თარიღები
განმარტება: თარიღი არის დრო, როცა რაიმე მოვლენა ხდება. ბიბლია თარიღების დადგენაში გვეხმარება ცნობებით, რომლებიც უკავშირდება კონკრეტულ ადამიანთა ცხოვრების გარკვეულ მომენტებს, მმართველთა მმართველობის პერიოდებს და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს. მხოლოდ ბიბლიაშია მოცემული სრული ქრონოლოგია, რომელსაც ადამის შექმნამდე მივყავართ. ბიბლიური ქრონოლოგიის საშუალებით აგრეთვე წინასწარ იყო შესაძლებელი იმის დადგენა, თუ როდის უნდა მომხდარიყო ღვთის განზრახვასთან დაკავშირებული ესა თუ ის მნიშვნელოვანი მოვლენა. გრიგორიანული კალენდარი, რომელიც დღეს ყველაზე მეტადაა გავრცელებული მსოფლიოში, 1582 წელს შემოიღეს. არაბიბლიურ წყაროებში ერთი და იგივე ისტორიულ მოვლენებთან დაკავშირებული თარიღები ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს. თუმცა საყოველთაოდ აღიარებულია ზოგიერთი ძირითადი თარიღი, მაგალითად ძვ. წ. 539 წელი (ბაბილონის დაცემა) და, აქედან გამომდინარე, ძვ. წ. 537 წელი (იუდეველების გათავისუფლება ტყვეობიდან) (ეზრა 1:1—3). თუ ასეთ თარიღებს ათვლის წერტილად გამოვიყენებთ, შევძლებთ ბიბლიური მოვლენების დათარიღებას თანამედროვე კალენდრების მიხედვით.
შეძლეს მეცნიერებმა იმის დამტკიცება, რომ ადამიანი არსებობის მილიონობით წელს ითვლის და არა რამდენიმე ათას წელს, როგორც ამას ბიბლიიდან ვიგებთ?
მეცნიერთა მიერ გამოყენებული დათარიღების მეთოდები ემყარება ვარაუდებს, რომლებიც ზოგჯერ დამხმარეა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავი დასკვნების გაკეთების მიზეზი ხდება. ამის გამო სისტემატურად მიმდინარეობს მათ მიერ დადგენილი თარიღების გადამოწმება.
ერთ ჟურნალში ვკითხულობთ: «„მიჭირს იმის დაჯერება, რომ სულ რაღაც ერთი წლის წინ ასეთი რამ ვთქვი“, — ამ სიტყვებით მიმართა რიჩარდ ლიკიმ დიდი ბრიტანეთის სამეფო ინსტიტუტში შეკრებილ საზოგადოებას გასულ პარასკევს, საღამოს ლექციის დროს. მან აღიარა, რომ გავრცელებული შეხედულება, რომელსაც ახლახან დაუჭირა მხარი ბი-ბი-სის სატელევიზიო სერიალში („The Making of Mankind“), „როგორც ჩანს, მცდარი იყო რამდენიმე არსებით საკითხში“. ახლა იგი თვლის, რომ ჩვენი პირველი წინაპრები გაჩნდნენ არა 15—20 მილიონი წლის წინათ, როგორც ეს ტელევიზიით განაცხადა, არამედ გაცილებით გვიან» („New Scientist“, 18 მარტი, 1982, გვ. 695).
რაც დრო გადის, დათარიღების ახალ და ახალ მეთოდებს იგონებენ. რამდენად სანდოა ისინი? ერთ-ერთი მეთოდის, თერმოლუმინესცენციის, შესახებ „ახალ ენციკლოპედია ბრიტანიკაში“ ნათქვამია: „დღესდღეობით ჩვენი იმედები, ძირითადად, დაკავშირებულია არა რეალურ შედეგებთან, არამედ იმ მნიშვნელობასთან, რომელსაც დათარიღების თერმოლუმინესცენციურ მეთოდს ვანიჭებთ“. ერთ ჟურნალში ეწერა, რომ ჩონჩხი, რომლის ასაკიც ამინომჟავების რაცემიზაციის მეთოდით დათარიღებისას 70 000 წლით განსაზღვრეს, რადიოაქტიური მეთოდით დათარიღებისას მხოლოდ 8 300 ან 9 000 წლის აღმოჩნდა („Science“, 28 აგვისტო, 1981, გვ. 1003).
ერთ ჟურნალში ეწერა: „[ფიზიკოსი რობერტ ჯენტრი] თვლის, რომ რადიოაქტიური დაშლის საფუძველზე დადგენილი ყველა თარიღი შეიძლება მცდარი იყოს არა მხოლოდ რამდენიმე წლით, არამედ უდიდესი დროით, რომლის გამოსახვისთვისაც საჭირო იქნება ათის აყვანა მთელ რიგ ხარისხებში“. როგორც სტატიაში იყო აღნიშნული, მის აღმოჩენებს იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ „დედამიწაზე ადამიანის არსებობა შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე ათას წელს ითვლიდეს და არა 3,6 მილიონ წელს“ („Popular Science“, ნოემბერი, 1979, გვ. 81).
უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერთა აზრით დედამიწა ადამიანის გაჩენამდე გაცილებით ადრე არსებობდა. ბიბლია არ ეწინააღმდეგება ამ აზრს.
პირდაპირი გაგებით „წელს“ გულისხმობს ბიბლია, როცა წარღვნამდე მცხოვრებ ადამიანთა ასაკს მოიხსენიებს?
თუ ჩავთვლით, რომ „წლებში“ თვეები იგულისხმებოდა, მაშინ ენოში შვიდი წლის ასაკში უნდა გამხდარიყო მამა, ხოლო კენანი — ხუთი წლის ასაკში (დაბ. 5:9, 12). ეს კი შეუძლებელია.
წარღვნასთან დაკავშირებული ქრონოლოგიური მონაცემებიდან ვიგებთ, რა ხანგრძლივობის იყო იმ დროს თვე და წელიწადი. დაბადების 7:11, 24-ისა და 8:3, 4-ის ერთმანეთთან შედარებიდან ჩანს, რომ ხუთ თვეში (მე-2 თვის მე-17 დღიდან მე-7 თვის მე-17 დღემდე) იგულისხმებოდა 150 დღე, ანუ 30-დღიანი 5 თვე. ამ მონაცემებში კონკრეტულად არის მოხსენიებული „მეათე თვე“ და შემდგომი მოკლე პერიოდები მომავალ წლამდე (დაბ. 8:5, 6, 8, 10, 12—14). როგორც ჩანს, მაშინ წელიწადი შედგებოდა 30-დღიანი 12 თვისგან. ადრე მთვარისმიერ კალენდარს პერიოდულად უთავსებდნენ მზისიერ წელიწადს. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ისრაელებს კონკრეტული თარიღები ჰქონდათ დადგენილი დღესასწაულებისთვის, რომლებიც წელიწადის განსაზღვრულ დროს იმართებოდა. ამგვარად, დღესასწაულები ყოველთვის ემთხვეოდა წელიწადის შესაბამის დროს (ლევ. 23:39).
მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ღმერთმა ადამიანი მარადიული სიცოცხლისთვის შექმნა. სიკვდილი ადამის ცოდვამ მოგვიტანა (დაბ. 2:17; 3:17—19; რომ. 5:12). წარღვნამდე მცხოვრები ადამიანები ჩვენთან შედარებით უფრო ახლოს იყვნენ სრულყოფილებასთან და, შესაბამისად, უფრო დიდხანს ცოცხლობდნენ. თუმცა არც ერთ მათგანს არ მიუღწევია ათას წლამდე.
რატომ ამბობენ იეჰოვას მოწმეები, რომ ღვთის სამეფო 1914 წელს დამყარდა?
ამას ამტკიცებს ორი რამ: 1) ბიბლიური ქრონოლოგია და 2) 1914 წლიდან განვითარებული მოვლენები, რითაც სრულდება წინასწარმეტყველებები. ამჯერად განვიხილავთ ქრონოლოგიას. წინასწარმეტყველებების შესრულებასთან დაკავშირებით იხილეთ „ბოლო დღეები“.
წაიკითხეთ დანიელის 4:1—17. როგორც 20—37 მუხლებიდან ვხედავთ, ეს წინასწარმეტყველება ნაბუქოდონოსორზე შესრულდა. მაგრამ ის უფრო ფართო მასშტაბითაც უნდა შესრულებულიყო. რის საფუძველზე ვასკვნით ამას? მე-3 და მე-17 მუხლებიდან ჩანს, რომ ნაბუქოდონოსორის მიერ ნანახი სიზმარი ეხებოდა ღვთის სამეფოს და ღვთის დაპირებას, რომ სამეფოს მისცემდა მას, ვისაც თავად მოისურვებდა, თუნდაც „ადამიანთაგან ყველაზე მდაბიოს“. მთელი ბიბლია ადასტურებს იმას, რომ იეჰოვას განზრახვაა, მისი ძე, იესო ქრისტე, იყოს ადამიანთა მმართველი და მისი წარმომადგენელი (ფსალმ. 2:1—8; დან. 7:13, 14; 1 კორ. 15:23—25; გამოცხ. 11:15; 12:10). როგორც ბიბლიიდან ვხედავთ, იესო ნამდვილად იყო „ადამიანთაგან ყველაზე მდაბიო“ (ფილ. 2:7, 8; მათ. 11:28—30). აქედან გამომდინარე, წინასწარმეტყველური სიზმარი მიუთითებდა დროზე, როცა იეჰოვა თავის ძეს კაცობრიობის მართვის უფლებამოსილებას მისცემდა.
რა უნდა მომხდარიყო მანამდე? ხითა და მისი მთავარი ფესვით წარმოდგენილ მმართველობას „მხეცის გული“ უნდა მისცემოდა (დან. 4:16). ისტორიაში მთავარ როლს შეასრულებდნენ მხეცებისთვის დამახასიათებელი თავისებურებების მქონე სახელმწიფოები. ამერიკის შეერთებული შტატები ხშირად სიმბოლურად წარმოდგენილია არწივით, დიდი ბრიტანეთი — ლომით, ჩინეთი — დრაკონით. ბიბლიაშიც გვხვდება სიმბოლოები, რომლებითაც წარმოდგენილია კონკრეტულ სახელმწიფოთა მმართველობა და ადამიანთა მმართველობის მსოფლიო სისტემა (დან. 7:2—8, 17, 23; 8:20—22; გამოცხ. 13:1, 2). ქვეყნიერების აღსასრულთან დაკავშირებულ წინასწარმეტყველებაში იესომ აღნიშნა, რომ ‘იერუსალიმი გათელილი იქნებოდა უცხოტომელთა მიერ, სანამ არ დასრულდებოდა უცხოტომელთათვის დანიშნული დროები’ (ლუკ. 21:24). „იერუსალიმით“ წარმოდგენილი იყო ღვთის სამეფო, რადგან მისი მეფეები „იეჰოვას სამეფო ტახტზე“ ისხდნენ (1 მატ. 28:4, 5; მათ. 5:34, 35). ამგვარად, მხეცებით წარმოდგენილი, სატანის გავლენაში არსებული უცხოტომელთა მმართველობა ‘გათელავდა’ ადამიანთა ხელმძღვანელობასთან დაკავშირებულ ღვთის სამეფოს უფლებას (შეადარეთ ლუკას 4:5, 6).
რამდენი ხანი უნდა გასულიყო, სანამ იეჰოვა სამეფოს იესო ქრისტეს გადასცემდა? დანიელის 4:16-ის თანახმად, „შვიდი დრო“ („შვიდი წელიწადი“ [4:13], სსგ, ბსგ). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ წინასწარმეტყველური დროის გამოთვლისას ერთ დღეში ერთი წელი იგულისხმება (ეზეკ. 4:6; რიცხ. 14:34). მაგრამ რამდენი დღე იგულისხმება ამ შემთხვევაში? გამოცხადების 11:2, 3-ში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ წინასწარმეტყველებაში 42 თვე (3,5 წელი) 1 260 დღეა. შვიდი წელიწადი იქნება ორჯერ მეტი, ანუ 2 520 დღე. თუ გამოვიყენებთ პრინციპს „თითო დღეზე თითო წელი“, მივიღებთ 2 520 წელს.
როდიდან დაიწყო „შვიდი დროის“ ათვლა? მას შემდეგ, რაც ღვთის სიმბოლური სამეფოს უკანასკნელი მეფე, ციდკია, ბაბილონელებმა იერუსალიმში ტახტიდან ჩამოაგდეს (ეზეკ. 21:25—27). ძვ. წ. 607 წლის ოქტომბრის დასაწყისში იუდეველთა დამოუკიდებლობას საბოლოოდ წერტილი დაესვა. იმ დროს მოკლეს გედალია, რომელიც ბაბილონელებმა იუდეველთა გამგებლად დანიშნეს, დარჩენილი იუდეველები კი ეგვიპტეში გაიქცნენ (იერემიას 40—43 თავები). სანდო ბიბლიური ქრონოლოგიიდან ვხედავთ, რომ ეს მოხდა ძვ. წ. 537 წელს იუდეველების ტყვეობიდან დაბრუნებამდე 70 წლით ადრე, ესე იგი ძვ. წ. 607 წლის ოქტომბრის დასაწყისში (იერ. 29:10; დან. 9:2; დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „მოვიდეს შენი სამეფო“, გვ. 186—189 [ინგლ.]).
როგორ გამოვთვალოთ დრო, რომელსაც 1914 წელთან მივყავართ? როგორც ჩარჩოშია ნაჩვენები, თუ ძვ. წ. 607 წლის ოქტომბრის დასაწყისიდან გადავითვლით 2 520 წელს, მივალთ 1914 წლის ოქტომბრის დასაწყისთან.
რა მოხდა ამ დროს? იეჰოვამ თავის ძეს, ზეცაში განდიდებულ იესო ქრისტეს, კაცობრიობის მართვის უფლებამოსილება მისცა (დან. 7:13, 14).
მაშ რატომღა არის დედამიწაზე ამდენი ბოროტება? გამეფების შემდეგ ქრისტემ სატანა და მისი დემონები ზეციდან დედამიწაზე გადმოყარა (გამოცხ. 12:12). გამეფებულ ქრისტეს მაშინვე არ გაუნადგურებია ყველა, ვინც არ აღიარებდა მას როგორც მესიას, და იეჰოვას როგორც უზენაეს მმართველს. იესომ იწინასწარმეტყველა, რომ მთელ მსოფლიოში უნდა დაწყებულიყო სამქადაგებლო საქმიანობა (მათ. 24:14). ეს ადამიანებს აძლევს არჩევნის გაკეთების საშუალებას. მართლები მიიღებენ მარადიულ სიცოცხლეს, ბოროტები კი განადგურდებიან (მათ. 25:31—46). ამ პერიოდის ანუ „ბოლო დღეების“ განმავლობაში, წინასწარმეტყველების თანახმად, რთული მდგომარეობა შეიქმნებოდა. ეს ნამდვილად ასეა 1914 წლიდან (იხილეთ „ბოლო დღეები“). ყველაფერი, რაც იესომ იწინასწარმეტყველა, შესრულდება. მალე დაიწყება „დიდი გასაჭირი“, რომლის დროსაც განადგურდება ბოროტი ქვეყნიერება (მათ. 24:21, 22).
როდის დადგება ბოროტი ქვეყნიერების აღსასრული?
იესომ თქვა: „იმ დღესა და საათზე კი მამის გარდა არავინ იცის: არც ზეციერმა ანგელოზებმა და არც ძემ“. მან აგრეთვე თქვა: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: ეს თაობა არ შეწყვეტს არსებობას, სანამ ეს ყველაფერი არ მოხდება“ (მათ. 24:36, 34).
იმ მოვლენების აღწერის შემდეგ, რაც 1914 წელს სამეფოს დამყარებასა და იესო ქრისტეს გამეფებას უნდა მოჰყოლოდა, გამოცხადების 12:12-ში ნათქვამია: „გიხაროდეთ, ზეცავ და თქვენ, ვინც მასში მკვიდრობთ! ვაი მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი, დიდად განრისხებული, რადგან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა“.
„შვიდი დროის“ გამოთვლა
„შვიდი დრო“ = 7 X 360 = 2 520 წელი
ბიბლიური „დრო“ ანუ წელიწადი = 12 X 30 დღე = 360 (გამოცხ. 11:2, 3; 12:6, 14).
„შვიდ დროსთან“ დაკავშირებულ წინასწარმეტყველებაში თითო დღე უდრის თითო წელს (ეზეკ. 4:6; რიცხ. 14:34).
ძვ. წ. 607 წლის ოქტომბრის დასაწყისიდან ძვ. წ. 607 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით = 1/4 წელი
ძვ. წ. 606 წლის 1 იანვრიდან ძვ. წ. 1 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით = 606 წელი
ახ. წ. 1 წლის 1 იანვრიდან 1913 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით = 1 913 წელი
1914 წლის 1 იანვრიდან 1914 წლის ოქტომბრის დასაწყისამდე = 3/4 წელი
ჯამი: 2 520 წელი