ბიბლიის წიგნი 52 — 1 თესალონიკელები
დამწერი: პავლე
დაწერის ადგილი: კორინთი
წერა დასრულდა: დაახლ. ახ. წ. 50
1. ა) როგორ დაიწერა „პირველი თესალონიკელები“? ბ) როდის დაიწერა ის და რით გამოირჩევა პავლეს სხვა წერილებისგან?
დაახლოებით ახ. წ. 50 წელი იქნებოდა, როცა პავლე მოციქული მეორე მისიონერული მოგზაურობის დროს მაკედონიის ქალაქ თესალონიკეს ეწვია. მან იქ ქრისტიანული კრება ჩამოაყალიბა. ამის შემდეგ ერთი წელიც არ გასულა და პავლემ კორინთიდან, სადაც ის სილვანუსთან („საქმეების“ მიხედვით სილა) და ტიმოთესთან ერთად იმყოფებოდა, თესალონიკელებს პირველი წერილი მისწერა სანუგეშებლად და გასამხნევებლად. სავარაუდოდ, ეს ახ. წ. 50 წლის მიწურულს უნდა ყოფილიყო. როგორც ჩანს, „პირველი თესალონიკელები“ პავლეს პირველი წერილია, რომელიც ბიბლიის კანონის ნაწილი გახდა. თუ არ ჩავთვლით მათეს სახარებას, ის ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებს შორის ყველაზე ადრე დაიწერა.
2. რა ფაქტები არსებობს „პირველი თესალონიკელების“ დამწერის ვინაობისა და ამ წიგნის კანონიკურობის დასამტკიცებლად?
2 ბევრი რამ მეტყველებს იმაზე, რომ ეს წიგნი სარწმუნო და კანონიკურია. პავლე თავად ამბობს, რომ მან დაწერა ეს წერილი. გარდა ამისა, ის ერწყმის მთელ ბიბლიას (1 თეს. 1:1; 2:18). „პირველი თესალონიკელები“ გვხვდება წმინდა წერილების ბევრ უძველეს ნუსხაში, მათ შორის მურატორის ფრაგმენტშიa. ის ციტირებული ან მოხსენიებული აქვთ ადრეულ საეკლესიო მწერლებს, მაგალითად ახ. წ. II საუკუნეში მოღვაწე ირინეოსს. „პირველი თესალონიკელები“ აგრეთვე გვხვდება დაახლოებით ახ. წ. 200 წლით დათარიღებულ ჩესტერ ბიტის პაპირუსში (№2, P46). პირველი და მეორე თესალონიკელების ფრაგმენტებს შეიცავს III საუკუნის კიდევ ერთი პაპირუსი (P30), რომელიც ამჟამად ინახება გენტში (ბელგია)b.
3, 4. რა მოჰყვა თესალონიკეში პავლეს ქადაგებას?
3 თუ გავიხსენებთ თესალონიკის კრების მოკლე ისტორიას, უკეთ დავინახავთ, რატომ აღელვებდა პავლეს თესალონიკელი თანამორწმუნეების მდგომარეობა. ჩამოყალიბებისთანავე კრება დიდ დევნასა და წინააღმდეგობას შეხვდა. „საქმეების“ მე-17 თავში ლუკა გვაუწყებს, რომ პავლე და სილა ჩავიდნენ თესალონიკეში, „სადაც იუდეველთა სინაგოგა იყო“. პავლე იქ სამ შაბათს ქადაგებდა და მსჯელობდა წმინდა წერილების საფუძველზე. თუმცა, როგორც ჩანს, იგი იქ უფრო დიდხანს დარჩა. ამაზე მეტყველებს ის, რომ პავლე მუშაობდა თესალონიკეში და კრებაც ჩამოაყალიბა (საქ. 17:1; 1 თეს. 2:9; 1:6, 7).
4 საქმეების 17:4—7-ში კარგად არის აღწერილი, თუ რა მოჰყვა თესალონიკეში პავლეს ქადაგებას. იუდეველებს შეშურდათ პავლესი, მათ ბრბო შეყარეს და ქალაქში აურზაური ატეხეს. ისინი იასონის სახლს მიადგნენ, იასონი და სხვა ძმები ძალით წაიყვანეს ქალაქის გამგებლებთან და ყვიროდნენ: „ამათ ქვეყანა ყირაზე დააყენეს და აქაც მოვიდნენ, იასონმა კი სტუმართმოყვარულად მიიღო. ესენი კეისრის დადგენილებებს ეწინააღმდეგებიან, ამბობენ, სხვა მეფეც არისო, იესო“. იასონი და სხვები მხოლოდ თავდებით გაათავისუფლეს. პავლე და სილა ძმებმა იმავე ღამით გაუშვეს ბერეაში კრების წევრებისა და უშუალოდ მათი უსაფრთხოების მიზნით. ამ დროისთვის თესალონიკეში კრება უკვე ჩამოყალიბებული იყო.
5. რით აჩვენა პავლემ, რომ დაინტერესებული იყო თესალონიკელი ქრისტიანების კეთილდღეობით?
5 იუდეველი მოწინააღმდეგეები ბერეაშიც ჩავიდნენ, რათა პავლეს ქადაგება შეეწყვიტა. აქედან პავლე გადავიდა ათენში. მაგრამ მას ძალიან სურდა იმის გაგება, თუ როგორ უძლებდნენ განსაცდელებს თესალონიკელი ძმები. ის ორჯერ შეეცადა მათთან დაბრუნებას, მაგრამ ‘სატანა ეღობებოდა გზაზე’ (1 თეს. 2:17, 18). ამ ახალი კრების კეთილდღეობით დაინტერესებულმა პავლემ თესალონიკეში ტიმოთე გაგზავნა, რათა ენუგეშებინა და რწმენაში განემტკიცებინა ძმები. უკან დაბრუნებულმა ტიმოთემ კარგი ამბები აუწყა პავლეს. ის გაახარა იმის გაგებამ, რომ თესალონიკელები ერთგულებას ინარჩუნებდნენ და მედგრად უძლებდნენ წინააღმდეგობას. მათი ერთგულება სამაგალითო იყო მორწმუნეებისათვის მთელ მაკედონიასა და აქაიაში (1:6—8; 3:1—7). პავლე მადლობას უხდიდა იეჰოვა ღმერთს იმისათვის, რომ ისინი სიმტკიცეს ავლენდნენ. მაგრამ მას ისიც ესმოდა, რომ სულიერი წინსვლისთვის მათ კვლავაც ესაჭიროებოდათ რჩევები და მითითებები. ამიტომ ტიმოთესთან და სილვანუსთან ერთად კორინთში ყოფნის დროს პავლემ პირველი წერილი მისწერა თესალონიკელებს.
შინაარსი
6. რისთვის აქებს პავლე თესალონიკელ ქრისტიანებს?
6 თესალონიკელები მაგალითი გახდნენ სხვა მორწმუნეებისთვის (1:1—10). პავლე წერილის დასაწყისში აქებს თესალონიკელებს რწმენის საქმეებისთვის, სიყვარულით შრომისა და მოთმინებისთვის. სასიხარულო ცნობა, რომელიც მათ უქადაგეს, გამოჩნდა არა მხოლოდ სიტყვით, „არამედ ძალით . . . და სრული დამაჯერებლობით“. თესალონიკელებმა „სიტყვა წმინდა სულის სიხარულით“ მიიღეს და მაგალითი გახდნენ ყველა მორწმუნისთვის მაკედონიაში, აქაიაში და სხვაგან. მათ მიატოვეს კერპთაყვანისმცემლობა, რათა ‘ცოცხალი და ჭეშმარიტი ღვთის მონები გამხდარიყვნენ და დალოდებოდნენ მის ძეს, ვინც ზეციდან უნდა მოვიდეს’ (1:5, 6, 9, 10).
7. როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ პავლესა და მის თანამსახურებს თესალონიკელების მიმართ და როგორ შეაგონებდნენ მათ?
7 პავლე სიყვარულით ზრუნავს თესალონიკელებზე (2:1—3:13). ფილიპეში შეურაცხყოფის შემდეგ პავლემ და მისმა თანამსახურებმა გაბედულება მოიკრიბეს, რომ თესალონიკელებისთვის ექადაგათ. ისინი არ ეძებდნენ დიდებას ადამიანთაგან და პირფერულად არ ლაპარაკობდნენ. პავლე ამბობს: „პირიქით, გეალერსებოდით, როგორც მეძუძური დედა ევლება თავს შვილებს. სათუთი გრძნობები გვაქვს თქვენ მიმართ და ამიტომ დიდი სიამოვნებით გადმოგეცით არა მხოლოდ ღვთის სასიხარულო ცნობა, არამედ საკუთარი სულებიც, რადგან შეგვიყვარდით“ (2:7, 8). ისინი ისე შეაგონებდნენ მათ, როგორც მამა შვილებს, რათა კვლავაც ევლოთ ღვთის ღირსად, რომელიც თავისი სამეფოსა და დიდებისკენ მოუწოდებდა.
8. როგორ გახდნენ თესალონიკელები ლხენის გვირგვინი პავლესთვის და რის შესახებ ლოცულობს პავლე?
8 პავლე აქებს მათ იმისათვის, რომ სასიხარულო ცნობა მიიღეს ისე, „როგორც სინამდვილეშია — როგორც ღვთის სიტყვა“. მხოლოდ თესალონიკელებს არ დევნიან მათი თანამემამულენი. პირველ მორწმუნეებსაც მოუწიათ ტანჯვა იუდეაში თანამემამულეთაგან. თესალონიკელთა მდგომარეობით დაინტერესებულ პავლეს ორჯერ სურდა მათი ნახვა, მაგრამ გზაზე სატანა ეღობებოდა. პავლესა და მისი თანამსახურებისთვის თესალონიკელი ძმები არიან ლხენის გვირგვინი, „დიდება და სიხარული“ (2:13, 20). პავლემ თესალონიკეში ტიმოთე გაგზავნა, რათა გაეგო მათი ამბები, აგრეთვე ენუგეშებინა და განემტკიცებინა კრება. უკან დაბრუნებულმა ტიმოთემ პავლეს ახარა თესალონიკელების ერთგულებისა და სიყვარულის ამბავი. პავლე მადლობას უხდის ღმერთს და ლოცულობს, რომ უფალმა გაზარდოს მათში ერთმანეთისადმი სიყვარული და მათი ‘გულები უბიწო გახადოს სიწმინდეში ღვთისა და მამის წინაშე იმ დროს, როცა უფალი იესო მოსული იქნება’ (3:13).
9. რას ეუბნება პავლე თესალონიკელებს სიწმინდესა და ერთმანეთის სიყვარულზე?
9 სიწმინდითა და პატივით მსახურება (4:1—12). პავლე აქებს თესალონიკელებს იმისათვის, რომ ღვთისმოსაწონად დადიან და მოუწოდებს, ეს უფრო სრულად აკეთონ. ყოველმა მათგანმა უნდა „იცოდეს თავისი ჭურჭლის ფლობა სიწმინდითა და პატივით და არა თავშეუკავებელი ვნებით“. ამ მხრივ არავინ უნდა ხელყოს ძმის უფლებები, რადგან ღმერთმა „უწმინდურებისკენ კი არ მოგვიწოდა, არამედ სიწმინდისკენ. ამიტომ უგულებელმყოფელი უგულებელყოფს არა ადამიანს, არამედ ღმერთს“ (4:4, 5, 7, 8). პავლე აქებს თესალონიკელებს ერთმანეთის სიყვარულისათვის და შეაგონებს, რომ განაგრძონ ასე მოქცევა და ეს უფრო სრულად აკეთონ, მიზნად დაისახონ, რომ მშვიდად იცხოვრონ, მიხედონ თავიანთ საქმეს და საკუთარი ხელით იშრომონ. მათ წესიერად უნდა იარონ „გარეშეების წინაშე“ (4:12).
10. რა უნდა სცოდნოდათ თესალონიკელებს სიკვდილის ძილით მიძინებულთა შესახებ?
10 აღდგომის იმედი (4:13—18). სიკვდილის ძილით მიძინებულებზე ძმები არ უნდა წუხდნენ დანარჩენებივით, რომლებსაც იმედი არ გააჩნიათ. თუ მათ სწამთ იესოს სიკვდილი და აღდგომა, მაშინ ისიც უნდა სწამდეთ, რომ ღმერთი აღადგენს სიკვდილის ძილით მიძინებულებს. იმ დროს, როცა უფალი მოსული იქნება, ის თვითონ ჩამოვა ზეციდან მბრძანებლური მოწოდებით „და პირველები ქრისტეში მკვდრები აღდგებიან“. ცოცხლად დარჩენილები ‘ატაცებულნი იქნებიან ღრუბლებში, რათა უფალს შეეგებონ ჰაერში და მუდამ უფალთან იყვნენ’ (4:16, 17).
11. რატომ უნდა იფხიზლონ თესალონიკელებმა და რა უნდა აკეთონ?
11 იეჰოვას დღის მოსვლამდე სიფხიზლის შენარჩუნება (5:1—28). „იეჰოვას დღე ზუსტად ისე მოვა, როგორც ღამე ქურდი“. როცა ადამიანები ილაპარაკებენ, „მშვიდობა და უსაფრთხოებაო“, მაშინ დაატყდებათ თავს მოულოდნელი განადგურება. როგორც „სინათლის ძეებმა და დღის ძეებმა“, თესალონიკელებმა უნდა იფხიზლონ და ‘შეიმოსონ რწმენისა და სიყვარულის ჯავშნით, მუზარადად კი ხსნის იმედი ჰქონდეთ’ (5:2, 3, 5, 8). მათ უნდა ანუგეშონ და აღაშენონ ერთმანეთი. მათ ‘დიდად უნდა დააფასონ სიყვარულით’ ისინი, ვინც ირჯება მათ შორის და ხელმძღვანელობს მათ. გარდა ამისა, უნდა შეაგონონ წესრიგის დამრღვევნი, მხარი დაუჭირონ სუსტებს და სულგრძელნი იყვნენ ყველას მიმართ. პავლე მოუწოდებს მათ, ისწრაფონ, რომ ‘კარგი გაუკეთონ ერთმანეთსაც და სხვებსაც’ (5:13, 15).
12. რა მნიშვნელოვან რჩევებს აძლევს პავლე თესალონიკელებს და რას ამბობს ბოლოს?
12 დასასრულს პავლე რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას აძლევს თესალონიკელებს: „ყოველთვის ხარობდეთ; განუწყვეტლივ ილოცეთ; ყველაფრისთვის მადლობლები იყავით . . . ანთებულ სულს ნუ ჩააქრობთ; წინასწარმეტყველებას ნუ შეიძულებთ; ყველაფერში დარწმუნდით; კარგს ჩაეჭიდეთ; მოერიდეთ ყოველგვარ ბოროტებას“ (5:16—22). შემდეგ ის სთხოვს მშვიდობის ღმერთს, რომ სრულად განწმინდოს ისინი და უმწიკვლობით იყოს დაცული მათი სულისკვეთება, სული და სხეული იმ დროისთვის, როცა უფალი იესო ქრისტე მოსული იქნება. წერილს ის თბილი, გამამხნევებელი სიტყვებით ასრულებს და სერიოზულ ვალდებულებას აკისრებს მათ, რომ ეს წერილი ყველა ძმას წაუკითხონ.
რატომ არის სასარგებლო
13. რა მაგალითი დაგვიტოვეს პავლემ და მისმა თანამსახურებმა და რა გავლენას ახდენს მთელი გულით სიყვარულის გამოვლენა კრებაზე?
13 ამ წერილში აშკარად იგრძნობა ძმებისადმი პავლეს სიყვარული. მან და მისმა თანამსახურებმა სათუთი გრძნობების გამოვლენის მაგალითი დაგვიტოვეს. ისინი ზრუნავდნენ თესალონიკელი ძმების ინტერესებზე და გადასცემდნენ არა მხოლოდ ღვთის სასიხარულო ცნობას, არამედ „საკუთარ სულებსაც“. ქრისტიან ზედამხედველებსაც ასე უნდა უყვარდეთ კრების წევრები. მათ მიერ გამოვლენილი სიყვარული სხვებსაც აღძრავს ამისკენ. პავლემ თქვა: „გაზარდოს უფალმა თქვენში სიყვარული, დიახ, აგავსოთ მისით ერთმანეთისა და ყველას მიმართ ისე, როგორც ჩვენ ვართ თქვენ მიმართ“. ასეთი სიყვარულის მთელი გულით გამოვლენა განამტკიცებს ღვთის მსახურებს. ეს ‘განამტკიცებს გულებს და უბიწოს ხდის სიწმინდეში ჩვენი ღვთისა და მამის წინაშე ყველა თავის წმინდასთან ერთად’. ასეთი სიყვარული ქრისტიანებს განასხვავებს ზნედაცემული ქვეყნიერებისგან. ისინი ინარჩუნებენ სიწმინდეს, რაც სიამოვნებს ღმერთს (3:12, 13; 2:8; 4:1—8).
14. როგორც „პირველი თესალონიკელებიდან“ ჩანს, როგორ შეიძლება რჩევების მიცემა ტაქტიანად და სიყვარულით?
14 ამ წერილში ვხედავთ იმის შესანიშნავ მაგალითს, თუ როგორ შეიძლება ქრისტიანულ კრებაში რჩევების მიცემა ტაქტიანად და სიყვარულით. მიუხედავად იმისა, რომ თესალონიკელები გულმოდგინეები და ერთგულები იყვნენ, გარკვეულ საკითხებში ისინი გამოსწორებას საჭიროებდნენ. რჩევის მიცემამდე პავლე აქებს ძმებს კარგი თვისებებისთვის. მაგალითად, სანამ უწმინდურებასთან დაკავშირებით გაფრთხილებას მისცემდა, პავლემ ჯერ შეაქო ისინი იმისათვის, რომ ღვთის მოსაწონად „დადიოდნენ“, შემდეგ კი მოუწოდა, ეს „უფრო სრულად“ ეკეთებინათ და ‘სიწმინდითა და პატივით შეენახათ თავიანთი ჭურჭელი’. შემდეგ პავლემ შეაქო ისინი ძმური სიყვარულისთვის და წაახალისა იმისკენ, რომ ‘ეს უფრო სრულად ეკეთებინათ’, საკუთარი ხელით ეშრომათ და ‘წესიერად ევლოთ გარეშეების წინაშე’. პავლემ მათ ტაქტიანად ურჩია: „ისწრაფეთ, რომ კარგი გაუკეთოთ ერთმანეთსაც და სხვებსაც“ (4:1—7, 9—12; 5:15).
15. რა ცხადყოფს იმას, რომ პავლე გულმოდგინედ ქადაგებდა სამეფოს შესახებ თესალონიკეში და რა რჩევას აძლევს ის თესალონიკელებს?
15 პავლე ოთხჯერ მოიხსენიებს იმ დროს, როცა იესო ქრისტე მოსული იქნებოდა. ახალმოქცეულ თესალონიკელ ქრისტიანებს, როგორც ჩანს, განსაკუთრებით აინტერესებდათ ეს საკითხი. უდავოა, რომ მათთან ყოფნისას პავლე გაბედულად უქადაგებდა მათ ღვთის სამეფოს შესახებ, რომლის ხელმძღვანელიც ქრისტეა. ეს რომ ასე იქნებოდა, კარგად ჩანს მისთვის და მისი თანამსახურებისთვის წაყენებული ბრალდებიდან: „ესენი კეისრის დადგენილებებს ეწინააღმდეგებიან, ამბობენ, სხვა მეფეც არისო, იესო“ (საქ. 17:7; 1 თეს. 2:19; 3:13; 4:15; 5:23). თესალონიკელი ძმები ღვთის სამეფოზე ამყარებდნენ იმედს, რწმენას ავლენდნენ ღვთისადმი და მომავალი რისხვისგან სახსნელად ელოდებოდნენ „მის ძეს, ვინც ზეციდან უნდა მოვიდეს და ვინც მან მკვდრეთით აღადგინა, იესოს“. მათ, ვინც დღეს ღვთის სამეფოზე ამყარებს იმედს, უნდა გაითვალისწინონ „პირველ თესალონიკელებში“ მოცემული რჩევები სიყვარულთან, სიმტკიცესა და უბიწოებასთან დაკავშირებით. ეს მათ დაეხმარება იმაში, რომ ‘კვლავაც იარონ ღვთის ღირსად, რომელიც თავისი სამეფოსა და დიდებისკენ მოუწოდებს’ (1 თეს. 1:8, 10; 3:12, 13; 2:12).
[სქოლიოები]
a იხილეთ ცხრილი „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების უძველესი ნუსხები“, გვ. 303.
b „The Text of the New Testament“, კურტ და ბარბარა ალანდები, 1987, გვ. 97, 99.