ღმერთი
განმარტება: უზენაესი არსება, რომლის სახელიც არის იეჰოვა. „ღმერთად“ ნათარგმნ ებრაულ სიტყვებს აქვს ძლიერების, ასევე დიდებულების, სიდიადისა და აღმატებულობის მნიშვნელობა. ჭეშმარიტი ღმერთის გარდა არსებობენ ცრუღმერთებიც. ზოგმა თავად გაიღმერთა თავი, ზოგი კი ადამიანებმა აქციეს თაყვანისცემის საგნად.
რის საფუძველზე შეგვიძლია ვირწმუნოთ ღვთის არსებობა?
ფსალმ. 19:1: „ღვთის დიდებას აუწყებს ზეცა და სივრცე მის ხელთა ნამოქმედარზე მეტყველებს“.
ფსალმ. 104:24: „რაოდენ მრავალია შენი საქმენი, იეჰოვა! ყველაფერი სიბრძნით შექმენი. სავსეა დედამიწა შენი ნაშრომით“.
რომ. 1:20: „მისი უხილავი თვისებები . . . ნათლად ჩანს ქვეყნიერების შექმნიდან, რადგან ყოველივე ეს შექმნილის მეშვეობით შეიცნობა“.
ერთ ჟურნალში ნათქვამი იყო: „ხალხში გავრცელებულია შეხედულება, რომ მეცნიერებმა ძირი გამოუთხარეს რელიგიას. ისინი ფიქრობენ, რომ მეცნიერი მორწმუნე ვერ იქნება; რომ დარვინმა საბოლოოდ დაასამარა ღვთის არსებობის იდეა; და რომ მას შემდეგ მეცნიერულ-ტექნიკურმა წინსვლამ სამუდამოდ გამორიცხა ამ იდეის აღდგენის შესაძლებლობა. ეს არის აბსოლუტურად მცდარი შეხედულება“ („New Scientist“, 26 მაისი, 1977, გვ. 478).
საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის ერთმა წევრმა აღნიშნა: „ბუნებაში არსებული წესრიგის შექმნას ვერც ადამიანის გონებას მივაწერთ და ვერც მისტიკურ ინტუიციას . . . წესრიგის არსებობის წინაპირობა არის წესრიგის შემქმნელი მოაზროვნე გონის არსებობა, რომელიც სხვა არავინ არის, თუ არა ღმერთი“ („Dieu existe? Oui“, კრისტიან კაბანისი, პარიზი, 1979, გვ. 94).
მეცნიერებისთვის ცნობილია 100-ზე მეტი ქიმიური ელემენტი. მათ ატომურ სტრუქტურებს შორის რთული მათემატიკური თანაფარდობაა. ელემენტთა პერიოდული სისტემა აშკარად მეტყველებს გეგმაზომიერებაზე. ასეთი საოცარი „გეგმა“ შეუძლებელია შემთხვევით, წინასწარი მოფიქრების გარეშე შექმნილიყო.
მაგალითი: როდესაც ფოტოაპარატს, რადიოს ან კომპიუტერს ვხედავთ, ეჭვი არ გვეპარება, რომ მათ დამზადებაზე ვიღაცამ იშრომა. აქედან გამომდინარე, გონივრული იქნება იმის თქმა, რომ შემოქმედის გარეშე გაჩნდა ის, რაც გაცილებით რთულია — მაგალითად, ადამიანის თვალი, ყური და ტვინი?
იხილეთ აგრეთვე გვერდები 391—393 („შემოქმედება“).
მეტყველებს ბოროტებისა და ტანჯვის არსებობა იმაზე, რომ ღმერთი არ არსებობს?
განვიხილოთ მაგალითები: დანით შეიძლება ადამიანი მოკლან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დანას გამკეთებელი არა ჰყავს. ომის დროს რეაქტიული თვითმფრინავებიდან ბომბებს ყრიან, მაგრამ ეს არ ამტკიცებს იმას, რომ ისინი არავის გამოუგონია. ადამიანის ტანჯვის მიზეზი როგორც დანის, ისე თვითმფრინავის არასწორი მიზნით გამოყენებაა.
განა მრავალ დაავადებას ის არ იწვევს, რომ ბევრი არ ცხოვრობს ჯანსაღი ცხოვრებით და ზიანს აყენებს გარემოს? განა ისევ ადამიანის მიერ წამოწყებული ომები არ ხდება დიდი უბედურებების მიზეზი? განა ადამიანთა სიხარბის გამო არ ხდება, რომ მილიონები შიმშილობენ, მაშინ როცა ზოგ ქვეყანაში საკვები საკმარისზე მეტია? ყოველივე ეს არ ამტკიცებს იმას, რომ ღმერთი არ არსებობს. ეს უფრო იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანები ბოროტად იყენებენ ღვთისგან ბოძებულ უნარს და არ უფრთხილდებიან დედამიწას.
სულერთია ღვთისთვის ის, რაც დედამიწაზე ხდება?
ნამდვილად არა! დავფიქრდეთ შემდეგზე: ბიბლია ამბობს, რომ ადამიანი სრულყოფილი იყო, როცა ღმერთმა შექმნა (დაბ. 1:27, 31; კან. 32:4). ადამიანი ღმერთს უნდა დამორჩილებოდა, მისი კეთილგანწყობა რომ არ დაეკარგა (დაბ. 2:16, 17). მორჩილების შემთხვევაში ის ყოველთვის სრულყოფილი იქნებოდა და არ გამოცდიდა ტანჯვას, ავადმყოფობასა და სიკვდილს. შემოქმედი ხელმძღვანელობის გარეშე არ დატოვებდა მას და ყოველგვარი უბედურებისგან დაიცავდა. მაგრამ ადამიანმა უარი თქვა ღვთის ხელმძღვანელობაზე და მისგან დამოუკიდებლად ცხოვრება არჩია. ის არ იყო ასეთი ცხოვრებისთვის შექმნილი და თავს უამრავი უბედურება დაიტეხა (იერ. 10:23; ეკლ. 8:9; რომ. 5:12). ყველაფრის მიუხედავად, ღმერთი საუკუნეების განმავლობაში მოთმინებით ეძებდა მათ, ვინც შეიყვარებდა მის გზებს და საკუთარი სურვილით, სიყვარულით ემსახურებოდა. ასეთ ადამიანებს ღმერთი აძლევს იმ კურთხევების მიღების შესაძლებლობას, რომლებიც ვერ მიიღეს არასრულყოფილებისა და არასწორი კურსით სიარულის გამო (გამოცხ. 21:3—5). ადამიანების მიმართ უდიდესი სიყვარული ღმერთმა იმით დაამტკიცა, რომ ცოდვისა და სიკვდილისგან მათ გამოსასყიდად თავისი ძე მსხვერპლად გაიღო (იოან. 3:16). გარდა ამისა, ღმერთმა დანიშნა დრო, როცა გაანადგურებს დედამიწის მომსპობთ და სიმართლის მოყვარულებს ისეთ სიცოცხლეს მისცემს, როგორიც თავიდანვე ჰქონდა ჩაფიქრებული (გამოცხ. 11:18; ფსალმ. 37:10, 11; იხილეთ აგრეთვე „ბოროტება“ და „ტანჯვა“).
რეალური პიროვნებაა ღმერთი?
ებრ. 9:24: „ქრისტე შევიდა . . . თვით ზეცაში, რათა ახლა ჩვენი გულისთვის ღვთის სახის წინაშე წარდგეს“.
იოან. 4:24: „ღმერთი სულია“.
იოან. 7:28: „[იესომ თქვა:] ჩემი გამომგზავნელი ნამდვილად არსებობს“.
1 კორ. 15:44: „თუ ხორციელი სხეული არსებობს, არსებობს სულიერიც“.
აქვს ღმერთსაც გრძნობები ადამიანის მსგავსად?
იოან. 16:27: „მამას უყვარხართ, რადგან მე შემიყვარეთ და ირწმუნეთ, რომ მამისგან გამოვედი“.
ეს. 63:9: „მათი გასაჭირი მისი გასაჭირი იყო . . . სიყვარულითა და თანაგრძნობით გამოისყიდა, აიყვანა და დაატარებდა მათ“.
1 ტიმ. 1:11: „ბედნიერი ღვთის . . .“.
ჰქონდა ღმერთს დასაბამი?
ფსალმ. 90:2: „სანამ მთები გაჩნდებოდნენ და სანამ დედამიწასა და ნაყოფიერ მიწას წარმოშობდი თითქოსდა მშობიარობის ტკივილებით, მარადიულად შენა ხარ ღმერთი“.
გონივრულია ამის დაჯერება? ადამიანის გონებისთვის შეუძლებელია, ბოლომდე ჩასწვდეს ღვთის მარადიულობას. მაგრამ ეს არ გვაძლევს ამ ფაქტის უარყოფის საფუძველს. განვიხილოთ მაგალითები: 1) დრო. არავის შეუძლია განსაზღვროს, საიდან იწყება დროის ათვლა. ადამიანის სიცოცხლე მთავრდება, მაგრამ დრო არ ჩერდება. ჩვენ არ უარვყოფთ დროის არსებობას იმის გამო, რომ ბოლომდე ვერ ვწვდებით მასთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხს; არათუ უარვყოფთ, არამედ ვცდილობთ, დროს ავუწყოთ ჩვენი ცხოვრება. 2) სივრცე. ასტრონომებს არ შეუძლიათ იმის განსაზღვრა, თუ სად იწყება და სად მთავრდება სივრცე. რაც უფრო მეტს იკვლევენ, მით უფრო მეტად ხედავენ მის უკიდეგანობას. ისინი არ უარყოფენ ფაქტებს. ბევრი ამბობს, რომ სივრცე უსასრულოა. შეგვიძლია ამავე პრინციპით ვიხელმძღვანელოთ ღვთის არსებობაზე მსჯელობისას.
სხვა მაგალითები: 1) ასტრონომები ამბობენ, რომ მზის ბირთვში ტემპერატურა 15 000 000° C-ს აღწევს. უარვყოფთ ამ აზრს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენთვის რთული წარმოსადგენია ასეთი სიმხურვალე? 2) მათი თქმით, ჩვენი გალაქტიკა „ირმის ნახტომი“ იმდენად დიდია, რომ სინათლის სხივს, რომლის სიჩქარეც არის დაახლოებით 300 000 კილომეტრი წამში, 100 000 წელი დასჭირდება მის გადასაკვეთად. შეგვიძლია ასეთი მანძილის წარმოდგენა? ცხადია, არა. მაგრამ ჩვენ არ უარვყოფთ ამ ფაქტს, რადგან მეცნიერულადაა დასაბუთებული.
რა უფრო სარწმუნოა — ის, რომ სამყარო გონიერმა შემოქმედმა შექმნა თუ ის, რომ ყველაფერი შემთხვევით, არაფრისგან გაჩნდა? ზოგი მეორე აზრს იზიარებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში იმის დაჯერება მოუწევდათ, რომ არსებობს შემოქმედი, რომლის შესახებაც ბევრ რამეს ბოლომდე ვერ სწვდებიან. ცნობილია, რომ მეცნიერები ბოლომდე ვერ ხსნიან, თუ როგორ მოქმედებენ უჯრედებში არსებული გენები და როგორ განსაზღვრავენ უჯრედების ზრდას. მეცნიერებს ბოლომდე არც ის ესმით, თუ როგორ ფუნქციონირებს ადამიანის ტვინი. მაგრამ უარყოფს ვინმე მათ არსებობას? ნუთუ უნდა მოველოდეთ, რომ ყველაფერს ჩავწვდებით მის შესახებ, ვინც ასეთი რთული და უკიდეგანო სამყარო შექმნა?!
აქვს მნიშვნელობა, გამოვიყენებთ თუ არა ღვთის სახელს?
რომ. 10:13: „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“.
ეზეკ. 39:6: „გაიგებს ხალხი, რომ მე ვარ იეჰოვა“.
იესომ ზეციერ მამას უთხრა: „ვამცნე მათ [ჩემს ჭეშმარიტ მიმდევრებს] შენი სახელი და კვლავაც ვამცნობ“ (იოან. 17:26).
იხილეთ აგრეთვე გვერდები 184, 185 („იეჰოვა“).
აქვს მნიშვნელობა, რომელ ღმერთს ვემსახურებით და რომელ რელიგიას მივეკუთვნებით?
1 კორ. 10:20: „რასაც უცხოტომელები სწირავენ, დემონებს სწირავენ და არა ღმერთს“.
2 კორ. 4:4: „ურწმუნოთათვის, რომელთაც ამ ქვეყნიერების ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა მათზე არ ებრწყინა ქრისტეს შესახებ დიდებული სასიხარულო ცნობის სინათლეს, ქრისტესი, რომელიც უხილავი ღვთის ანარეკლია“ (ამ მუხლში „ღმერთი“ ეშმაკს ეწოდება. იხილეთ 1 იოანეს 5:19; გამოცხადების 12:9).
მათ. 7:22, 23: «ბევრი მეტყვის [იესო ქრისტეს] იმ დღეს: „უფალო, უფალო, განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით დემონებს და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?“ მაშინ მე განვუცხადებ მათ: არასოდეს გიცნობდით თქვენ! გამშორდით, უკანონობის მოქმედნო!» (თუნდაც ადამიანი თავს ქრისტიანად თვლიდეს, ეს მაინცდამაინც არ ნიშნავს იმას, რომ ჭეშმარიტ ღმერთს მისაღები სახით ემსახურება).
იხილეთ აგრეთვე გვერდები 256, 257 („რელიგია“).
თუ იეჰოვა „ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია“, რა გაგებითაა იესო „ღმერთი“?
იესომ თავად მიმართა მამას როგორც „ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“ (იოან. 17:3). იეჰოვამ თქვა: „ჩემ გარდა არ არსებობს სხვა ღმერთი!“ (ეს. 44:6). მოციქულმა პავლემ დაწერა, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის „ერთია ღმერთი, მამა“ (1 კორ. 8:5, 6). ასე რომ, იეჰოვას ყველასგან განსხვავებული მდგომარეობა უკავია. იეჰოვა განსხვავდება ცრუ ღმერთებისგან — კერპებისგან, გაღმერთებული ადამიანებისა და სატანისგან.
ბიბლიაში იესოს „ღმერთი“ და „ძლიერი ღმერთი“ ეწოდება (იოან. 1:1; ეს. 9:6). მაგრამ არსად არის ნათქვამი, რომ ის იეჰოვას მსგავსად „ყოვლისშემძლეა“ (დაბ. 17:1). ბიბლიის თანახმად, იესო არის „მისი [ღვთის] დიდების ანარეკლი“, ეს დიდება კი მამისგან მომდინარეობს (ებრ. 1:3). იესო არ ცდილობს მამის ადგილის დაკავებას. მან თქვა: „იეჰოვას, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას შეუსრულე წმინდა მსახურება“ (ლუკ. 4:8). ‘ის ისე არსებობს, როგორც ღმერთი’ და, მამის ბრძანებით, „იესოს სახელით მუხლი [უნდა] მოიდრიკოს ყველამ“, მაგრამ ეს ‘ღვთის, მამის განდიდებას’ ემსახურება (ფილ. 2:5—11; იხილეთ აგრეთვე გვერდები 172—176).
თუ ვინმე გეუბნება. . .
„მე არ მწამს ღმერთის“.
შეგიძლია ასე უპასუხო: „არასდროს გწამდათ ღმერთის? . . დამაჯერებელი ფაქტების საფუძველზე მიხვედით ამ დასკვნამდე?“ შემდეგ შეგიძლია უთხრა: „პირადად ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო საკითხია და ბევრი მიფიქრია ამაზე. მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე საინტერესო აზრი . . .“ (378-ე გვერდზე იხილე ქვესათაური „რის საფუძველზე შეგვიძლია ვირწმუნოთ ღვთის არსებობა?“; იხილე აგრეთვე გვერდები 391—393, „შემოქმედება“).
ან შეგიძლია უთხრა: „შემოქმედის არსებობის არ გწამთ თუ სასულიერო პირთა თვალთმაქცობამ დაგიკარგათ რწმენა?“. თუ მეორე მიზეზს დაგისახელებს, შეგიძლია უთხრა: „ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებსა და ჭეშმარიტ ქრისტიანობას შორის დიდი სხვაობაა. ქრისტიანული სამყარო ჩაგრავდა ხალხს, ხელს უწყობდა ომებს, არ ზრუნავდა მაღალზნეობრივი ნორმების შენარჩუნებაზე, ეს კი შორს არის ქრისტიანობისგან. ბიბლია არათუ იწონებს, არამედ გმობს იმას, რაც ქრისტიანულ სამყაროში ხდებოდა და ხდება“.
სხვა ვარიანტი: „მე მისაუბრია მათთან, ვინც თქვენნაირად ფიქრობს. ზოგის აზრით, ღმერთი რომ არსებობდეს, ამდენი ტანჯვა და ბოროტება არ იქნებოდა. თქვენც ასე ფიქრობთ?“ (თუ დაგეთანხმება, გამოიყენე 379-ე და 380-ე გვერდებზე მოცემული მასალა ქვესათაურიდან „მეტყველებს ბოროტებისა და ტანჯვის არსებობა იმაზე, რომ ღმერთი არ არსებობს?“).
„მხოლოდ იმის მჯერა, რასაც ვხედავ, ღმერთი კი არასდროს მინახავს“.
შეგიძლია ასე უპასუხო: „ამას ბევრი ამბობს და არცაა გასაკვირი. დღეს ხალხს ყურადღება იმაზე აქვს გადატანილი, რასაც ხედავს. როგორც ჩანს, თქვენ რეალური თვალით უყურებთ ყველაფერს“. შემდეგ შეგიძლია უთხრა: 1) „ბევრ რამეს ვერ ვხედავთ, მაგრამ დარწმუნებულნი ვართ მათ არსებობაში, რადგან გვაქვს ამის საფუძველი. მაგალითად, ჰაერი. ჩვენ ვერ ვხედავთ მას, მაგრამ ვგრძნობთ, როცა ნიავი უბერავს ან როცა ჩავისუნთქავთ. ასე რომ, შედეგები გვარწმუნებს მის არსებობაში“. 2) „ჩვენ ვერ ვხედავთ მიზიდულობის ძალას, მაგრამ მის მოქმედებაში მაშინ ვრწმუნდებით, როცა ძირს ეცემა რამე. ჩვენ ვერ ვხედავთ სუნს, მაგრამ ვგრძნობთ. ჩვენ ვერ ვხედავთ ბგერით ტალღებს, მაგრამ ყურით აღვიქვამთ. ასე რომ, ბევრ რამეს ვერ ვხედავთ, მაგრამ გვჯერა მათი არსებობის, რადგან გვაქვს ამის საფუძვლიანი მიზეზი“. 3) „რა ამტკიცებს, რომ ნამდვილად არსებობს უხილავი ღმერთი?“ (გამოიყენე 378-ე და 379-ე გვერდებზე მოცემული მასალა ქვესათაურიდან „რის საფუძველზე შეგვიძლია ვირწმუნოთ ღვთის არსებობა?“).
„მე ჩემებური შეხედულება მაქვს ღმერთზე“.
შეგიძლია ასე უპასუხო: „კარგია, რომ ფიქრობთ ამ საკითხზე და გწამთ ღმერთი. შეგიძლიათ, გამიზიაროთ თქვენი შეხედულება?“ შემდეგ შეგიძლია უთხრა: „ალბათ დამეთანხმებით, რომ ჩვენი მრწამსი უნდა შეესაბამებოდეს იმას, რასაც თავად ღმერთი ამბობს. მინდა, ერთი მუხლი წაგიკითხოთ ბიბლიიდან“ (ფსალმ. 83:18).