საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • fy თ. 4 გვ. 39-50
  • ოჯახზე ზრუნვა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ოჯახზე ზრუნვა
  • ოჯახური ბედნიერების საიდუმლო
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • საბანი სადამდეც გაგწვდეს, იქამდე დაიხურეო
  • ტვირთის განაწილება
  • მნიშვნელოვანია სისუფთავის დაცვა
  • შექება ახალისებს
  • რატომ არის სისუფთავე მნიშვნელოვანი?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
  • ღმერთს უყვარს სისუფთავისა და სიწმინდის დამცველები
    „დარჩით ღვთის სიყვარულში“
  • რის გაკეთება შეგიძლია შენი ოჯახის ბედნიერებისთვის
    რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?
  • არ დაარღვიოთ მშვიდობა ოჯახში!
    ოჯახური ბედნიერების საიდუმლო
იხილეთ მეტი
ოჯახური ბედნიერების საიდუმლო
fy თ. 4 გვ. 39-50

თავი მეოთხე

ოჯახზე ზრუნვა

1. რატომ იქცა თავსატეხად ოჯახზე ზრუნვა?

„ცვალებადია ეს ქვეყნიერება“ (1 კორინთელები 7:31). ეს სიტყვები 1 900 წელზე მეტი ხნის წინ წარმოითქვა, მაგრამ თითქოს გუშინ დაიწერა. ყველაფერი იცვლება, განსაკუთრებით კი ოჯახური ცხოვრება. ის, რაც 40—50 წლის წინათ ნორმალურად და ტრადიციულად ითვლებოდა, დღეს შეიძლება მიუღებელი იყოს. ამის გამო ოჯახზე ზრუნვა თავსატეხად იქცა. თუმცა ბიბლიური პრინციპების გათვალისწინებით ამის მოგვარებაც შესაძლებელია.

საბანი სადამდეც გაგწვდეს, იქამდე დაიხურეო

2. როგორი ეკონომიკური პრობლემები არღვევს ოჯახურ სიმყუდროვეს?

2 დღეს ბევრს აღარ აკმაყოფილებს უბრალო ოჯახური ცხოვრება. კომერციული სამყარო სიახლეს სიახლეზე გვთავაზობს, რეკლამაც თავისას შვრება და მილიონობით მშობელი ცხოვრების ფერხულში ებმება, ცდილობს არ ჩამორჩეს დინებას. სხვა მილიონები კი წელებზე ფეხს იდგამენ, რომ შიმშილით არ დაიხოცონ. ისინი ადრინდელთან შედარებით გაცილებით მეტ დროს უთმობენ სამუშაოს, ხშირად ორ ადგილზეც კი მუშაობენ, რათა აუცილებელი ხარჯები დაფარონ. ზოგი კი ნატრობს სამუშაოს, რადგან უმუშევრობა ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს ოჯახებს არც ისე სახარბიელო დროში უწევთ ცხოვრება, მაგრამ ბიბლიური პრინციპების გამოყენება მდგომარეობას ყოველთვის ამსუბუქებს.

3. რა პრინციპი მოიხსენია პავლე მოციქულმა და როგორ დაეხმარება მისი გათვალისწინება ოჯახებს?

3 მოციქულმა პავლემ კარგად იცოდა, რა იყო გაჭირვება. გაჭირვებამ მას ერთი კარგი გაკვეთილი ასწავლა, რაზეც მოგვიანებით თავის ახალგაზრდა მეგობარს, ტიმოთეს სწერდა: „ქვეყნიერებაში არც არაფერი მოგვიტანია და ვერც ვერაფერს წავიღებთ. ასე რომ, თუ გვაქვს საჭმელი, ტანსაცმელი და თავშესაფარი, ამით დავკმაყოფილდეთ“ (1 ტიმოთე 6:7, 8). რა თქმა უნდა, ოჯახს საჭმელზე და ტანსაცმელზე მეტი ესაჭიროება. ოჯახმა სადმე უნდა იცხოვროს. ბავშვებს განათლება სჭირდებათ. სამედიცინო მომსახურების ხარჯები და კიდევ უამრავი სხვა. თუმცა პავლე მოციქულის მიერ დაწერილი პრინციპი მაინც პრაქტიკულია. თუ დავფიქრდებით, სინამდვილეში, რა გვჭირდება და რა, უბრალოდ, გვინდა, და შესაბამისად ვიმოქმედებთ, ცხოვრებას გავიადვილებთ.

4, 5. როგორ დაეხმარება ოჯახს წინდახედულობა და ბიუჯეტის შედგენა?

4 სასარგებლო პრინციპი ჩანს იესოს მოყვანილ ერთ-ერთ მაგალითშიც. მან თქვა: „რომელიმე თქვენგანმა კოშკის აშენება რომ მოისურვოს, განა ჯერ არ დაჯდება და არ გამოთვლის ხარჯებს, რომ ნახოს, აქვს თუ არა საკმარისი სახსრები მის დასამთავრებლად“ (ლუკა 14:28). აქ იესო ლაპარაკობს წინდახედულობაზე, წინასწარ დაგეგმვაზე. ერთ-ერთ წინა თავში განვიხილეთ, თუ როგორ დაეხმარება ეს პრინციპი ახალგაზრდებს, რომლებიც ოჯახის შექმნას აპირებენ. ოჯახის შექმნის შემდეგ კი ოჯახზე ზრუნვაში დაეხმარებათ. ოჯახმა წინდახედულობა უნდა გამოავლინოს და შეადგინოს ოჯახის ბიუჯეტი ანუ დაგეგმოს, როგორ გამოიყენოს არსებული სახსრები საუკეთესოდ. ასე ოჯახს ეცოდინება, რამდენი შეუძლია დახარჯოს ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად, რომ ოჯახის ბიუჯეტში არსებული თანხა იმყოფინოს.

5 მრავალ ქვეყანაში შეიძლება საჭირო გახდეს თავის მოთოკვა, რომ არ აიღო მაღალპროცენტიანი ვალი არასაჭირო ნივთების შესაძენად, ხოლო ისეთ ქვეყნებში, სადაც საკრედიტო ბარათები გამოიყენება, საკუთარ თავს მკაცრი კონტროლი უნდა დაუწესო (იგავები 22:7). შეიძლება მოგვიწიოს გაუთვალისწინებელი ანუ სპონტანური საყიდლებისგან თავის შეკავება, საჭიროებისა და შესაძლებლობის გაუთვალისწინებლად. გარდა ამისა, ბიუჯეტის შედგენა ნათელს ჰფენს, რომ ეგოისტურად ფულის ხარჯვა აზარტულ თამაშებზე, თამბაქოსა და უზომო სმაზე ამძიმებს ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას, ბიბლიური პრინციპების დარღვევაზე რომ აღარაფერი ვთქვათ (იგავები 23:20, 21, 29—35; რომაელები 6:19; ეფესოელები 5:3—5).

6. როგორ ეხმარება ბიბლია ღარიბებს?

6 იმათ რაღა ქნან, ვისაც სიღარიბეში უწევთ ცხოვრება? ერთი მხრივ, მათთვის შესაძლოა მანუგეშებელი იყოს იმის ცოდნა, რომ ეს საყოველთაო პრობლემა მხოლოდ დროებითია. ძალიან მალე, ახალ ქვეყნიერებაში იეჰოვა არ დატოვებს კაცობრიობის მტანჯველი სიღარიბისა და ბოროტების კვალს (ფსალმუნი 72:1, 12—16). მანამდე კი ჭეშმარიტი ქრისტიანები, ღარიბებიც რომ იყვნენ, იმედით ცოცხლობენ. მათ სწამთ, რასაც იეჰოვა ჰპირდება: „არ დაგტოვებ და არ მიგატოვებ“, და დარწმუნებით ამბობენ: „იეჰოვაა ჩემი შემწე, არ შემეშინდება“ (ებრაელები 13:5, 6). ამ ძნელბედობის ჟამს იეჰოვა არ აკლებს მხარდაჭერას თავის თაყვანისმცემლებს, თუ მისი პრინციპების თანახმად ცხოვრობენ და პირველ ადგილზე სამეფოს ინტერესებს აყენებენ (მათე 6:33). მრავალ მათგანს შეუძლია პავლე მოციქულის სიტყვებში გამოხატული აზრის დადასტურება: „ყველაფერში და ყველა ვითარებაში ვისწავლე, რა არის სიმაძღრე და შიმშილი, რა არის სიუხვე და სიდუხჭირე. ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი გამაძლიერებლის დახმარებით“ (ფილიპელები 4:12, 13).

ტვირთის განაწილება

სურათები 42 გვერდზე

საოჯახო საქმეებზე ზრუნვა მთელი ოჯახის მოვალეობაა.

7. იესოს რომელი სიტყვები დაგვეხმარება ოჯახზე ზრუნვაში?

7 დედამიწაზე თავისი მსახურების ბოლოს იესომ თქვა: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“ (მათე 22:39). ამ რჩევის გამოყენება ოჯახს საგრძნობლად დაეხმარება. ვინ არის ჩვენი უახლოესი და უძვირფასესი მოყვასი, თუ არა ქმარი და ცოლი, მშობლები და შვილები? რაში შეიძლება გამოჩნდეს, რომ ოჯახის წევრებს ერთმანეთი უყვართ?

8. როგორ შეიძლება სიყვარულის გამოვლენა ოჯახში?

8 ოჯახის თითოეულმა წევრმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ოჯახურ საქმეებში. მაგალითად, ბავშვებს უნდა ასწავლოთ, რომ ნივთები გამოყენების შემდეგ, იქნება ეს ტანსაცმელი თუ სათამაშოები, თავის ადგილზე დააბრუნონ. ყოველ დილით საკუთარი ლოგინის გასწორებამ შეიძლება დრო წაგართვას, მაგრამ ოჯახისთვის ეს დიდი შეღავათია. რასაკვირველია, უმნიშვნელო, დროებითი უწესრიგობა გარდაუვალია, მაგრამ ყველას შეუძლია მაგიდის ალაგება და სახლში სისუფთავის დაცვა. სიზარმაცე, ნებივრობა, არხეინობა და დაუდევრობა უარყოფითად მოქმედებს სხვებზე (იგავები 26:14—16). ხალისიანობა და გულმოდგინება კი პირიქით — ხელს უწყობს ოჯახურ ბედნიერებას. „ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“ (2 კორინთელები 9:7).

9, 10. ა) რა ტვირთი აწევს ქალს ოჯახში და როგორ შეიძლება მისი შემსუბუქება? ბ) როგორ იქნებოდა სამართლიანი საოჯახო საქმეების განაწილება?

9 ყურადღებისა და სიყვარულის წყალობით ოჯახები თავიდან აირიდებენ იმ უსიამოვნებებს, რაც ასე დამახასიათებელია მრავალი ოჯახისთვის. დედები ტრადიციულად ოჯახის ბურჯს წარმოადგენენ. ისინი უვლიან შვილებს, ალაგებენ სახლს, რეცხავენ სარეცხს, დადიან საყიდლებზე და ამზადებენ საჭმელს. ზოგ ქვეყანაში ქალები მიწაზეც მუშაობენ, მოწეულ მოსავალს ბაზარში ყიდიან ან სხვა სახით ავსებენ ოჯახის ბიუჯეტს. მილიონობით გათხოვილი ქალი იძულებულია, სახლის გარეთ ეძებოს სამუშაო, ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც ადრე ეს მიუღებელი იყო. ასეთი გამრჯე და მშრომელი ცოლი და დედა ქებას იმსახურებს. ბიბლიაში აღწერილი მარჯვე ცოლის მსგავსად, ის ყოველდღე ირჯება და „სიზარმაცის პურს არ ჭამს“ (იგავები 31:10, 27). მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საოჯახო საქმეებმა მხოლოდ ქალის კისერზე უნდა გადაიაროს. დავუშვათ, ცოლი და ქმარი მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, დაღლილები, სახლში ბრუნდებიან; ქმარი და ოჯახის დანარჩენი წევრები ისვენებენ, დედა კი თავისი ჩვეული ნებისყოფით ოჯახის საქმეებს განაგრძობს. იქნებოდა ეს სამართლიანი? რა თქმა უნდა, არა! (შეადარეთ 2 კორინთელების 8:13, 14). ასე რომ, სანამ დედა საჭმელს ამზადებს, მას მადლობის მეტი არაფერი დარჩება სათქმელი, თუ სხვები მაგიდას გააწყობენ, საყიდლებზე წავლენ ან სახლს მიალაგებენ. ყველას შეუძლია ტვირთის განაწილება (შეადარეთ გალატელების 6:2).

10 ზოგმა შეიძლება შეიცხადოს: „ეს ქალის საქმეა. ჩვენთან კაცები ამას არ აკეთებენ“. შესაძლოა, ეს მართლაც ასეა, მაგრამ ამაზე ღირს დაფიქრება. როცა იეჰოვა ღმერთმა ოჯახს დასაბამი მისცა, მას არ უთქვამს, რომ რაღაც კონკრეტული საქმეები მხოლოდ ქალს უნდა გაეკეთებინა. ერთხელ, როცა ერთგულ აბრაამს იეჰოვას მაცნეები ესტუმრნენ, მან პირადად მიიღო მონაწილეობა საჭმლის მომზადებასა და სტუმრების გამასპინძლებაში (დაბადება 18:1—8). ბიბლია გვირჩევს: „ქმრებსაც ისე უნდა უყვარდეთ ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები“ (ეფესოელები 5:28). თუ დღის ბოლოს ქმარია დაღლილი და დასვენება უნდა, ცოლი შეიძლება უფრო მეტად იყოს დაღლილი (1 პეტრე 3:7). ამიტომ, სწორი იქნებოდა, თუ ქმარი სიყვარულით დაეხმარებოდა ცოლს საოჯახო საქმეებში (ფილიპელები 2:3, 4).

11. რა შესანიშნავი მაგალითი მისცა იესომ ოჯახის თითოეულ წევრს?

11 იესო საუკეთესო მაგალითს გვაძლევს: ის ღვთის მოსაწონად იქცეოდა და ვისთანაც ურთიერთობა ჰქონდა, ყველასთვის ბედნიერება მოჰქონდა. მას არ ჰყოლია ცოლ-შვილი, მაგრამ მაგალითია ქმრებისთვისაც, ცოლებისთვისაც და შვილებისთვისაც. მან თავის თავზე თქვა: „კაცის ძეც არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ, არამედ თვითონ მოემსახუროს“, ესე იგი სხვებს უნდა მომსახურებოდა (მათე 20:28). წარმოიდგინეთ, რა სასიამოვნო ატმოსფერო იქნება ოჯახში, თუ ოჯახის ყველა წევრი ასე ფიქრობს!

მნიშვნელოვანია სისუფთავის დაცვა

12. რას მოითხოვს იეჰოვა თავისი მსახურებისგან?

12 ოჯახზე ზრუნვაში კიდევ ერთი სასარგებლო პრინციპი დაგეხმარებათ. 2 კორინთელების 7:1-ში ვკითხულობთ: „განვიწმინდოთ ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს ხორცსა და სულს“. ვინც ამ პრინციპის თანახმად ცხოვრობს, იეჰოვას კეთილგანწყობას იმსახურებს, რადგან ის ‘წმინდა და წაუბილწველ თაყვანისცემას’ მოითხოვს (იაკობი 1:27). ეს დადებითად მოქმედებს მათ ოჯახზეც.

13. რატომ არის მნიშვნელოვანი სისუფთავის დაცვა?

13 ბიბლია გვარწმუნებს, რომ დადგება დრო, როცა აღარავინ იტყვის: „ავად ვარო“ (ესაია 33:24; გამოცხადება 21:4, 5). მანამდე კი, დროდადრო ყველა ოჯახს უწევს ავადმყოფობასთან ბრძოლა. პავლე და ტიმოთეც ხდებოდნენ ავად (გალატელები 4:13; 1 ტიმოთე 5:23). მედიცინის მუშაკები ამბობენ, რომ მრავალი დაავადების თავიდან აცილებაა შესაძლებელი. ოჯახები, რომლებიც გონივრულად მოქმედებენ და იცავენ ხორციელ და სულიერ სიწმინდეს, მრავალ ავადმყოფობას ირიდებენ თავიდან. მოდი ვნახოთ, როგორ ხდება ეს პრაქტიკულად (შეადარეთ იგავების 22:3).

14. როგორ იცავს მორალური სიწმინდე ოჯახის ჯანმრთელობას?

14 სულიერ სიწმინდეში მორალური სიწმინდეც იგულისხმება. ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ბიბლია მხარს უჭერს მაღალ მორალურ ნორმებს და მსჯავრს სდებს ნებისმიერ სექსუალურ ურთიერთობას ქორწინების გარეშე. „ვერც მეძავები . . . ვერც მრუშები, ვერც ის კაცები, რომლებსაც გარყვნილებისთვის იყენებენ, ვერც მამათმავლები . . . ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს“ (1 კორინთელები 6:9, 10). ამ ნორმების დაცვა უაღრესად მნიშვნელოვანია დღევანდელ გადაგვარებულ მსოფლიოში მცხოვრები ქრისტიანებისთვის. ასეთი მოქმედება გულს უხარებს ღმერთს და იცავს ოჯახებს სქესობრივი გზით გადამდები ისეთი დაავადებებისგან, როგორიცაა შიდს-ი, სიფილისი, გონორეა და ქლამიდიოზი (იგავები 7:10—23).

15. მოიყვანეთ იმის მაგალითი, თუ ფიზიკური უსუფთაობით გამოწვეული რომელი დაავადებების თავიდან არიდებაა შესაძლებელი.

15 ‘ყოველივე იმისგან განწმენდა, რაც ხორცს ბილწავს’ სხვა დაავადებებისგანაც იცავს ოჯახს. ფიზიკური უსუფთაობა მრავალი დაავადების ბუდეა. ამის აშკარა მაგალითია სიგარეტის წევა, რაც არა მხოლოდ აბინძურებს ფილტვებს, ტანსაცმელსა და ჰაერს, არამედ აავადებს კიდეც ადამიანს. თამბაქოს წევას ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება. უბრალოდ დავფიქრდეთ: ყოველ წელიწადს მილიონობით ადამიანი არ დაავადდებოდა და არ მოკვდებოდა ნაადრევად, თუ თავს აარიდებდა ‘ხორცის წაბილწვას’!

16, 17. ა) იეჰოვას მიერ მიცემული რომელი კანონი იცავდა ისრაელებს ზოგიერთი დაავადებისგან? ბ) როგორ შეუძლიათ ოჯახებს მეორე კანონის 23:12, 13-ში ჩადებული პრინციპის გამოყენება?

16 განვიხილოთ სხვა მაგალითი. დაახლოებით 3 500 წლის წინათ ღმერთმა ისრაელ ერს მისცა კანონთა კრებული, რომელიც აწესრიგებდა მათ თაყვანისმცემლობას და, გარკვეულწილად, მათ ყოველდღიურ ცხოვრებას. კანონში მოცემული იყო ჰიგიენის ნორმები, რაც ისრაელს ავადმყოფობისგან იცავდა. ერთ-ერთი ასეთი კანონი ეხებოდა ადამიანის ექსკრემენტს, რომელიც ბანაკიდან მოშორებით უნდა ჩაეფლათ, რათა ადამიანთა საცხოვრებელი ადგილი არ დაბინძურებულიყო (მეორე კანონი 23:12, 13). ეს უძველესი კანონი დღესაც პრაქტიკულია. მისი უგულებელყოფის გამო დღესაც ბევრი ავადდება და კვდებაa.

17 იმ პრინციპიდან გამომდინარე, რაც ისრაელებისთვის მიცემულ კანონს უდევს საფუძვლად, აბაზანასა და ტუალეტში სისუფთავე უნდა იყოს და დეზინფექცია კეთდებოდეს, არა აქვს მნიშვნელობა სახლში იქნება თუ ეზოში. უსუფთაო და ღია ტუალეტში ბუზები გროვდებიან და მიკრობებს მთელ სახლში ავრცელებენ, მათ შორის, საჭმელზეც. გარდა ამისა, ბავშვებმაც და უფროსებმაც ხელები უნდა დაიბანონ ტუალეტში ყოფნის შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ კანზე მიკრობები დარჩება. ერთი ფრანგი ექიმის სიტყვების თანახმად, ხელების დაბანა „ჯერჯერობით ერთადერთი საუკეთესო გარანტიაა კუჭ-ნაწლავის, სასუნთქი გზებისა და კანის ზოგიერთი ინფექციის თავიდან ასაცილებლად“.

სურათი 47 გვერდზე

სისუფთავის დაცვა წამლებზე იაფია.

18, 19. როგორ არის შესაძლებელი კარ-მიდამოს სუფთად დაცვა ღარიბ რაიონებში?

18 სისუფთავის დაცვა განსაკუთრებით ჭირს ღარიბ რაიონებში. ბევრმა კარგად იცის ასეთი რაიონების ცხოვრება. ერთ-ერთი მათგანი მოგვითხრობს: «ცხელი კლიმატი ორმაგად აძნელებს სისუფთავის დაცვას. მტვრის კორიანტელი მტვრით ავსებს სახლში ყველაფერს . . . ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის ქალაქებსა და ზოგ სოფელში მოსახლეობის სწრაფი ზრდაც. უკვე აღარავის უკვირს ღია „საკანალიზაციო სისტემა“, გასატანი ნაგვის გროვები, ბინძური საზოგადოებრივი ტუალეტები, დაავადებების გამავრცელებელი ვირთხები, ტარაკნები და ბუზები».

19 ასეთ პირობებში არ არის იოლი სისუფთავის შენარჩუნება, მაგრამ ღირს ამის გაკეთება. საპონი, წყალი და ცოტა მეტი შრომა წამლებზე და მკურნალობაზე იაფი ჯდება. თუ ასეთ ადგილზე ცხოვრობთ, რამდენადაც შესაძლებელია, სუფთად შეინარჩუნეთ თქვენი კარ-მიდამო, გაიტანეთ ცხოველის ექსკრემენტებიც. თუ წვიმის დროს ეზო ტალახდება, ქვების დაწყობა ან ხრეშის დაყრა მოხსნის ამ პრობლემას და სახლში ტალახს აღარ შეიტანთ. სახლში შესვლამდე არც ფეხსაცმლის გახდა იქნებოდა ურიგო. დაბინძურებისგან უნდა დაიცვათ სასმელი წყლის მარაგიც. ვარაუდობენ, რომ წელიწადში დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი კვდება დაბინძურებული წყლითა და ანტისანიტარიით გამოწვეული დაავადებებისგან.

20. ვინ უნდა იზრუნოს სახლის სისუფთავეზე?

20 სახლის სისუფთავე დამოკიდებულია ყველაზე — დედაზე, მამაზე, ბავშვებზე და სტუმრებზე. კენიაში მცხოვრებმა რვა შვილის დედამ თქვა: „ყველამ თავისი საქმე იცის“. სუფთა, დალაგებული სახლი მთელი ოჯახის დამსახურებაა. ერთი ესპანური ანდაზა ამბობს: „სიღარიბე და სისუფთავე ერთმანეთში კარგად რიგდებიან“. სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ, დიდ კერძო სახლში, ბინაში, უბრალო სახლში თუ ქოხში, სისუფთავე ოჯახის ჯანმრთელობის საწინდარია.

შექება ახალისებს

21. როგორ შეიძლება შევქმნათ ოჯახში სასიამოვნო ატმოსფერო იგავების 31:28-ის გათვალისწინებით?

21 გამრჯე ცოლზე მსჯელობისას იგავების წიგნი ამბობს: „დგებიან მისი ვაჟები და ბედნიერს უწოდებენ მას, დგება მისი ქმარი და აქებს მას“ (იგავები 31:28). როდის შეაქე ბოლოს შენი ოჯახის წევრი? მცენარე მაშინ „ხალისდება“ და ყვავილობს, როცა საკმარის სითბოსა და სინოტივეს იღებს. ჩვენც გვესაჭიროება სითბო — გულწრფელი შექება. ეს ცოლს აგრძნობინებს, რომ ქმარი აფასებს მას და შეუმჩნეველი არ რჩება მისი შრომა და ოჯახზე სიყვარულით მზრუნველობა (იგავები 15:23; 25:11). სასიამოვნოა, როცა ცოლი აქებს ქმარს ოჯახში თუ ოჯახის გარეთ გაწეული შრომისთვის. ბავშვები სიხარულს ვერ მალავენ, როცა მშობლები აქებენ მათ იმისთვის, რასაც ოჯახში, სკოლაში თუ ქრისტიანულ კრებაში აკეთებენ. რამდენიმე სამადლობელ სიტყვასაც კი სასწაულების მოხდენა შეუძლია. ჩვენ არაფერი დაგვაკლდება თუ მადლობას ვიტყვით, ოჯახის წევრებს კი სასიამოვნო განწყობას შევძენთ.

22. რა არის საჭირო ოჯახის განსამტკიცებლად და როგორ შეიძლება ამის მიღწევა?

22 ოჯახზე ზრუნვა არც ისე იოლი საქმეა, მაგრამ შესაძლებელია. ბიბლიური იგავი ამბობს: „სიბრძნით აშენდება ოჯახი და გამჭრიახობით განმტკიცდება იგი“ (იგავები 24:3). სიბრძნისა და გონიერების შეძენა შეიძლება. ამისათვის ოჯახის ყველა წევრი უნდა ცდილობდეს ღვთის ნების შესწავლასა და ცხოვრებაში გამოყენებას. ოჯახის ბედნიერებისთვის კი ყველაფრის გაკეთება ღირს!

a ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაში, სადაც დიარეისგან თავდაცვის ზომებზეა საუბარი, აღნიშნულია: „თუ ტუალეტი არ არის, გადი წყლის მარაგიდან 10 მეტრის, სახლიდან და ბავშვების სათამაშო ადგილიდან მოშორებით კუჭ-ნაწლავის გასათავისუფლებლად.

როგორ დაეხმარება ოჯახს ეს ბიბლიური პრინციპები ოჯახზე ზრუნვაში?

გონივრულია, აუცილებლით დაკმაყოფილდე (1 ტიმოთე 6:7, 8).

იეჰოვა არ მიატოვებს თავის მსახურებს (ებრაელები 13:5, 6).

მოყვასის სიყვარული მნიშვნელოვანი ქრისტიანული თვისებაა (მათე 22:39).

ქრისტიანები იცავენ სულიერ და ფიზიკურ სიწმინდეს (2 კორინთელები 7:1).

სუფთა წყალი და კარგი ჯანმრთელობა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას სთავაზობს ისეთი ქვეყნების მკვიდრთ, სადაც ჭირს სუფთა წყალი და არასახარბიელო სანიტარული პირობებია.

„სასმელი წყლისთვის გამოიყენეთ სუფთა ჭურჭელი. ჭურჭელი დახურული გქონდეთ და არ მიუშვათ მასთან არც ბავშვები და არც შინაური ცხოველები წყლის დასალევად . . . წყალი ჩამჩით ამოიღეთ, რომელსაც მხოლოდ ამ დანიშნულებით გამოიყენებთ. ჭურჭელი ყოველდღე დაცალეთ და კარგად გამორეცხეთ.

პატარებისთვის საჭმლის მოსამზადებლად და დასალევად გამოიყენეთ მხოლოდ ადუღებული წყალი . . . საკმარისია, წყალმა რამდენიმე წამი იდუღოს“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება