უფრო გამოადგება.
სხვადასხვა გზა გამონახეთ ხელგაშლილობის გამოსავლენად. ზოგ შემთხვევაში ფული სულაც არაა საჭირო, რომ რაღაც გასცე. მაგალითად, შეგიძლიათ დრო დაუთმოთ სხვებს და პრაქტიკულად დაეხმაროთ ან დაარწმუნოთ იმაში, რომ გიყვართ და აფასებთ. ზოგისთვის საუკეთესო საჩუქარი შეიძლება ერთი ტკბილი სიტყვაც კი აღმოჩნდეს.
ეცადეთ, ასე მოიქცეთ: დაეხმარეთ ვინმეს სახლის საქმეებში, იქნება ეს რაიმეს შეკეთება თუ საყიდლებზე წასვლა. გაუგზავნეთ ღია ბარათი ან მისწერეთ მესიჯი მეგობარს, თუნდაც მხოლოდ იმის სათქმელად, რომ გახსოვთ და ფიქრობთ მასზე.
თუ ეცდებით, რომ სხვადასხვა გზა გამონახოთ ხელგაშლილობის გამოსავლენად, ეს თქვენს ცხოვრებაზე დადებითად აისახება.