ქვეყნიერების სული
განმარტება: ძალა, რომელიც მართავს ღვთისგან გაუცხოებულ საზოგადოებას — მათ, ვინც არ ემსახურება იეჰოვა ღმერთს. ამ სულის ზეგავლენით მათ უყალიბდებათ საუბრისა და მოქმედების გარკვეული თავისებურებები. მიუხედავად იმისა, რომ ყველა თვითონ ირჩევს ცხოვრების გზას, მათ აზროვნებაში, ჩვეულებებსა და მიზნებში ვლინდება ბოროტი ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელი საერთო ნიშნები; ქვეყნიერებისა, რომლის მმართველი და ღმერთი სატანაა.
რატომ არის სახიფათო ქვეყნიერების სულის გავლენაში მოქცევა?
1 იოან. 5:19: „მთელი ქვეყნიერება . . . ბოროტის ხელშია“ (ქვეყნიერების სულის სულისჩამდგმელი სატანაა. ეს არის ეგოიზმისა და სიამაყის სული, რომლითაც გაჟღენთილია ქვეყნიერება და რომელიც მართავს მათ აზროვნებასა და მოქმედებებს, ვინც არ ემსახურება იეჰოვას. დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ სატანამ ამ ძალის გავლენით თავის ყალიბში არ მოგვაქციოს).
გამოცხ. 12:9: „გადმოგდებულ იქნა დიდი დრაკონი, ძველი გველი, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია და რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო, გადმოგდებულ იქნა დედამიწაზე და მისი ანგელოზებიც მასთან ერთად იქნენ გადმოყრილნი“ (მას შემდეგ, რაც 1914 წელს ზეცაში ღვთის სამეფო დამყარდა და ეს მოვლენა მოხდა, დედამიწაზე განსაკუთრებით გაძლიერდა სატანისა და დემონების გავლენა. ეს სული უფრო და უფრო მეტად უბიძგებს ხალხს ეგოიზმისა და ძალადობისკენ. სატანა განსაკუთრებით იეჰოვას მსახურებზე ახდენს ზეწოლას, რომ ისინიც ქვეყნიერების ნაწილად აქციოს, მიატოვებინოს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა და ის აკეთებინოს, რასაც ყველა აკეთებს).
რა შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ ადამიანი ქვეყნიერების სულის გავლენაშია?
1 კორ. 2:12: „ჩვენ მივიღეთ არა ამ ქვეყნიერების სული, არამედ სული ღვთისგან, რათა ვიცოდეთ, რა გვიბოძა ღმერთმა“ (თუ ქვეყნიერების სული გავლენას ახდენს ადამიანის აზროვნებასა და სურვილებზე, ეს მალევე ვლინდება მის მოქმედებებში. ამიტომ, ქვეყნიერების სულის გავლენისგან რომ გავთავისუფლდეთ, საკმარისი არ არის თავის შეკავება არაქრისტიანული საქმეებისა და უკიდურესობებისგან. საჭიროა ღვთის სულის გავლენით განვივითაროთ სწორი აზროვნება და შევიყვაროთ მისი პრინციპები. ამის გათვალისწინებით განვიხილოთ, თუ რაში ვლინდება ქვეყნიერების სული).
საკუთარი სურვილისამებრ მოქმედება და ღვთის ნების უგულებელყოფა.
სატანამ ევას ურჩია, რომ თავად გადაეწყვიტა, რა იყო სიკეთე და რა — ბოროტება (დაბ. 3:3—5; შეადარეთ იგავების 3:5, 6). დღეს ბევრი ევას მსგავსად იქცევა, ისე რომ არ იცის, რა არის ღვთის ნება და არც ცდილობს მის გაგებას. ისინი იმას აკეთებენ, რაც მოესურვებათ. მათ, ვინც იცის ღვთის ნორმები და ცდილობს ამ ნორმების გათვალისწინებას, სიფრთხილე მართებთ, რომ ქვეყნიერების სულის გავლენით განზრახ არ უგულებელყონ ბიბლიის რჩევები, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო საკითხებშიც კი (ლუკ. 16:10; აგრეთვე იხილეთ „დამოუკიდებლობა“).
ამა თუ იმ ვითარებაში სიამაყის გამოვლენა.
თავდაპირველად საკუთარ თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა სატანამ შეიქმნა (შეადარეთ ეზეკიელის 28:17; იგავების 16:5). ქვეყნიერებაში, რომლის მმართველიც სატანაა, სიამაყე განხეთქილებების მიზეზი ხდება. სწორედ სიამაყის გამო თვლის ზოგიერთი, რომ სხვაზე უკეთესია თავისი რასის, ეროვნების, ენის ან ეკონომიკური მდგომარეობის გამო. შეიძლება ღვთის მსახურებსაც სჭირდებოდეთ ასეთი აზროვნებისგან საბოლოოდ გათავისუფლება. აგრეთვე სიფრთხილე გვმართებს, რომ სიამაყის გამო უმნიშვნელო საკითხები არ გავაზვიადოთ და სიამაყემ ხელი არ შეგვიშალოს შეცდომების აღიარებასა თუ რჩევების მიღებაში. რჩევების უგულებელყოფით უარს ვიტყოდით დახმარებაზე, რომელსაც იეჰოვა თავისი ორგანიზაციის მეშვეობით სიყვარულით გვთავაზობს (რომ. 12:3; 1 პეტ. 5:5).
ძალაუფლების არაფრად ჩაგდება და დაუმორჩილებლობის გამოვლენა.
დაუმორჩილებლობა პირველად სატანამ გამოავლინა. მისი სახელი ნიშნავს „მოწინააღმდეგეს“. ნიმროდი, რომლის სახელის სავარაუდო მნიშვნელობაა „არ დავემორჩილოთ“, იეჰოვას დაუპირისპირდა. ამით მან ცხადყო, რომ სატანის შვილი იყო. თუ ქვეყნიერების სულს წინააღმდეგობას გაუწევენ, ღვთისმოშიში ადამიანები დაემორჩილებიან მმართველებს (რომ. 13:1); ბავშვები დაემორჩილებიან მშობლებს (კოლ. 3:20). ეს ადამიანს დაეხმარება იმაშიც, რომ მხარი არ დაუჭიროს განდგომილებს, რომლებიც პატივისცემით არ ეკიდებიან მათ, ვისაც იეჰოვამ პასუხისმგებლობა მიანდო თავის ორგანიზაციაში (იუდ. 11; ებრ. 13:17).
ხორციელი სურვილების დაკმაყოფილებისკენ სწრაფვა.
ასეთი ტენდენცია შეიმჩნევა ყველგან და ყველაფერში. ყოველთვის ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ამან ჩვენზეც არ მოახდინოს გავლენა (1 იოან. 2:16; ეფეს. 4:17, 19; გალ. 5:19—21). ამ მხრივ ქვეყნიერების სულის გავლენა შეიძლება თანდათანობით გამოვლინდეს ადამიანის საუბარში, ხუმრობაში, ცეკვაში. აგრეთვე იმაში, თუ როგორ მუსიკას უსმენს, და უყურებს თუ არა უზნეობის ამსახველ სცენებს. ნარკოტიკების მოხმარება, უზომო სმა, მრუშობა, მეძაობა და ჰომოსექსუალიზმი თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანი ქვეყნიერების სულის გავლენაშია. ამის მაჩვენებელია ისიც, თუ ვინმე ბიბლიური მიზეზის გარეშე, თუნდაც კანონიერად, ეყრება მეუღლეს და სხვაზე ქორწინდება (მალ. 2:16).
იმისკენ სწრაფვა, რომ გქონდეს ყველაფერი, რასაც ხედავ.
სატანამ ასეთი სურვილი აღუძრა ევას. ევა ცდუნებას აჰყვა და თავისი საქციელით ღმერთთან ურთიერთობა გაიფუჭა (დაბ. 3:6; 1 იოან. 2:16). იესომ სიმტკიცე შეინარჩუნა ცდუნების წინაშე (მათ. 4:8—10). ყველას, ვისაც სურს იეჰოვას ასიამოვნოს, სიფხიზლე მართებს, რომ კომერციულმა სამყარომ ასეთი მიდრეკილება არ განუვითაროს. ეს დიდ პრობლემებს შეუქმნის ადამიანს და სულიერობას დააკარგვინებს (მათ. 13:22; 1 ტიმ. 6:7—10).
ქონებითა და საკუთარი მიღწევებით ტრაბახი.
ესეც „ქვეყნიერებისგანაა“ და ღვთის მსახურებისთვის მიუღებელი უნდა იყოს (1 იოან. 2:16). ეს სიამაყის ნიშანია, სხვებზე არ მოქმედებს დადებითად და მათაც უბიძგებს იმისკენ, რომ ქონების დაგროვებისა და მოჩვენებითი წარმატებებისკენ ისწრაფონ (რომ. 15:2).
ემოციურ ნიადაგზე სიტყვიერი შეურაცხყოფა და ძალადობა.
ეს „ხორცის საქმეებია“ და ბევრს დიდი ბრძოლა სჭირდება ასეთი მიდრეკილებების დასაძლევად. ნამდვილი რწმენით და ღვთის სულის დახმარებით მათ შეუძლიათ სძლიონ ქვეყნიერებასა და მის სულს (გალ. 5:19, 20, 22, 23; ეფეს. 4:31; 1 კორ. 13:4—8; 1 იოან. 5:4).
იმედის დამყარება ადამიანთა შესაძლებლობებზე და კაცთმოშიშება.
ადამიანი, რომელსაც რწმენა არა აქვს, მხოლოდ იმას ანიჭებს მნიშვნელობას, რასაც ხედავს. ის მთელ იმედს ადამიანთა დაპირებებზე ამყარებს, მათი მუქარის კი ეშინია და კაცთმოშიშია. ის მმართველებზეა დაიმედებული და მათი წარუმატებლობის შემთხვევაში იმედი უცრუვდება (ფსალმ. 146:3, 4; ეს. 8:12, 13). სიკვდილის შიში მას ადვილად იმონებს, რადგან ამ ცხოვრების იქით ვერაფერს ხედავს (შეადარეთ მათეს 10:28; ებრაელების 2:14, 15). ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლება, როცა ეცნობა იეჰოვას, მის დაპირებებზე ამყარებს იმედს და დახმარებისთვის ყოველთვის მას მიმართავს (ეფეს. 4:23, 24; ფსალმ. 46:1; 68:19).
ადამიანების განდიდება და საგნებისა თუ სხვა რამის თაყვანისცემა, რაც მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის.
„ამ ქვეყნიერების ღმერთი“, სატანა ეშმაკი ყოველმხრივ ცდილობს, რომ თაყვანისცემის მოთხოვნილება ადამიანებმა არასწორი გზით დაიკმაყოფილონ (2 კორ. 4:4). ადამიანები აღმერთებენ მმართველებს (საქ. 12:21—23). მილიონები კერპებს სცემენ თაყვანს. ბევრი მსახიობებსა და სპორტსმენებს აკერპებს. დღესასწაულების დროს ხშირად განადიდებენ ცალკეულ ადამიანებს. ვინაიდან ეს სული ძალიან არის გავრცელებული, სიფრთხილე მართებს ყველას, ვისაც ნამდვილად უყვარს იეჰოვა და სურს მისი ერთგული იყოს.