განდგომილება
განმარტება: განდგომილება არის ღვთის თაყვანისცემისა და მსახურების მიტოვება, ფაქტობრივად, იეჰოვა ღმერთის წინააღმდეგ წასვლა. ზოგი განდგომილი აცხადებს, რომ იცნობს და ემსახურება ღმერთს, მაგრამ უარყოფს ბიბლიურ სწავლებებსა და მოთხოვნებს. ზოგი ამტკიცებს, რომ სჯერა ბიბლიის, მაგრამ უარყოფს იეჰოვას ორგანიზაციას.
შეიძლება, რომ განდგომილები ქრისტიანულ კრებაშიც გამოჩნდნენ?
1 ტიმ. 4:1: „შთაგონებით წარმოთქმული სიტყვები გარკვევით ამბობს, რომ გავა დრო და ზოგიერთები შთაგონებით წარმოთქმულ მაცდურ სიტყვებსა და დემონურ სწავლებებს დაუგდებენ ყურს და განუდგებიან რწმენას“.
2 თეს. 2:3: „არავინ შეგაცდინოთ არასგზით, რადგან ის დღე [იეჰოვას დღე] არ დადგება, სანამ განდგომილება არ მოვა და არ გამოვლინდება უკანონობის კაცი, დაღუპვის ძე“.
რა ახასიათებთ განდგომილებს?
ისინი ცდილობენ სხვების აყოლიებას და კრებაში სექტანტობის გავრცელებას.
საქ. 20:30: „თქვენ შორისაც გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა თან გაიყოლონ მოწაფეები“.
2 პეტ. 2:1, 3: „თქვენშიც იქნებიან ცრუმასწავლებლები. სწორედ ისინი შემოაპარებენ დამღუპველ სექტანტობას, თავიანთ პატრონსაც კი უარყოფენ, რომელმაც იყიდა ისინი . . . ამასთანავე, თავიანთი სიხარბით პირადი გამორჩენისთვის გამოგიყენებენ ყალბი სიტყვებით“.
ისინი ამტკიცებენ, რომ სწამთ ქრისტე, მაგრამ ზერელედ ეკიდებიან ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეს, რაც იესომ თავის მიმდევრებს დაავალა.
ლუკ. 6:46: «მაშ, რატომ მომმართავთ „უფალო! უფალო!“ მაგრამ არ აკეთებთ იმას, რასაც გეუბნებით?»
მათ. 28:19, 20: „ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, მონათლეთ ისინი . . . ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“.
მათ. 24:14: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“.
ისინი აცხადებენ, რომ ემსახურებიან ღმერთს, მაგრამ უარყოფენ მის წარმომადგენლებს, მის ორგანიზაციას.
იუდ. 8, 11: „ეს მეოცნებეებიც მათ მსგავსად ბილწავენ ხორცს, არაფრად აგდებენ ძალაუფლებას და შეურაცხმყოფელი სიტყვებით იხსენიებენ დიდებით მოსილთ. ვაი მათ. . . რადგან კორახის მსგავსად ურჩობისკენ აქეზებდნენ სხვებს!“
რიცხ. 16:1—3, 11, 19—21: «ადგნენ . . . კორახი და . . . ორას ორმოცდაათი ისრაელის ძე, კრებულის თავკაცები . . . შეიკრიბნენ მოსესა და აარონის წინააღმდეგ და უთხრეს: „კმარა! მთელი კრებული წმინდაა და იეჰოვაა მათ შორის. რატომ აღზევდით იეჰოვას კრებულზე?“ . . . [მოსემ უთხრა:] „იეჰოვას წინააღმდეგ შეიკრიბეთ შენ და მთელი შენი კრებული. ვინ არის აარონი, მის წინააღმდეგ რომ დრტვინავთ?“ როცა კორახმა მთელი კრებული შეკრიბა მათ წინააღმდეგ შეხვედრის კარვის შესასვლელთან, მაშინ გამოეცხადა იეჰოვას დიდება მთელ კრებულს. უთხრა იეჰოვამ მოსესა და აარონს: „გამოეყავით ამ კრებულს, რომ თვალის დახამხამებაში გავანადგურო!“»
ისინი არა მარტო ტოვებენ ჭეშმარიტ რწმენას, არამედ „სცემენ“ თავიანთ ყოფილ თანამსახურებს და საჯარო კრიტიკითა თუ სხვა მეთოდებით მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლას ცდილობენ. განდგომილთა საქმიანობა დამანგრეველია.
მათ. 24:45—51: «ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც ბატონმა დანიშნა, რომ დროულად მიეცა საზრდო მისი შინაურებისთვის? . . მაგრამ თუ ის მონა ბოროტია და გულში იტყვის: „აყოვნებს ჩემი ბატონი“ და დაიწყებს თავისნაირივე მონების ცემას და ლოთებთან ჭამა-სმას, მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის და იმ საათს, რომელზეც არ იცის, სასტიკად დასჯის მას და თვალთმაქცებთან დაუდებს წილს».
2 ტიმ. 2:16—18: „თავი აარიდე წმინდის შემბღალავ უშინაარსო ლაპარაკს, რადგან ეს უფრო დიდ უღმერთობამდე მიიყვანს მათ და მათი სიტყვა განგრენასავით გავრცელდება. მათ შორის არიან ჰიმენეოსი და ფილეტე. ისინი ჭეშმარიტებას განუდგნენ. ამბობენ, აღდგომა უკვე იყოო და რწმენას უნგრევენ ზოგიერთებს“.
უნდა ჰქონდეთ ერთგულ ქრისტიანებს ურთიერთობა განდგომილებთან ან უნდა კითხულობდნენ მათ ლიტერატურას?
2 იოან. 9, 10: „მას, ვინც ცდილობს, წინ გაიჭრას და ქრისტეს სწავლებაში არ რჩება, არა ჰყავს ღმერთი . . . თუ ვინმე მოდის თქვენთან და ეს სწავლება არ მოაქვს, ნუ მიიღებთ სახლში და ნურც მიესალმებით“.
რომ. 16:17, 18: „ახლა შეგაგონებთ, ძმებო, თვალი გეჭიროთ მათზე, ვინც უთანხმოებებს იწვევს და აბრკოლებს სხვებს, რითაც ეწინააღმდეგება იმას, რაც გისწავლიათ. ერიდეთ მათ . . . [ისინი] შემპარავი სიტყვებითა და მლიქვნელობით აცდენენ გულუბრყვილოთა გულებს“.
იქნება ქრისტიანისთვის საზიანო, თუ ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად განდგომილთა შეხედულებებს გაეცნობა?
იგავ. 11:9: „განდგომილი თავისი ბაგით ღუპავს მოძმეს, მართალს კი ცოდნა გადაარჩენს“.
ეს. 32:6: „უგუნური უგუნურებას ილაპარაკებს, მისი გული სიავეს განიზრახავს, რათა განდგომილებით იმოქმედოს და იეჰოვას წინააღმდეგ თავხედურად ილაპარაკოს, რათა ცარიელი დატოვოს მშიერის სული და სასმლის გარეშე დატოვოს მწყურვალი“ (შეადარეთ ესაიას 65:13, 14).
რა საფრთხეს უქმნის ადამიანს განდგომილება?
2 პეტ. 2:1: „სწორედ ისინი შემოაპარებენ დამღუპველ სექტანტობას, თავიანთ პატრონსაც კი უარყოფენ, რომელმაც იყიდა ისინი, და სწრაფად დაიღუპავენ თავს“.
იობ. 13:16: „ვერც ერთი განდგომილი ვერ წარდგება მის [ღვთის] წინაშე“.
ებრ. 6:4—6: „შეუძლებელია, რომ ვინც ერთხელ განათლდა, ვინც გემო გაუსინჯა ზეციურ უსასყიდლო ძღვენს და ეზიარა წმინდა სულს, ვინც გემო გაუსინჯა ღვთის კარგ სიტყვას და მომავლის ძლიერებას, მაგრამ ჩამოშორდა, კვლავ გამოაცოცხლო მოსანანიებლად, რადგან ასეთები ღვთის ძეს ხელახლა აკრავენ ბოძზე და სახალხოდ არცხვენენ“.