საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • re თ. 34 გვ. 246-251
  • საოცარი საიდუმლო იხსნება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • საოცარი საიდუმლო იხსნება
  • გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • მხეცი უფსკრულიდან ამოდის
  • მშვიდობისა და უსაფრთხოების ფუჭი იმედი
  • ვინ არის გამოცხადების მე-17 თავში მოხსენიებული ალისფერი მხეცი?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • დიდი ბაბილონის დასჯა
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
  • არ არის მშვიდობა ცრუ მაცნეებისთვის!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
  • სახელგატეხილი მეძავის გასამართლება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
იხილეთ მეტი
გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
re თ. 34 გვ. 246-251

თავი 34

საოცარი საიდუმლო იხსნება

1. ა) რა რეაქცია ჰქონდა იოანეს შემზარავი მხეცისა და დიდი მეძავის დანახვისას, და რატომ? ბ) როგორ რეაგირებს დღეს იოანეს კლასი ამ წინასწარმეტყველური ხილვის შესრულებაზე?

რა რეაქცია ჰქონდა იოანეს შემზარავი მხეცისა და მასზე მჯდომი დიდი მეძავის დანახვისას? იოანე ამბობს: „დავინახე და დიდი გაკვირვებით გამიკვირდა“ (გამოცხადება 17:6ბ). ადამიანს არ შეუძლია ამგვარი სანახაობის წარმოდგენა. იოანე ხედავს გახრწნილ მეძავს უდაბნოში. მეძავი საშინელ, ალისფერ მხეცზე ზის (გამოცხადება 17:3). დღესაც იოანეს კლასი განცვიფრებას ვერ მალავს ამ წინასწარმეტყველური ხილვის შესრულების შემხედვარე. ხალხს ამის დანახვა რომ შეეძლოს, წამოიძახებდა, ეს დაუჯერებელიაო; ვერც მთავრობის წარმომადგენლები დამალავდნენ განცვიფრებას. ეს ხილვა საოცრად სრულდება ჩვენს დროში. ღვთის ხალხს დიდი წვლილი შეაქვს ამ ხილვის შესრულებაში, რაც გვარწმუნებს, რომ ეს წინასწარმეტყველება თავისი აღსრულების კულმინაციას მიაღწევს.

2. ა) რას ეუბნება ანგელოზი იოანეს, როცა მის გაკვირვებას ხედავს? ბ) რა გაუმჟღავნდა იოანეს კლასს და როგორ მოხდა ეს?

2 ანგელოზისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა იოანეს გაკვირვება. იოანე განაგრძობს: «ანგელოზმა კი მითხრა: „რატომ გაგიკვირდა? გეტყვი ამ ქალისა და იმ შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცის საიდუმლოს, რომელიც მას ატარებს“ » (გამოცხადება 17:7). ანგელოზი იოანეს საიდუმლოს განუმარტავს. ის გაოგნებულ იოანეს უხსნის ამ ხილვის სხვადასხვა დეტალს და მოსალოდნელ მოვლენებს. იოანეს კლასს, რომელიც ფხიზლობს და რომლის მსახურებასაც ანგელოზები ხელმძღვანელობენ, გაუმჟღავნდა ამ წინასწარმეტყველების მნიშვნელობა. „განა ღვთისგან არ არის ახსნა?“ — ერთგული იოსების მსგავსად, ჩვენც გვჯერა, რომ ეს ასეა (დაბადება 40:8; შეადარეთ დანიელის 2:29, 30). ღვთის ხალხი თითქოსდა მოვლენების ცენტრში ექცევა, როცა იეჰოვა უხსნის მათ, რა მნიშვნელობა აქვს ამ ხილვას და როგორ იმოქმედებს ის მათზე (ფსალმუნი 25:14). ღმერთმა მათ თავის დროზე გაუმჟღავნა ქალისა და მხეცის საიდუმლო (ფსალმუნი 32:8).

3, 4. ა) რა საჯარო მოხსენება წაიკითხა ნ. ჰ. ნორმა 1942 წელს და როგორ ახსნა ალისფერი მხეცის ვინაობა? ბ) ანგელოზის რომელი სიტყვები განიხილა ნ. ჰ. ნორმა?

3 როცა მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა, იეჰოვას მოწმეებმა 1942 წლის 18—20 სექტემბერს შეერთებულ შტატებში ჩაატარეს კონგრესი სახელწოდებით „ახალი ქვეყნიერება“. პროგრამის სატელეფონო ტრანსლაცია კლივლენდიდან (ოჰაიო) 50 ქალაქში მიმდინარეობდა. დამსწრეთა უმაღლესმა რიცხვმა 129 699-ს მიაღწია. ომის მიუხედავად, კონგრესები იმავე პროგრამით ჩატარდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც, სადაც ამის შესაძლებლობა იყო. მაშინ იეჰოვას ხალხის უმრავლესობას ეგონა, რომ ომი ღვთის ომში, არმაგედონში გადაიზრდებოდა. ამიტომ, საჯარო მოხსენებამ სათაურით „დიდხანს გასტანს მშვიდობა?“ ყველას ცნობისმოყვარეობა აღუძრა. როგორ უნდა ელაპარაკა საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ახალ პრეზიდენტ ნ. ჰ. ნორს მშვიდობაზე, როცა ხალხს უბედურება ელოდა?a ეს გასაკვირი არ იყო, რადგან იოანეს კლასი ‘განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა’ ღვთის წინასწარმეტყველურ სიტყვას (ებრაელები 2:1; 2 პეტრე 1:19).

4 რა წინასწარმეტყველებას მოჰფინა ნათელი მოხსენებამ „დიდხანს გასტანს მშვიდობა?“ ნ. ჰ. ნორმა ახსნა, რომ გამოცხადების 17:3-ში მოხსენიებული ალისფერი მხეცი ერთა ლიგა იყო. ანგელოზის სიტყვების საფუძველზე მან ისაუბრა, რა ცვალებადი იქნებოდა ამ მხეცის საქმიანობა: „მხეცი, რომელიც იხილე, იყო, არ არის, მაგრამ მალე ამოვა უფსკრულიდან და დასაღუპავად წავა“ (გამოცხადება 17:8ა).

5. ა) რა გაგებით შესრულდა სიტყვები: „მხეცი. . . იყო, არ არის“? ბ) როგორ უპასუხა ნ. ჰ. ნორმა კითხვაზე დარჩებოდა თუ არა ლიგა უფსკრულში?

5 „მხეცი. . . იყო“. მან 1920 წლის 10 იანვრიდან დაიწყო არსებობა როგორც ერთა ლიგამ. ამ ორგანიზაციაში სულ 63 ქვეყანა ერთიანდებოდა, თუმცა დროის სხვადასხვა მონაკვეთში. იაპონიამ, გერმანიამ და იტალიამ დატოვეს ეს ორგანიზაცია, ხოლო ყოფილი საბჭოთა კავშირი გარიცხეს ლიგიდან. 1939 წლის სექტემბერში ნაცისტმა დიქტატორმა მეორე მსოფლიო ომი წამოიწყოb. ერთა ლიგამ ვერ შეძლო მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნება, ამიტომ ის უმოქმედობის უფსკრულში ჩაიძირა. 1942 წელს მას უკვე დაკარგული ჰქონდა თავისი ფუნქცია. არც ადრე და არც გვიან, სწორედ ამ კრიტიკულ დროს გააგებინა იეჰოვამ თავის ხალხს ამ ხილვის სრული მნიშვნელობა. კონგრესზე სახელწოდებით „ახალი ქვეყნიერება“ ნ. ჰ. ნორმა წინასწარმეტყველების საფუძველზე განაცხადა, რომ „მხეცი. . . არ არის“. შემდეგ მან დასვა კითხვა: „დარჩება ლიგა უფსკრულში?“ გამოცხადების 17:8-ის ციტირების შემდეგ მან თქვა: „ერთა ეს გაერთიანება კვლავ გამოჩნდება“. ყველაფერი ასეც მოხდა, რამაც იეჰოვას წინასწარმეტყველური სიტყვის უტყუარობა დაადასტურა.

მხეცი უფსკრულიდან ამოდის

6. ა) როდის ამოვიდა უფსკრულიდან ალისფერი მხეცი და რა იყო მისი ახალი სახელი? ბ) რატომ არის გაერო გაცოცხლებული ალისფერი მხეცი?

6 ალისფერი მხეცი უფსკრულიდან ამოვიდა. 1945 წლის 26 ივნისს სან-ფრანცისკოში (აშშ) 50 სახელმწიფომ დიდი ზარ-ზეიმით დაუჭირა მხარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას. ამ ორგანიზაციას ევალებოდა „საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა“. ერთა ლიგას და გაეროს ბევრი რამ ჰქონდათ საერთო. „ენციკლოპედია უორლდ ბუკში“ აღნიშნულია: „გაერო რაღაცით მოგვაგონებს ერთა ლიგას, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა. . . მრავალი სახელმწიფო, რომელმაც გაეროს შექმნაში მიიღო მონაწილეობა, თავის დროზე ლიგის შექმნაშიც მონაწილეობდა. ერთა ლიგის მსგავსად გაეროს შექმნის მიზანი ერებს შორის მშვიდობის შენარჩუნება იყო. გაეროს მთავარი ორგანოები ძალიან ჰგავს ლიგის მთავარ ორგანოებს“. გაერო, ფაქტობრივად, გაცოცხლებული ალისფერი მხეცია. თუკი ლიგაში 63 წევრ-სახელმწიფო იყო, გაეროში ბევრად მეტი სახელმწიფოა გაერთიანებული — დაახლოებით 190; მას უფრო მეტი პასუხისმგებლობა აკისრია, ვიდრე მის წინამორბედს.

7. ა) რა გაგებით განაცვიფრებს დედამიწის მკვიდრთ ალისფერი მხეცის გაცოცხლება? ბ) რას ვერ მიაღწია გაერომ და რა დაიჩივლა მისმა გენერალურმა მდივანმა?

7 თავდაპირველად გაეროზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. ამგვარად შესრულდა ანგელოზის სიტყვები: „იმის დანახვაზე, რომ მხეცი იყო, არ არის, მაგრამ კვლავ იქნება, დედამიწის მკვიდრნი განცვიფრდებიან. მათი სახელები არ ჩაწერილა სიცოცხლის გრაგნილში ქვეყნიერების შექმნიდან“ (გამოცხადება 17:8ბ). დედამიწის მკვიდრნი მოიხიბლნენ ამ ახალი გიგანტური ორგანიზაციით, რომელიც მოქმედებდა ნიუ-იორკში, ისტ-რივერთან მდებარე შთამბეჭდავ მთავარ შტაბ-ბინაში; მაგრამ გაერომ ვერ შეძლო მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარება. XX საუკუნეში საერთაშორისო მშვიდობა ძირითადად „ურთიერთგანადგურების მუქარით“ ნარჩუნდებოდა. გამალებულმა შეიარაღებამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია. 1985 წელს, დაახლოებით 40 წლიანი მცდელობის შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ხავიერ პერეს დე კუელიარმა დაიჩივლა: „ჩვენ ვცხოვრობთ ფანატიკოსების ეპოქაში და არ ვიცით, რა ვიღონოთ“.

8, 9. ა) რატომ არ შეუძლია გაეროს მსოფლიო პრობლემების გადაჭრა და რა დაემართება მას მალე ღვთის განზრახვის თანახმად? ბ) რატომ არ არის ჩაწერილი გაეროს შემქმნელთა და მხარდამჭერთა სახელები სიცოცხლის გრაგნილში? გ) რას გააკეთებს იეჰოვას სამეფო?

8 გაეროს არ შეუძლია პრობლემების გადაჭრა. რატომ? გაერო კაცობრიობის შემოქმედს არ შეუქმნია. ის დიდხანს ვერ იარსებებს, რადგან ღვთის განზრახვის თანახმად „დასაღუპავად წავა“. გაეროს ფუძემდებელთა და მხარდამჭერთა სახელები არ იწერება სიცოცხლის გრაგნილში. როგორ შეძლებენ ცოდვილი, მოკვდავი ადამიანები, რომელთა უმრავლესობა არაფრად აგდებს ღვთის სახელს, გაეროს ხელით განახორციელონ ის, რაც იეჰოვა ღმერთმა თავისი სიტყვების თანახმად ქრისტეს სამეფოს მეშვეობით უნდა გააკეთოს, და არა ადამიანების ხელით? (დანიელი 7:27; გამოცხადება 11:15).

9 გაერო ღვთისმგმობელი ორგანიზაციაა, რომელიც ღვთის სამეფოს ადგილს იკავებს. ღვთის სამეფოს სათავეში მშვიდობის მთავარი, იესო ქრისტე უდგას, რომლის ხელმწიფობას ბოლო არ ექნება (ესაია 9:6, 7). გაერომ დროებითაც რომ შეძლოს მშვიდობის დამყარება, ომები მაინც გაჩაღდება. ცოდვილი ადამიანები ამაზე მეტს ვერ შეძლებენ. „მათი სახელები არ ჩაწერილა სიცოცხლის გრაგნილში ქვეყნიერების შექმნიდან“. იეჰოვას სამეფო, რომელსაც ქრისტე ხელმძღვანელობს, მარადიულ მშვიდობას მოიტანს დედამიწაზე; ის იესოს გამოსასყიდის წყალობით ღვთის მეხსიერებაში მყოფ მკვდრებსაც აღადგენს, როგორც მართლებს, ისე უმართლოებს (იოანე 5:28, 29; საქმეები 24:15). მათ შორის იქნებიან ისინიც, ვინც სატანისა და მისი შთამომავლობის წინააღმდეგობის მიუხედავად ერთგული დარჩა და ისინიც, ვინც უნდა დაამტკიცოს მორჩილება. აშკარაა, რომ ღმერთი სიცოცხლის გრაგნილში არასდროს ჩაწერს არც „დიდი ბაბილონის“ ერთგულთა და არც მხეცის თაყვანისმცემელთა სახელებს (გამოსვლა 32:33; ფსალმუნი 86:8—10; იოანე 17:3; გამოცხადება 16:2; 17:5).

მშვიდობისა და უსაფრთხოების ფუჭი იმედი

10, 11. ა) რა განაცხადა გაერომ 1986 წელს და რა გამოხმაურება მოჰყვა ამას? ბ) რამდენი „რელიგიური ოჯახი“ შეიკრიბა ქალაქ ასიზში, რომ მშვიდობისთვის ელოცათ და პასუხობს თუ არა ღმერთი ასეთ ლოცვებს? ახსენით.

10 კაცობრიობის დასაიმედებლად გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 1986 წელი „საერთაშორისო მშვიდობის წლად“ გამოაცხადა. ამ წლის მთავარი თემა იყო „მშვიდობის შენარჩუნება და ადამიანთა მომავლის უზრუნველყოფა“. მებრძოლ სახელმწიფოებს მოუწოდეს, ერთ წელს მაინც არ აეღოთ იარაღი ხელში. რა გამოხმაურება მოჰყვა ამ მოწოდებას? სამშვიდობო პრობლემატიკის შემსწავლელი საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, ხუთი მილიონი ადამიანი დაიღუპა 1986 წელს მიმდინარე ომებში. მართალია, მონეტები საგანგებოდ მოჭრეს და სამახსოვრო მარკებიც დაბეჭდეს, მაგრამ ერების უმეტესობას იმ წელს მშვიდობის მისაღწევად თითქმის არაფერი გაუკეთებია. მსოფლიო რელიგიები, რომლებიც გაეროსთან ყოველთვის კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობენ, სხვადასხვაგვარად ამახვილებდნენ ყურადღებას ამ წელზე. 1986 წლის 1 იანვარს პაპმა იოანე პავლე II-მ შეაქო გაეროს საქმიანობა და ეს წელი მშვიდობის წლად გამოაცხადა. 27 ოქტომბერს მან ასიზში (იტალია) შეკრიბა მსოფლიო რელიგიების წინამძღოლები, რათა მშვიდობისთვის ელოცათ.

11 პასუხობს ღმერთი ასეთ ლოცვებს? რომელ ღმერთს მიმართავდნენ ლოცვით ეს რელიგიური წინამძღოლები? ამ კითხვებზე ყველა სხვადასხვანაირად გიპასუხებდათ. განა მართლა არსებობს მილიონობით ღმერთი, რომლებიც ისმენენ და პასუხობენ მრავალი ფორმით აღვლენილ ლოცვებს? ამ შეხვედრაზე დამსწრეთაგან მრავალი ქრისტიანული სამყაროს სამებას ეთაყვანებოდაc. ბუდისტები, ინდუსები თუ სხვები უამრავ ღმერთს მიმართავდნენ ლოცვით. სულ თორმეტი „რელიგიური ოჯახის“ წარმომადგენელი შეკრებილიყო, მათ შორის იყვნენ ცნობილი ადამიანები — კენტერბერის არქიეპისკოპოსი (ანგლიკანური ეკლესია), დალაი-ლამა (ბუდიზმი), რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტი, ტოკიოს სინტოისტური ტაძრის ასოციაციის პრეზიდენტი, აფრიკელი ანიმისტები და ორი ამერიკელი ინდიელი ბუმბულებით გაწყობილი თავსაბურავებით. თავყრილობა მართლაც მრავალფეროვანი იყო და სატელევიზიო მიმოხილვაც სანახაობრივი გამოვიდა. ერთ-ერთი ჯგუფი 12 საათს განუწყვეტლივ ლოცულობდა (შეადარეთ ლუკას 20:45—47). მაგრამ გასცდა მათი ლოცვები შეკრებილთა თავზე ჩამოწოლილ ღრუბლებს? ქვემოთ მოცემული მიზეზების გამო, არა.

12. რატომ არ პასუხობს ღმერთი რელიგიური წინამძღოლების მიერ მშვიდობისთვის აღვლენილ ლოცვებს?

12 იეჰოვას სახელით მავალთაგან განსხვავებით ამ რელიგიურ წინამძღოლთაგან არც ერთს არ მიუმართავს იეჰოვასთვის, ცოცხალი ღვთისთვის, რომლის სახელიც ბიბლიის დედანში დაახლოებით 7 000-ჯერ არის მოხსენიებული (მიქა 4:5; ესაია 42:8, 12)d. მათ ღვთისთვის იესოს სახელითაც არ მიუმართავთ. მათ უმრავლესობას არც კი სწამს იესო ქრისტე (იოანე 14:13; 15:16). არც ერთი მათგანი არ ასრულებს ღვთის ნებას და არ ქადაგებს, რომ ღვთის მომავალი სამეფოა კაცობრიობის ერთადერთი იმედი და არა გაერო (მათე 7:21—23; 24:14; მარკოზი 13:10). წარმოდგენილი რელიგიური ორგანიზაციების უმეტესობა მონაწილეობდა სისხლისმღვრელ ომებში, მათ შორის XX საუკუნეში მომხდარ ორივე მსოფლიო ომში. ასეთებს ღმერთი ეუბნება: „თუმცა ბევრს ლოცულობთ, არ გისმენთ; ხელები სისხლით გაქვთ სავსე“ (ესაია 1:15; 59:1—3).

13. ა) რით არის აღსანიშნავი ის ფაქტი, რომ ეს რელიგიური წინამძღოლები გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ერთად მოუწოდებენ მსოფლიოს მშვიდობისკენ? ბ) ღვთის წინასწარმეტყველების თანახმად როდემდე ილაპარაკებენ მშვიდობაზე?

13 აღსანიშნავია, რომ ეს რელიგიური წინამძღოლები გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ერთად მსოფლიოს მშვიდობისკენ მოუწოდებენ. მათ სურთ, რომ თავიანთ სასარგებლოდ გავლენა მოახდინონ გაეროზე, და განსაკუთრებით ახლა, როცა ბევრი მათი მიმდევარი ზურგს აქცევს რელიგიას. ისინი ძველი ისრაელის ორგული წინამძღოლების მსგავსად გაიძახიან: „მშვიდობაა, მშვიდობააო! როცა არ არის მშვიდობა“ (იერემია 6:14). უეჭველია, ისინი კვლავ აქტიურად განაგრძობენ მშვიდობაზე ლაპარაკს, სანამ არ დადგება აღსასრული, რის შესახებაც მოციქული პავლე წინასწარმეტყველებდა: „იეჰოვას დღე ზუსტად ისე მოვა, როგორც ღამე ქურდი. როცა ილაპარაკებენ, მშვიდობა და უსაფრთხოებაო, მაშინ დაატყდებათ თავს მოულოდნელი განადგურება, როგორც ორსულ ქალს — მშობიარობის ტკივილები, და თავს ვერ დააღწევენ“ (1 თესალონიკელები 5:2, 3).

14. რა ხასიათი შეიძლება მიიღოს მშვიდობაზე და უსაფრთხოებაზე საუბარმა და რატომ არ უნდა შეგვიყვანოს ამან შეცდომაში?

14 ბოლო წლებში პოლიტიკოსები გამოთქმას „მშვიდობა და უსაფრთხოება“ დასახული მიზნების აღსაწერად იყენებენ. ნიშნავს მსოფლიო პოლიტიკური ლიდერების ასეთი ძალისხმევა იმას, რომ 1 თესალონიკელების 5:3-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება სრულდება? გულისხმობდა პავლე რაღაც განსაკუთრებულ მოვლენას, რომელიც მსოფლიოს ყურადღებას მიიპყრობდა? ხშირად ბიბლიური წინასწარმეტყველებები სრულიად გასაგები მათი შესრულების შემდეგ ან შესრულების დროს ხდება, ამიტომ მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ. ქრისტიანებმა იციან, რომ ერებმა, რომც მიაღწიონ, ერთი შეხედვით, მშვიდობასა და უსაფრთხოებას, სინამდვილეში არაფერი შეიცვლება. ეგოიზმი, სიძულვილი, დამნაშავეობა, ოჯახების ნგრევა, უზნეობა, ავადმყოფობა, მწუხარება და სიკვდილი მაინც იარსებებს. ამგვარად, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე საუბარი არ შეგიყვანთ შეცდომაში, თუ ფხიზლად ადევნებთ თვალს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და ყურად იღებთ ღვთის სიტყვაში ჩაწერილ წინასწარმეტყველურ გაფრთხილებებს (მარკოზი 13:32—37; ლუკა 21:34—36).

[სქოლიოები]

a ჯ. ფ. რუტერფორდი 1942 წლის 8 იანვარს გარდაიცვალა. მის შემდეგ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პრეზიდენტი ნ. ჰ. ნორი გახდა.

b 1940 წლის 20 ნოემბერს გერმანიამ, იტალიამ, იაპონიამ და უნგრეთმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს „ახალი ერთა ლიგის“ შექმნის თაობაზე. ოთხი დღის შემდეგ ვატიკანიდან ტრანსლაციით გადმოსცემდნენ მესას და ლოცვას მშვიდობისა და ახალი წყობისთვის. „ახალი ლიგის“ შექმნის შესახებ იდეა განუხორციელებელი დარჩა.

c სამების შესახებ სწავლება დასაბამს იღებს ძველი ბაბილონიდან, სადაც თაყვანს სცემდნენ ტრიადას — მზის ღმერთ შამაშს, მთვარის ღმერთ სინს და ვარსკვლავის ქალღმერთ იშთარს. ეგვიპტეში ოსირისს, ისიდასა და ჰოროსს ეთაყვანებოდნენ. ასირიელთა მთავარი ღვთაება ასურის გამოსახულება სამსახიანია. კათოლიკურ ეკლესიებშიც ღვთის სამთავიან გამოსახულებებს ვხვდებით.

d „უებსტერის ახალი საერთაშორისო ლექსიკონის მესამე გამოცემაში“ (1993 წელი) იეჰოვა ღმერთზე ნათქვამია, რომ ის არის „უზენაესი ღვთაება და ერთადერთი ღმერთი, რომელსაც იეჰოვას მოწმეები სცემენ თაყვანს“.

[ჩარჩო 250 გვერდზე]

მიუღწეველი მშვიდობა

მართალია 1986 წელი გაერომ მშვიდობის საერთაშორისო წლად გამოაცხადა, მაგრამ გამალებული შეიარაღება უფრო გაძლიერდა. ერთ-ერთ საიმედო წყაროში დამაფიქრებელი დეტალებია მოცემული („World Military and Social Expenditures 1986“):

1986 წელს მსოფლიო შეიარაღებაზე 900 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.

ერთ საათში მსოფლიო შეიარაღებაზე იმდენი იხარჯება, რამდენიც სამ-ნახევარი მილიონი ადამიანის აცრას მოხმარდებოდა და ინფექციური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილისგან დაიცავდა.

მსოფლიოში ყოველი მეხუთე სიღატაკეში ცხოვრობს. მთელ წელიწადს შეიძლებოდა ამ მშიერი ხალხის გამოკვება იმ თანხით, რაც ორ დღეში იხარჯება შეიარაღებაზე.

1986 წელს მთელ მსოფლიოში არსებული ბირთვული იარაღის აფეთქების შემთხვევაში 160 მილიონჯერ მეტი ენერგია გამოიყოფოდა ჩერნობილში მომხდარ აფეთქებასთან შედარებით.

1986 წელს შეიძლებოდა ისეთი ბირთვული ბომბის აფეთქება, რომელიც 1945 წელს ჰიროსიმაში ჩამოგდებულ ბომბზე 500-ჯერ ძლიერი იქნებოდა.

არსენალში არსებული ბირთვული იარაღის სიმძლავრე მილიონჯერ აღემატებოდა ჰიროსიმაში ჩამოგდებული ბომბის სიმძლავრეს. აფეთქების შემთხვევაში ენერგიის სიმძლავრე 2 700-ჯერ გადააჭარბებდა მეორე მსოფლიო ომის დროს მოხმარებული ენერგიის სიმძლავრეს, როდესაც 38 მილიონი ადამიანი დაიღუპა.

ომები უფრო ხშირი და გამანადგურებელი გახდა. XVIII საუკუნეში ომებში დაღუპულთა რიცხვმა 4 400 000 შეადგინა, XIX საუკუნეში — 8 300 000, XX საუკუნის პირველ 86 წელიწადში კი — 98 800 000. XVIII საუკუნიდან ომებში დაღუპულთა რიცხვი მსოფლიო მოსახლეობაზე ექვსჯერ სწრაფად იზრდებოდა. XX საუკუნის ომებში ათჯერ მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე XVIII საუკუნის ომებში.

[სურათები 247 გვერდზე]

როგორც ალისფერ მხეცზე იყო ნაწინასწარმეტყველები, ერთა ლიგა მეორე მსოფლიო ომის დროს „უფსკრულში ჩავიდა“, მაგრამ მოგვიანებით გამოჩნდა, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.

[სურათები 249 გვერდზე]

გაეროს მიერ გამოცხადებული ეგრეთ წოდებული „მშვიდობის წლის“ მხარდასაჭერად ასიზში შეკრებილმა მსოფლიო რელიგიების წარმომადგენლებმა ათასგვარი ლოცვა აღავლინეს, მაგრამ არც ერთ მათგანს არ მიუმართავს ლოცვით ცოცხალი ღვთისთვის, იეჰოვასთვის.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება