პირველი საუკუნის ქრისტიანული კრება
ახალი წელთაღრიცხვით 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იესოს 120 მოწაფეს სულიწმიდა გადმოეფრქვა და მათ ღვთის დიდებული საქმეების შესახებ მრავალ ენაზე იწყეს საუბარი. ასე დაფუძნდა ქრისტიანული კრება. იმ დღეს დაახლოებით 3 000 ახალი მოსწავლე მოინათლა (საქმეები, მე-2 თავი).
მოციქულები და სხვები გაბედულად განაგრძობდნენ ღვთის სიტყვის ქადაგებას, რის გამოც სხვადასხვა ადგილას კრებების რიცხვი იზრდებოდა. როგორც წიგნ „საქმეებშია“ ნათქვამი, ქადაგებამ სწრაფად მოიცვა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროები, ბაბილონიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან რომამდე და, შესაძლოა, ესპანეთამდე (რომაელთა 15:18-29; კოლასელთა 1:23; 1 პეტრე 5:13).
ყველგან, სადაც კი ადამიანები მოწაფეები ხდებოდნენ, ყალიბდებოდა კრებები. გამოცდილი, მოწიფული მამაკაცები უხუცესებად ანუ ზედამხედველებად ინიშნებოდნენ, რათა დაეცვათ ჭეშმარიტი სწავლებისა და ქცევის ნორმები და კრებისთვის ეხელმძღვანელათ. მაგრამ მათ სამღვდელოების კლასი არ შეუქმნიათ; ისინი ღვთის სამეფოს მსახურები და თანამშრომლები იყვნენ (საქმეები 14:23; 20:28; 1 კორინთელთა 3:5, 5:13; კოლასელთა 4:11; 1 ტიმოთე 3:1–15; ებრაელთა 13:17; 1 პეტრე 5:1–4).
მოციქულები და მათი ახლო თანამშრომლები ხელმძღვანელი საბჭოს წევრებად მსახურობდნენ. ისინი ხელმძღვანელობდნენ სამქადაგებლო საქმიანობას. აგვარებდნენ იერუსალიმის კრებაში არსებულ პრობლემებს. ახალი თანამორწმუნეების გასაძლიერებლად გამოცდილ ძმებს სამარიასა და ანტიოქიაში აგზავნიდნენ. მათ განიხილეს საკამათო საკითხი წინადაცვეთის შესახებ და მიღებული გადაწყვეტილება სახელმძღვანელოდ ყველა კრებას გაუგზავნეს. მაგრამ ეს მამაკაცები სხვებზე კი არ ბატონობდნენ, არამედ მთელი კრების მსახურები და თანამშრომლები იყვნენ (საქმეები 4:33; 6:1-7; 8:14-25; 11:22–24; 15:1–32; 16:4, 5; 1 კორინთელთა 3:5–9; 4:1, 2; 2 კორინთელთა 1:24).
ადრინდელ მოწაფეებს ქრისტიანები ეწოდათ და ეს ღვთიური ხელმძღვანელობის შედეგი იყო. ისინი თავიანთი სწავლებებითაც გამოირჩეოდნენ; ამ სწავლებებს მოციქულთა მოძღვრებები ანუ საღი სიტყვების ნიმუში ეწოდებოდა. ეს ბიბლიური სწავლება აგრეთვე ცნობილი იყო როგორც ჭეშმარიტება (იოანე 17:17; საქმეები 2:42; 11:26; რომაელთა 6:17; 1 ტიმოთე 4:6; 6:1, 3; 2 ტიმოთე 1:13; 2 პეტრე 2:2; 2 იოანე 1, 4, 9).
ეს მთელ მსოფლიოში სიყვარულით გაერთიანებული ძმების საზოგადოება იყო. ისინი დაინტერესებული იყვნენ სხვა ქვეყნებში მცხოვრები თანამორწმუნეებით. როცა სხვა ქვეყნებში მიემგზავრებოდნენ, თანამორწმუნეები სიამოვნებით ღებულობდნენ მათ თავიანთ ოჯახებში. ეს ხალხი იცავდა მაღალ ზნეობრივ ნორმებს და წუთისოფლისგან გამოყოფილი წმინდა ხალხი იყო. მათ ყოველთვის ახსოვდათ იეჰოვას დღე და თავგამოდებით საჯაროდ აცხადებდნენ თავიანთ რწმენას (იოანე 13:34, 35; 15:17–19; საქმეები 5:42; 11:28, 29; რომაელთა 10:9, 10, 13–15; ტიტე 2:11–14; ებრაელთა 10:23; 13:15; 1 პეტრე 1:14–16; 2:9–12; 5:9; 2 პეტრე 3:11–14; 3 იოანე 5–8).
მაგრამ, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, მეორე და მესამე საუკუნეებში განვითარება დაიწყო დიდმა განდგომილებამ. შედეგად ჩამოყალიბდა დიდი საეკლესიო სისტემები, რომლებიც ადრინდელი ქრისტიანული კრებისგან განსხვავებით, სწავლებებში, ქცევაში, ორგანიზებულობასა და წუთისოფლისადმი დამოკიდებულებაში სიწმინდეს არ იცავდნენ (მათე 13:24–30, 37–43; 2 თესალონიკელთა, მე-2 თავი).
მაგრამ იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ამ სისტემის აღსასრულისას აღდგებოდა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა. იეჰოვას მოწმეებს სწამთ, რომ ამ აღდგენის დანახვა შესაძლებელია მათი დღევანდელი მსოფლიო საქმიანობით, იესოს წინასწარმეტყველებიდან დაახლოებით 1900 წლის შემდეგ. მომდევნო გვერდები მოგვითხრობს, რატომ ფიქრობენ ისინი ასე.
• როგორ დაფუძნდა ქრისტიანული კრება და როგორ იზრდებოდა ის?
• როგორ ხდებოდა კრების ზედამხედველობა?
• რით გამოირჩეოდნენ აშკარად პირველი საუკუნის ქრისტიანები?
[რუკა 7 გვერდზე]
(სრულად გაფორმებული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში]
შავი ზღვა
კასპიის ზღვა
დიდი ზღვა
წითელი ზღვა
სპარსეთის ყურე
ტერიტორიები, რომლებშიც პირველ საუკუნეში კეთილი ცნობა ექადაგა
იტალია
რომი
საბერძნეთი
მალტა
კრეტა
კვიპროსი
ბითვინია
გალატია
აზია
კაბადოკია
კილიკია
სირია
ისრაელი
იერუსალიმი
მესოპოტამია
ბაბილონი
ამ ტერიტორიებზე მცხოვრებმა ზოგმა ადამიანმა მიიღო რწმენა
ილურიკია
მიდია
პართია
ელამი
არაბეთი
ლიბია
ეგვიპტე
ეთიოპია
[სურათები 7 გვერდზე]
ადრინდელი ქრისტიანები გაბედულად ქადაგებდნენ ღვთის სიტყვას.
სადაც არ უნდა წასულიყვნენ, ქრისტიანებს თანამორწმუნეები სიამოვნებით ღებულობდნენ თავიანთ ოჯახებში.