ბიბლიისა და მისი ისტორიის კვლევა
გამოკვლევა 2 — დრო და ბიბლია
დროის აღრიცხვის ერთეულები ბიბლიაში, გავრცელებული კალენდრები, ძირითადი თარიღები ბიბლიური ქრონოლოგიისთვის და დროის დინებასთან დაკავშირებული საინტერესო აზრები.
1, 2. რა დაწერა სოლომონმა დროსთან დაკავშირებით და როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დრო სწრაფად გარბის?
ადამიანი აცნობიერებს დროის მსვლელობას. საათის ყოველ წიკწიკზე იგი კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს დროის ბილიკზე. გონიერია ის, ვინც დროს სწორად იყენებს. მეფე სოლომონმა დაწერა: „ყველაფერს თავისი დრო აქვს, ყველა საქმეს აქვს თავისი დრო ცისქვეშეთში: შობის დრო და სიკვდილის დრო; დარგვის დრო და დარგულის ამოძირკვის დრო; მოკვლის დრო და განკურნების დრო; დანგრევის დრო და აშენების დრო; ტირილის დრო და სიცილის დრო“ (ეკლ. 3:1—4). დრო საოცრად სწრაფად გადის. ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 70 წელი, იმდენად ხანმოკლეა, რომ ვერც ბევრი რამის სწავლას ვასწრებთ და ვერც იმ ყველაფრით გახარებას, რაც იეჰოვამ ჩვენთვის შექმნა დედამიწაზე. „მან ყველაფერი მშვენივრად შექმნა თავის დროზე. მარადიულობაც კი ჩადო მათ გულებში, რათა ადამიანებს თავიდან ბოლომდე ვერასოდეს გაეგოთ, რაც ჭეშმარიტმა ღმერთმა შექმნა“ (ეკლ. 3:11; ფსალმ. 90:10).
2 იეჰოვა მარადარსებულია, ის დროის მეუფეა. თავისი ქმნილებები მან დროს დაუქვემდებარა. ანგელოზები, დაუმორჩილებელი სატანის ჩათვლით, გრძნობენ დროის სვლას (დან. 10:13; გამოცხ. 12:12). ბიბლიაში წერია, რომ „ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს“ (ეკლ. 9:11). ბედნიერია, ვინც მუდამჟამს ღმერთზე ფიქრობს და მადლიერებით იღებს მის მიერ შემოთავაზებულ „დროულ საზრდოს“! (მათ. 24:45).
3. რა მსგავსებაა დროსა და სივრცეს შორის?
3 დრო ერთი მიმართულებით მიდის. მიუხედავად იმისა, რომ დრო ყველაზე ახდენს გავლენას, ზუსტად ვერავინ განმარტავს, რა არის დრო. დრო ისეთივე შეუცნობელია, როგორც სივრცე. არავის შეუძლია ახსნას, საიდან დაიწყო დროის ათვლა ან საით მიედინება ის. ეს იცის მხოლოდ იეჰოვამ, რომელიც უსაზღვრო ცოდნას ფლობს და რომელიც ‘მარადიულად არის ღმერთი’ (ფსალმ. 90:2).
4. რა შეიძლება ითქვას დროის დინების შესახებ?
4 მეორე მხრივ, დროს აქვს ისეთი თავისებურებები, რომელთა გაგებაც შეგვიძლია. ჩვენ მიერ აღქმული დროის აღრიცხვა შესაძლებელია. გარდა ამისა, ის მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის. დროის უკან დაბრუნება შეუძლებელია. აწმყო წამიერია, ის გამუდმებით წარსულს ბარდება. დრო არ ჩერდება.
5. რატომ შეიძლება ითქვას, რომ მომავალი წარსულზეა დამოკიდებული?
5 წარსული. განვლილი დრო უკვე წარსულია, ისტორიის კუთვნილებაა და აღარასოდეს განმეორდება. წარსულის დაბრუნების ნებისმიერი მცდელობა ისეთივე უაზრობაა, როგორც ჩანჩქერიდან ჩამოსული წყლის ან გასროლილი ისრის უკან დაბრუნება. ჩვენი შეცდომები თავის კვალს აჩნევს წარსულს. ამ კვალის წარხოცვა მხოლოდ იეჰოვას შეუძლია (ეს. 43:25). უკვალოდ არც წარსულში გაკეთებული კარგი საქმეები ქრება და იეჰოვას კურთხევით ადამიანს ‘უკანვე უბრუნდება’ (იგავ. 12:14; 13:22). წარსულზე მომავალია დამოკიდებული. განვლილ ცხოვრებაში ვეღარაფერს შეცვლი. ბოროტებზე ნათქვამია: „ვინაიდან ბალახივით მალე გახმებიან, ნორჩი ბალახივით დაჭკნებიან“ (ფსალმ. 37:2).
6. რით განსხვავდება მომავალი წარსულისგან და რატომ უნდა ვიყოთ მომავლით დაინტერესებული?
6 მომავალი. მომავალი წარსულისგან სრულიად განსხვავებულია. ის ყოველთვის ჩვენკენ მოედინება. ღვთის სიტყვის დახმარებით შეგვიძლია განვჭვრიტოთ დაბრკოლებები, რომლებიც წინ გველოდება, და მათ დასაძლევად მოვემზადოთ. ჩვენ შეგვიძლია მოვაგროვოთ „განძი ზეცაში“ (მათ. 6:20). ამ განძს დროის დინება ვერაფერს დააკლებს. ის ჩვენვე დაგვრჩება და მარადიულ კურთხევებს მოგვიტანს. დრო გონივრულად უნდა გამოვიყენოთ, რადგან მომავალი ამაზეა დამოკიდებული (ეფეს. 5:15, 16).
7. დროის რა მაჩვენებლებით უზრუნველყო იეჰოვამ ადამიანი?
7 დროის მაჩვენებლები. დღეს დროის მაჩვენებლად საათი ითვლება. ჩვენთვის ის არის დროის აღრიცხვის საშუალება. ადამიანს ზუსტად რომ განესაზღვრა დრო, ჩვენმა შემოქმედმა აამოქმედა დროის გიგანტური მაჩვენებლები: დედამიწა (რომელიც თავისი ღერძის გარშემო ტრიალებს), მთვარე (რომელიც დედამიწის გარშემო ბრუნავს) და მზე. «თქვა ღმერთმა: „გამოჩნდეს მნათობები ცის სივრცეში, რომ ზღვარი დაიდოს დღესა და ღამეს შორის; ისინი იქნებიან მანიშნებლად და წელიწადის დროების, დღეებისა და წელიწადების აღმნიშვნელად“» (დაბ. 1:14). ასე რომ, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული უამრავი ციური სხეული სრულყოფილი ციკლით მოძრაობს და, ამგვარად, გამუდმებით და უშეცდომოდ აღრიცხავს ერთი მიმართულებით მოძრავ დროს.
8. რომელი სხვადასხვა მნიშვნელობით გვხვდება სიტყვა „დღე“ ბიბლიაში?
8 დღე. სიტყვა „დღე“ ბიბლიაში სხვადასხვა მნიშვნელობით გვხვდება და მას დღესაც მრავალმხრივი გაგება აქვს. დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც დედამიწა თავისი ღერძის გარშემო ერთ სრულ ბრუნს აკეთებს, ეწოდება „დღე“. ერთი სრული „დღე“ შედგება დღისა და ღამის მონაკვეთებისგან და, საერთო ჯამში, 24-საათიან ციკლს მოიცავს (იოან. 20:19). დღე ეწოდება „დღის“ ნათელ მონაკვეთსაც, რომელიც საშუალოდ 12 საათი გრძელდება. „უწოდა ღმერთმა სინათლეს დღე და სიბნელეს — ღამე“ (დაბ. 1:5). აქედან გამომდინარე, „ღამეს“ ვუწოდებთ საშუალოდ 12-საათიან მონაკვეთს, როცა ბნელა (გამ. 10:13). ზოგჯერ სიტყვა „დღე(ები)“ ებრაულ და ბერძნულ ტექსტში დროის იმ პერიოდს ეხება, რომელშიც ესა თუ ის გამოჩენილი პიროვნება ცხოვრობდა. მაგალითად, ესაიამ ხილვა ნახა «უზიას, იოთამის, ახაზისა და ხიზკიას, დროს [ებრ. „დღეებში“]» (ეს. 1:1). იმ მუხლებში, სადაც იესო ნოესა და ლოტის დროზე ლაპარაკობს, ბერძნულში გვხვდება სიტყვა „დღეები“ (ლუკ. 17:26—30). სიტყვა „დღეს“ სხვა მნიშვნელობებიც აქვს. მაგალითად, პეტრე ამბობს, რომ „იეჰოვასთვის ერთი დღე ათასი წელია“ (2 პეტ. 3:8). უფრო ხანგრძლივ პერიოდს — ათასობით წელს — მოიცავს „დაბადებაში“ მოხსენიებული შემოქმედებითი დღე (დაბ. 2:2, 3; გამ. 20:11). ბიბლიაში სიტყვა „დღის“ მნიშვნელობას კონტექსტი განსაზღვრავს.
9. ა) სად მიეცა დასაბამი დღის 24 საათად და საათების 60 წუთად დაყოფას? ბ) დროის მონაკვეთების აღსანიშნავი რომელი სიტყვებია მოხსენიებული ებრაულ წერილებში?
9 საათი. დღე 24-საათიან მონაკვეთად პირველად ეგვიპტელებმა დაყვეს. საათის 60 წუთად დაყოფას კი დასაბამი მისცეს ბაბილონელმა მათემატიკოსებმა, რომელთაც შემუშავებული ჰქონდათ ექვსათეულიანი სისტემა. ებრაულ წერილებში დროის საათებად დაყოფის შესახებ არაფერია ნათქვამი. საათების ნაცვლად ებრაულ წერილებში დროის აღსანიშნავად გამოყენებულია სიტყვები „დილა“, „შუადღე“, „საღამო ხანი“ და სხვა (დაბ. 24:11; 43:16; კან. 28:29; 1 მეფ. 18:26). ღამე გუშაგობის სამ პერიოდად იყოფოდა (ფს. 63:6). ბიბლიაში კონკრეტულად არის მოხსენიებული „შუაღამის გუშაგობა“ (მსაჯ. 7:19) და „დილის გუშაგობა“ (გამ. 14:24; 1 სამ. 11:11).
10. როგორ ითვლიდნენ ებრაელები საათებს პირველ საუკუნეში და როგორ გვეხმარება ამის ცოდნა იესოს სიკვდილის დროის დადგენაში?
10 ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში „საათი“ ხშირად არის ნახსენები (იოან. 12:23; მათ. 20:2—6). საათების ათვლა მზის ამოსვლიდან ანუ დაახლოებით დილის 6 საათიდან იწყებოდა. ბიბლიაში მოხსენიებული „მესამე საათი“ დაახლოებით დილის 9 საათი იყო. ბიბლიაში ნათქვამია, რომ იესოს ძელზე გაკვრის შემდეგ, „მეექვსე საათისთვის“ სიბნელე ჩამოწვა იერუსალიმში. ეს დრო შუადღის 12 საათს შეესაბამებოდა. წამების ძელზე იესომ უკანასკნელად ამოისუნთქა „მეცხრე საათისთვის“ ანუ დაახლოებით შუადღის 3 საათზე (მარ. 15:25; ლუკ. 23:44; მათ. 27:45, 46)a.
11. როდიდან დაიწყო „კვირის“ გამოყენება დროის აღრიცხვის ერთეულად?
11 კვირა. ადამიანმა უხსოვარი დროიდან დაიწყო დღეების 7-დღიან მონაკვეთებად დაყოფა. ასეთნაირად მან მიჰბაძა შემოქმედს, რომელმაც ექვსი შემოქმედებითი დღე მეშვიდე „დღით“ დააგვირგვინა. ნოე დღეებს შვიდ-შვიდად ითვლიდა. ებრაულად „კვირა“ სიტყვასიტყვით შვიდმაგ მონაკვეთს ან პერიოდს ნიშნავს (დაბ. 2:2, 3; 8:10, 12; 29:27).
12. რა არის მთვარისმიერი თვე და რით განსხვავდება ის თანამედროვე თვეებისგან?
12 მთვარისმიერი თვეები. ბიბლიაში მოხსენიებულია „მთვარისმიერი თვეები“ (გამ. 2:2; კან. 21:13; 33:14; ეზრ. 6:15). თანამედროვე თვეები მთვარისმიერი არ არის, რადგან მთვარის მიხედვით არ განისაზღვრება. ისინი მზის წელიწადის 12 ნაწილად დაყოფის შედეგად მიღებული მონაკვეთებია. მთვარისმიერი თვე იწყება ახალი მთვარით და შედგება მთვარის ოთხი ფაზისგან, რომელთა საერთო ხანგრძლივობაც საშუალოდ 29 დღე, 12 საათი და 44 წუთია. მთვარის ფორმის მიხედვით მიახლოებით შეიძლება იმის დადგენა, თუ მთვარისმიერი თვის რომელი დღეა.
13. რის წყალობით მოგვეპოვება ზუსტი ქრონოლოგიური მონაცემები წარღვნის შესახებ?
13 ნოე არ იყენებდა უშუალოდ მთვარისმიერ კალენდარს, მაგრამ, როგორც ჩანს, მოვლენების აღსაწერად ის დროს 30-დღიან თვეებად ყოფდა. ნოეს მიერ გაკეთებული ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ 5 თვეს ანუ „ას ორმოცდაათ დღეს მძლავრობდა წყალი დედამიწაზე“. 12 თვისა და 10 დღის შემდეგ, როდესაც მიწა გაშრა, წარღვნას გადარჩენილები კიდობნიდან გამოვიდნენ. ამგვარად, ამ მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ჩვენ ზუსტი მონაცემები მოგვეპოვება (დაბ. 7:11, 24; 8:3, 4, 14—19).
14. ა) რა გააკეთა იეჰოვამ იმისთვის, რომ წელიწადის დროები ყოფილიყო? ბ) რამდენ ხანს იარსებებს წელიწადის დროები?
14 წელიწადის დროები. როდესაც დედამიწას საცხოვრებლად ამზადებდა, იეჰოვამ წელიწადის დროები შექმნა, რაშიც მისი სიბრძნე და სიყვარული გამოვლინდა (დაბ. 1:14). წელიწადის დროების ცვალებადობას განაპირობებს ის, რომ დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს და მისი ღერძი 23,5-გრადუსიანი კუთხით არის დახრილი. ექვსი თვის მანძილზე მზისკენ გადახრილია სამხრეთი ნახევარსფერო, ხოლო მომდევნო ექვსი თვე — ჩრდილოეთი ნახევარსფერო. შედეგად, წელიწადის დროები თანმიმდევრულად ენაცვლება ერთმანეთს. ასეთი ცვლილება სეზონურ მრავალფეროვნებას ქმნის და თესვისა და მოსავლის აღების დროებს არეგულირებს. ღვთის სიტყვა გვარწმუნებს, რომ წელიწადის დროების მონაცვლეობა მარადიულად გაგრძელდება. „სანამ დედამიწა იარსებებს, არ შეწყდება თესვა და მკა, სიცივე და სიცხე, ზაფხული და ზამთარი, დღე და ღამე“ (დაბ. 8:22).
15, 16. ა) რა პერიოდებად შეიძლება დაიყოს წვიმიანი სეზონი? ბ) რა ხდება ამ დროს და რა გავლენას ახდენს წვიმები მიწათმოქმედებაზე?
15 ჩვეულებრივ, ებრაელები აღთქმულ მიწაზე წელიწადს ყოფენ წვიმიან და მშრალ სეზონებად. აპრილის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე წვიმა იშვიათად მოდის. წვიმიანი სეზონი შეიძლება დაიყოს სამ პერიოდად: საადრეო ანუ „შემოდგომის“ წვიმები (ოქტომბერ-ნოემბერი); ზამთრის ხშირი წვიმები, რასაც თან სდევს ცივი ამინდები (დეკემბერი, იანვარი, თებერვალი); და საგვიანო ანუ „გაზაფხულის“ წვიმები (მარტ-აპრილი) (კან. 11:14; იოელ. 2:23). სეზონების ასეთი დაყოფა პირობითია, რადგან აღთქმული მიწის სხვადასხვა კუთხეში განსხვავებული კლიმატური პირობებია. საადრეო წვიმა არბილებს მშრალ მიწას, ამიტომ ოქტომბერ-ნოემბერი „ხვნისა და მკის“ დროა (გამ. 34:21; ლევ. 26:5). ზამთრის ხშირი წვიმების დროს, დეკემბრიდან თებერვლამდე, თოვა უჩვეულო მოვლენა არ არის და იანვარ-თებერვალში შედარებით მაღალ რაიონებში ტემპერატურა შეიძლება ნულს ქვემოთ დაეცეს. ბიბლიაში დავითის ერთ-ერთ მამაც მეომარზე, ბენაიაზე, ნათქვამია, რომ „თოვლიან დღეს“ მოკლა ლომი (2 სამ. 23:20).
16 მარტი და აპრილი (ებრაული მთვარის კალენდრის მიხედვით დაახლოებით ნისანი და იარი) „საგაზაფხულო წვიმების“ თვეებია (ზაქ. 10:1). საგაზაფხულო ანუ საგვიანო წვიმები აუცილებელია შემოდგომით დათესილი მარცვლეულისთვის, რათა კარგი მოსავალი მოვიდეს (ოს. 6:3; იაკ. 5:7). ამ პერიოდში საადრეო მოსავალსაც იღებენ. ღვთის მითითებით ისრაელებს 16 ნისანს პირველმოწეული ნაყოფი უნდა შეეწირათ მსხვერპლად (ლევ. 23:10; რუთ. 1:22). წელიწადის ეს დრო ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავია. „ყვავილები გამოჩნდა მიწაზე, ვაზის გასხვლის დრო მოვიდა, გვრიტის ხმა ისმის ჩვენს მიწაზე. ლეღვის საადრეო ნაყოფმა სიმწიფის ფერი მიიღო; ვაზი ყვავის და სურნელებას აფრქვევს“ (ქებ. 2:12, 13).
17. ა) როგორ ირწყვებოდა მიწა მშრალი სეზონის დროს? ბ) გადახედეთ ცხრილს „ისრაელების კალენდარი“ და მე-15—17 აბზაცებზე დაყრდნობით წელიწადი დაყავით სეზონებად. გ) როდის დგებოდა საადრეო მოსავლის, მარცვლეულისა და სხვადასხვა ხილის აღების დრო და რომელი დღესასწაულები ემთხვეოდა ამას?
17 აპრილის შუა რიცხვებიდან იწყებოდა მშრალი სეზონი, თუმცა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მიწას ცვარ-ნამი არ აკლდა, განსაკუთრებით ზღვისპირა დაბლობებსა და მთების დასავლეთ ფერდობებზე (კან. 33:28). მაისში მკის დრო დგებოდა, თვის ბოლოს კი კვირების დღესასწაულს (ორმოცდამეათე დღის დღესასწაულს) ზეიმობდნენ (ლევ. 23:15—21). შემდეგ, ტემპერატურის მატებასთან ერთად, თანდათანობით ყურძენი მწიფდებოდა და რთვლის დროც დგებოდა, მერე კი ზაფხულის სხვა ხილიც, კერძოდ ზეთისხილი, ფინიკი და ლეღვი შემოდიოდა (2 სამ. 16:1). იმ დროისთვის, როცა მშრალი სეზონი მთავრდებოდა და საადრეო წვიმები იწყებოდა, ყველანაირ მოსავალს იღებდნენ და შემდეგ (დაახლოებით ოქტომბრის დასაწყისში) კარვობის დღესასწაულს მართავდნენ (გამ. 23:16; ლევ. 23:39—43).
18. ა) რატომ არის „წელიწადის“ შესატყვისი ებრაული სიტყვის მნიშვნელობა შესაფერისი? ბ) რა არის მზისიერი წელიწადი?
18 წელიწადი. ჩვენს გამოკვლევას „წელიწადზე“ მსჯელობით განვაგრძობთ. ბიბლიაში ეს სიტყვა დასაწყისშივე მოიხსენიება (დაბ. 1:14). „წელიწადის“ შესატყვისი ებრაული სიტყვა „შანაჰ“ ნაწარმოებია ფუძიდან, რომლის მნიშვნელობაც არის „გამეორება, კვლავ კეთება“ და დროის ციკლს უკავშირდება. ეს სიტყვა ნამდვილად შესაფერისია, რამდენადაც წელიწადის დროები მუდმივად მეორდება. წელიწადს უწოდებენ დროს, რომლის განმავლობაშიც დედამიწა მზის გარშემო ერთ სრულ ბრუნს აკეთებს. მზისიერი წელიწადი მოიცავს პერიოდს გაზაფხულის ბუნიობიდან მომდევნო გაზაფხულის ბუნიობამდე. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს არის 365 დღე, 5 საათი, 48 წუთი და 46 წამი, ანუ დაახლოებით 365 დღე და 6 საათი.
19. ა) როდის იწყებოდა წელიწადი ბიბლიურ დროში? ბ) როდიდან ხდებოდა იეჰოვას მიერ დადგენილი „წმინდა წელიწადის“ ათვლა?
19 წელიწადი ბიბლიურ დროში. ბიბლიურ დროში წელს შემოდგომიდან ითვლიდნენ. მიწათმოქმედების თვალსაზრისით, დროის ასეთი ათვლა პრაქტიკული იყო: წელიწადი იწყებოდა ხვნითა და თესვით (ჩვენი კალენდრით ოქტომბრის დასაწყისში) და მთავრდებოდა მოსავლის აღებით. ნოე შემოდგომიდან იწყებდა წლის ათვლას. მან დაწერა, რომ წარღვნა დაიწყო „მეორე თვეს“, რაც ოქტომბრის მეორე ნახევარსა და ნოემბრის პირველ ნახევარს შეესატყვისება (დაბ. 7:11, სქოლიო). მსოფლიოში ბევრისთვის ახალი წელი დღესაც შემოდგომიდან იწყება. ძვ. წ. 1513 წელს ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ იეჰოვამ ისრაელებს უთხრა, რომ აბიბი (ნისანი) მათთვის „თვეთა დასაწყისი“ უნდა გამხდარიყო; ამგვარად, შემოღებული იყო „წმინდა წელიწადი“, რომელიც გაზაფხულიდან გაზაფხულამდე გრძელდებოდა (გამ. 12:2). დღეს ებრაელები საერო კალენდარს იყენებენ და წელიწადის ათვლას შემოდგომიდან, კერძოდ თიშრის თვიდან იწყებენ.
20. როგორ ხდებოდა მთვარისმიერი წლის მზისიერ წელთან შეთანხმება და რა არის მთვარე-მზისიერი წელი?
20 მთვარე-მზისიერი წელიწადი. ქრისტემდე ერების უმეტესობა დროს მთვარისმიერი წლებით აღრიცხავდა. მთვარისმიერი წელი მზისიერ წელს მეტ-ნაკლებად რომ დამთხვეოდა, ისინი სხვადასხვა საშუალებას მიმართავდნენ. ჩვეულებრივ, მთვარისმიერი წელი 354 დღე-ღამისგან, ანუ 12 მთვარისმიერი თვისგან შედგებოდა. თვე 29 ან 30 დღე გრძელდებოდა იმისდა მიხედვით, თუ როდის გამოჩნდებოდა ახალი მთვარე. მთვარისმიერი წელიწადი დაახლოებით 11 დღითა და 6 საათით მოკლეა მზისიერ წელიწადზე, რომელიც დაახლოებით 365 დღე და 6 საათი გრძელდება. ებრაელები მთვარის კალენდარს იყენებდნენ. ბიბლიაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ როგორ ამთხვევდნენ ებრაელები მთვარისმიერ წელს მზისიერს. სავარაუდოდ, ისინი დამატებით თვეებს იყენებდნენ. თვეების ამგვარმა დამატებამ საბოლოო სახე მოგვიანებით, ძვ. წ. V საუკუნეში მიიღო და ეს კალენდარული სისტემა დღეს მეტონის ციკლის სახელით არის ცნობილი. ამ ციკლის მიხედვით, ყოველ 19 წელიწადში შვიდ წელს ემატებოდა დამატებითი თვე. ებრაული კალენდრის მიხედვით, მე-12 თვეს, ადარს, ემატებოდა ერთი დამატებითი თვე, რომელსაც ვეადარი ანუ „მეორე ადარი“ ეწოდებოდა. ვინაიდან მთვარისმიერ კალენდარს მზისიერს ამთხვევდნენ, 12-13 თვისგან შემდგარი წლები მთვარე-მზისიერი წელიწადების სახელითაა ცნობილი.
21. ა) რა არის იულიუსის კალენდარი? ბ) რატომ არის გრიგორიანული კალენდარი უფრო ზუსტი?
21 იულიუსისა და გრიგორიანული კალენდრები. კალენდარი წელიწადის დღეების აღრიცხვის სისტემაა. იულიუსის კალენდარი ძვ. წ. 46 წელს შემოიღო იულიუს კეისარმა იმ მიზნით, რომ რომაელები მთვარისმიერი კალენდრიდან მზისიერ კალენდარზე გადასულიყვნენ. იულიუსის კალენდრის მიხედვით წელიწადში შედის 365 დღე, გარდა იმ გამონაკლისისა, როცა ყოველ მეოთხე წელს (ნაკიან წელს) ერთი დღე ემატება და წელი 366 დღე გრძელდება. დროთა განმავლობაში აღმოჩნდა, რომ იულიუსის კალენდრის საშუალო წელიწადი 11 წუთით გრძელი იყო მზისიერ წელზე. ამ ცდომილების გამო ახ. წ. მე-16 საუკუნისთვის ათი სრული დღე დაგროვდა. ამიტომ 1582 წელს რომის პაპმა გრიგორი XIII-მ მცირე შესწორებები შეიტანა კალენდარში. შედეგად, ის გრიგორიანული კალენდრის სახელით გახდა ცნობილი. პაპის ბულის (ბრძანებულების) საფუძველზე 1582 წელს დღეთა ანგარიში გადაწეულ იქნა 10 დღით და 4 ოქტომბრის მომდევნო დღე 15 ოქტომბრად გამოცხადდა. გადაწყდა, რომ დამრგვალებული საუკუნოვანი წლები, რომლებიც 400-ზე უნაშთოდ არ იყოფოდა, გრიგორიანული კალენდრით ნაკიანად არ ჩაითვლებოდა. მაგალითად, 2000 წლისგან განსხვავებით, 1900 წელი ნაკიანი არ იყო, რადგან 1900 უნაშთოდ არ იყოფა 400-ზე. დღეს მთელ მსოფლიოში ყველაზე მეტად გრიგორიანული კალენდარია გავრცელებული.
22, 23. რა ხანგრძლივობისაა წინასწარმეტყველური „წელი“?
22 წინასწარმეტყველური „წელი“. ბიბლიურ წინასწარმეტყველებებში სიტყვა „წელი(წადი)“ ხშირად გულისხმობს 360-დღიან პერიოდს, რომელიც შედგება 30-დღიანი 12 თვისგან. ერთი სპეციალისტი ეზეკიელის 4:5, 6-ს ასეთ კომენტარს უკეთებს: „სავარაუდოდ, ეზეკიელი 360-დღიან წელიწადს გულისხმობდა. ეს არც მზისიერი წელიწადი იყო და არც მთვარისმიერი. ეს იყო, ასე ვთქვათ, შუალედური წელიწადი, რომლის თითოეული თვე 30 დღეს ითვლიდა“b.
23 წინასწარმეტყველურ წელს „დროც“ ეწოდება. გამოცხადების 11:2, 3-ისა და 12:6, 14-ის გამოკვლევიდან ჩანს, რომ ერთი „დრო“ 360 დღეა. ხანდახან წინასწარმეტყველებაში წელიწადი სიმბოლურად „დღედ“ არის მოხსენიებული (ეზეკ. 4:5, 6).
24. რომელი ციფრიდან იწყებდნენ ათვლას ძველად?
24 ნულოვანი წელი არ არსებობს. ძველი ხალხებისთვის, მათ შორის ბერძნებისთვის, რომაელებისა და ებრაელებისთვის, ნულის ცნება არ არსებობდა. ისინი ყველაფრის ათვლას ერთიდან იწყებდნენ. როდესაც სკოლაში რომაულ ციფრებს სწავლობდით (I, II, III, IV, V, X და ა. შ.), ისწავლეთ ნულის აღმნიშვნელი რომაული ციფრი? არა, რადგან რომაელებს ნული არ ჰქონდათ. იმის გამო, რომ რომაელები ნულს არ იყენებდნენ, ახალი წელთაღრიცხვის ათვლა ახ. წ. 1-ლი წლიდან დაიწყო და არა ნულოვანი წლიდან. ამავე მიზეზით დამკვიდრდა რიგობითი რიცხვები: პირველი (1-ლი), მეორე (მე-2), მესამე (მე-3), მეათე (მე-10), მეასე (მე-100) და ა. შ. თანამედროვე მათემატიკაში ადამიანი ყველაფრის ათვლას არაფრიდან ანუ ნულიდან იწყებს. ვარაუდობენ, რომ ნულის ცნება ინდოეთში შემოიღეს.
25. რით განსხვავდება რიგობითი რიცხვები რაოდენობითისგან?
25 ამგვარად, როდესაც რიგობით რიცხვებს ვიყენებთ, მას ერთი უნდა გამოვაკლოთ სრული რიცხვის მისაღებად. დავუშვათ, ახ. წ. მე-20 საუკუნის რომელიმე წელს მოვიხსენიებთ. ნიშნავს ეს იმას, რომ ამ წლამდე სრული 20 საუკუნე გავიდა? არა. გასულია 19 სრული საუკუნე და კიდევ რამდენიმე წელი. სრული რიცხვების გამოსახატავად ბიბლია, თანამედროვე მათემატიკის მსგავსად, იყენებს რაოდენობით რიცხვებს: 1, 2, 3, 10, 100 და ა. შ. მათ სხვანაირად მთელ რიცხვებსაც უწოდებენ.
26. როგორ გამოითვლით: ა) რამდენი წელი გავიდა ძვ. წ. 607 წლის 1 ოქტომბრიდან ახ. წ. 1914 წლის 1 ოქტომბრამდე? ბ) რომელ თარიღთან მიგვიყვანს ძვ. წ. 607 წლის 1 ოქტომბრიდან 2520 წლის გადათვლა?
26 ამგვარად, იმის გამო, რომ ახალი წელთაღრიცხვა ნულიდან კი არა, ერთიდან დაიწყო და ჩვენს წელთაღრიცხვამდეც წლები ძვ. წ. 1 წლიდან გადაითვლება და არა ნულიდან, ნებისმიერი წლის აღმნიშვნელი რიცხვი სინამდვილეში რიგობითი რიცხვია. ასე მაგალითად, ახ. წ. 2010 წელი წარმოადგენს ახალი წელთაღრიცხვით ათვლილ 2009 სრულ წელს, ხოლო 2010 წლის 1 ივლისი არის 2009 სრულ წელს დამატებული ნახევარი წელი. იგივე პრინციპი ვრცელდება ძველი წელთაღრიცხვის თარიღებზეც. მაშასადამე, რომ გამოვთვალოთ, რამდენი წელი გავიდა ძვ. წ. 607 წლის 1 ოქტომბრიდან ახ. წ. 1914 წლის 1 ოქტომბრამდე, 606 წელს (პლუს გასული წლის ბოლო სამი თვე) უნდა მივუმატოთ 1913 წელი (პლუს მომდევნო წლის პირველი 9 თვე). შედეგად მივიღებთ 2519 წელსა და 12 თვეს, ანუ 2520 წელს. ახლა დავუშვათ, რომ გვსურს ძვ. წ. 607 წლის 1 ოქტომბრიდან გადავითვალოთ 2520 წელი. ამისათვის უნდა გვახსოვდეს, რომ 607 არის რიგობითი რიცხვი ანუ 606 სრული წელი; და რადგან ათვლას ძვ. წ. 607 წლის 31 დეკემბრიდან კი არ ვიწყებთ, არამედ ძვ. წ. 607 წლის 1 ოქტომბრიდან, 606 წელს უნდა დავუმატოთ ძვ. წ. 607 წლის დარჩენილი 3 თვე. ახლა 2520 წელს გამოვაკლოთ 606 წელი და 3 თვე. მივიღებთ 1913 წელსა და 9 თვეს. ეს ნიშნავს, რომ ძვ. წ. 607 წლის 1 ოქტომბრიდან თუ გადავითვლით 2520 წელს, ახალი წელთაღრიცხვით გვექნება 1913 სრული წელი და 9 თვე. 1913 სრულ წელს 1914 წლის დასაწყისთან მივყავართ. თუ ამას დავუმატებთ 9 თვეს, 1914 წლის 1 ოქტომბერთან მივალთc.
27. რას ნიშნავს ძირითადი თარიღი და რატომ ენიჭება ასეთ თარიღებს უდიდესი მნიშვნელობა?
27 ძირითადი თარიღები. სანდო ბიბლიური ქრონოლოგია ეფუძნება ძირითად თარიღებს. ძირითად თარიღად ითვლება ისტორიაში შესული ისეთი კალენდარული თარიღი, რომლის სიზუსტეც კარგად არის დასაბუთებული და ბიბლიაში ჩაწერილ კონკრეტულ მოვლენას შეესატყვისება. ის შეიძლება ჩაითვალოს ათვლის წერტილად, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება სხვა ბიბლიური მოვლენების დათარიღება. როდესაც ძირითადი თარიღი დადგენილია, სხვა თარიღების გამოთვლა ხდება ბიბლიაში არსებული ზუსტი ჩანაწერების — მაგალითად, ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობის ან მეფეთა მმართველობის წლების — მეშვეობით. ამგვარად, ბიბლიაში აღწერილი მრავალი მოვლენის დასათარიღებლად შეგვიძლია უშუალოდ სანდო ბიბლიური ქრონოლოგიით ვისარგებლოთ და გამოთვლები ძირითადი თარიღიდან ვაწარმოოთ.
28. რომელია ძირითადი თარიღი ებრაული წერილებისთვის?
28 ძირითადი თარიღი ებრაული წერილებისთვის. მიდია-სპარსეთის მიერ ბაბილონის აღების ისტორია ბიბლიაშიც გვხვდება და სხვა წყაროებშიც. ამ ამბავს ბიბლია დანიელის 5:30-ში გვატყობინებს. სხვადასხვა ისტორიული წყარო (მათ შორის დიოდორეს, იულიუს სექსტუსის, ევსები კესარიელისა და პტოლემეს ნაშრომები, ასევე ბაბილონური თიხის ფირფიტები) ადასტურებს, რომ ბაბილონი კიროსმა ძვ. წ. 539 წელს დაიპყრო. „ნაბონიდის ქრონიკაში“ მოცემულია ქალაქის დაცემის თვე და დღე (წელი მითითებული არ არის). ამგვარად, ისტორიკოსებმა ბაბილონის დაცემის თარიღად იულიუსის კალენდრის მიხედვით ძვ. წ. 539 წლის 11 ოქტომბერი დაადგინეს, რაც გრიგორიანული კალენდრით 5 ოქტომბერს შეესაბამებაd.
29. როდის გამოსცა კიროსმა ბრძანება და რა გახდა შესაძლებელი ამის წყალობით?
29 ბაბილონზე მმართველობის პირველ წელს კიროსმა გამოსცა ბრძანება, რომელიც ებრაელებს იერუსალიმში დაბრუნების ნებას აძლევდა. თუ ბიბლიური ჩანაწერების მიხედვით ვიმსჯელებთ, ეს ბრძანება, როგორც ჩანს, ძვ. წ. 538 წლის ბოლოს ან 537 წლის გაზაფხულისთვის გამოვიდა. „მეშვიდე თვეს“, თიშრში, ანუ დაახლოებით ძვ. წ. 537 წლის 1 ოქტომბრისთვის, იუდეველები უკვე სამშობლოში იყვნენ და იერუსალიმში შეიკრიბნენ, რათა იეჰოვას თაყვანისმცემლობა განეახლებინათ (ეზრ. 1:1—4; 3:1—6)e.
30. რის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანულ-ბერძნული წერილებისთვის ძირითადი თარიღი ახ. წ. 29 წელია?
30 ძირითადი თარიღი ქრისტიანულ-ბერძნული წერილებისთვის. ქრისტიანულ-ბერძნული წერილებისთვის ძირითად თარიღად ითვლება ავგუსტუსის შემდეგ ტიბერიუსის იმპერატორად გამოცხადების თარიღი. ავგუსტუსი მოკვდა ახ. წ. 14 წლის 17 აგვისტოს (გრიგორიანული კალენდრის მიხედვით). ახ. წ. 14 წლის 15 სექტემბერს რომის სენატმა ტიბერიუსი იმპერატორად გამოაცხადა. ლუკას 3:1, 3-ში ნათქვამია, რომ იოანე ნათლისმცემელმა მსახურება ტიბერიუსის მმართველობის მეთხუთმეტე წელს დაიწყო. თუ ათვლას ავგუსტუსის სიკვდილის თარიღიდან დავიწყებთ, მე-15 წელი ახ. წ. 28 წლის აგვისტოსა 29 წლის აგვისტოს შორის არსებულ შუალედამდე მიგვიყვანს, ხოლო თუ იმ დროიდან დავიწყებთ, როცა სენატმა ტიბერიუსი იმპერატორად გამოაცხადა, — ახ. წ. 28 წლის სექტემბერსა და 29 წლის სექტემბერს შორის არსებულ შუალედამდე. ამის შემდეგ მალე მოინათლა იესო, რომელიც ექვსი თვით უმცროსი იყო იოანე ნათლისმცემელზე. ის ამ დროს „დაახლოებით ოცდაათი წლის“ იყო (ლუკ. 3:2, 21—23; 1:34—38). ეს შეესაბამება დანიელის 9:25-ში ჩაწერილ წინასწარმეტყველებას: „იერუსალიმის [და მისი გალავნის] აღსადგენად და ასაშენებლად ნაბრძანები სიტყვის შემდეგ“ მესიის გამოჩენამდე უნდა გასულიყო 69 „კვირა“ (ეს არის წინასწარმეტყველური კვირები, რომელთაგანაც თითოეული შვიდი წლის ხანგრძლივობისაა, რაც მთლიანობაში 483 წელს მოიცავს) (დან. 9:24). ნაწინასწარმეტყველები ბრძანება ძვ. წ. 455 წელს არტაქსერქსემ (მაკროქეირი) გამოსცა. ნეემია იმავე წლის მეორე ნახევარში შეუდგა იერუსალიმში ბრძანების შესრულებას. 483 წლის შემდეგ, ანუ ახ. წ. 29 წლის შემოდგომაზე, იესო იოანე ნათლისმცემელმა მონათლა და მასზე ღვთის წმინდა სული გადავიდა. ეს იმის ნიშანი იყო, რომ იესო მესია ანუ ცხებული გახდა. ის ფაქტი, რომ იესო შემოდგომაზე მოინათლა და მსახურება დაიწყო, ეთანხმება წინასწარმეტყველებას იმის შესახებ, რომ ის მოიკვეთებოდა „ნახევარ კვირაში“ (ანუ სამწელიწად-ნახევრის შემდეგ) (დან. 9:27). იესო გაზაფხულზე მოკლეს მას შემდეგ, რაც სამწელიწად-ნახევარი იმსახურა. აქედან გამომდინარე, ის მსახურებას ახ. წ. 29 წლის შემოდგომისთვის დაიწყებდაf. ვინაიდან ლუკას 3:23-ის თანახმად იესომ მსახურება დაახლოებით 30 წლის ასაკში დაიწყო, ზემოხსენებული ფაქტები იმასაც ადასტურებს, რომ იესო ძვ. წ. 2 წლის შემოდგომაზე დაიბადაg.
31. ა) რატომ აღიქმება დროის მსვლელობა განსხვავებულად სხვადასხვა ასაკში? ბ) რისი შესაძლებლობა აქვთ ახალგაზრდებს?
31 დრო სწრაფად გადის. არსებობს ძველი ანდაზა: „მოლოდინში დრო გვიან გადის“. როდესაც ვაკონტროლებთ დროის მსვლელობას და რაიმეს მოლოდინში ვართ, გვეჩვენება, რომ დრო ძალიან ნელა გადის. მაგრამ თუ საინტერესო საქმით ვართ დაკავებული, გვგონია, რომ დრო მიქრის. გარდა ამისა, ხანდაზმულებისთვის დრო უფრო სწრაფად გადის, ვიდრე ახალგაზრდებისთვის. რატომ? ერთი წლის ბავშვისთვის ერთი წლის მომატება „ცხოვრებისეული გამოცდილების“ 100 პროცენტით გაზრდას ნიშნავს, 50 წლის ადამიანისთვის კი — 2 პროცენტით. ბავშვისთვის ერთი წელი უსასრულოდ დიდი პერიოდია, უფროსი ასაკის ადამიანს კი, თუ რაიმე საქმითაა დაკავებული და კარგი ჯანმრთელობა აქვს, ეჩვენება, რომ დრო უფრო და უფრო სწრაფად გადის. მას უკეთ ესმის სოლომონის სიტყვების მნიშვნელობა: „არაფერია ახალი მზის ქვეშ“. ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში არიან, წლები ნელა გადის. ამ წუთისოფელში მატერიალიზმში ჩაფლობასა და „ქარის დევნას“ სჯობია, ახალგაზრდამ წლები გონივრულად გამოიყენოს და სიმდიდრე ღმერთთან დააგროვოს. კარგად თქვა სოლომონმა: „გახსოვდეს შენი დიდებული შემოქმედი შენს სიჭაბუკეში, სანამ დაგიდგებოდეს დამამწუხრებელი დღეები ან წლები, როცა იტყვი: არ მახარებსო ისინი“ (ეკლ. 1:9, 14; 12:1).
32. როგორ ჩასწვდება ადამიანი უფრო ღრმად იეჰოვას თვალსაზრისს დროის შესახებ?
32 დრო მარადიულობაში. წინ ძალიან სასიხარულო დრო გველოდება. სიმართლის მოყვარულებს, რომელთა ‘დღეებიც იეჰოვას ხელთაა’, შეუძლიათ სიხარულით ელოდონ მარადიულ სიცოცხლეს ღვთის სამეფოს მმართველობის დროს (ფსალმ. 31:14—16; მათ. 25:34, 46). სიკვდილი აღარ იარსებებს (გამოც. 21:4). დროს აღარავინ დაკარგავს ფუჭად. ავადმყოფობა, მოწყენილობა და ამაოება წარსულს ჩაჰბარდება. სამუშაო სახალისო და საინტერესო იქნება. ადამიანს თავისი შესაძლებლობების სრულყოფილად რეალიზების საშუალება მიეცემა, რაც უდიდეს კმაყოფილებას მოუტანს. მაშინ წლები ჩვენთვის უფრო და უფრო სწრაფად გავა და მხოლოდ სასიამოვნო მოგონებები დაგვრჩება. ათასწლეულების შემდეგ ადამიანი უფრო ღრმად ჩასწვდება დროის შესახებ იეჰოვას თვალსაზრისს: „შენს თვალში ათასი წელი გუშინდელი, განვლილი დღესავით არის“ (ფსალმ. 90:4).
33. როგორი დრო ელოდებათ ადამიანებს?
33 როდესაც დროს დღევანდელი გადასახედიდან ვუყურებთ და ვფიქრობთ სამართლიან ახალ ქვეყნიერებაზე, ვრწმუნდებით, რომ წინ დიდებული მომავალი გველოდება: „იქ დაადგინა იეჰოვამ კურთხევა, მარადიული სიცოცხლე“! (ფსალმ. 133:3).
[სქოლიოები]
a იხილეთ სქოლიოები პირველ ორ მუხლთან.
b Biblical Calendars, 1961 წლის გამოცემა, ვან გოდოვერი, გვ. 75.
c „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. I, გვ. 458 (ინგლ.).
d „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. I, გვ. 453, 454, 458; ტ. II, გვ. 459 (ინგლ.).
e „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. I, გვ. 568 (ინგლ.).
f „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. II, გვ. 899—902 (ინგლ.).
g „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. II, გვ. 56—58 (ინგლ.).
[ცხრილი 281 გვერდზე]
ისრაელების კალენდარი
თვე ნისანი (აბიბი)
ჩვენი კალენდრით მარტ-აპრილი
რელიგიური (წმინდა) კალენდრით 1-ლი თვე
საერო კალენდრით მე-7 თვე
მუხლები გამ. 13:4; ნეემ. 2:1
დღესასწაულები 14 ნისანი პასექი
15—21 ნისანი უფუარობის დღესასწაული
16 ნისანი პირველმოწეული ნაყოფის შეწირვა
თვე იარი (ზივი)
ჩვენი კალენდრით აპრილ-მაისი
რელიგიური (წმინდა) კალენდრით მე-2 თვე
საერო კალენდრით მე-8 თვე
მუხლები 1 მეფ. 6:1
თვე სივანი
ჩვენი კალენდრით მაის-ივნისი
რელიგიური (წმინდა) კალენდრით მე-3 თვე
საერო კალენდრით მე-9 თვე
მუხლები ესთ. 8:9
დღესასწაულები კვირების დღესასწაული (ორმოცდამეათე დღის
დღესასწაული)
თვე თამუზი
ჩვენი კალენდრით ივნის-ივლისი
რელიგიური (წმინდა) კალენდრით მე-4 თვე
საერო კალენდრით მე-10 თვე
მუხლები იერ. 52:6
თვე აბი
ჩვენი კალენდრით ივლის-აგვისტო
რელიგიური (წმინდა) კალენდრით მე-5 თვე
საერო კალენდრით მე-11 თვე
მუხლები ეზრ. 7:8
თვე ელული
ჩვენი კალენდრით აგვისტო-სექტემბერი
რელიგიური (წმინდა) კალენდრით მე-6 თვე
საერო კალენდრით მე-12 თვე
მუხლები ნეემ. 6:15
თვე თიშრი (ეთანიმი)
ჩვენი კალენდრით სექტემბერ-ოქტომბერი
რელიგიური (წმინდა) კალენდრით მე-7 თვე
საერო კალენდრით 1-ლი თვე
მუხლები 1 მეფ. 8:2
დღესასწაულები 1 თიშრი საყვირების დღესასწაული
15—21 თიშრი გამოსყიდვის დღე
22 თიშრი საზეიმო შეკრება
თვე ხეშვანი (ბული)
ჩვენი კალენდრით ოქტომბერი-ნოემბერი
რელიგიური (წმინდა) კალენდრით მე-8 თვე
საერო კალენდრით მე-2 თვე
მუხლები 1 მეფ. 6:38
თვე ქისლევი
ჩვენი კალენდრით ნოემბერ-დეკემბერი
რელიგიური (წმინდა) კალენდრით მე-9 თვე
საერო კალენდრით მე-3 თვე
მუხლები ნეემ. 1:1
თვე ტებეთი
ჩვენი კალენდრით დეკემბერ-იანვარი
რელიგიური (წმინდა) კალენდრით მე-10 თვე
საერო კალენდრით მე-4 თვე
მუხლები ესთ. 2:16
თვე შებატი
ჩვენი კალენდრით იანვარ-თებერვალი
რელიგიური (წმინდა) კალენდრით მე-11 თვე
საერო კალენდრით მე-5 თვე
მუხლები ზაქ. 1:7
თვე ადარი
ჩვენი კალენდრით თებერვალ-მარტი
რელიგიური (წმინდა) კალენდრით მე-12 თვე
საერო კალენდრით მე-6 თვე
მუხლები ესთ. 3:7
თვე ვეადარი
ჩვენი კალენდრით (დამატებითი თვე)
რელიგიური (წმინდა) კალენდრით მე-13 თვე