გადარჩება კი ეს ქვეყნიერება?
არცერთ თაობას არ სმენია ამდენი ქვეყნიერების აღსასრულის შესახებ. მრავალი შიშობს, რომ ქვეყნიერებას ბირთვული კატასტროფით მოეღება ბოლო. სხვები ფიქრობენ, რომ მსოფლიო შეიძლება დაბინძურების შედეგად განადგურდეს. ზოგი კი შეწუხებულია, რომ ეკონომიკური ქაოსი ადამიანთა მასებს ერთმანეთის წინააღმდეგ განაწყობს.
შეიძლება კი რომ ეს ქვეყნიერება მართლაც განადგურდეს? თუ დიახ, მაშინ რას უნდა ნიშნავდეს ეს? დამდგარა კი ოდესმე ქვეყნიერების აღსასრული?
ერთი ქვეყნიერება მთავრდება — მას ცვლის მეორე
დიახ, ქვეყნიერებას ერთხელ უკვე ჰქონდა დასასრული. განვიხილოთ ის ქვეყნიერება, რომელიც ნოეს დღეებში ძლიერ გაბოროტდა. ბიბლია გვიხსნის: „მოისპო მაშინდელი ქვეყნიერება, წარღვნილი წყლით“. ბიბლია, აგრეთვე, გვეუბნება: „ [ღმერთმა] არც პირველი ქვეყნიერება დაინდო, შეინახა რვა სული და მათ შორის ნოე — სიმართლის მქადაგებელი, როცა წარღვნა აწია უღმერთოთა ქვეყნიერებას“ (2 პეტრე 2:5; 3:6).
გავამახვილოთ ყურადღება, თუ რას ნიშნავდა იმ ქვეყნიერების აღსასრული და რას — არა. იგი არ ნიშნავდა კაცობრიობის აღსასრულს. ნოემ და მისმა ოჯახმა გადაიტანეს მსოფლიო წარღვნა. ასევე, გადარჩა პლანეტა დედამიწა და ვარსკვლავებით მოჭედილი ლამაზი ცა. განადგურდა მხოლოდ „უღმერთოთა ქვეყნიერება“, ბოროტი სისტემა.
დროთა განმავლობაში, როდესაც ნოეს შთამომავლობა გამრავლდა, წარმოიშვა სხვა ქვეყნიერება. ეს მეორე ქვეყნიერება, ანუ წუთისოფლის სისტემა დღემდე შემორჩა. მისი ისტორია სავსეა ომებით, დამნაშავეობითა და ძალადობით. რა მოელის ამ ქვეყნიერებას? გადარჩება კი იგი?
ამ ქვეყნიერების მომავალი
იმ სიტყვების შემდეგ, რომელიც ნოეს დღეებში განადგურებული ქვეყნიერების შესახებ ითქვა, ბიბლია აგრძელებს: „ხოლო ახლანდელი ცანი და დედამიწა, რომელნიც იმავე სიტყვით ინახებიან, გამზადებული არიან ცეცხლისათვის“ (2 პეტრე 3:7). ჭეშმარიტად, როგორც ბიბლიის ერთ-ერთი მწერალი გვიხსნის: „ [დღეს არსებული] ქვეყნიერება გადადის“ (1 იოანე 2:17).
ბიბლია არ გულისხმობს, რომ პირდაპირი გაგებით გადაივლის დედამიწა ან ვარსკვლავიანი ცა ისევე, როგორც ეს არ მომხდარა ნოეს დროს (ფსალმუნი 103:5). არამედ, ცეცხლით იქნება განადგურებული ეს ქვეყნიერება თავის ‘ცასთან’, ანუ სატანის გავლენის ქვეშ მყოფ სახელმწიფო მმართველობასთან ერთად, და თავის ‘დედამიწასთან’ — ადამიანთა საზოგადოებასთან ერთად (იოანე 14:30; 2 კორინთელთა 4:4). ეს ქვეყნიერება, ანუ წუთისოფლის სისტემა, უსათუოდ ისევე დაიღუპება, როგორც წარღვნის წინ არსებული. თვით იესო ქრისტემაც გამოიყენა ‘ნოეს დღეების’ სიტუაცია, როგორც იმის მაგალითი, თუ რა მოხდებოდა ამ ქვეყნიერების აღსასრულის წინ (მათე 24:37–39).
აღსანიშნავია, რომ, იესოს საუბარი ნოეს დღეებზე იყო პასუხი მოციქულთა მიერ დასმულ კითხვაზე: „რა იქნება შენი მოსვლისა და წუთისოფლის აღსასრულის ნიშანი? “ (მათე 24:3). იესოს მიმდევრებმა იცოდნენ, რომ მოვიდოდა ამ ქვეყნიერების აღსასრული. შეაშინა თუ არა ისინი ამ პერსპექტივამ?
პირიქით, იმ დროს, როდესაც იესო აღწერდა იმ მოვლენებს, რომლებიც ქვეყნიერების აღსასრულის წინ უნდა მომხდარიყო, მან გაამხნევა მოციქულები, ეხარათ, ‘იმიტომ, რომ ახლოვდებოდა მათი ხსნა’ (ლუკა 21:28). დიახ, ხსნა სატანისა და მისი ბოროტი წყობისაგან ახალი, მშვიდობიანი ქვეყნიერებისთვის! (2 პეტრე 3:13).
მაგრამ როდის დასრულდება ეს ქვეყნიერება? თავისი „მოსვლისა და წუთისოფლის აღსასრულის“ რა „ნიშანი“ მოგვცა იესომ?
„ნიშანი“
ბერძნული სიტყვა „პა·როუ·სი΄ა“, რომელიც აქ გადმოთარგმნილია, როგორც „მოსვლა“, ნიშნავს „თანდასწრებას“, ანუ ფაქტიურად, ყოფნას. ამიტომ, ნიშნის გამოჩენა იმას კი არ ნიშნავდა, რომ ქრისტე მალე უნდა მოსულიყო, არამედ იმას, რომ ის უკვე დაბრუნდა და ესწრება. ეს იქნებოდა იმის ნიშანი, რომ ქრისტემ უხილავად დაიწყო მმართველობა, როგორც ზეციერმა მეფემ და მალე გაანადგურებს თავის მტრებს (გამოცხადება 12:7–12; ფსალმუნი 109:1, 2).
იესოს მხოლოდ ერთი მოვლენა არ მოუყვანია, როგორც „ნიშანი“. მან აღწერა მრავალი მსოფლიო მოვლენა და სიტუაცია. ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო იმ დროს, რომელსაც ბიბლიის მწერლები ‘უკანასკნელ დღეებს’ უწოდებენ (2 ტიმოთე 3:1–5; 2 პეტრე 3:3, 4). განვიხილოთ ზოგიერთი შემთხვევა, რომლებიც, იესოს წინასწარმეტყველების თანახმად, ‘უკანასკნელი დღეებისთვის’ იქნებოდა დამახასიათებელი.
„აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ“ (მათე 24:7). ოდესმე მომხდარ ომებთან შედარებით, ჩვენი ეპოქის ომები გაცილებით ფართო მასშტაბისაა. ერთმა ისტორიკოსმა შენიშნა: «პირველი მსოფლიო ომი, [რომელიც 1914 წელს დაიწყო], იყო პირველი „ტოტალური“ ომი». მაგრამ, მეორე მსოფლიო ომი კიდევ უფრო დამანგრეველი იყო. ომების შედეგად კვლავ გრძელდება დედამიწის განადგურება. დიახ, იესოს სიტყვები დრამატულად სრულდება!
„იქნება შიმშილი“ (მათე 24:7). პირველ მსოფლიო ომს მოჰყვა მთელ ისტორიაში, ალბათ, ყველაზე დიდი შიმშილი. საშინელი შიმშილი იყო, მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც. შიმშილობს დედამიწის მოსახლეობის თითქმის მეხუთედი და ამას ყოველწლიურად ეწირება 14 მილიონი ბავშვის სიცოცხლე. დიახ, „შიმშილი“ სინამდვილეში არსებობს!
„იქნება დიდი მიწისძვრანი“ (ლუკა 21:11). დაწყებული 1914 წლიდან ყოველწლიურად მიწისძვრების მსხვერპლი ხდება, საშუალოდ, ათჯერ უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე წინა ასწლეულებში. მიაქციე ყურადღება მხოლოდ ზოგიერთ დიდ მიწისძვრას: 1920 წელი, ჩინეთი, 200 000 მკვდარი; 1923 წელი, იაპონია, 99 300 დაღუპული; 1939 წელი, თურქეთი, 32 700 სიკვდილის შემთხვევა; 1970 წელი, პერუ, 66 800 მკვდარი; და 1976 წელი, ჩინეთი, დაახლოებით 240 000 (ზოგიერთი მონაცემით 800 000) დაღუპული. მართლაც, ეს არის „დიდი მიწისძვრანი“ !
„ადგილ-ადგილ მოსრვა [ეპიდემიები, აქ] “ (ლუკა 21:11). პირველი მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე, დაახლოებით 21 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა „ესპანურმა გრიპმა“. ჟურნალმა „საიენს დაიჯესტ“-მა (Science Digest) გამოაქვეყნა შემდეგი განცხადება: „ისტორიას არ ახსოვს სიკვდილის მხრიდან ამაზე ულმობელი და სწრაფი თავდასხმა“. იმ დროიდან მოყოლებული, გულის დაავადებებს, კიბოს, შიდს-სა და სხვა მრავალ უბედურებას შეეწირა ასობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე.
„გამრავლდება უსჯულოება“ (მათე 24:12). ათას ცხრაას თოთხმეტი წლიდან ჩვენი ქვეყნიერება ცნობილი გახდა, როგორც დამნაშავეობისა და ძალადობის ქვეყნიერება. ბევრგან, ადამიანები ქუჩაში დღისითაც კი ვერ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ. ხოლო ღამე კი, ქუჩაში გასვლის შიშით შეპყრობილები რჩებიან სახლში, საიმედოდ ჩარაზულ კარებს მიღმა.
ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ უკანასკნელ დღეებში, მოხდებოდა კიდევ მრავალი რამე და ყოველივე ეს ამჟამადაც სრულდება. ხოლო ეს კი ნიშნავს, რომ მოახლოებულია ამ ქვეყნიერების აღსასრული. მაგრამ, საბედნიეროდ, იქნებიან ადამიანები, რომლებიც გადაიტანენ მას. „ქვეყნიერებაც გადადის“ — ამ სიტყვების შემდეგ ბიბლია გვპირდება: „ღმერთის ნების აღმსრულებელი კი რჩება უკუნისამდე“ (1 იოანე 2:17).
ამიტომ, ჩვენთვის აუცილებელია, ღმერთის ნების შეცნობა და შესრულება. მაშინ ჩვენ შევძლებთ გადავიტანოთ ამ ქვეყნიერების აღსასრული და მარადიულად ვისარგებლოთ ღმერთის ახალი ქვეყნიერების კურთხევებით. ბიბლია გვპირდება, რომ იმ დროს „ღმერთი. . . მოსწმენდს ყოველგვარ ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი; გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება“ (გამოცხადება 21:3, 4).
ბიბლიური ციტატები აღებულია წიგნიდან „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა. თუ ციტატას მოჰყვება შემოკლება აქ, ეს მიუთითებს, რომ ციტატა გადმოთარგმნილია ინგლისურ ენაზე გამოცემული ბიბლიიდან „საღვთო წერილის ახალი ქვეყნიერების თარგმანი — სქოლიოებით“.
[საავტორო უფლება 6 გვერდზე]
ფოტოსურათები: თვითმფრინავი: USAF photo. ბავშვი: WHO photo by W. Cutting. მიწისძვრა: Y. Ishiyama, Hokkaido University, Japan.