საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • pe თ. 14 გვ. 120-126
  • ვინ ამაღლდება ზეცაში და რატომ?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ვინ ამაღლდება ზეცაში და რატომ?
  • შენ შეგიძლია იცხოვრო მარადიულად სამოთხეში დედამიწაზე
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • მიდის თუ არა ყველა კარგი ადამიანი ზეცაში?
  • რატომ ამაღლდება ზოგიერთი ერთგული ადამიანი ზეცაში
  • რამდენი ამაღლდება ზეცაში?
  • რატომ არიან დედამიწიდან ამორჩეულები?
  • ღვთის კრება
  • სიახლე ღმერთის განზრახვაში
  • რა არის ღვთის სამეფო?
    რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?
  • მიდის ყველა კარგი ადამიანი ზეცაში?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
  • ყველა ერთგული ქრისტიანი მიდის ზეცაში?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • ვინ მიდის ზეცაში?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
იხილეთ მეტი
შენ შეგიძლია იცხოვრო მარადიულად სამოთხეში დედამიწაზე
pe თ. 14 გვ. 120-126

თავი 14

ვინ ამაღლდება ზეცაში და რატომ?

1. რა პასუხს გაგცემდა მრავალი ადამიანი კითხვაზე: „ვინ ამაღლდება ზეცაში და რატომ“?

მრავალი ამბობს: „ყველა კარგი ადამიანი ამაღლდება ზეცაში“. მაგრამ თუ ვკითხავთ მათ, რატომ ამაღლდებიან ისინი ზეცაში, შესაძლოა, გვიპასუხონ: „იმისთვის, რომ იყვნენ ღმერთთან“. ან „ეს იმის საზღაურია, რომ ისინი კარგი ადამიანები იყვნენ“. რას გვასწავლის ბიბლია ამის შესახებ?

2, 3. ა) რატომ შეიძლება ვიყოთ დარწმუნებული, რომ ზოგიერთი ადამიანი ამაღლდება ზეცაში? ბ) რომელი კითხვა მოითხოვს პასუხს?

2 ბიბლია ნათლად გვიჩვენებს, რომ იესო აღდგენილი იყო მკვდრეთით და შემდეგ ამაღლდა ზეცაში. ბიბლია ასევე ამბობს, რომ სხვა ადამიანებიც იქნებიან იქ აყვანილი. სიკვდილის წინა ღამეს იესომ უთხრა თავის ერთგულ მოციქულებს: „მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა. ასე რომ არ იყოს, არ გეტყოდით. მე მივდივარ, რათა ადგილი მოგიმზადოთ. როდესაც წავალ და ადგილს მოგიმზადებთ, ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ“ (იოანე 14:1–3).

3 აქ იესომ ნათლად უთხრა თავის მოციქულებს, რომ ისინი შეუერთდებოდნენ მას ზეცაში. პავლე მოციქული ხშირად მოუთხრობდა ადრინდელ ქრისტიანებს ამ შესანიშნავ იმედზე. მაგალითად, ის წერდა: „ჩვენი მოქალაქეობა ზეცაშია, საიდანაც ველით მაცხოვარს უფალ იესო ქრისტეს“ (ფილიპელთა 3:20, 21; რომაელთა 6:5; 2 კორინთელთა 5:1, 2). ასეთი დაპირების საფუძველზე მილიონობით ადამიანს აქვს ზეცაში ცხოვრების იმედი. მაგრამ ამაღლდება კი ყველა კარგი ადამიანი ზეცაში?

მიდის თუ არა ყველა კარგი ადამიანი ზეცაში?

4, 5. რა მტკიცება არსებობს, რომ დავითი და იობი არ ამაღლებულან ზეცაში?

4 იესოს მკვდრეთით აღდგენიდან მცირე ხნის შემდეგ პეტრე მოციქულმა შეკრებილ იუდეველებს უთხრა: „[მამამთავარი დავითი] აღესრულა და დაიკრძალა, და დღევანდლამდე ჩვენს შორისაა მისი სამარხი. დავითი ხომ არ ამაღლებულა ზეცად“ (საქმეები 2:29, 34). მიუხედავად იმისა, რომ დავითი კარგი ადამიანი იყო, ის არ ამაღლებულა ზეცაში. რა შეიძლება ითქვას მართალი კაცის, იობის, შესახებ?

5 ტანჯვისას იობი ევედრებოდა ღმერთს: „ოჰ, ნეტავ ქვესკნელში [სამარეში] დამმალავდე, შემინახავდე, ვიდრე შენი რისხვა გადაივლიდეს! დროს დამინიშნავდე და მერე გამიხსენებდე!“ იობი მოელოდა, რომ სიკვდილის შემდეგ უგრძნობ მდგომარეობაში იქნებოდა სამარეში. მან იცოდა, რომ არ ამაღლდებოდა ზეცაში. მაგრამ მას ჰქონდა იმედი, რადგან განაცხადა: „თუ მოკვდა კაცი, განა კვლავ იცოცხლებს? მთელი ჩემი მაშვრალობის დღეები [სამარეში ყოფნისას] დაველოდებოდი ჩემი ფერისცვალების დადგომამდე. დამიძახებდი და მეც ხმას გაგცემდი“ (იობი 14:13–15).

6, 7. ა) საიდან ჩანს, რომ ქრისტეს აღდგომამდე არავინ ამაღლებულა ზეცად? ბ) რა დაემართება ყველა ერთგულ ადამიანს, რომელიც ქრისტემდე მოკვდა?

6 ასევე კარგი ადამიანი იყო იოანე, რომელმაც მონათლა იესო. მაგრამ იესომ თქვა: „ცათა სასუფეველში უმცირესი მასზე დიდია“ (მათე 11:11). ეს ასეა, იმიტომ რომ, იოანე ნათლისმცემელი არ ამაღლდება ზეცაში. როცა იესო დედამიწაზე ცხოვრობდა — ადამისა და ევას ამბოხებიდან 4 000 წელზე მეტი ხნის შემდეგ — მან თქვა: „არავინ ასულა ცაში, გარდა ციდან ჩამოსული კაცის ძისა“ (იოანე 3:13).

7 მაშასადამე, იესოს სიტყვების თანახმად, კაცობრიობის ისტორიის მთელი 4 000 წლის მანძილზე იესოს დღეებამდე, ზეცაში არავინ ამაღლებულა. დავითი, იობი და იოანე ნათლისმცემელი დედამიწაზე სასიცოცხლოდ აღდგებიან მკვდრეთით. სინამდვილეში, ყველა ერთგულ ადამიანს, რომელიც მოკვდა იესოს სიკვდილამდე, კვლავ დედამიწაზე ცხოვრების იმედი ჰქონდა და არა ზეცაში. ისინი აღდგენილი იქნებიან, რომ გახდნენ ღმერთის სამეფოს მიწიერი ქვეშევრდომები (ფსალმუნი 71:7, 8; საქმეები 17:31).

რატომ ამაღლდება ზოგიერთი ერთგული ადამიანი ზეცაში

8. რომელი კითხვების პასუხებია მნიშვნელოვანი და რატომ?

8 რატომ ამაღლდა იესო ზეცაში? რა დავალება უნდა შეასრულოს იქ? ამ კითხვებზე პასუხი მნიშვნელოვანია, რადგან ყველა, ვინც ზეცაში მიდის, მონაწილეობას მიიღებს იესოსთან ერთად მის საქმიანობაში. ისინი იქ ზუსტად ამ მიზნით მიდიან.

9, 10. დანიელის წიგნის თანახმად, ქრისტეს გარდა, კიდევ ვინ უნდა იმეფოს ღმერთის მთავრობაში?

9 წინა თავებიდან ჩვენ შევიტყვეთ, რომ იესო, როგორც ღმერთის ზეციერი მთავრობის მეფე, უხელმძღვანელებს სამოთხედ ქცეულ დედამიწას. დედამიწაზე იესოს მოსვლამდე დიდი ხნით ადრე ბიბლიის წიგნში „დანიელი“ ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ‘კაცის ძეს’ მიეცემა „ხელმწიფობა“. „კაცის ძე“ არის იესო ქრისტე (მარკოზი 14:41, 62). დანიელი შემდეგ განაგრძობს: „მისი ხელმწიფობა საუკუნო ხელმწიფობაა, ბოლო არ ექნება მას და მისი სამეფო არ დაიქცევა“ (დანიელი 7:13, 14).

10 დანიელის წიგნში მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ მარტო „კაცის ძე“ არ იმეფებს. ბიბლია ამბობს: „მეფობა, ხელმწიფობა. . . უზენაესის ერს მიეცემა. მისი სამეფო [მათი სამეფო, აქ] საუკუნო სამეფო იქნება“ (დანიელი 7:27). გამოთქმებით „ერი“ და „მათი სამეფო“ ვიგებთ, რომ ქრისტესთან ერთად ღმერთის მთავრობაში სხვებმაც უნდა მართონ.

11. რა უჩვენებს, რომ ქრისტეს პირველი მიმდევრები მასთან ერთად იმეფებენ?

11 თავის ერთგულ თერთმეტ მოციქულთან ერთად გატარებულ უკანასკნელ ღამეს იესომ თქვა, რომ ისინი ერთად იმეფებენ ღმერთის სამეფოში. მან უთხრა: „თქვენ კი ისინი ხართ, რომელნიც ჩემთან დარჩით ჩემს განსაცდელში. მეც ისევე აღგითქვით, როგორც მე აღმითქვა მამაჩემმა სასუფეველი“ (ლუკა 22:28, 29). მოგვიანებით სამეფოსთვის დადებულ კავშირში მოციქული პავლე და ტიმოთეც გაერთიანდნენ. სწორედ ამიტომ სწერდა პავლე ტიმოთეს: „თუ მოვითმენთ, მასთან ერთად ვიმეფებთ“ (2 ტიმოთე 2:12). ასევე მოციქული იოანეც წერდა მათ შესახებ, რომლებიც „იმეფებენ ციდან დედამიწაზე“ იესო ქრისტესთან ერთად (გამოცხადება 5:9, 10, აქ; 20:6).

12. აბრაამის ‘თესლთან’ დაკავშირებით, რომელი ფაქტი გვიჩვენებს, რომ ქრისტეს ეყოლება თანამმართველები?

12 მაშასადამე, ყველა, ვინც ზეცაში ამაღლდება, იმსახურებს როგორც ქრისტეს თანამმართველი ღმერთის ზეციერ მთავრობაში. მართალია, იესო წარმოადგენს აღთქმის მთავარ „თესლს“, მაგრამ ღმერთმა სხვებიც ამოარჩია კაცობრიობიდან, რომ მათაც იმეფონ იესოსთან ერთად სამეფოში. ამრიგად, ისინი ხდებიან ‘თესლის’ ნაწილი, როგორც ბიბლია ამბობს: „თუ ქრისტესნი ხართ, მაშ, აბრაამის თესლი ხართ და აღთქმით მემკვიდრენი“ (გალატელთა 3:16, 29; იაკობი 2:5).

რამდენი ამაღლდება ზეცაში?

13. ა) რატომ არ ამაღლდებიან პატარა ბავშვები ზეცაში? ბ) როგორ აღწერა იესომ მათი რაოდენობა, რომლებიც მიიღებენ სამეფოს?

13 რამდენადაც ზეცაში ამაღლებულებმა უნდა მართონ დედამიწა, ცხადია, რომ ისინი იქნებიან ქრისტეს საიმედო და გამოცდილი მიმდევრები. ეს ნიშნავს, რომ პატარა ბავშვები, რომლებსაც არ ჰქონდათ შესაძლებლობა სრულად გამოცდილიყვნენ მრავალწლიანი ქრისტიანული მსახურების განმავლობაში, არ იქნებიან წაყვანილი ზეცაში (მათე 16:24). მაგრამ ბავშვებისთვის, რომლებიც მოკვდნენ, არსებობს დედამიწაზე მკვდრეთით აღდგენის იმედი (იოანე 5:28, 29). ზეცაში წაყვანილთა სრული რიცხვი მცირე იქნება მათთან შედარებით, რომლებიც მიიღებენ სიცოცხლეს დედამიწაზე სამეფოს მმართველობის დროს. იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „ნუ გეშინია მცირე სამწყსოვ, ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ მოისურვა თქვენთვის სასუფევლის მოცემა“ (ლუკა 12:32).

14. რამდენ პიროვნებას აერთიანებს ‘მცირე სამწყსო’, რომელიც ამაღლდება ზეცაში?

14 რამდენად მცირე იქნება სამეფოს მმართველთა რიცხვი? მასში მხოლოდ მოციქულები და იესოს ადრინდელი მიმდევრები შედიან? არა, ბიბლია მიუთითებს რომ ‘მცირე სამწყსო’ აერთიანებს უფრო მეტი რაოდენობის პიროვნებას. გამოცხადების 14:1, 3-ში („ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა) ნათქვამია: „გავიხედე და, აი, კრავი [იესო ქრისტე] დგას სიონის [ზეციერ] მთაზე და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი. . . მიწისაგან გამოსყიდული [ანუ აყვანილი]“. ყურადღება მიაქციე, რომ მხოლოდ 144 000 ადამიანი მოჩანს კრავთან, იესო ქრისტესთან ერთად, სიონის ზეციერ მთაზე (ებრაელთა 12:22). მაშასადამე, ნაცვლად იმისა, რომ ყველა კარგი ადამიანი წავიდეს ზეცაში, ბიბლიის თანახმად, მხოლოდ 144 000 ერთგული და გამოცდილი ადამიანი იქნება იქ აყვანილი, რომ იმეფონ ქრისტესთან ერთად.

რატომ არიან დედამიწიდან ამორჩეულები?

15. რატომ ირჩევს ღმერთი სამეფოს მმართველებს კაცობრიობიდან?

15 მაგრამ რატომ ამოარჩია ღმერთმა ეს მმართველები კაცობრიობიდან? რატომ არ უნდა იმეფონ ანგელოზებმა ქრისტესთან ერთად? ნუ დავივიწყებთ, რომ სწორედ აქ, დედამიწაზე, გახდა საკამათო, აქვს თუ არა იეჰოვას მართვის უფლებამოსილება. აქ უნდა გამოცდილიყვნენ ადამიანები, რომ გარკვეულიყო დარჩებოდნენ თუ არა შემოქმედის ერთგულნი, ეშმაკის წინააღმდეგობის მიუხედავად. იესომ განსაცდელის დროს აქ, დედამიწაზე, დაამტკიცა ღმერთისადმი სრული ერთგულება და გასწირა სიცოცხლე კაცობრიობის გამოსასყიდად. ამიტომ იეჰოვამ დაადგინა, რომ ‘მცირე სამწყსოდ’ წოდებული ადამიანთა ჯგუფი წაეყვანა დედამიწიდან, რათა გაეერთიანებინა თავის ძესთან ზეციერ სამეფოში. აქ საუბარია მათ შესახებ, ვინც ღმერთისადმი ერთგულებით დაადასტურა ეშმაკის მტკიცების სიცრუე, რომ თითქოს ადამიანები ანგარების მიზნით ემსახურებიან ღმერთს. ამიტომ სავსებით მართებულია, რომ იეჰოვა ამ ადამიანებით სარგებლობს თავისი დიდებისთვის (ეფესელთა 1:9–12).

16. რატომ შეგვიძლია ვიყოთ მადლიერები, რომ სამეფოს მმართველებს დედამიწაზე უცხოვრიათ?

16 დაუფიქრდი იმასაც, რა მშვენიერი იქნება მთავრობის წევრებად იყვნენ ისინი, რომლებმაც ღმერთისადმი ერთგულება დაამტკიცეს დედამიწაზე. ამასთანავე, მრავალმა მათგანმა სიცოცხლეც კი გასწირა სამეფოსთვის (გამოცხადება 12:10, 11; 20:4). ხოლო ანგელოზებს არ ჰქონიათ ამგვარი გამოცდა. მათ არ გამოუცდიათ ადამიანებისთვის დამახასიათებელი პრობლემები. ამიტომ ისინი ვერ შეძლებდნენ სავსებით გაეგოთ, თუ რას ნიშნავს, იყო ცოდვილი ადამიანი და გქონდეს პრობლემები, რომლებიც ადამიანებს აქვთ. 144 000 კი გაიგებს, იმიტომ რომ, მათ პირადად გამოუცდიათ ეს პრობლემები. ზოგიერთ მათგანს უწევდა ძალიან ცოდვილი ჩვევების დაძლევა, და მათ იციან, თუ რამდენად ძნელია ამის გაკეთება (1 კორინთელთა 6:9–11). ამიტომ, ისინი თანაგრძნობით მოეპყრობიან მიწიერ ქვეშევრდომებს (ებრაელთა 2:17, 18).

ღვთის კრება

17. რა იგულისხმება სიტყვაში „ეკლესია“?

17 ბიბლია გვატყობინებს, რომ ქრისტე არის ღმერთის ეკლესიის თავი და რომ ეკლესიის წევრები ემორჩილებიან იესოს (ეფესელთა 5:23, 24). ამიტომ სიტყვაში „ეკლესია“, ანუ „ღმერთის კრება“ რამე შენობა კი არ იგულისხმება, არამედ ქრისტიანთა ჯგუფი (1 კორინთელთა 15:9). დღეს ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ქრისტიანთა იმ კრების შესახებ, რომელთანაც დაკავშირებული ვართ. ამის მსგავსად, ჩვენ ვკითხულობთ ბიბლიაში ‘ლაოდიკიელთა ეკლესიის’ შესახებ და პავლე მოციქულის მიერ ფილიმონისადმი გაგზავნილ წერილში — ‘ეკლესიის’ შესახებ, ‘რომელიც მის სახლში იყო’ (კოლასელთა 4:16; ფილიმონი 2).

18. ა) ვისგან შედგება „ცოცხალი ღვთის კრება“? ბ) კიდევ რომელი გამოთქმებით მოიხსენიება ეს კრება ბიბლიაში?

18 როდესაც ბიბლია საუბრობს ‘ცოცხალი ღვთის ეკლესიის [კრების, აქ]’ შესახებ, ეს ეხება ქრისტეს მიმდევართა განსაკუთრებულ ჯგუფს (1 ტიმოთე 3:15). მათ ასევე ეწოდებათ ‘პირმშოთა ეკლესია [კრება, აქ], ცაში რომ არიან ჩაწერილნი’ (ებრაელთა 12:23). მაშ ასე, „ღვთის კრება“ შედგება დედამიწაზე მცხოვრები ყველა იმ ქრისტიანისგან, რომლებიც საზრდოობენ ზეცაში ცხოვრების იმედით. საბოლოო ჯამში „ღვთის კრება“ სულ 144 000 პიროვნებისგან შედგება. ამჟამად მათგან მხოლოდ მცირე ნაწილი იმყოფება დედამიწაზე. ქრისტიანები, რომლებსაც დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედი აქვთ, მისდევენ ‘ცოცხალი ღვთის კრების’ წევრთა სულიერ ხელმძღვანელობას. ბიბლია ამ 144 000 წევრისგან შემდგარ საზოგადოებას, ასევე მოიხსენიებს ისეთი გამოთქმებით, როგორიცაა ‘სასძლო, კრავის ცოლი’, ‘ქრისტეს სხეული’, „ღვთის ტაძარი“, ‘ღვთის ისრაელი’ და „ახალი იერუსალიმი“ (გამოცხადება 21:9; ეფესელთა 4:12; 1 კორინთელთა 3:17; გალატელთა 6:16; გამოცხადება 21:2).

სიახლე ღმერთის განზრახვაში

19. რა სიახლე შემოიტანა ღმერთმა დედამიწასთან დაკავშირებით, თავდაპირველი განზრახვის შესასრულებლად?

19 იეჰოვა ღმერთს იმის შემდეგაც არ შეუცვლია თავისი განზრახვა დედამიწისა და კაცობრიობის მიმართ, რაც ადამმა ცოდვისა და სიკვდილის გზაზე დააყენა ადამიანთა მოდგმა. თუკი ღმერთი შეცვლიდა თავის თავდაპირველ განზრახვას, ეს იმის მიმანიშნებელი იქნებოდა, რომ არ შესწევს ამ განზრახვის განხორციელების ძალა. დასაწყისში ღმერთის განზრახვა იყო, რომ მთელ დედამიწაზე ყოფილიყო სამოთხე, სადაც იცხოვრებდნენ ბედნიერი და ჯანმრთელი ადამიანები. ეს განზრახვა ჯერ კიდევ ძალაშია. ერთადერთი სიახლე, რაც ღმერთმა თავის განზრახვაში შეიტანა, იყო ღონისძიება ახალი მთავრობის დასაარსებლად, რომელმაც უნდა განახორციელოს მისი განზრახვა. როგორც უკვე დავინახეთ, ამ მთავრობის მთავარი მმართველია ღმერთის ძე იესო ქრისტე და ადამიანთაგან წაყვანილი იქნება 144 000 პიროვნება, რომ იმეფონ იესოსთან ერთად ზეცაში (გამოცხადება 7:4).

20. ა) ვინ წარმოქმნის ‘ახალ ცას’ და ‘ახალ მიწას’? ბ) რა უნდა გააკეთო, რომ გახდე ‘ახალი მიწის’ ნაწილი?

20 ეს მმართველები ზეცაში წარმოქმნიან ღმერთის ახალი სისტემის ‘ახალ ცას’. მაგრამ ცხადია, თუ დედამიწა უნდა მართონ ასეთმა სამართლიანმა მმართველებმა, რა თქმა უნდა, მათ ქვეშევრდომებიც უნდა ჰყავდეთ. ბიბლია ამ პირებს მოიხსენიებს გამოთქმით „ახალი მიწა“ (2 პეტრე 3:13; გამოცხადება 21:1–4). მათ შორის იქნება იობი, დავითი და იოანე ნათლისმცემელი — დიახ, ყველა ის ერთგული ადამიანი, ვინც დედამიწაზე ქრისტეს მოსვლამდე ცხოვრობდა. მაგრამ ‘ახალ მიწას’ უფრო მეტი ადამიანი წარმოქმნის, მათ შორის ისინიც, რომლებიც გადაიტანენ ამ ბოროტი სისტემის აღსასრულს. იქნები თუ არა შენც ერთ-ერთი მათგანი? გსურს თუ არა იყო ღმერთის მთავრობის ქვეშევრდომი? თუ დიახ, მაშინ უნდა დააკმაყოფილო გარკვეული მოთხოვნები.

[სურათები 121-ე გვერდზე]

ამაღლდნენ ეს კარგი ადამიანები ზეცაში?

მეფე დავითი

იობი

იოანე ნათლისმცემელი

[სურათი 122-ე გვერდზე]

სიკვდილის წინა ღამეს იესომ თავის მოციქულებს უთხრა, რომ ისინი ღმერთის სამეფოში მისი თანამმართველები იქნებოდნენ.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება