ბიბლიის წიგნი 8 — რუთი
დამწერი: სამუელი
დაწერის ადგილი: ისრაელი
წერა დასრულდა: დაახლ. ძვ. წ. 1090
მოიცავს პერიოდს: მსაჯულების მმართველობის 11 წელი
1. ა) რატომ არ არის „რუთი“ მხოლოდ სიყვარულის ისტორია? ბ) რა განსაკუთრებული სახით მოიხსენიება რუთი ბიბლიაში?
წიგნი „რუთი“ მოგვითხრობს ბოაზსა და რუთს შორის განვითარებული სიყვარულის ლამაზ ამბავს. მაგრამ ის მხოლოდ რომანტიკული ისტორია არ არის და მკითხველის გასართობად არ დაწერილა. წიგნი ყურადღებას ამახვილებს იეჰოვას განზრახვაზე, რომ უნდა დაბადებულიყო სამეფოს შთამომავალი, და განადიდებს ღმერთს მისი სიკეთისთვის (რუთ. 1:8; 2:20; 3:10). იეჰოვას უსაზღვრო სიყვარულის დადასტურებაა ის, რომ მან აირჩია ჭეშმარიტ რწმენაზე მოქცეული მოაბელი ქალი, უწინ ცრუღმერთ ქემოშის თაყვანისმცემელი, რათა იესო ქრისტეს წინაპარი გამხდარიყო. რუთი ერთ-ერთია იესოს წინაპარ ოთხ ქალთაგან, რომელთა სახელებიც იესოს საგვარეულო ნუსხაშია მოხსენიებული (მათ. 1:3, 5, 16). „ესთერის“ მსგავსად, ეს წიგნიც მთავარი პერსონაჟის სახელს ატარებს.
2. როდის მოხდა „რუთში“ აღწერილი მოვლენები, როდის დაიწერა წიგნი და ვინ დაწერა ის?
2 წიგნი „რუთი“ იწყება სიტყვებით: „მსაჯულთა მმართველობისას“. ამ სიტყვებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ წიგნი მოგვიანებით, ისრაელში მეფეების მმართველობის დროს არის დაწერილი. მასში მოთხრობილი მოვლენები მოიცავს მსაჯულების მმართველობის 11 წელს. დამწერის სახელი არსად მოიხსენიება, თუმცა როგორც ჩანს, „მსაჯულების“ მსგავსად, ისიც სამუელმა დაწერა, რომელიც მეფეების მმართველობის დასაწყისში განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩეოდა. დასკვნითი სიტყვებიდან ჩანს, რომ დავითი იმ დროისთვის უკვე ცნობილი ადამიანი იყო, ამიტომ წიგნი შესაძლოა დაახლოებით ძვ. წ. 1090 წელს დაიწერა. სამუელი დაინტერესებული იქნებოდა დავითის საგვარეულო ნუსხის შედგენით, რადგან კარგად იცოდა, რომ მოვიდოდა „ლომი“ იუდას ტომიდან. იეჰოვას დავალებით მან თავად სცხო დავითი ისრაელის მეფედ (დაბ. 49:9, 10; 1 სამ. 16:1, 13; რუთ. 1:1, 4; 4:13, 18—22).
3. რა ადასტურებს „რუთის“ კანონიკურობას?
3 „რუთის“ კანონიკურობა არასდროს დაუყენებიათ ეჭვქვეშ. ამის დასადასტურებლად ისიც კმარა, რომ რუთი მოხსენიებულია იესოს გენეალოგიურ სიაში, კერძოდ მათეს 1:5-ში, რომელიც ღვთის შთაგონებით დაიწერა. ებრაელები „რუთს“ ყოველთვის მიიჩნევდნენ ებრაული კანონის ნაწილად. გასაკვირი არაა, რომ ამ წიგნის ფრაგმენტები აღმოაჩინეს სხვა კანონიკურ წიგნებთან ერთად მკვდარი ზღვის ხელნაწერებში, რომლებიც 1947 წლის შემდგომ იყო ნაპოვნი. გარდა ამისა, „რუთი“ სრულად შეესაბამება სამეფოსთან დაკავშირებულ იეჰოვას განზრახვას და მოსეს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. მართალია ისრაელებს ეკრძალებოდათ კერპთაყვანისმცემელ ქანაანელებსა და მოაბელებზე დაქორწინება, ეს მოთხოვნა არ შეეხო მოაბელ რუთს, რომელიც იეჰოვას თაყვანისმცემელი გახდა. წიგნ „რუთიდან“ ვიგებთ, რომ კანონი გამოსყიდვისა და ლევირატის წესით ქორწინების შესახებ ზედმიწევნით შესრულდა (კან. 7:1—4; 23:3, 4; 25:5—10).
შინაარსი
4. რა არჩევნის წინაშე დადგა რუთი და როგორ ცხადყო თავისი არჩევნით, რომელ თაყვანისმცემლობას ემხრობოდა?
4 რუთი ნაომისთან დარჩა (1:1—22). ისრაელში შიმშილობა ჩამოვარდა. ერთი ბეთლემელი კაცი, ელიმელექი, ცოლთან და ორ ვაჟთან ერთად იორდანის გაღმა, მოაბის მიწაზე წავიდა საცხოვრებლად. მის ცოლს ნაომი ერქვა, ვაჟებს კი — მახლონი და ქილიონი. მისი ვაჟები მოაბელ ქალებზე, ორფასა და რუთზე დაქორწინდნენ. ოჯახში ტრაგედია დატრიალდა, ჯერ მამა გარდაიცვალა, შემდეგ კი — ორივე ვაჟი. სამივე ქალი უშვილძიროდ დარჩა. ნაომიმ გაიგო, რომ იეჰოვამ გადმოხედა თავის ხალხს და პური მისცა მათ. ამიტომ გადაწყვიტა მშობლიურ იუდაში დაბრუნებულიყო. რძლებიც თან გაჰყვნენ. ნაომიმ ორივე რძალს სთხოვა, მოაბში დაბრუნებულიყვნენ, რათა იეჰოვას სიკეთის წყალობით თავიანთ ხალხში გათხოვილიყვნენ. ბოლოს ორფა დაუბრუნდა „თავის ხალხსა და ღმერთებს“, მაგრამ რუთმა, რომელიც იეჰოვას გულწრფელი და ერთგული თაყვანისმცემელი გახდა, ნაომი არ მიატოვა. მის გადაწყვეტილებას შესანიშნავად გადმოსცემს შემდეგი სიტყვები: „სადაც შენ წახვალ, მეც იქ წამოვალ. სადაც შენ გაათევ ღამეს, მეც იქ გავათევ. შენი ხალხი ჩემი ხალხი იქნება და შენი ღმერთი — ჩემი ღმერთი. სადაც შენ მოკვდები, მეც იქ მოვკვდები და დავიმარხები. ასე და ასე, და კიდევ უარესიც მიყოს იეჰოვამ, თუ სიკვდილის გარდა სხვა რამემ დაგვაშოროს“ (1:15—17). ქვრივმა და უშვილოდ დარჩენილმა ნაომიმ, რომლის სახელიც ნიშნავს „ჩემი სიამოვნება“, მარა დაირქვა, რაც „მწარეს“ ნიშნავს.
5. რა კარგი თვისებები ჰქონდა რუთს და როგორ გაამხნევა ის ბოაზმა?
5 რუთი ბოაზის ყანაში (2:1—23). ბეთლემში ჩასვლის შემდეგ რუთმა ნაომისგან ითხოვა ნებართვა, რომ ვინმეს ყანაში ქერის თავთავები აეკრიფა. რუთს ყურადღება მიაქცია ბოაზმა, ყანის მეპატრონემ, ხანში შესულმა იუდეველმა, რომელიც მისი მამამთილის, ელიმელექის ახლო ნათესავი იყო. თუმცა ღვთის კანონით რუთს ყანაში თავთავების აკრეფის უფლება ჰქონდა, მან თავმდაბლობა გამოავლინა და ყანაში მუშაობის ნებართვა ითხოვა (ლევ. 19:9, 10). ის სიამოვნებით მიიღეს. ბოაზმა უთხრა, რომ მის ყანაში დარჩენილიყო და მოახლეებთან ერთად აეკრიფა თავთავები. მას გაგონილი ჰქონდა, როგორ უერთგულა რუთმა ნაომის, ამიტომ გაამხნევა რუთი: „იეჰოვამ გადაგიხადოს შენი საქმისამებრ და სრული საზღაური მოგეგოს ისრაელის ღვთისგან, იეჰოვასგან, რომლის ფრთებქვეშაც მოიძიე თავშესაფარი“ (რუთ. 2:12). საღამოს რუთმა თავისი ნაშრომი ნაომის მიუტანა და უთხრა, რომ ამდენის მოგროვება ბოაზის სიკეთის წყალობით შეძლო. ნაომი მიხვდა, რომ ამაში იეჰოვას ხელი ერია და თქვა: „აკურთხოს იგი იეჰოვამ, რომელიც არ აკლებს სიკეთეს არც ცოცხლებსა და არც მკვდრებს . . . ჩვენი ნათესავია ეგ კაცი, ჩვენი ერთ-ერთი გამომსყიდველი“ (2:20). ბოაზი მათი ახლო ნათესავი იყო, რომელსაც კანონიერი უფლება ჰქონდა შთამომავალი აღედგინა ნაომისთვის გარდაცვლილი ელიმელექის სახელზე. რუთი ქერისა და ხორბლის მკის დამთავრებამდე ბოაზის ყანაში მუშაობდა.
6. როგორ სთხოვა რუთმა ბოაზს გამოსყიდვის წესის შესრულება და როგორ გამოეხმაურა ბოაზი მის თხოვნას?
6 გამომსყიდველი ბოაზი რუთზე დაქორწინდა (3:1—4:22). ნაომი მოხუცი იყო და მემკვიდრეს ვეღარ გააჩენდა, ამიტომ მან დაარიგა რუთი, როგორ უნდა მოქცეულიყო, რომ გამოსყიდვის წესით ცოლად გაჰყოლოდა ბოაზს. მოსავლის აღების შემდეგ ჩვეულებისამებრ მარცვლის განიავებას მიწის მეპატრონეც ესწრებოდა. მარცვალს საღამოობით ანიავებდნენ, როცა ცხელი დღის შემდეგ ნიავი უბერავდა. ბოაზს კალოზე უნდა გაეთია ღამე. რუთმა ის სწორედ იქ იპოვა. ის უჩუმრად მივიდა მასთან, ფეხებთან გადახადა და მიუწვა. ბოაზს შუაღამისას გაეღვიძა. რუთმა არ დამალა თავისი ვინაობა და როგორც ლევირატის წესით მოითხოვებოდა, სთხოვა, რომ მოსასხამის კალთა გადაეფარებინა მისთვისa. ბოაზმა მიუგო: „იეჰოვამ გაკურთხოს, შვილო“. მან შეაქო რუთი, რომ ახალგაზრდა კაცის ცოლობა არ მოინდომა გატაცების ან ანგარების გამო. რუთს ნამდვილად არ უფიქრია ბოაზისთვის უწმინდური ურთიერთობის შეთავაზება, რადგან ის „ღირსეული ქალი“ იყო (3:10, 11). ბოაზმა უთხრა რუთს, რომ მასზე უფრო ახლო ნათესავიც ჰყავდათ, რომელიც შესაძლოა მათი გამომსყიდველი გახდებოდა. ის დილით დაელაპარაკებოდა მას. რუთი დილამდე ბოაზის ფეხებთან იწვა. დილით ბოაზმა მას მარცვლეული გაატანა. სახლში მისულ რუთს ნაომიმ ყველაფერი გამოჰკითხა.
7. როგორ მოიქცა ბოაზი, რომ რუთზე დაქორწინებულიყო და როგორ იყო კურთხეული ეს ქორწინება?
7 დილით ბოაზი ქალაქის კარიბჭესთან მივიდა გამომსყიდველის სანახავად. ქალაქის ათი უხუცესის თანდასწრებით მან ნაომის უახლოეს ნათესავს შესთავაზა, ელიმელექის ქონება გამოესყიდა. როგორ მოიქცა ნათესავი? თავიდან ის მაშინვე დასთანხმდა, რადგან იფიქრა, რომ თავის ქონებას გაზრდიდა. მაგრამ როგორც კი გაიგო, რომ ლევირატის წესით რუთი ცოლად უნდა მოეყვანა, მემკვიდრეობის დაკარგვის შეეშინდა და უარის ნიშნად სანდალი გაიხადა იმდროინდელი ჩვეულების თანახმად. ბიბლიაში ამ კაცის სახელი არსად წერია. მასზე მხოლოდ ნათქვამია, რომ ის იყო კაცი, „რომლის სახელიც სახსენებელი არ არის“. იმავე ხალხის თვალწინ ბოაზმა შეასრულა გამოსყიდვის წესი, რათა ცოლად შეერთო რუთი. მას ეს პირადი გამორჩენის მიზნით არ გაუკეთებია, არამედ იმისთვის გააკეთა, რომ „გარდაცვლილის მემკვიდრეობა კვლავ მისი სახელით“ წოდებულიყო (4:1, 10). ამ ამბის შემსწრეებმა იეჰოვას სთხოვეს, ეკურთხებინა ეს ქორწინება. ეს ასეც მოხდა. რუთმა ასაკოვან ბოაზს ვაჟი გაუჩინა. ნაომი ბავშვის გამზრდელი გახდა. მას ობედი დაარქვეს და ამბობდნენ, „ნაომის ვაჟი შეეძინაო“ (4:17).
8. რა ცხადყოფს, რომ აღთქმული შთამომავლის გამოჩენაზე იეჰოვამ იზრუნა?
8 წიგნის ბოლო მუხლებში მოყვანილია გენეალოგიური ხაზი ფერეციდან დავითამდე, რომელშიც ბოაზიც მოიხსენიება. ზოგი კრიტიკოსის აზრით, ეს არ არის სრული სია, რადგან თაობებს შორის დროის დიდი შუალედი გამოდის. შეესაბამება ეს აზრი სიმართლეს? თუ მათ დიდხანს იცოცხლეს და შვილები სიბერეში შეეძინათ? ეს ზუსტად ასე მოხდა, რადგან აღთქმული შთამომავლის გამოჩენაზე იეჰოვამ თავისი წყალობიდან გამომდინარე იზრუნა და ეს არ ყოფილა ადამიანური ძალის შედეგი. იეჰოვამ თავისი ძალა სხვა მსგავს შემთხვევებშიც გამოავლინა, მაგალითად ისაკის, სამუელისა და იოანე ნათლისმცემლის შემთხვევებში (დაბ. 21:1—5; 1 სამ. 1:1—20; ლუკ. 1:5—24, 57—66).
რატომ არის სასარგებლო
9. როგორი მაგალითი დაგვიტოვეს ამ წიგნის მთავარმა გმირებმა?
9 ეს მშვენიერი ისტორია მართლაც სასარგებლოა და რწმენას უმტკიცებს სიმართლის მოყვარულთ. ამ აღმაფრთოვანებელი დრამის ყველა მთავარმა გმირმა დიდი რწმენა გამოავლინა იეჰოვასადმი, ამიტომ მათ „თავიანთი რწმენით მიეცათ დამოწმება“ (ებრ. 11:39). მათ შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვეს. ნაომის ეჭვი არ ეპარებოდა იეჰოვას სიკეთეში (რუთ. 1:8; 2:20). რუთმა თავისი ნებით მიატოვა მშობლიური მხარე, რომ იეჰოვას თაყვანისმცემლებს შორის ყოფილიყო. ის ერთგული, მორჩილი და გამრჯე ქალი იყო. ბოაზი აფასებდა იეჰოვას კანონს და მზად იყო, ღვთის ნებას დამორჩილებოდა. მას ძალიან უყვარდა ერთგული ნაომი და გამრჯე რუთი. ამ ყველაფერმა აღძრა ის, გამომსყიდველის უფლება გამოეყენებინა.
10. რატომ გვიმტკიცებს რწმენას წიგნი „რუთი“ სამეფოს შესახებ ღვთის დაპირებებისადმი?
10 ქორწინებამ, ამ შემთხვევაში ლევირატმა, განადიდა იეჰოვა ღმერთი, მისი დამფუძნებელი. იეჰოვამ შეაუღლა რუთი და ბოაზი და თავისი სიკეთით აკურთხა მათი ქორწინება. ამ ქორწინების მეშვეობით გაგრძელდა იუდას სამეფო ხაზი, რომელშიც მოვიდა მეფე დავითი, ბოლოს კი — დიდი დავითი, იესო ქრისტე. იეჰოვა სათუთად ზრუნავდა, რომ სამეფოს კანონიერი მემკვიდრე გამოჩენილიყო. ეს რწმენას გვიმტკიცებს და აღგვძრავს, დაველოდოთ ღვთის სამეფოზე ყველა დაპირების შესრულებას. ეს გვიბიძგებს, აქტიურად ჩავებათ სულიერ მკაში და გვჯეროდეს, რომ სრულ საზღაურს მივიღებთ იეჰოვასგან, სულიერი ისრაელის ღვთისგან, ‘რომლის ფრთებქვეშაც მოვიძიეთ თავშესაფარი’ და რომლის განზრახვებიც სამეფოზე მალე ბოლომდე შესრულდება (2:12). წიგნი „რუთი“ სამეფოს შესახებ მონათხრობში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაკავშირებელი რგოლია.
[სქოლიო]
a „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. II, გვ. 829 (ინგლ.).