ნაწილი 10
ღმერთის შექმნილი, შესანიშნავი, ახალი ქვეყნიერება
1, 2. რა მოხდება სამართლიანი ომის, არმაგედონის შემდეგ?
რა იქნება ღმერთის სამართლიანი ომის, არმაგედონის შედეგი? მის შემდეგ დაიწყება მშვენიერი ახალი ერა. არმაგედონგადატანილები, რომლებმაც უკვე დაამტკიცეს თავიანთი ერთგულება ღმერთის მმართველობისადმი, შეყვანილნი იქნებიან ახალ ქვეყნიერებაში. რამდენად ამაღელვებელი იქნება ისტორიის ეს ახალი პერიოდი, როდესაც ადამიანთა ოჯახზე ღმერთისგან უამრავი სიკეთე იქნება გადმოფრქვეული!
2 გადარჩენილები, ღმერთის სამეფოს ხელმძღვანელობით, დაიწყებენ სამოთხის გაშენებას. ისინი თავიანთ ძალებს მოახმარენ არაეგოისტურ საქმიანობას, რომელიც სარგებლობას მოუტანს ყოველ მცხოვრებს. დედამიწა თანდათანობით გადაიქცევა მშვენიერ, მშვიდობიან, ადამიანთათვის სიამოვნების მომგვრელ საცხოვრებელ ადგილად.
სამართლიანობა შეცვლის ბოროტებას
3. როგორ შვებას ვიგრძნობთ არმაგედონის დამთავრებისთანავე?
3 ყოველივე ეს შესაძლებელი იქნება სატანის ქვეყნიერების განადგურებით. მეტად აღარ იარსებებს განხეთქილების მთესველი ცრუ რელიგიები, საზოგადოებრივი წყობილებები, ან ხელისუფლებები. მეტად აღარ იქნება მაცდუნებელი, სატანური პროპაგანდა; ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც მისი გავრცელებით არის დასაქმებული, გაქრება სატანის სისტემასთან ერთად. წარმოიდგინე: სატანის ქვეყნიერების მთელი მომწამვლელი ატმოსფერო ჩამოშორებულია! როგორი შვება იქნება!
4. აღწერე, რა ცვლილებები მოხდება ღმერთის აღმშენებლობითი სწავლებით.
4 მაშინ, ადამიანთა მმართველობის დამღუპველი იდეები, ღმერთის აღმშენებლობითი სწავლებით შეიცვლება. „შენი ვაჟები, ყველანი, უფლის დამოძღვრილნი იქნებიან“ (ესაია 54:13). ამ სასარგებლო სწავლების წყალობით, რომელიც წლიდან წლამდე გაგრძელდება, „აივსება მიწა უფლის ცოდნით, როგორც ზღვა არის წყლებით დაფარული“ (ესაია 11:9). ადამიანები აღარ ისწავლიან იმას, რაც ცუდია, არამედ ‘სამყაროს მკვიდრნი სიმართლეს ისწავლიან’ (ესაია 26:9). ყოველი დღე აღსავსე იქნება შემოქმედებითი აზრებითა და მოქმედებებით (საქმე 17:31; ფილიპელთა 4:8).
5. რა დაემართება ბოროტებასა და ბოროტ ხალხს?
5 ამრიგად, მეტად აღარ იქნება მკვლელობა, ძალადობა, გაუპატიურება, ძარცვა და სხვა დანაშაულობები. არავინ განიცდის ტანჯვას, რადგან ბოროტება აღარ იარსებებს. იგავნის 10:30-ში ნათქვამია: „მართალი არასდროს წაბორძიკდება, ბოროტეულნი კი ვერ დაივანებენ ქვეყანაზე“.
სრულყოფილი ჯანმრთელობა აღდგენილია
6, 7. ა) რომელ მკაცრ სინამდვილეს მოუღებს ბოლოს სამეფო მმართველობა? ბ) როგორ გვიჩვენა ეს იესომ დედამიწაზე ყოფნისას?
6 ახალ ქვეყნიერებაში პირველი ამბოხების ყოველი დამღუპველი შედეგი ჩამოცილებული იქნება. მაგალითად, სამეფოს მმართველობა ბოლოს მოუღებს ყოველგვარ სნეულებასა და სიბერეს. დღეს, შედარებით კარგი ჯანმრთელობაც რომ გქონდეს, არსებობს მკაცრი სინამდვილე, ასაკის ზრდასთან ერთად თვალები სუსტდება, კბილები ფუჭდება, სმენა ქვეითდება, კანი ნაოჭდება და შინაგანი ორგანოების ფუნქცია ირღვევა. ამის დასასრული კი — სიკვდილია.
7 მაგრამ, ყოველი მტანჯველი შედეგი, რომელიც წინაპრებისგან მემკვიდრეობით მივიღეთ, მალე წარსულს ჩაბარდება. თუ გახსოვს რა გვიჩვენა იესომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, როდესაც დედამიწაზე იყო? ბიბლია იტყობინება: „და მოვიდა მასთან დიდძალი ხალხი; თან ჰყავდათ კოჭლები, დასახიჩრებულები, ბრმები, მუნჯები და მრავალი სხვა. დაამხეს მის ფეხებთან, და მან განკურნა ისინი. ასე რომ უკვირდა ხალხს, ხედავდა, რომ მუნჯები ალაპარაკდნენ, დასახიჩრებულნი გაჯანსაღდნენ, კოჭლებმა გაიარეს და ბრმებმა დაინახეს“ (მათე 15:30, 31).
8, 9. აღწერე ბედნიერება, რომელიც დამყარდება ახალ ქვეყნიერებაში, როცა სრულყოფილი ჯანმრთელობა აღდგენილი იქნება.
8 რაოდენ დიდი ბედნიერება იქნება ახალ ქვეყნიერებაში, როდესაც აღარ ვიავადმყოფებთ! აღარასოდეს დავიტანჯებით და არ გავწამდებით ცუდი ჯანმრთელობის გამო. „არ იტყვის მცხოვრები: ავად ვარო“. „მაშინ აეხილებათ თვალები ბრმებს და ყრუებს სასმენელნი გაეხსნებათ. მაშინ ირემივით იხტუნებს მკელობელი და მუნჯის ენა იგალობებს“ (ესაია 33:24; 35:5, 6).
9 ნუთუ არ არის აღმაფრთოვანებელი — გაიღვიძო ყოველ დილით და შეიგრძნო, რომ ჯანმრთელობა გაგიუმჯობესდა? ნუთუ ხანდაზმულთათვის არ იქნება სასიამოვნო, იცოდნენ, რომ მათ უბრუნდებათ სიყმაწვილის ხანა და მიაღწევენ ისეთ სრულყოფილებას, როგორსაც თავდაპირველად ფლობდნენ ადამი და ევა? ბიბლია გვპირდება: „განუახლდება ხორცი ადრინდელზე უფრო და სიყმაწვილის ხანას დაუბრუნდება“ (იობი 33:25). რაოდენ სასიამოვნო იქნება ცხოვრება ისეთი საგნების გარეშე, როგორიცაა: სათვალეები, სასმენი აპარატები, ყავარჯნები, საინვალიდო სავარძლები და სამედიცინო პრეპარატები! მეტად აღარასოდეს დაგვჭირდება საავადმყოფოები, ექიმები და სტომატოლოგები.
10. რა დაემართება სიკვდილს?
10 ადამიანები, რომელთაც ექნებათ ასეთი ჯანმრთელობა, არ მოისურვებენ სიკვდილს. მათ არც მოუწევთ სიკვდილი, რადგან კაცობრიობა მეტად აღარ იქნება მემკვიდრეობით მიღებული არასრულყოფილებისა და სიკვდილის მარწუხებში. ქრისტემ „უნდა იმეფოს, ვიდრე თავის ფეხებქვეშ მოაქცევდეს თავის ყველა მტრებს. ხოლო უკანასკნელი მტერი მოისპობა — სიკვდილი“. ‘ღმერთის მადლის ნიჭი — მარადიული სიცოცხლეა’ (1 კორინთელთა 15:25, 26; რომაელთა 6:23; ასევე იხილე ესაია 25:8).
11. როგორ არის გადმოცემული გამოცხადებაში ახალი ქვეყნიერების კეთილდღეობა?
11 ამრიგად, მთელი სიკეთე, რომელსაც მზრუნველი ღმერთი გადმოაფრქვევს, კაცობრიობაზე სამოთხეში, გადმოცემულია ბიბლიის უკანასკნელ წიგნში: „და მოსწმენდს [ღმერთი] ყოველგვარ ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი; გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება; ვინაიდან პირველებმა გადაიარეს“ (გამოცხადება 21:3, 4).
მკვდრების დაბრუნება
12. როგორ უჩვენა იესომ, რომ აქვს ღმერთისგან მიცემული ძალა, აღადგინოს მკვდრები?
12 დედამიწაზე ყოფნისას, იესო არა მხოლოდ კურნავდა ავადმყოფებს და არჩენდა დასახიჩრებულებს, არამედ მკვდრებსაც კი აცოცხლებდა. ამით მან უჩვენა, რომ შესწევს მკვდრების აღდგენის საოცარი ძალა, რომელიც ღმერთმა მისცა. თუ გახსოვს ის შემთხვევა, როდესაც იესო მივიდა ერთი მამაკაცის ოჯახში, რომლის ქალიშვილი მკვდარი იყო? იესომ უთხრა მკვდარს: „შენ გეუბნები, გოგონა, ადექ!“ რა მოჰყვა ამ სიტყვებს? „და მყისვე წამოდგა გოგონა და გაიარა“. ამის შემხედვარე, იქ მყოფ ხალხს „გაუკვირდათ დიდი გაკვირვებით“. მათი ბედნიერება განუზომელი იყო! (მარკოზი 5:41, 42; ასევე იხილე ლუკა 7:11-16; იოანე 11:1-45).
13. როგორი კატეგორიის ადამიანები იქნებიან აღდგენილნი?
13 ახალ ქვეყნიერებაში იქნება „მკვდრეთით აღდგომა როგორც მართალთა, ისე არამართალთა“ (საქმე 24:15). იმ დროს იესო გამოიყენებს ღმერთის მიერ ბოძებულ ძალას, რომ აღადგინოს მკვდრები, ვინაიდან მან თქვა: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ჩემი მორწმუნე, რომ მოკვდეს კიდეც, გაცოცხლდება“ (იოანე 11:25). მან აგრეთვე თქვა: „ყველანი, ვინც სამარხებში [ღმერთის მეხსიერებაში] არიან, მის [იესოს] ხმას მოისმენენ. და. . . გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29).
14. რა აღარ იარსებებს, როცა სიკვდილი განადგურდება?
14 რაოდენ დიდი იქნება სიხარული მთელ დედამიწაზე, როდესაც მკვდრები ჯგუფებად, ერთიმეორის მიყოლებით გაცოცხლდებიან და იცხოვრებენ თავიანთ საყვარელ ახლობლებთან ერთად! გაზეთებში აღარ იქნება ადამიანებისთვის სევდის მომგვრელი ნეკროლოგები. ამის ნაცვლად შეიძლება იყოს სრულიად საპირისპირო რამ — განცხადებები ახლად აღდგენილების შესახებ, რაც ახლობლებისთვის სასიხარულო იქნება. ამგვარად, დამკრძალავი პროცესიები, კრემატორიუმები და სასაფლაოები აღარ იქნება!
ჭეშმარიტად მშვიდობიანი მსოფლიო
15. როგორ შესრულდება მიქას წინასწარმეტყველება სრული მნიშვნელობით?
15 ცხოვრების ყველა სფეროში რეალობად იქცევა ჭეშმარიტი მშვიდობა. ომები, მათი მფარველები და იარაღის დამზადება წარსულს ჩაბარდება. რატომ? იმიტომ, რომ გაქრება განხეთქილების მთესველი ეროვნული, ტომობრივი და რასობრივი ინტერესები. მაშინ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, „ხალხი ხალხის წინააღმდეგ აღარ აღმართავს მახვილს და ომს აღარასოდეს ისწავლიან“ (მიქა 4:3).
16. როგორ იზრუნებს ღმერთი, რომ მეტად აღარ იყოს ომები?
16 კაცობრიობის ისტორიის სისხლისმღვრელი ომების ფონზე, შესაძლოა, ეს გასაოცარიც კი მოგვეჩვენოს. მაგრამ, ყოველივე ეს ხდებოდა ადამიანთა და დემონთა მმართველობის გამო. ახალ ქვეყნიერებაში სამეფოს მმართველობით შესრულდება წინასწარმეტყველება: „მოდით, იხილეთ საქმენი უფლისანი. . . შეწყვეტს ომებს დედამიწის კიდით-კიდემდე, მშვილდს შემუსრავს და შუბს დაამსხვრევს, [საომარ] ეტლებს დაბუგავს ცეცხლით“ (ფსალმუნი 45:9, 10).
17, 18. როგორი დამოკიდებულება იქნება ადამიანებსა და ცხოველებს შორის ახალ ქვეყნიერებაში?
17 ადამიანებსა და ცხოველებს შორისაც იქნება ისეთი მშვიდობა, როგორიც ედემში იყო (დაბადება 1:28; 2:19). ღმერთი ამბობს: „დავდებ იმ დღეს მათთვის აღთქმას ველის მხეცებთან, ცის ფრინველებთან და ქვეწარმავლებთან. . . და მშვიდობით დავავანებ მათ“ (ოსია 2:20).
18 რამდენად ფართო მასშტაბის იქნება ეს მშვიდობა? „დადგება მგელი ცხვართან ერთად და ვეფხვი დაბინავდება ციკანთან ერთად. ხბო, ლომი და ნასუქალი პირუტყვი ერთად იქნებიან და ჩვილი ბავშვი წაუძღვება მათ“. ცხოველები მეტად აღარასოდეს იქნებიან საშიშნი ადამიანებისთვის ან ერთიმეორისთვის. თვით „ლომი ძროხასავით შეჭამს თივას“! (ესაია 11:6-9; 65:25).
დედამიწის სამოთხედ გადაქცევა
19. რად გადაიქცევა დედამიწა?
19 დედამიწა ადამიანებისთვის საცხოვრებელ სამოთხედ გადაიქცევა. სწორედ ამიტომ აღუთქვა იესომ მამაკაცს, რომელმაც ირწმუნა ის: „ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“. ბიბლიაში ნათქვამია: „მოილხენს უდაბნო და ხრიოკი, გაიხარებს ტრამალი და შროშანივით აყვავდება. . . რადგან ამოხეთქავს უდაბნოში წყალი და ტრამალებზე — ნიაღვრები“ (ლუკა 23:43; ესაია 35:1, 6).
20. რატომ აღარ იშიმშილებს კაცობრიობა?
20 ღმერთის სამეფოს ქვეშევრდომი მილიონობით ადამიანი მეტად აღარ იშიმშილებს. „იქნება სიუხვე პურისა დედამიწაზე, მთათა მწვერვალზე. მისი ნაყოფი იბიბინებს“. „მინდვრის ხე თავის ნაყოფს გამოისხამს და მიწა მოსცემს თავის მოსავალს, და მშვიდად იქნებიან თავიანთ მიწაზე“ (ფსალმუნი 71:16; ეზეკიელი 34:27).
21. რა მოუვა უსახლკარობას, მიყრუებულ ადგილებსა და დამნაშავეობით აღსავსე რაიონებს?
21 მეტად აღარ იქნება სიღარიბე, უსახლკარობა, მიყრუებული ადგილები ან დამნაშავეობით აღსავსე რაიონები. „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ, ჩაყრიან ვაზებს და მათ ნაყოფს შეჭამენ. არ ააშენებენ სხვის საცხოვრებლად, არ დარგავენ სხვის შესაჭმელად“. „ყველა თავისი ვაზის და ლეღვის ქვეშ იჯდება და არავინ იქნება დამაფრთხობელი“ (ესაია 65:21, 22; მიქა 4:4).
22. როგორ აღწერს ბიბლია ღმერთის მმართველობის მრავალ სიკეთეს?
22 სამოთხეში კაცობრიობა უხვად იქნება კურთხეული ყოველივე ამით. ფსალმუნის 144:16-ში (აქ) ნათქვამია: „შენ, ღმერთო, გაშლი შენს ხელს და დააკმაყოფილებ ყოველი ცოცხალი არსების სურვილს“. არაა გასაკვირი, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველება აცხადებს: „თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით. . . მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე“ (ფსალმუნი 36:11, 29).
წარსულის გაუქმება
23. როგორ მოსპობს ღმერთის სამეფო ყოველგვარ ტანჯვას?
23 ღმერთის სამეფო გაანადგურებს ყველაფერს, რაც ზიანს აყენებდა ადამიანს განვლილი ექვსი ათასი წლის მანძილზე. სიხარული, რომელსაც განიცდიან იმ დროს ადამიანები, გადააჭარბებს ყველა გადატანილ ტანჯვას. სიცოცხლე მეტად აღარ გაუფერულდება ცუდი მოგონებებითა და ტანჯვით. იმ დროს ადამიანთა ყოველდღიური საქმიანობა და შემოქმედებითი აზროვნება თანდათან განდევნის ტკივილით აღსავსე მოგონებებს.
24, 25. ა) რა იწინასწარმეტყველა ესაიამ? ბ) რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ წარსულის უსიამოვნო მოგონებები გაფერმკრთალდება?
24 მზრუნველი ღმერთი აცხადებს: „აჰა, შევქმნი ახალ ცას [ახალ ზეციურ მთავრობას, რომელიც უხელმძღვანელებს კაცობრიობას] და ახალ მიწას [ადამიანთა სამართლიან საზოგადოებას], აღარ გაიხსენება წინანდელნი და ფიქრადაც არავის მოუვა. მხოლოდ იხარებთ და იმხიარულებთ სულმუდამ ჩემს შექმნილზე“. „დაისვენა, დამყუდროვდა მთელი ქვეყანა, მხიარულად ყიჟინობს“ (ესაია 14:7; 65:17, 18).
25 ამრიგად, სამეფოს მეშვეობით ღმერთი სრულიად შეცვლის საშინელ მდგომარეობას, რომელიც ასე დიდხანს გაგრძელდა. ის მარადიულად გამოამჟღავნებს დიდებულ მზრუნველობას, რადგან გადმოაფრქვევს ჩვენზე მრავალ კურთხევას, რომელიც წარსულში გადატანილ ნებისმიერ ზარალს საკმარისზე მეტად აანაზღაურებს. წარსულში გადატანილი უსიამოვნებანი ბუნდოვანი მოგონება იქნება, თუკი საერთოდ ვისურვებთ მათ გახსენებას.
26. რატომ აანაზღაურებს ღმერთი წარსულის ნებისმიერ ტანჯვას?
26 აი, ამგვარად აგვინაზღაურებს ღმერთი უსიამოვნებებსა და ტანჯვას, რომელთა გადატანაც შესაძლოა მოგვიხდა ამ ქვეყნიერებაზე. მან იცის, ჩვენი ბრალი არ არის, რომ არასრულყოფილები დავიბადეთ, რადგან ადამისა და ევასგან მივიღეთ არასრულყოფილება; და არც ის არის ჩვენი ბრალი სატანურ ქვეყნიერებაში რომ ვცხოვრობთ, რადგან, თუ ადამი და ევა ღმერთის ერთგულები დარჩებოდნენ, სამოთხეში დავიბადებოდით; ამიტომ, ღმერთი ღრმა თანაგრძნობით გაითვალისწინებს არა მხოლოდ ჩვენს თავსდატეხილ მძიმე წარსულის ჩამოცილებას, არამედ გაცილებით მეტსაც.
27. რომელი წინასწარმეტყველებების შესანიშნავ განხორციელებას ვიხილავთ ახალ ქვეყნიერებაში?
27 ახალ ქვეყნიერებაში კაცობრიობა შეიცნობს თავისუფლებას, რომელიც ნაწინასწარმეტყველებია რომაელთა 8:21, 22-ში: „თვით ქმნილებაც განთავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან ღმერთის შვილთა დიდების თავისუფლებისათვის. ვინაიდან ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთნაირად კვნესის და იტანჯება აქამდე“. იმ დროს, ადამიანთა თვალწინ შესრულდება ქრისტეს მიერ წარმოთქმული ლოცვა: „და მოვიდეს სუფევა შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“ (მათე 6:10). მაშინ, დედამიწაზე სამოთხის შესანიშნავი პირობები ზეციური პირობების ანარეკლი იქნება.
[სურათები 23 გვერდზე]
ახალ ქვეყნიერებაში ხანდაზმულები დაუბრუნდებიან ახალგაზრდობის ხანას.
[სურათი 24 გვერდზე]
ახალ ქვეყნიერებაში აღარ იარსებებს არანაირი ავადმყოფობა.
[სურათი 25 გვერდზე]
ახალ ქვეყნიერებაში მკვდრები დაუბრუნდებიან სიცოცხლეს.
[სურათი 26 გვერდზე]
„ომს აღარასოდეს ისწავლიან“.
[სურათები 27 გვერდზე]
სამოთხეში ადამიანებსა და ცხოველებს შორის სრული მშვიდობა იქნება.
[სურათი 27 გვერდზე]
‘ღმერთი გაშლის თავის ხელს და დააკმაყოფილებს ყოველი ცოცხალი არსების სურვილს’.
[სურათი 28 გვერდზე]
ღმერთის სამეფო ითვალისწინებს არა მხოლოდ ჩვენს მიერ გადატანილ ტანჯვა-წამებათა ჩამოცილებას, არამედ გაცილებით მეტს.