სისხლი
განმარტება: უნიკალური სითხე, რომელიც მოძრაობს ადამიანებისა და მრავალუჯრედიან ცხოველთა უმეტესობის სისხლის მიმოქცევის სისტემაში. მისი საშუალებით ხდება საკვები ნივთიერებებისა და ჟანგბადის ტრანსპორტირება, აგრეთვე მავნე ნივთიერებების გამოდევნა. ის მთავარ როლს ასრულებს სხვადასხვა ინფექციისგან ორგანიზმის დაცვაში. სისხლი იმდენად აქტიურად მონაწილეობს სასიცოცხლო პროცესებში, რომ ბიბლიაში ნათქვამია: „ხორციელის სული მის სისხლშია“ (ლევ. 17:11). იეჰოვა სიცოცხლის წყაროა და გვაძლევს კონკრეტულ მითითებებს სისხლის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ღვთის მითითებით ქრისტიანები უნდა მოერიდონ სისხლს.
საქ. 15:28, 29: „წმინდა სულმა და ჩვენ [ქრისტიანული კრების ხელმძღვანელმა საბჭომ] მართებულად მივიჩნიეთ, მეტი აღარაფერი დაგვეკისრებინა თქვენთვის ამ აუცილებლის გარდა, რომ მოერიდოთ კერპთშენაწირს, სისხლს, დამხრჩვალსა [ანუ მოკლულ ცხოველს, რომლისგანაც სისხლი არ არის გამოშვებული] და სიძვას. თუ ამისგან დაიცავთ თავს, წარმატებული იქნებით. იყავით ჯანმრთელად!“ (აქ სისხლის ჭამა გაიგივებულია კერპთაყვანისმცემლობასთან და სიძვასთან, რასაც უნდა მოვერიდოთ).
ცხოველის ხორცის ჭამა შეიძლება, მაგრამ სისხლის — არა.
დაბ. 9:3, 4: „საჭმელად გქონდეთ ყველა ცოცხალი ცხოველი და თქვენი იყოს მთელი მწვანე მცენარეულობაც, ოღონდ ხორცი მის სულთან — სისხლთან — ერთად არ ჭამოთ“.
საკვებად განკუთვნილი ნებისმიერი ცხოველი სისხლისგან ბოლომდე უნდა დაიცალოს. საკვებად არ უნდა იყოს გამოყენებული დამხრჩვალი, ხაფანგით მოკლული ან ისეთი ცხოველი, რომელიც მკვდარი იპოვეს (საქ. 15:19, 20; შეადარეთ ლევიანების 17:13—16). გარდა ამისა, მიუღებელია ისეთი საკვების ჭამა, რომელიც შეიცავს მთლიან სისხლს ან თუნდაც სისხლის ფრაქციებს.
ღმერთი სისხლის გამოყენებას მხოლოდ მსხვერპლშეწირვის მიზნით იწონებდა.
ლევ. 17:11, 12: „ხორციელის სული მის სისხლშია; მე ის სამსხვერპლოსთვის დაგიწესეთ, რათა შესრულდეს გამოსყიდვის წესი თქვენი სულებისთვის, რადგან სისხლს შეუძლია გამოსყიდვა იმ სულით, რომელიც მასშია. ამიტომ ვუთხარი ისრაელის ძეებს: არც ერთმა თქვენგანმა და არც ერთმა თქვენ შორის მცხოვრებმა ხიზანმა არ ჭამოს სისხლი“ (ცხოველების მსხვერპლშეწირვა, რაც მოსეს კანონით მოითხოვებოდა, იესო ქრისტეს მსხვერპლის პირველსახე იყო).
ებრ. 9:11—14, 22: „როცა ქრისტე მოვიდა როგორც . . . მღვდელმთავარი . . . ის თხებისა და მოზვრების სისხლით კი არა, საკუთარი სისხლით მხოლოდ ერთხელ შევიდა წმინდა ადგილას და მარადიული ხსნა მოგვიპოვა. თუ თხებისა და ხარების სისხლის შესხურება და დეკეულთა ფერფლის მიფრქვევა შებილწულებს ისე განწმენდს, რომ ხორცი გაუსუფთავდეთ, განა ქრისტეს სისხლი უფრო არ განწმენდს ჩვენს სინდისს მკვდარი საქმეებისგან, რათა წმინდა მსახურება შევუსრულოთ ცოცხალ ღმერთს? . . სისხლის დაუღვრელად პატიება არ ხდება“.
ეფეს. 1:7: „მისი [იესო ქრისტეს] მეშვეობით, მისივე სისხლით გადახდილი გამოსასყიდით ვართ გათავისუფლებულნი, დიახ, გვეპატია შეცოდებები მისი წყალობის სიუხვით“.
როგორ ესმოდათ სისხლთან დაკავშირებული ბიბლიური მითითება მათ, ვინც ქრისტიანად იწოდებოდა პირველ საუკუნეებში?
ტერტულიანე (დაახლ. ახ. წ. 160—230): „დე, თქვენმა გადაგვარებულმა მოქმედებებმა სირცხვილი ჭამოს ქრისტიანთა წინაშე. ჩვენ იმ საჭმელსაც კი არ ვჭამთ, რომელშიც ცხოველთა სისხლია გარეული . . . თქვენ [წარმართი რომაელები] სასამართლოზე ქრისტიანებს სისხლიან ძეხვს აწვდით. თქვენ კარგად იცით, რომ მათთვის მიუღებელია ის, რითაც სწორი გზიდან მათ გადაყვანას ცდილობთ. და როცა იცით, რომ მათთვის შემზარავი იქნება ცხოველთა სისხლის დანახვა, როგორღა გჯერათ, რომ ადამიანთა სისხლს არიან მოწყურებულნი?“ („Tertullian, Apologetical Works, and Minucius Felix, Octavius“, ნიუ-იორკი, 1950, გვ. 33).
მინუციუს ფელიქსი (ახ. წ. III საუკუნე): „ჩვენ არათუ ადამიანის სისხლს ვერიდებით, არამედ საკვებად ვარგისი ცხოველის სისხლსაც კი არ ვურევთ საჭმელში“ („The Ante-Nicene Fathers“, რედაქტორები ა. რობერტსი და ჯ. დონალდსონი, გრანდ-რეპიდზი, მიჩიგანის შტატი, 1956, ტ. IV, გვ. 192).
სისხლის გადასხმა
ადამიანის სისხლის გამოყენებასაც კრძალავს ბიბლია?
დიახ. ეს საკითხი პირველ ქრისტიანებსაც ასე ესმოდათ. საქმეების 15:29-ში წერია, რომ უნდა მოვერიდოთ სისხლს. ამ მუხლში არ არის ნათქვამი, რომ მხოლოდ ცხოველის სისხლს უნდა მოვერიდოთ (შეადარეთ ლევიანების 17:10, ბსგ, რომლის მიხედვითაც იკრძალებოდა „რაიმე სისხლის“ ჭამა). ტერტულიანე (რომელიც იცავდა პირველ ქრისტიანთა მრწამსს) წერდა: „სისხლის აკრძალვა მით უმეტეს უნდა უკავშირდებოდეს ადამიანის სისხლს“ („The Ante-Nicene Fathers“, ტ. IV, გვ. 86).
ნამდვილად ერთი და იგივეა სისხლის გადასხმა და სისხლის ჭამა?
როდესაც ავადმყოფს არ შეუძლია ჭამა, მის ორგანიზმში საკვები ნივთიერებები ვენიდან შეჰყავთ. აქედან გამომდინარე, განა შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი ნამდვილად ‘ერიდება სისხლს’, თუ სისხლს არ ჭამს, მაგრამ უარს არ ამბობს სისხლის გადასხმაზე? (საქ. 15:29). დავუშვათ, პაციენტს ექიმმა უთხრა, რომ თავი შეიკავოს ალკოჰოლური სასმელებისგან. შეიძლება ითქვას, რომ ის ითვალისწინებს ექიმის მითითებას, თუ არ სვამს ალკოჰოლურ სასმელს, მაგრამ ვენიდან იღებს მას?
არსებობს მკურნალობის ალტერნატიული საშუალებები, თუ პაციენტი უარს ამბობს სისხლის გადასხმაზე?
პლაზმის მოცულობის აღსადგენად ხშირად შეიძლება უბრალო ფიზიოლოგიური ხსნარის, რინგერის ხსნარის ან დექსტრანის გამოყენება, რომლებიც თითქმის ყველა საავადმყოფოშია ხელმისაწვდომი. ამ საშუალებების გამოყენებით თავიდან ავიცილებთ სისხლის გადასხმასთან დაკავშირებულ საფრთხესაც. ერთ სამედიცინო ჟურნალში ეწერა: „სისხლის გადასხმის რისკი თავისთავად მეტყველებს პლაზმის შემცვლელების უპირატესობაზე: თავიდან ვიცილებთ ბაქტერიულ და ვირუსულ ინფექციებს, გადასხმითა და რეზუს-ფაქტორის შეუთავსებლობით გამოწვეულ რეაქციებს“ („Canadian Anaesthetists’ Society Journal“, იანვარი, 1975, გვ. 12). იეჰოვას მოწმეები რელიგიური მოსაზრებით უარს არ ამბობენ პლაზმის მოცულობის აღმდგენი ისეთი საშუალებების გამოყენებაზე, რომლებიც სისხლს არ შეიცავს.
იეჰოვას მოწმეები სისხლზე უარის თქმით, სინამდვილეში, უკეთეს მკურნალობას ირჩევენ. ერთმა ექიმმა აღნიშნა: „იმის ცოდნა, რომ ოპერაცია სისხლის გადასხმის გარეშე უნდა გაკეთდეს, უდავოდ ხელს გიწყობს [ქირურგს] ოპერაციის უკეთ ჩატარებაში. უფრო მონდომებით ცდილობ, მომჭერი დაადო თითოეულ სისხლძარღვს, საიდანაც სისხლდენა ხდება“ („American Journal of Obstetrics and Gynecology“, 1 ივნისი, 1968, გვ. 395).
ყველანაირი ქირურგიული ოპერაცია შეიძლება წარმატებით ჩატარდეს სისხლის გადასხმის გარეშე. ამაში შედის ოპერაციები გულზე და თავის ტვინზე, კიდურების ამპუტაცია და სიმსივნით დაზიანებული ორგანოების ამოკვეთა. დ-რმა ფილიპ როენმა აღნიშნა: „ჩვენ არანაირი ქირურგიული ჩარევისგან არ დაგვიხევია უკან მიუხედავად იმისა, რომ არ გვეძლეოდა სისხლის გამოყენების საშუალება“ („New York State Journal of Medicine“, 15 ოქტომბერი, 1972, გვ. 2527). ტეხასის კარდეოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომელი, დ-რი დენტონ ქული, ამბობს: „იეჰოვას მოწმეების შემთხვევაში პლაზმის მოცულობის აღმდგენი უსისხლოდ დამზადებული პრეპარატების გამოყენება იმდენად ეფექტური იყო, რომ გულით დაავადებულ ყველა პაციენტთან დავიწყეთ იგივე მეთოდის გამოყენება“ („The San Diego Union“, 27 დეკემბერი, 1970, გვ. A-10). „ოპერაციები ღია გულზე უსისხლოდ თავდაპირველად იეჰოვას მოწმეთა მიმდინარეობის ზრდასრულ წევრებს ჩაუტარეს მათი რელიგიური შეხედულებების გამო. ამჟამად ასეთი ოპერაციები ჩვილებსაც და ბავშვებსაც წარმატებით უკეთდებათ საკმაოდ რთულ შემთხვევებში“ („Cardiovascular News“, თებერვალი, 1984, გვ. 5).
თუ ვინმე გეუბნება. . .
„თქვენ ბავშვებს სასიკვდილოდ იმეტებთ, რადგან სისხლს არ უსხამთ. ეს საშინელებაა“.
შეგიძლია ასე უპასუხო: „მაგრამ ჩვენ იმას ვუსხამთ, რაც უფრო უსაფრთხოა. ჩვენ თანახმა ვართ იმის გადასხმაზე, რაც არ არის დაკავშირებული შიდს-ის, ჰეპატიტისა და მალარიის გადადების რისკთან. როგორც ყველა ნორმალურ მშობელს, ჩვენც გვინდა, რომ ბავშვებს საუკეთესოდ ვუმკურნალოთ“. შემდეგ შეგიძლია უთხრა: 1) „როცა ორგანიზმი დიდი რაოდენობით კარგავს სისხლს, პირველ რიგში მისი მოცულობა უნდა აღდგეს. თქვენ ალბათ იცით, რომ ჩვენი სისხლის 50 პროცენტზე მეტი წყალია. სისხლი შედგება წითელი და თეთრი უჯრედებისგან და სხვა კომპონენტებისგან. როცა სისხლი დიდი რაოდენობით იკარგება, ორგანიზმი თავად აწვდის მიმოქცევის სისტემას სისხლის მარაგს და აჩქარებს სისხლის ახალი უჯრედების წარმოქმნას. მიუხედავად ამისა, მაინც საჭირო ხდება სისხლის მოცულობის შევსება. ამისათვის იყენებენ პლაზმის მოცულობის აღმდგენ უსისხლოდ დამზადებულ პრეპარატებს, რომელთა მიღებაზეც ჩვენ უარს არ ვამბობთ“. 2) „პლაზმის მოცულობის აღმდგენი პრეპარატების გამოყენებამ შესანიშნავი შედეგი გამოიღო ათასობით ადამიანის შემთხვევაში“. 3) „მაგრამ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რასაც ბიბლია ამბობს საქმეების 15:28, 29-ში“.
ან შეგიძლია უთხრა: „მე მესმის თქვენი. შეიძლება თქვენი შვილი წარმოიდგინეთ მსგავს სიტუაციაში. განა მშობლები რამეს დავიშურებთ ჩვენი შვილების საკეთილდღეოდ? თუ უარს ვამბობთ მკურნალობის გარკვეულ მეთოდზე, საამისოდ საფუძვლიანი მიზეზი უნდა გვქონდეს“. შემდეგ შეგიძლია ჰკითხო: 1) „თქვენი აზრით, შეიძლება, რომ მშობლების გადაწყვეტილებაზე იმოქმედოს იმან, რაც ღვთის სიტყვაში საქმეების 15:28, 29-ში წერია?“ 2) „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ღვთისადმი რწმენის გამოვლენა და მისი მითითებების გათვალისწინება“.
„თქვენ სისხლს არ ისხამთ“.
შეგიძლია ასე უპასუხო: „გაზეთებში მოყვანილი იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ფიქრობდნენ, რომ სისხლის გადასხმაზე უარის თქმის გამო იეჰოვას მოწმე პაციენტები დაიღუპებოდნენ. თქვენც ეს შემთხვევები გაქვთ მხედველობაში? . . საინტერესოა, რატომ არ ვისხამთ სისხლს?“ შემდეგ შეგიძლია უთხრა: 1) „ჩაიგდებდით სიცოცხლეს საფრთხეში თქვენი მეუღლის გულისთვის? . . მათ, ვინც სამშობლოსთვის სწირავს თავს, გმირებად მიიჩნევენ. ყველაზე და ყველაფერზე მაღლა კი ღმერთი დგას. ჩაიგდებდით თავს საფრთხეში ღვთის სიყვარულისა და ერთგულებისთვის?“ 2) „ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ გვინდა, ვუერთგულოთ ღმერთს. ღვთის სიტყვა გვეუბნება, რომ უნდა მოვერიდოთ სისხლს“ (საქ. 15:28, 29).
ან შეგიძლია უთხრა: „იეჰოვას მოწმეები უარს ამბობენ ბევრ ისეთ რამეზე, რაც დღეს საკმაოდ გავრცელებულია. მაგალითად, ისინი არ იტყუებიან, არ ქურდობენ, არ მრუშობენ, არ ეწევიან და, როგორც თქვენ აღნიშნეთ, სისხლს არ ისხამენ. რა არის ამის მიზეზი? ის, რომ ბიბლიით ვხელმძღვანელობთ“. შემდეგ შეგიძლია უთხრა: 1) „ბიბლიაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ უნდა მოვერიდოთ სისხლს. მინდა გაჩვენოთ ეს აზრი“ (საქ. 15:28, 29). 2) „ალბათ გახსოვთ, რომ ღმერთმა ადამსა და ევას ედემის ბაღში მხოლოდ ერთი ხის ნაყოფის ჭამა აუკრძალა. მაგრამ ისინი არ დაემორჩილნენ ღმერთს, შეჭამეს აკრძალული ნაყოფი და ყველაფერი დაკარგეს. ეს კი დიდი შეცდომა იყო! დღეს, რა თქმა უნდა, არ გვეკრძალება რომელიმე ნაყოფის ჭამა, მაგრამ წარღვნის შემდეგ ღმერთმა ადამიანებს ერთი რამ აუკრძალა. ეს აკრძალვა სისხლს ეხებოდა“ (დაბ. 9:3, 4). 3) „ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმის დამტკიცება, რომ ნამდვილად გვაქვს ღვთის რწმენა. თუ ღმერთს ვემორჩილებით, მისი სამეფოს მმართველობის დროს მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა გვექნება. სიკვდილის შემთხვევაშიც კი ღმერთი აღდგომას გვპირდება“.
„რას გააკეთებთ, თუ ექიმი გეტყვით, რომ სისხლის გადასხმის გარეშე მოკვდებით?“
შეგიძლია ასე უპასუხო: „თუ ნამდვილად ასეთი სერიოზული მდგომარეობა იქნება, მომცემს ექიმი იმის გარანტიას, რომ სისხლის გადასხმის შემთხვევაში გადავრჩები?“ შემდეგ შეგიძლია უთხრა: „მაგრამ ღმერთს შეუძლია სიცოცხლე დაგვიბრუნოს. განა არ მეთანხმებით, რომ არასწორი იქნება, თუ სიკვდილის შიშით ადამიანი ზურგს შეაქცევს ღმერთს და მის კანონს დაარღვევს? მე ნამდვილად მწამს ღმერთის. თქვენ? ბიბლია აღდგომას ჰპირდება მათ, ვისაც მისი ძე სწამს. გჯერათ ამის?“ (იოან. 11:25).
ან შეგიძლია უთხრა: „ექიმმა ეს შეიძლება იმიტომ თქვას, რომ არ იცის, როგორ უმკურნალოს პაციენტს სისხლის გადასხმის გარეშე. თუ შესაძლებელი იქნება, მას დავაკავშირებთ ისეთ ექიმთან, რომელსაც აქვს გამოცდილება ამ საკითხში, ან სხვა ექიმს მივმართავთ“.