„დიდი ბაბილონი“
განმარტება: ცრუ რელიგიური სამყარო. მოიცავს ყველა რელიგიას, რომელთა სწავლებები და წეს-ჩვეულებები არ შეესაბამება ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას, ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას. ნოეს დროს მომხდარი წარღვნის შემდეგ ცრუ რელიგიას საფუძველი ჩაეყარა ბაბელში, რომელიც მოგვიანებით ბაბილონის სახელით გახდა ცნობილი (დაბ. 10:8—10; 11:4—9). დროთა განმავლობაში ბაბილონელთა რელიგიური შეხედულებები და წეს-ჩვეულებები ბევრ ქვეყანაში გავრცელდა. ასე რომ, „დიდი ბაბილონი“ შესაფერისი სახელია ყველა ცრუ რელიგიისთვის მთლიანობაში.
საიდან ვიგებთ, რა არის ნაგულისხმები „გამოცხადებაში“ მოხსენიებულ „დიდ ბაბილონში“?
შეუძლებელია მასში იგულისხმებოდეს ძველი ქალაქი ბაბილონი. „გამოცხადება“ ახ. წ. პირველი საუკუნის დასასრულს დაიწერა და მასში აღწერილი მოვლენები ჩვენს დროშიც უნდა მომხდარიყო. „ენციკლოპედია ამერიკანაში“ ნათქვამია: „ქალაქი [ბაბილონი] ძვ. წ. 539 წელს კიროს დიდის მეთაურობით სპარსელებმა აიღეს. მოგვიანებით ალექსანდრე მაკედონელს სურდა, ბაბილონი თავისი იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილის დედაქალაქად ექცია, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ ბაბილონმა თანდათანობით დაკარგა თავისი მნიშვნელობა“ (1956, ტ. III, გვ. 7). დღეს კი ქალაქის ადგილზე ნანგრევებიღაა შემორჩენილი.
„გამოცხადებაში“ სიმბოლურ დიდ ბაბილონს ეწოდება „დიდი ქალაქი“, რომელიც მეფეებზე მეფობს (გამოცხ. 17:18). ვინაიდან „დიდი ბაბილონი“ ქალაქთანაა შედარებული, მასში მრავალი ორგანიზაცია უნდა იყოს თავმოყრილი; და რადგან სხვა მეფეებზე მეფობს, მისი გავლენის სფერო საერთაშორისო მასშტაბებს უნდა აღწევდეს. „გამოცხადებაში“ აღწერილია, რომ „დიდ ბაბილონს“ ურთიერთობა აქვს პოლიტიკურ მმართველებთან, ხელს უწყობს კომერციული სამყაროს წარმომადგენელთა გამდიდრებას და თვითონ არის მესამე ძალა, რომელიც „გახდა დემონების სამკვიდრო“ და დევნის „წინასწარმეტყველებსა და წმინდებს“ (გამოცხ. 18:2, 9—17, 24).
ძველი ბაბილონი ცნობილი იყო თავისი რელიგიით და იეჰოვასადმი დაუმორჩილებლობით.
დაბ. 10:8—10: „ნიმროდი . . . იყო ძლიერი მონადირე, იეჰოვას მოწინააღმდეგე . . . ბაბილონით . . . ჩაეყარა საფუძველი მის სამეფოს“.
დან. 5:22, 23: „შენ კი [ბაბილონის მეფე ბელშაცარ] . . . ზეციერი უფლის წინააღმდეგ აღიმაღლე თავი . . . ხოტბას ასხამდით ვერცხლის, ოქროს, სპილენძის, რკინის, ხისა და ქვის ღმერთებს, რომლებიც ვერაფერს ხედავენ, რომლებსაც არაფერი ესმით და რომლებმაც არაფერი იციან; ღმერთი კი, რომლის ხელთაა შენი სუნთქვა, და რომელსაც ეკუთვნის ყველა შენი გზა, არ განგიდიდებია“.
ერთ-ერთ უძველეს ლურსმულ ტექსტში ვკითხულობთ: „ბაბილონში მთავარი ღვთაებების 53 ტაძარი, მარდუქის 55, მიწის ღვთაებების 300 და ცის ღვთაებების 600 სამლოცველოა, ქალღმერთ იშთარის 180, ღვთაება ნერგალისა და ადადის 180 და სხვა ღვთაებების 12 სამსხვერპლო დგას“ („The Bible as History“, ვ. კელერი, ნიუ-იორკი, 1964, გვ. 301).
„ენციკლოპედია ამერიკანაში“ ნათქვამია: «შუმერულ ცივილიზაციაში [რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ბაბილონეთზე] ქურუმები დომინირებდნენ; ქვეყანას განაგებდა ლუგალი (სიტყვასიტყვით „დიდი კაცი“), ღვთაებების წარმომადგენელი» (1977, ტ. III, გვ. 9).
აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ „გამოცხადებაში“ მოხსენიებული „დიდი ბაბილონი“ რელიგიას უკავშირდება. რადგან ქალაქსა და იმპერიასთან არის შედარებული, მასში იგულისხმება არა მხოლოდ ერთი რელიგიური ჯგუფი, არამედ ყველა რელიგია, რომელიც უპირისპირდება ჭეშმარიტ ღმერთს, იეჰოვას.
ძველ ბაბილონელთა რელიგიური შეხედულებები და წეს-ჩვეულებები მთელი მსოფლიოს რელიგიებშია გავრცელებული.
„ბაბილონელთა რელიგიამ გავლენა მოახდინა ეგვიპტეზე, სპარსეთსა და საბერძნეთზე . . . ძველ ბერძნულ მითოლოგიასა და ბერძენთა თაყვანისმცემლობაზე სემიტური ელემენტების ძლიერი გავლენა მეცნიერებისთვის იმდენად აშკარაა, რომ კომენტარს აღარ საჭიროებს. ამ სემიტურ ელემენტებს კი, ფაქტობრივად, შეგვიძლია ბაბილონური ვუწოდოთ“ („The Religion of Babylonia and Assyria“, მ. ჯესთროუ უმცროსი, ბოსტონი, 1898, გვ. 699, 700).
მათი ღვთაებები: ისინი ღვთაებების ტრიადებს სცემდნენ თაყვანს; მათი ზოგიერთი ღვთაება ბუნების ძალებს განასახიერებდა, ზოგი კი ადამიანთა ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე ახდენდა გავლენას („Babylonian and Assyrian Religion“, ს. ჰუკი, ნორმანი, ოკლაჰომას შტატი; 1963, გვ. 14—40). „პლატონისეული ტრიადა წარმოადგენს უფრო ძველი, მანამდე გავრცელებული ტრიადების სახეცვლილებას. როგორც ჩანს, ამ რაციონალურ-ფილოსოფიური სამებების ატრიბუტებმა მისცა დასაბამი ქრისტიანული ეკლესიების მიერ აღიარებულ სამ იპოსტასს ანუ ღვთაებრივ პირს . . . ამ ბერძენი ფილოსოფოსის [პლატონის] კონცეფცია ღვთაებრივი სამების შესახებ . . . გვხვდება ყველა უძველეს [წარმართულ] რელიგიაში“ („Nouveau Dictionnaire Universel“, პარიზი, 1865—1870, რედაქტორი მ. ლაშატრე, ტ. II, გვ. 1467).
გამოსახულებების გამოყენება: „[მესოპოტამიურ რელიგიაში] გამოსახულებები მნიშვნელოვან როლს ასრულებდა როგორც ოფიციალურ რელიგიურ მსახურებაში, ისე ცალკეულ ადამიანთა თაყვანისმცემლობაში, რასაც ცხადყოფს ამ გამოსახულებების მრავალი იაფფასიანი ასლის აღმოჩენა. ჩვეულებრივ, გამოსახულების თავისებურებებისა და ატრიბუტების საფუძველზე მიიჩნევდნენ, რომ ის ამა თუ იმ ღვთაებას განასახიერებდა და მასზე შესაბამისად ზრუნავდნენ“ („Ancient Mesopotamia—Portrait of a Dead Civilization“, ა. ოპენჰაიმი, ჩიკაგო, 1964, გვ. 184).
წარმოდგენები სიკვდილზე: „[ბაბილონში] როგორც ხალხის, ისე რელიგიური წინამძღოლების აზრით, შეუძლებელი იყო, უკვალოდ გამქრალიყო ის, რაც ამ ქვეყანას ერთხელ მოევლინა. მათთვის სიკვდილი სიცოცხლის სხვა ფორმაში გადასვლას ნიშნავდა“ („The Religion of Babylonia and Assyria“, გვ. 556).
სამღვდელოების მდგომარეობა: „[ბაბილონელთა] რელიგიისთვის დამახასიათებელი იყო საზოგადოების დაყოფა ქურუმთა [სასულიერო] და საერო კლასებად“ („Encyclopædia Britannica“, 1948, ტ. II, გვ. 861).
ასტროლოგია, მკითხაობა, მაგია და ჯადოქრობა: ისტორიკოსი ა. სეისი წერს: «ძველ ბაბილონში გავრცელებული რელიგიური შეხედულებით . . . ყოველ საგანს და ბუნების ყოველგვარ ძალას ჰქონდა თავისი „ზი“ ანუ სული, რომლის მართვაც შამანს ან გრძნეულ ქურუმს შეეძლო» („The History of Nations“, ნიუ-იორკი, 1928, ტ. I, გვ. 96). „იმის მცდელობაში, რომ ვარსკვლავებზე დაკვირვებით მომავალი განეჭვრიტათ, ქალდეველებმა [ბაბილონელებმა] საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწიეს ასტრონომიის შესწავლაში. დღეს ამას ასტროლოგიას ვუწოდებთ“(„The Dawn of Civilization and Life in the Ancient East“, რ. ენგბერგი, ჩიკაგო, 1938, გვ. 230).
„დიდი ბაბილონი“ ჰგავს მეძავს, რომელიც სამარცხვინო ფუფუნებაში ცხოვრობს.
გამოცხადების 17:1—5-ში ნათქვამია: «„მოდი და გიჩვენებ მრავალ წყალზე [ხალხებზე] მჯდომი დიდი მეძავის სასამართლოს, რომელთანაც მეძაობდნენ დედამიწის მეფეები [პოლიტიკური მმართველები], დედამიწის მკვიდრნი კი მისი სიძვის ღვინით თვრებოდნენ“ . . . შუბლზე ეწერა სახელი, საიდუმლო: „დიდი ბაბილონი, მეძავთა და დედამიწის სისაძაგლეთა დედა“». გამოცხადების 18:7 დასძენს: „განადიდებდა საკუთარ თავს და სამარცხვინო ფუფუნებაში ცხოვრობდა“.
ფაქტია, რომ გაბატონებულ რელიგიებს ყოველთვის ჰქონდათ ურთიერთობა პოლიტიკურ მმართველებთან ძალაუფლებისა და სიმდიდრის მოხვეჭის მიზნით, რის გამოც უბრალო ხალხი იტანჯებოდა. განა სიმართლე არ არის, რომ მაღალი რანგის სასულიერო პირები ფუფუნებაში ცხოვრობენ, მაშინ როცა ბევრი ადამიანი, რომელთაც ისინი უნდა ემსახურებოდნენ, უკიდურესად ღარიბია?
რატომ შეიძლება ქრისტიანულად წოდებული რელიგიები „დიდი ბაბილონის“ ნაწილად ჩაითვალოს იმ რელიგიების მსგავსად, რომლებიც არ ცნობენ ბიბლიას?
იაკ. 4:4: „მრუშებო, განა არ იცით, რომ ქვეყნიერებასთან მეგობრობა ღვთის მტრობაა? ვისაც ქვეყნიერებასთან მეგობრობა უნდა, იგი ღვთის მტერი ხდება“ (თუმცა იციან, რას ამბობს ბიბლია ღმერთზე, ისინი ღვთის მტრები ხდებიან, რადგან ქვეყნიერებასთან მეგობრობას ირჩევენ და მისი გზებით დადიან).
2 კორ. 4:4; 11:14, 15: „ურწმუნოთათვის, რომელთაც ამ ქვეყნიერების ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა მათზე არ ებრწყინა ქრისტეს შესახებ დიდებული სასიხარულო ცნობის სინათლეს, ქრისტესი, რომელიც უხილავი ღვთის ანარეკლია“. „სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს. ამიტომ, რა დიდი ამბავია, თუ მისი მსახურებიც სიმართლის მსახურთა სახეს იღებენ, მაგრამ მათი აღსასრული მათივე საქმეებისამებრ იქნება“ (ამგვარად, ვინც თავს ქრისტიანად მიიჩნევს, მაგრამ ჭეშმარიტ ღმერთს მისთვის მისაღები სახით არ სცემს თაყვანს, სინამდვილეში იეჰოვას მთავარ მტერს, სატანა ეშმაკს მიაგებს პატივს. იხილეთ აგრეთვე 1 კორინთელების 10:20).
მათ. 7:21—23: «ვინც მეუბნება [იესო ქრისტეს]: „უფალო, უფალო“, ყველა ვერ შევა ზეციერ სამეფოში, არამედ ის, ვინც ასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას. ბევრი მეტყვის იმ დღეს: „უფალო, უფალო, განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით დემონებს და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?“ მაშინ მე განვუცხადებ მათ: არასოდეს გიცნობდით თქვენ! გამშორდით, უკანონობის მოქმედნო!»
რატომ არის აუცილებელი „დიდი ბაბილონიდან“ დაუყოვნებლივ გამოსვლა?
გამოცხ. 18:4: „გამოდით მისგან, ჩემო ხალხო, თუ არ გინდათ, მისი ცოდვების თანამონაწილენი იყოთ და მისი წყლულები მიიღოთ“.
გამოცხ. 18:21: «ერთმა ძლიერმა ანგელოზმა დიდი დოლაბის მსგავსი ქვა ასწია, ზღვაში ჩააგდო და თქვა: „ასეთი სისწრაფით დაეცემა დიდი ქალაქი ბაბილონი და ვეღარასოდეს იპოვიან მას“».
ლუკ. 21:36: „მაშ, იფხიზლეთ და მუდამ იმის ვედრებაში იყავით, რომ თავი დააღწიოთ მოსახდენს და წარსდგეთ კაცის ძის წინაშე“.
რის თქმა შეიძლება მათზე, ვინც არ იცოდა ბიბლიური ჭეშმარიტება და ისე მოკვდა, რომ „დიდი ბაბილონიდან“ არ გამოსულა?
საქ. 17:30: „ღმერთმა უგულებელყო უმეცრების დრო და ახლა ყველას ყველგან ეუბნება, რომ მოინანიონ“.
საქ. 24:15: „იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (ღმერთი თავად გადაწყვეტს, თუ ვის აღადგენს „უმართლოთაგან“).
იობ. 34:12: „არ მოქმედებს ღმერთი ბოროტებით და ყოვლისშემძლე არ ამრუდებს სამართალს“.