უნდა განვიცდიდე ასე ძალიან?
ᲔᲠᲗᲘ მამაკაცი, რომელსაც ოჯახის წევრი დაეღუპა, წერს: «როგორც ინგლისელი, ისე აღმზარდეს, რომ ყველას დასანახად ჩემი გრძნობები არ უნდა გამომეხატა. მახსოვს, როცა რამე მეტკინებოდა, მამაჩემი, რომელიც ყოფილი სამხედრო პირი იყო, კბილებში გამოსცრიდა ხოლმე: „ტირილი არ გაბედო!“. არ მახსოვს, ოდესმე დედას გულში ჩავეკარით რომელიმე ჩვენგანი ან ეკოცნა ჩვენთვის (ოთხი დედმამიშვილი ვიყავით). 56 წლის ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა, და ეს ძალიან დიდი დანაკლისი იყო ჩემთვის. მიუხედავად ამისა, ტირილი ვერ შევძელი».
ზოგ კულტურაში ადამიანები თავისუფლად გამოხატავენ გრძნობებს და თავიანთ ბედნიერებასა თუ უბედურებას არ მალავენ. მეორე მხრივ, მსოფლიოს ზოგ ნაწილში, ძირითადად ჩრდილოეთ ევროპასა და დიდ ბრიტანეთში, განსაკუთრებით მამაკაცებს, თავიდანვე იმას აჩვევენ, რომ არ გამოხატონ ემოციები; რაც არ უნდა მოხდეს, სიმშვიდე შეინარჩუნონ და არ გამოააშკარავონ თავიანთი გულისნადები. მაგრამ რა არის იმაში სასირცხვილო, თუ ადამიანი მწუხარებას გამოხატავს ახლობლის სიკვდილის გამო? რას ამბობს ბიბლია ამ საკითხზე?
ბიბლიაში მოხსენიებული მგლოვიარეები
ბიბლია დაწერეს ებრაელებმა, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით მცხოვრებმა ხალხმა, რომლებიც თავიანთი ემოციური ბუნებით გამოირჩევიან. ბიბლიაში მრავლად შეხვდებით იმ ადამიანების ისტორიებს, რომლებიც დაუფარავად გამოხატავდნენ თავიანთ მწუხარებას. მაგალითად, მეფე დავითი მწარედ მოთქვამდა მოკლული შვილის, ამნონის გამო (2 სამუელი 13:28—39). ის მოღალატე შვილს, აბესალომსაც გლოვობდა, რომელიც უკანონოდ ცდილობდა სამეფო ტახტის ხელში ჩაგდებას. ბიბლია მოგვითხრობს: «გულშეძრული მეფე კარიბჭის ზედა ოთახისკენ გაემართა; მიდიოდა და მოთქვამდა: „შვილო, აბესალომ, შვილო, შვილო, აბესალომ! მე მაინც მოვმკვდარიყავი შენ მაგივრად, აბესალომ, შვილო, შვილო!“» (2 სამუელი 18:33). ეს იყო ბუნებრივი რეაქცია, რომელიც მშობელ მამას უნდა ჰქონდეს შვილის სიკვდილზე. ბევრ მგლოვიარე მშობელს უნატრია, შვილის ნაცვლად თვითონ მომკვდარიყო! ძალიან რთულია იმ ფაქტთან შეგუება, რომ მშობელზე ადრე შვილი კვდება.
როგორი რეაქცია ჰქონდა იესოს თავისი მეგობრის, ლაზარეს, სიკვდილზე? ის აცრემლდა, როცა ლაზარეს სამარხს მიუახლოვდა (იოანე 11:30—38). თავად იესოს სიკვდილის შემდეგ მარიამ მაგდალელი ატირდა მის სამარხთან (იოანე 20:11—16). ქრისტიანები, რომელთათვისაც აღდგომის იმედი რეალურია, არ ეძლევიან სასოწარკვეთილებას მათ მსგავსად, ვისაც ეს ბიბლიური იმედი არა აქვს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქრისტიანი არ გლოვობს და არ განიცდის საყვარელი ადამიანის სიკვდილს (1 თესალონიკელები 4:13, 14).
უნდა შევიკავოთ თავი ტირილისგან?
ჩვეულებრივ როგორ რეაგირებენ ადამიანები ახლობლის სიკვდილზე? ზოგს უძნელდება ან ეუხერხულება გრძნობების გამოხატვა. თანამედროვე ფსიქოლოგებიც იმას გვირჩევენ, რასაც უძველესი, ღვთიური სიბრძნით დაწერილი წიგნი, ბიბლია, გვირჩევს. კერძოდ იმას, რომ თავისუფლად გამოვხატოთ ჩვენი გრძნობები და გულში დარდი არ ჩავიკლათ. სწორედ ასე იქცეოდნენ ძველი დროის ღვთის ერთგული მამაკაცები: იობი, დავითი და იერემია. როგორც ბიბლია მოგვითხრობს, ისინი არ მალავდნენ გრძნობებს და გამოხატავდნენ მწუხარებას. აქედან გამომდინარე, გონივრული არ იქნება, ასეთ დროს ახლობლებისგან თავის გარიყვა (იგავები 18:1). მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ადამიანები მწუხარებას სხვადასხვაგვარად გამოხატავენ, რაზეც მათი რელიგიური შეხედულებებიც ახდენს გავლენასa.
ასე რომ, თავს ნუ გაკიცხავთ იმის გამო, რომ ტირილი გინდებათ. ეს ბუნებრივი, ადამიანური რეაქციაა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ლაზარეს სიკვდილის გამო იესომ „ამოიოხრა . . . და აცრემლდა“ (იოანე 11:33, 35). ეს შემთხვევა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საყვარელი ადამიანის დაკარგვის გამო ტირილი სრულიად ბუნებრივია.
საყვარელი ადამიანის დაკარგვის გამო ტირილი და გლოვა სრულიად ბუნებრივია.
მოვიყვანოთ კიდევ ერთი მაგალითი. ენს პატარა რეიჩელი ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომით დაეღუპა. მისი მეუღლე იხსენებს: „გაგიკვირდებათ და დაკრძალვაზე არც მე და არც ენს არ გვიტირია იმ დროს, როცა სხვები მოთქვამდნენ“. ენი კი ასეთ რამეს ამბობს: „ბავშვი ორივეს მაგივრად გამოვიტირე, როცა რამდენიმე კვირის შემდეგ სახლში მარტო დავრჩი და ჩემი უბედურება სრულად გავაცნობიერე; მთელი დღე ვტიროდი. ამის შემდეგ თავი უკეთესად ვიგრძენი. ჩემი პატარა უნდა გამომეტირა. მგლოვიარეს უნდა მისცე ტირილის საშუალება და არ უნდა დაუშალო ტირილი, რადგან ამით სინამდვილეში ვერ დაეხმარები“.
როგორ რეაგირებს ზოგი ახლობლის სიკვდილზე
როგორი რეაქცია ჰქონდა ზოგს ახლობლის სიკვდილზე? მოვიყვანოთ ხუანიტას მაგალითი. მანაც გამოსცადა შვილის სიკვდილი. მას შემდეგ, რაც ხუთჯერ მოეშალა მუცელი, ის კვლავ დაორსულდა. წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდებოდა, როცა ავტოკატასტროფაში მოჰყვა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი კვირის შემდეგ მან ნაადრევად იმშობიარა; მას პატარა ვანესა შეეძინა, რომელიც 1 კილოგრამსაც არ იწონიდა. „უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი, — იხსენებს ხუანიტა, — როგორც იქნა დედა გავხდი!“
მაგრამ მისი ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა. ოთხი დღის შემდეგ ბავშვი დაიღუპა. ხუანიტა იხსენებს: „ენით აუწერელი სიცარიელის გრძნობა დამეუფლება. დედობა არ დამცალდა. თავს უღირსად ვგრძნობდი. ძალიან გამიჭირდა ვანესასთვის მომზადებულ ოთახში შესვლა და მისთვის ნაყიდი ტანსაცმლის დანახვა. თვეების მანძილზე თავში სულ მისი დაბადების დღე მიტრიალებდა. არავისთან არ მინდოდა ურთიერთობა“.
ზედმეტად მძაფრი ხომ არ არის ასეთი რეაქცია? შეიძლება სხვებს ეს გრძნობა ეუცხოოს, მაგრამ ვისაც მსგავსი ტკივილი განუცდია, ამბობს, რომ თოთო ბავშვსაც ისევე გლოვობს, როგორც მოზრდილს იგლოვებდა. მშობლები შვილის სიყვარულს ბავშვის დაბადებამდე გრძნობენ. დედასა და შვილს შორის განსაკუთრებული კავშირი არსებობს. დედისთვის ახალშობილის სიკვდილი ისეთივე მძიმე დანაკარგია, როგორც ზრდასრული შვილის. ამიტომ გარეშეებმა ეს ფაქტი უნდა გაითვალისწინონ.
სიბრაზე და დანაშაულის გრძნობა
ერთი დედა ყვება, რა რეაქცია ჰქონდა, როცა თანდაყოლილი გულის მანკით დაავადებული 6 წლის შვილის მოულოდნელი სიკვდილი შეიტყო: „ათასგვარი გრძნობა დამეუფლა — ყოველგვარი შეგრძნება დავკარგე, მომხდარს თვალს ვერ ვუსწორებდი და თავს ვიდანაშაულებდი. ჩემს ქმარსა და ექიმზეც ვბრაზობდი, რადგან სათანადოდ ვერ შეაფასეს, რამდენად სერიოზული იყო ბავშვის მდგომარეობა“.
ზოგჯერ მგლოვიარე ადამიანები სხვებზე ბრაზობენ. ისინი შეიძლება გაღიზიანდნენ ექიმებსა და მედდებზე, რადგან მათი აზრით, მედპერსონალმა სათანადო ყურადღება არ გამოიჩინა მათი ახლობლის მიმართ. შეიძლება მგლოვიარეს მეგობრებისა და ნათესავების ქცევაზე და ლაპარაკზე მოუვიდეს გული. ზოგი მიცვალებულზეც კი ბრაზდება იმის გამო, რომ ჯანმრთელობას არ უფრთხილდებოდა. სტელა იხსენებს: „ვბრაზობდი ჩემს ქმარზე; რომ არა მისი დაუდევრობა, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. ის სერიოზულად ავად იყო, მაგრამ ექიმების მითითებებს ყურადღებას არ აქცევდა“. ზოგჯერ სიბრაზეს ისიც იწვევს, რომ მიცვალებული თავისი სიკვდილით დიდ ტვირთს ჰკიდებს ოჯახს.
ზოგი თავს იმის გამო იდანაშაულებს, რომ ბრაზს ვერ ერევა; ზოგიც თავს საყვარელი ადამიანის სიკვდილში იდანაშაულებს და ასეთი არგუმენტები მოჰყავს: „დროულად რომ წამეყვანა ექიმთან, არ მოკვდებოდა“, „ნეტავ სხვა ექიმთან მიმეყვანა“, „მეტი ყურადღება უნდა მიმექცია მისი ჯანმრთელობისთვის“.
ბავშვის სიკვდილი ძლიერ ემოციურ ტრავმას აყენებს მშობელს, მაგრამ გულწრფელ თანაგრძნობას და თანადგომას მშობლების ნუგეშისცემა შეუძლია.
ზოგს დანაშაულის გრძნობას ის უმძაფრებს, რომ მოულოდნელად ეცლება ხელიდან საყვარელი ადამიანი. სულ ის ახსენდებათ, როგორ უბრაზდებოდნენ ან ეკამათებოდნენ გარდაცვლილს, ვიდრე ის ცოცხალი იყო. ზოგს იმაზე ფიქრი არ აძლევს მოსვენებას, რომ სიცოცხლეში შეეძლო მისთვის უფრო მეტი გაეკეთებინა.
როგორ წესი, დედა დიდი ხნის მანძილზე ვერ ურიგდება შვილის სიკვდილს, რაც ადასტურებს ბევრი ფსიქოლოგის მოსაზრებას, კერძოდ იმას, რომ შვილის სიკვდილი მოუშუშებელ ჭრილობად რჩება მშობლების, განსაკუთრებით კი დედის გულში.
როცა მეუღლე გიკვდებათ
ღრმა ემოციურ ჭრილობას ცხოვრების თანამგზავრის დაკარგვაც იწვევს, მით უმეტეს, თუ ცოლ-ქმარმა მრავალი წელი გაატარა ერთად. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მეტად ვეღარ გაატარებენ ერთად დროს, ვეღარ გაიზიარებენ ერთად მოგზაურობით, შრომით თუ დასვენებით გამოწვეულ სიხარულს. მეუღლის დაკარგვით ადამიანს ემოციური საყრდენიც ეცლება ხელიდან.
იუნისი იხსენებს, რა რეაქცია ჰქონდა, როცა მეუღლე გულის შეტევით მოულოდნელად დაეღუპა. „თავიდან ყოველგვარი შეგრძნება გამიქრა, თითქოს ჩემში ყველაფერი ჩაკვდა. გემო და ყნოსვა დავკარგე, თუმცა საღი აზროვნების უნარი არ დამიკარგავს. სანამ ექიმები გულ-ფილტვის რეანიმაციითა და მედიკამენტური მკურნალობით ჩემი მეუღლის გადარჩენას ცდილობდნენ, მას გვერდიდან არ მოვცილებივარ, ვაცნობიერებდი, რაც ხდებოდა და რეალობას არ გავქცევივარ. მიუხედავად ამისა, უსუსურობის შეგრძნება მტანჯავდა, თითქოს ჩემ თვალწინ ჩემი მეუღლე მანქანით უფსკრულში ვარდებოდა, მე კი ვერაფრით ვშველოდი“.
როგორ გამოხატავდა მწუხარებას იუნისი? ის ყვება: „ცრემლებს ვერ ვიკავებდი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ასობით თანაგრძნობით სავსე წერილს ვკითხულობდი. ყოველი ასეთი წერილის წაკითხვაზე მეტირებოდა. ეს წერილები მაძლებინებდა. სულ მეკითხებოდნენ, როგორ ვგრძნობდი თავს, მაგრამ არ ვიცოდი, რა მეპასუხა. თუმცა ერთი რამ ცხადი იყო, თავს საშინლად ვგრძნობდი“.
როგორ შეძლო იუნისიმ ამ ტკივილის ატანა? „დრომ თავისი ქნა და ცხოვრება გავაგრძელე, — ამბობს ის. — მაგრამ დღემდე მიმძიმს, რომ მეუღლე გვერდით არ მყავს და ვერ ტკბება სიცოცხლით, რომელიც ასე ძალიან უყვარდა“.
„სხვებს ნუ გადააწყვეტინებთ . . .“
ერთი წიგნში ასეთი რჩევა იყო მოცემული: „ნუ მისცემთ სხვებს უფლებას გადაგიწყვიტონ, რა უნდა გააკეთოთ ან როგორ უნდა იგრძნოთ თავი. ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად განიცდის ტკივილს. სხვები შეიძლება ფიქრობდნენ ან მეტიც, გითხრან კიდეც, რომ თქვენი წუხილი მეტისმეტია ან პირიქით, საერთოდ არ განიცდით. შეეცადეთ, აპატიოთ და გულთან ახლოს არ მიიტანოთ მათი ნათქვამი. როცა თავს აიძულებთ, რომ გარეშეების ან საზოგადოების შეხედულებისამებრ მოიქცეთ, ამით საკუთარი ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებას აფერხებთ“ (Leavetaking—When and How to Say Goodbye).
რასაკვირველია, ადამიანები სხვადასხვაგვარად უმკლავდებიან გულისტკივილს. ჩვენ არ ვცდილობთ ტკივილთან გასამკლავებლად რაიმე კონკრეტული საშუალების შემოთავაზებას. მდგომარეობა მაშინ რთულდება, როცა არაფერი იცვლება და მგლოვიარე რეალობას ვერა და ვერ ეგუება. ამ დროს შესაძლოა დაგჭირდეს თანამგრძნობი მეგობრების თანადგომა. ბიბლია ამბობს: „ნამდვილ მეგობარს ყოველთვის ეყვარები; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“ (იგავები 17:17). ამიტომ, ნუ მოგერიდებათ, მეგობრებს მხარდაჭერა სთხოვოთ, გული გადაუშალოთ და იტიროთ კიდეც.
საყვარელი ადამიანის გლოვა სავსებით ბუნებრივია, და არაფერია დასაძრახი, თუ სხვებიც ხედავენ როგორ განიცდით. და მაინც, ჩნდება კითხვები: როგორ გავაგრძელო ცხოვრება ამ ტკივილით? ნორმალურია, როცა სხვებზე ბრაზი მომდის ან მომხდარში საკუთარ თავს ვიდანაშაულებ? როგორ მოვერიო ჩემს გრძნობებს? რა დამეხმარება დანაკლისით გამოწვეული ტკივილის ატანაში? შემდეგ ნაწილში პასუხები გაეცემა ამ და სხვა კითხვებს.
a მაგალითად, ნიგერიაში მცხოვრებ იორუბა ენაზე მოლაპარაკე ხალხს ტრადიციულად სულის გარდასახვის სწამს. როცა დედას შვილი უკვდება, გლოვა მხოლოდ მცირე ხნით გრძელდება. მათი ტრადიციის მიხედვით, თუ დედას სხვა შვილი შეეძინება, სავარაუდოდ, ის გარდასახული მკვდარი შვილი იქნება. მოძღვრება სულის უკვდავებისა და გარდასახვის შესახებ ეწინააღმდეგება ბიბლიას. ამიტომ იეჰოვას მოწმეები არ მიჰყვებიან ცრურწმენებზე აგებულ ტრადიციებს (ეკლესიასტე 9:5, 10; ეზეკიელი 18:4, 20).