თავი მეოთხე
რამდენად უნიკალურია ადამიანი!
სანამ დილით საქმეებს შეუდგებოდეთ, იხედებით სარკეში, რომ ნახოთ, როგორ გამოიყურებით? შეიძლება ამ დროს ფიქრის დროც არა გაქვთ. მაგრამ გამოყავით ახლა რამდენიმე წუთი, რომ დაინახოთ საოცრება, რომელიც ამ უბრალო ჩახედვაში დევს.
თვალები შესაძლებლობას გაძლევთ, საკუთარი თავი ფერებში დაინახოთ, თუმცა ფერების დანახვა აუცილებელი არ არის სიცოცხლისთვის. ყურების მდებარეობა სტერეოფონიური სმენის შესაძლებლობას გაძლევთ, რის დახმარებითაც შეგიძლიათ დაადგინოთ, თუ საიდან მომდინარეობს ბგერები, მაგალითად საყვარელი ადამიანის ხმა. შეიძლება ამისთვის ყურადღება არც კი მიგიქცევიათ, მაგრამ აკუსტიკის სპეციალისტებისთვის განკუთვნილ წიგნში ნათქვამია: „თუ განვიხილავთ ადამიანის სმენის სისტემის ყველა ნაწილს, ვერ გავექცევით დასკვნას, რომ მისი რთული ფუნქციები და აგებულება ცხადყოფს მიზანდასახულობას“.
ცხვირიც საოცრადაა აგებული. მისით სუნთქვა შეგვიძლია, რაც სიცოცხლეს გვინარჩუნებს. მასში არის მილიონობით მგრძნობიარე რეცეპტორი, რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია გავარჩიოთ 10000-მდე სუნი. როცა საჭმელს მივირთმევთ, სხვა გრძნობაც ერთვება მოქმედებაში. გემოვნების ათასობით ბოლქვის დახმარებით ვგრძნობთ გემოს. ენის სხვა რეცეპტორები გვეხმარება იმის დადგენაში, სუფთა გვაქვს თუ არა კბილები.
დიახ, ჩვენ გვაქვს ხუთი გრძნობა — მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემოვნება და შეხება. მართალია, ზოგი ცხოველი ჩვენზე უკეთესად ხედავს ღამით, ზოგს კი უფრო მგრძნობიარე ყნოსვა ან მახვილი სმენა აქვს, მაგრამ ადამიანი მრავალმხრივ აღემატება ცხოველებს, რადგან ხუთივე გრძნობას თანაზომიერად ფლობს.
ახლა კი განვიხილოთ, რის წყალობით გვაქვს ყველა ეს შესაძლებლობა და უნარი. ხუთივე გრძნობა დამოკიდებულია ჩვენს თავში არსებულ ორგანოზე — ტვინზე — რომელიც 1,4 კილოგრამს იწონის. ტვინი ცხოველებსაც აქვთ, მაგრამ ჩვენი ტვინი გაცილებით აღემატება მათსას, რაც, უეჭველად, უნიკალურებს გვხდის. რა მხრივ? როგორ უკავშირდება ეს უნიკალურობა ჩვენს სურვილს — ვიცხოვროთ აზრიანად და დიდხანს?
ჩვენი საოცარი ტვინი
წლების მანძილზე ადამიანის ტვინს კომპიუტერს ამსგავსებდნენ, მაგრამ უახლესმა აღმოჩენებმა ცხადყო, რომ ეს ძალიან უხეში შედარებაა. „როგორ ჩაწვდება ვინმე ისეთი ორგანოს მუშაობას, რომელშიც 50 მილიარდამდე ნეირონია კვადრილიონი (1015) სინაფსით (კავშირით) და მთლიანი აგზნების სიხშირით, რომელიც უდრის დაახლოებით ათ კვადრილიონს წამში?“ — იკითხა დ-რმა რიჩარდ მ. რესტაკმა. რა უპასუხა მან ამაზე? „ნეირონული ქსლის ყველაზე ძლიერი კომპიუტერების შესაძლებლობაც კი. . . ბუზის გონებრივი შესაძლებლობის დაახლოებით ერთ მეათიათასედს უდრის“. წარმოიდგინეთ, რამდენად ჩამოუვარდება კომპიუტერი ადამიანის ტვინს, რომელიც თავისი სირთულით გაცილებით აღემატება მას.
რომელ კომპიუტერს შეუძლია თვითშეკეთება, პროგრამის გადაწერა ან გასრულყოფილება წლების განმავლობაში? როცა კომპიუტერულ სისტემას გასწორება სჭირდება, ახალი კოდირებული ინსტრუქციები უნდა ჩაწეროს და შეიტანოს პროგრამისტმა. ტვინი კი ამგვარ სამუშაოს ავტომატურად ასრულებს სიცოცხლის ადრეულ ასაკშიც და სიბერის დროსაც. გაზვიადება არ იქნებოდა იმის თქმა, რომ ტვინთან შედარებით ყველაზე ძლიერი კომპიუტერი ძალიან პრიმიტიულია. ტვინს მეცნიერებმა უწოდეს „ცნობილთაგან ყველაზე რთული მოწყობილობა“ და „სამყაროს ურთულესი ობიექტი“. მოდით განვიხილოთ ზოგი აღმოჩენა, რომლებმაც მრავალი ადამიანი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ადამიანის ტვინი შექმნა მზრუნველმა შემოქმედმა.
გამოიყენეთ, თორემ დაკარგავთ
სასარგებლო გამოგონებები, მაგალითად ავტომანქანები და რეაქტიული თვითმფრინავები, უმთავრესად, შემოფარგლულია უცვლელი მექანიზმებითა და ელექტროსისტემებით, რომლებიც ადამიანებმა მოიგონეს და დანერგეს. ამის საპირისპიროდ, ჩვენი ტვინი წარმოადგენს, სულ მცირე, ისეთ ბიოლოგიურ მექანიზმს ანუ სისტემას, რომელიც ადვილად განიცდის ცვლილებებს. მას შეუძლია შეიცვალოს იმისდა მიხედვით, კარგად იყენებენ მას თუ ცუდად. ცხოვრების მანძილზე ტვინის განვითარებაზე მოქმედებს ორი მთავარი ფაქტორი — რას ვაწვდით მას ჩვენი გრძნობების მეშვეობით და რაზე ვფიქრობთ.
თუმცა მემკვიდრეობით ფაქტორებსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს გონებრივ შესაძლებლობებზე, თანამედროვე გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ჩვენი ტვინის შესაძლებლობებს გენები არ განსაზღვრავს ჩასახვის დროს. „არავის მოუვიდოდა აზრად ის, რაც დღეს მეცნიერებისთვისაა ცნობილი, რომ ტვინს შეუძლია განიცადოს დიდი ცვლილებები“, — წერს პულიცერის პრემიის ლაურეატი რონალდ კოტიულაკი. 300-ზე მეტი მკვლევარისგან ინტერვიუს აღების შემდეგ მან დაასკვნა: „ტვინი სტატიკური ორგანო არ არის; ის არის უჯრედების მუდმივად ცვალებადი უამრავი კავშირი, რომლებზეც დიდ გავლენას ახდენს ცხოვრებისეული გამოცდილება“ („ტვინის შიგნით“ [Inside the Brain]).
მაგრამ ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილება არ წარმოადგენს ტვინის ჩამოყალიბების ერთადერთ საშუალებას. მასზე ჩვენი აზროვნებაც ახდენს გავლენას. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გონებრივად ზარმაცებთან შედარებით, გონებრივად აქტიურ ადამიანებს ტვინში დაახლოებით 40 პროცენტით მეტი კავშირი (სინაფსი) აქვთ ნერვულ უჯრედებს (ნეირონებს) შორის. ნევროლოგები ასკვნიან: უნდა გამოიყენოთ, თორემ დაკარგავთ. მაგრამ ხანდაზმულებზე რაღას ვიტყვით? როგორც ჩანს, როცა ადამიანი ბერდება, გარკვეულწილად კარგავს ტვინის უჯრედებს და ასაკს თან მეხსიერების დაკარგვაც შეიძლება მოჰყვეს. მაგრამ დანაკარგი ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე აქამდე ეგონათ. ჟურნალ „ნეშენლ ჯიოგრეფიკის“ (National Geographic) სტატიაში ადამიანის ტვინის შესახებ ნათქვამი იყო: „მოხუცებულები. . . გონებრივი აქტიურობის საშუალებით ინარჩუნებენ ახალი კავშირების წარმოქმნისა და ძველი კავშირების შენახვის უნარს“.
უახლესი აღმოჩენები ტვინის შესაძლებლობებთან დაკავშირებით ეთანხმება ბიბლიაში მოცემულ რჩევას. ეს სიბრძნის წიგნი მოუწოდებს მკითხველს, ‘შეიცვალოს გონების განახლებით’, ანუ ‘განახლდეს’ ‘შემეცნებით’, რომელსაც გონება ითვისებს (რომაელთა 12:2; კოლასელთა 3:10). იეჰოვას მოწმეებმა იციან, რომ ეს სინამდვილეში ხდება, როცა ხალხი სწავლობს ბიბლიას და იყენებს მის რჩევებს. სხვადასხვა განათლების მქონე ათასობით ადამიანი საზოგადოების ყველა ფენიდან ახდენს ასეთ ცვლილებას. ისინი არ კარგავენ თავიანთ ინდივიდუალურობას, მაგრამ უფრო ბედნიერები და გაწონასწორებულები ხდებიან და ‘კეთილგონიერებას’ ავლენენ, როგორც ამას პირველი საუკუნის მწერალი მოიხსენიებს (საქმეები 26:24, 25). ამგვარი გაუმჯობესებები, უმთავრესად, იმის შედეგია, რომ ადამიანი კარგად იყენებს ცერებრული ქერქის გარკვეულ ნაწილს, რომელიც თავის წინა ნაწილში მდებარეობს.
შუბლის წილი
ტვინის გარე შრეში, ცერებრულ ქერქში, არსებული ნეირონების უმრავლესობა უშუალოდ არ არის დაკავშირებული კუნთებსა და გრძნობის ორგანოებთან. მაგალითად, განვიხილოთ მილიარდობით ნეირონი, რომლებისგანაც შედგება შუბლის წილი (იხილეთ ნახატი, გვ. 56). ტვინის ტომოგრაფიით დამტკიცდა, რომ შუბლის წილი აქტიურდება იმ შემთხვევაში, როცა რაღაც სიტყვაზე ვფიქრობთ ან რაღაცას ვიხსენებთ. ტვინის წინა ნაწილი განსაკუთრებულ როლს ასრულებს თითოეული ადამიანის ინდივიდუალობაში.
„შუბლისწინა წილის ქერქი. . . ყველაზე მეტადაა დაკავშირებული ფიქრთან, ინტელექტთან, მოტივებსა და პიროვნულ თვისებებთან. ის ერთმანეთთან აკავშირებს შთაბეჭდილებებს, რომლებიც საჭიროა აბსტრაქტული აზროვნებისთვის, მსჯელობისთვის, გეგმების შედგენისთვის, აგრეთვე ნებისყოფის, სხვებზე ზრუნვის სურვილისა და სინდისის გამომუშავებისთვის. . . ტვინის ამ ნაწილში მიმდინარე მუშაობა ადამიანებს ცხოველებისგან განასხვავებს“ („ადამიანის ანატომია და ფსიქოლოგია“, ავტორი ი. ნ. მარიები [Human Anatomy and Physiology]). ამ სხვაობას ჩვენ ვხედავთ ადამიანის მიღწევებში მათემატიკის, ფილოსოფიისა და სამართალის დარგში, რითაც, უმთავრესად, შუბლისწინა წილის ქერქია დაკავებული.
რატომ არის ადამიანების შუბლისწინა წილის ქერქი, რომელიც ხელს უწყობს უმაღლეს გონებრივ ფუნქციებს, დიდი და რატომ აქვს მას უნარი ადვილად შეიცვალოს იმ დროს, როცა ცხოველებისა პრიმიტიულია ან საერთოდ არა აქვთ? სხვაობა იმდენად დიდია, რომ ბიოლოგები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ჩვენ ევოლუციით განვვითარდით, ამას „ტვინის ზომის საიდუმლო ზრდას“ უწოდებენ. როცა აღნიშნავდა ჩვენი ცერებრული ქერქის უჩვეულო ზრდას, ბიოლოგიის პროფესორმა რიჩარდ ფ. ტომფსონმა აღიარა: „ჩვენ დღემდე არ გვესმის, რატომ მოხდა ეს“. იქნებ მიზეზი ისაა, რომ ადამიანი შექმნილი იყო ტვინის ასეთი შეუდარებელი შესაძლებლობით?
ურთიერთობის სწორუპოვარი უნარი
ჩვენს უნიკალურობაში თავისი წვლილი ტვინის სხვა ნაწილებსაც შეაქვთ. ჩვენი შუბლისწინა წილის ქერქის უკან სიგანეზე გადაჭიმულია ზოლი — ქერქის მამოძრავებელი ზონა. ის შეიცავს მილიარდობით ნეირონს, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენს კუნთებთან. მასაც აქვს ისეთი თავისებურებები, რომლებიც ძალიან განგვასხვავებს ადამიანის მსგავსი მაიმუნებისა და სხვა ცხოველებისგან. ძირითადი ქერქის მამოძრავებელი ზონა გვაძლევს არაჩვეულებრივ უნარს, „1) ხელისა და თითების გამოყენებით შევასრულოთ უმაღლესად ოსტატური სამუშაოები, და 2) პირის, ტუჩების, ენისა და სახის კუნთების გამოყენებით ვილაპარაკოთ“ („სამედიცინო ფსიქოლოგიის სახელმძღვანელო“, ავტორი გაიტონი [Textbook of Medical Physiology]).
მოკლედ განვიხილოთ, როგორ მოქმედებს ქერქის მამოძრავებელი ზონა მეტყველებაზე. ნახევარზე მეტი ნაწილი მართავს სამეტყველო ორგანოებს. ეს გვეხმარება, ავხსნათ ადამიანების ურთიერთობის სწორუპოვარი უნარი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელები გარკვეულ როლს ასრულებს ურთიერთობაში — ჩვენ შეგვიძლია წერა, ჟესტიკულაცია ან ჟესტების ენაზე საუბარი — ჩვეულებრივ, ამაში მთავარ როლს პირი ასრულებს. ადამიანის მეტყველება — იქნება ეს ჩვილის პირველი სიტყვა თუ ხანდაზმულის ნათქვამი — უეჭველად, სასწაულია. ასამდე კუნთი ენაში, ტუჩებში, ყბაში, ხორხსა და გულმკერდში წარმოქმნის უთვალავ ბგერას. ყურადღება მიაქციეთ შემდეგ სხვაობას: ტვინის ერთ უჯრედს შეუძლია აკონტროლოს ათლეტის კანჭის კუნთის 2000 ბოჭკო, მაგრამ ტვინის უჯრედებს, რომლებიც ხორხის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ, მხოლოდ კუნთის ორი-სამი ბოჭკოს მუშაობის რეგულირება შეუძლიათ. ნუთუ ეს იმაზე არ მეტყველებს, რომ ჩვენი ტვინი სპეციალურადაა აღჭურვილი ურთიერთობისთვის?
ყოველი მოკლე ფრაზა, რომელსაც წარმოთქვამთ, მოითხოვს კუნთების განსაკუთრებულ მოძრაობას. ერთი და იგივე გამოთქმის მნიშვნელობა შეიძლება შეიცვალოს, რაც დამოკიდებულია წამის მონაკვეთში სხვადასხვა კუნთის მოძრაობის ინტენსიურობაზე. „საშუალო ტემპის დროს, — განმარტავს სპეციალისტი მეტყველების საკითხში დ-რი უილიამ ჰ. პერკინზი, — წამში 14 ბგერას წარმოვთქვამთ. ეს ორჯერ სწრაფად ხდება, ვიდრე ჩვენ კონტროლს ვუწევთ ენას, ტუჩებს, ყბასა თუ სამეტყველო აპარატის სხვა ნაწილებს, როცა მათ ცალ-ცალკე ვამოძრავებთ. მაგრამ მეტყველების დროს ისინი მუშაობენ დახელოვნებული მბეჭდავის ან პიანისტის თითების მსგავსად. მათი მოძრაობა ერთდროულად ხდება და წარმოქმნის დახვეწილ, შეთანხმებულ მოქმედებას“.
ინფორმაცია, რომელიც საჭიროა, რომ დავსვათ მარტივი კითხვა — „როგორა ხარ?“ — ინახება შუბლის წილის იმ ნაწილში, რომელსაც ბროკას ზონა ეწოდება, რაც, ზოგის აზრით, ადამიანის მეტყველების ცენტრია. ნობელის პრემიის ლაურეატი ნევროლოგი სერ ჯონ ეკლზი წერდა: „ადამიანის მსგავს მაიმუნებში არ იქნა ნაპოვნი ბროკას მეტყველების ზონის შესაბამისი ზონა“. თუნდაც რომ იპოვონ ცხოველებში მსგავსი ზონები, ფაქტია, რომ მეცნიერები ადამიანის მსგავს მაიმუნებს რამდენიმე მარტივი სამეტყველო ბგერის გარდა ვერაფერს ათქმევინებენ. თქვენ კი რთულ ენაზე მეტყველება შეგიძლიათ. ამისთვის თქვენ სიტყვებს აერთიანებთ თქვენი ენის გრამატიკის მიხედვით. ბროკას ცენტრი გეხმარებათ ლაპარაკსა და წერაში.
რასაკვირველია, ვერ გამოიყენებდით მეტყველების ამ სასწაულს, თუ არ გეცოდინებოდათ, სულ ცოტა, ერთი ენა და მისი სიტყვების მნიშვნელობა. ამისთვის კი საჭიროა ტვინის სხვა განსაკუთრებული ნაწილი, რომელიც ცნობილია როგორც ვერნიკეს ზონა. აქ მილიარდობით ნეირონი არჩევს ნათქვამი და დაწერილი სიტყვების მნიშვნელობას. ვერნიკეს ზონა გეხმარებათ ნათქვამიდან აზრის გამოტანასა და მოსმენილისა თუ წაკითხულის გაგებაში; მაშასადამე, თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ ინფორმაცია და შეგნებულად გამოეხმაუროთ მას.
მაგრამ გამართული მეტყველებისთვის უფრო მეტია საჭირო. მაგალითად, სიტყვა „გამარჯობა“ შეიძლება გადასცემდეს სხვადასხვა მნიშვნელობას. ხმის ტონი აჩვენებს, გიხარიათ თუ აღელვებული ხართ, მოწყენილი ხართ თუ გეჩქარებათ, გაღიზიანებული ხართ თუ დამწუხრებული ან შეშინებული — და მას შეუძლია ამ ემოციების სხვადასხვა ძალით გადაცემა. მეტყველების ემოციურ მხარეზე პასუხისმგებელია თქვენი ტვინის სხვა ზონა. ასე რომ, ურთიერთობის დროს ტვინის სხვადასხვა ნაწილი ერთვება მუშაობაში.
შიმპანზეებს ასწავლეს რამდენიმე ჟესტი, რომლებსაც ისინი მხოლოდ საკვებისა და სხვა ძირითადი საჭიროებების სათხოვნელად იყენებენ. დ-რმა დეივიდ პრემაკმა, რომელიც იმაზე მუშაობდა, რომ შიმპანზეებისთვის მარტივი ჟესტები ესწავლებინა, დაასკვნა: „ადამიანის ენა ევოლუციის თეორიას სიძნელეებს უქმნის, რადგანაც მისი შესაძლებლობების ახსნა შეუძლებელია“.
შეიძლება ვფიქრობთ: რატომ აქვთ ადამიანებს აზრებისა და გრძნობების გადაცემის, კითხვების დასმისა და პასუხების გაცემის საოცარი უნარი? „ენისა და ენათმეცნიერების ენციკლოპედია“ (The Encyclopedia of Language and Linguistics) ამბობს, რომ „[ადამიანის] მეტყველება განსაკუთრებულია“, და აღიარებს, რომ „წინამორბედის ძებნა ცხოველთა ურთიერთობაში არცთუ ისე დიდ დახმარებას იძლევა, რომ შევავსოთ უზარმაზარი უფსკრული, რომელიც ადამიანის ენასა და მეტყველებას ყოფს ცხოველური ქცევებისგან“. პროფესორმა ლუდვიგ კელერმა შემდეგნაირად შეაჯამა ეს სხვაობა: „ადამიანის მეტყველება საიდუმლოებაა: ღვთიური ნიჭი, სასწაული“.
რა დიდი სხვაობაა მაიმუნის მიერ ჟესტების გამოყენებასა და ბავშვების უნარს შორის, დაეუფლონ რთულ ენას! სერ ჯონ ეკლზმა იმაზე მიუთითა, რაც მრავალ ჩვენგანსაც შეუმჩნევია, — უნარზე, რომელსაც „თვით სამი წლის ბავშვიც კი ავლენს, როცა უამრავ კითხვას სვამს გარე სამყაროს შეცნობის სურვილით“. მან დასძინა: „მაიმუნები კი კითხვებს არ სვამენ“. დიახ, მხოლოდ ადამიანები სვამენ კითხვებს, მათ შორის კითხვებს სიცოცხლის აზრთან დაკავშირებით.
მეხსიერება და მეტიც!
როცა სარკეში იყურებით, შეიძლება გაიხსენოთ, თუ ახალგაზრდობაში როგორ გამოიყურებოდით, ან წარმოიდგინოთ, თუ როგორი იქნებით რამდენიმე წლის ან სახეზე მაკიაჟის დადების შემდეგ. ასეთი აზრები თითქმის ქვეცნობიერად ჩნდება, მაგრამ ამ დროს რაღაც განსაკუთრებული ხდება — ის, რასაც ცხოველები არ განიცდიან.
ცხოველებისგან განსხვავებით, რომლებიც, უმთავრესად, ახლანდელი საჭიროებებით ცხოვრობენ, ადამიანებს შეუძლიათ იფიქრონ წარსულზე და გეგმები დაისახონ მომავლისთვის. ამის გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს თქვენი ტვინის თითქმის უსაზღვრო მეხსიერება. ფაქტია, რომ ცხოველებსაც აქვთ გარკვეული მეხსიერება, რის წყალობითაც შეუძლიათ იპოვონ „სახლის“ გზა ან გაიხსენონ, სად შეიძლება საკვების პოვნა. მაგრამ ადამიანის მეხსიერება დიდად აღემატება მათსას. ერთმა მეცნიერმა გამოთვალა, რომ ინფორმაცია, რომელიც ჩვენს ტვინს შეუძლია დაიტიოს, „შეავსებდა ოც მილიონამდე ტომს — ამდენი წიგნი კი მხოლოდ მსოფლიოს ყველაზე დიდ ბიბლიოთეკებშია“. ზოგი ნევროლოგი ვარაუდობს, რომ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის განმავლობაში ადამიანი იყენებს ტვინის პოტენციური შესაძლებლობის მხოლოდ ერთი პროცენტის ერთ მეასედ ნაწილს (0,0001). შეიძლება წამოგეჭრათ კითხვა: „რატომ გვაქვს ასეთი ტვინი, თუ მისი შესაძლებლობების მხოლოდ უმცირეს ნაწილს ვიყენებთ სიცოცხლის ჩვეულებრივი ხანგრძლივობის განმავლობაში?“
ჩვენი ტვინი, რომელიმე სუპერკომპიუტერის მსგავსად, მხოლოდ ინფორმაციის უშველებელი საწყობი როდია. ბიოლოგიის პროფესორებმა რობერტ ორნშტეინმა და რიჩარდ ფ. ტომფსონმა, დაწერეს: „ადამიანის გონების სწავლის უნარი — შეინახოს და მერე გაიხსენოს ინფორმაცია — ყველაზე საუცხოო მოვლენაა ბიოლოგიურ სამყაროში. ყველაფერი, რაც ადამიანებად გვხდის, — ენა, აზროვნება, ცოდნა, კულტურა — ამ არაჩვეულებრივი შესაძლებლობის შედეგს წარმოადგენს“.
უფრო მეტიც, ადამიანს აქვს ცნობიერება. შეიძლება ეს განაცხადი ელემენტარულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ის აჯამებს იმას, რაც, უეჭველად, ადამიანს უნიკალურს ხდის. გონება აღწერილი იყო როგორც „საიდუმლო სუბსტანცია, რომელსაც აქვს ინტელექტი, გადაწყვეტილების მიღების უნარი, გამჭრიახობა და მეობის აღქმის უნარი“. როგორც ნაკადულები, ნიაღვრები და მდინარეები ჩაედინება ზღვაში, ისე განუწყვეტლივ შედის და მოძრაობს ტვინში მოგონებები, აზრები, წარმოდგენები, ბგერები და გრძნობები. ერთი განმარტების თანახმად, ცნობიერება არის „აღქმა იმისა, რაც ადამიანის ტვინში შედის“.
თანამედროვე მკვლევარებმა დიდ წარმატებებს მიაღწიეს ტვინის ფიზიკური აგებულების და მასში მიმდინარე ზოგი ელექტროქიმიური პროცესის შესწავლის საკითხში. მათ აგრეთვე შეუძლიათ ახსნან ძლიერი კომპიუტერების სქემები და მუშაობა. მაგრამ ტვინსა და კომპიუტერს შორის დიდი სხვაობაა. ტვინის დახმარებით გაცნობიერებული გაქვთ თქვენი არსებობა, კომპიუტერს კი ეს არ შეუძლია. რატომაა ასეთი განსხვავება?
გულახდილად რომ ვთქვათ, საიდუმლოებაა, თუ ჩვენს ტვინში როგორ და რატომ ჩნდება ცნობიერება ფიზიკური პროცესებიდან. „არა მგონია, რომ მეცნიერების რომელიმე დარგს შეეძლოს ამის ახსნა“, — თქვა ერთმა ნეირობიოლოგმა. აგრეთვე პროფესორმა ჯეიმზ ტრეიფილმა შენიშნა: „ზუსტად რას ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს ცნობიერება. . . წარმოადგენს მეცნიერების ერთადერთ უმთავრეს კითხვას, რომელიც არც კი ვიცით, როგორ ჩამოვაყალიბოთ“. ამის ერთი მიზეზი ის არის, რომ მეცნიერები ტვინის ამ უნარის გასაგებად ტვინს იყენებენ. ტვინის მხოლოდ ფიზიოლოგიის შესწავლა კი შეიძლება საკმარისი არ იყოს. დ-რმა დეივიდ ჩამერზმა შენიშნა, რომ ცნობიერება არის „ყოფიერების ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლოება, მაგრამ მხოლოდ ტვინის მუშაობის გაგებით [მეცნიერებს] გაუჭირდებათ ამ საიდუმლოების ამოხსნა“.
რაც უნდა იყოს, ყოველ ჩვენგანს აქვს ცნობიერება. მაგალითად, წარსული მოვლენების ცოცხალი მოგონებები, კომპიუტერის ინფორმაციისგან განსხვავებით, მხოლოდ შენახული ფაქტები არ არის. ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ თავს გადამხდარ მოვლენებზე, ვისწავლოთ აქედან და გავითვალისწინოთ ეს მომავლის დაგეგმვისას. ძალგვიძს წარმოვიდგინოთ მომავალი მოვლენები და შევაფასოთ თითოეულის შესაძლო შედეგები. გვაქვს გაანალიზების, შექმნის, დაფასებისა და სიყვარულის უნარი. შეგვიძლია სასიამოვნო საუბრები წარვმართოთ წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. გვაქვს ზნეობრივი ფასეულობები ქცევასთან დაკავშირებით და შეგვიძლია მათი გამოყენება გადაწყვეტილებების მიღებისას, რასაც შეუძლია სარგებლობის მოტანა ახლა ან მომავალში. გვიზიდავს მაღალი ზნეობა და სილამაზე ხელოვნებაში. შეგვიძლია გონებაში ჩამოვაყალიბოთ და დავხვეწოთ იდეები და ვივარაუდოთ, რა რეაქცია ექნებათ სხვებს, თუ ამ იდეებს ცხოვრებაში გავატარებთ.
ამგვარი ფაქტორები წარმოქმნის ცოდნას, რაც ადამიანებს განარჩევს დედამიწაზე არსებული სხვა ცოცხალი ორგანიზმებისგან. როცა ძაღლი, კატა ან ჩიტი სარკეში იხედება, ისე რეაგირებს, თითქოს თავისი სახეობის სხვა წარმომადგენელს ხედავდეს. მაგრამ როცა თქვენ იხედებით სარკეში, გაცნობიერებული გაქვთ საკუთარი არსებობა ზემოთ ჩამოთვლილი შესაძლებლობებითურთ. თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ ისეთ საკითხზე, როგორიცაა: რატომ ცოცხლობს ზოგიერთი კუ 150 წელს და ზოგი ხე 1000-ზე მეტ წელს, ხოლო, თუ გონიერი ადამიანი 100 წელს მიაღწევს, საქვეყნო სენსაციად იქცევა? დ-რი რიჩარდ რესტაკი აცხადებს: „ადამიანის ტვინს — მხოლოდ და მხოლოდ მას — აქვს უნარი შეჩერდეს, შეამოწმოს საკუთარი მოქმედება და ამგვარად მიაღწიოს ახალ მწვერვალებს. მართლაც, ჩვენი უნარი — შევცვალოთ ჩვენი მოქმედების გეგმა და შევამოწმოთ საკუთარი მდგომარეობა სამყაროში — განგვასხვავებს სამყაროს ყველა სხვა ქმნილებისგან“.
ადამიანის ცნობიერება ზოგს საგონებელში აგდებს. წიგნი „აღმავალი სიცოცხლე“ (Life Ascending), თუმცა უპირატესობას ანიჭებს ამის მარტივ ბიოლოგიურ ახსნას, მაინც აღიარებს: „ჩვენ ჩიხში შევდივართ, როცა ვსვამთ კითხვას, თუ როგორ შეეძლო [ევოლუციის] პროცესს, რომელიც შემთხვევაზე დამოკიდებული თამაშის მსგავსია, რომელშიც დამარცხებულებს მკაცრად აჯარიმებენ, წარმოექმნა სილამაზისა და ჭეშმარიტების სიყვარული, თანაგრძნობა, თავისუფლება და განსაკუთრებით ადამიანის ხასიათის მრავალფეროვნება. რაც უფრო მეტად ვუფიქრდებით ჩვენს სულიერ შესაძლებლობებს, მით მეტად გვაოცებს ეს“. აბსოლუტური სიმართლეა. ახლა შეგვიძლია ჩვენი განხილვა ადამიანის უნიკალურობასთან დაკავშირებით დავასრულოთ ცნობიერების შესახებ რამდენიმე ფაქტით, რაც ცხადყოფს, თუ რატომ არის მრავალი დარწმუნებული, რომ უნდა არსებობდეს გონიერი კონსტრუქტორი, მზრუნველი შემოქმედი.
ხელოვნება და სილამაზე
„რატომ იტაცებს ადამიანებს ხელოვნება?“ — იკითხა პროფესორმა მაიკლ ლეიტონმა თავის წიგნში (Symmetry, Causality, Mind). როგორც თვითონ ხსნის, ზოგმა შეიძლება თქვას, რომ, მაგალითად, მათემატიკას აშკარა სარგებლობა მოაქვს ადამიანისთვის, მაგრამ რას არგებს მას ხელოვნება? ლეიტონმა თავისი აზრი იმით ახსნა, რომ ადამიანები დიდ მანძილებს გადიან, რათა დაათვალიერონ ხელოვნების ექსპონატები და დაესწრონ კონცერტებს. რომელი შინაგანი გრძნობა მოქმედებს ამ დროს? აგრეთვე, მთელ დედამიწაზე, ადამიანები სახლებსა და ოფისებში ჰკიდებენ მიმზიდველ სურათებსა და ნახატებს. ან ავიღოთ მუსიკა. უმრავლესობას უყვარს ამა თუ იმ სტილის მუსიკის მოსმენა სახლსა თუ ავტომანქანაში. რატომ? რასაკვირველია, არა იმიტომ რომ მუსიკამ შეუწყო ხელი შეგუებულთა გადარჩენას. ლეიტონი ამბობს: „ხელოვნება, ალბათ, ყველაზე ამოუხსნელი მოვლენაა ადამიანის ცხოვრებაში“.
და მაინც, ჩვენ ვიცით, რომ ხელოვნებითა და სილამაზით მიღებული სიამოვნება იმის ნაწილია, რაც „ადამიანებად“ გვაგრძნობინებს თავს. ცხოველიც შეიძლება იჯდეს გორაკზე და შეჰყურებდეს ლამაზ ცას, მაგრამ განა ის მშვენიერებამ მიიზიდა? ჩვენ ვუყურებთ მზის სხივებთან მოთამაშე მთის ნაკადულს, გვაოცებს ტროპიკული ტყის საოცარი მრავალფეროვნება, გავყურებთ ზღვის ნაპირს, რომლის გასწვრივაც პალმები ჩამწკრივებულან, ან აღტაცებული ვართ შავ ხავერდოვან ცაზე მიმოფანტული ვარსკვლავებით. განა ხშირად არ გვეუფლება მოწიწება? ამგვარი სილამაზის შემყურეებს გული გვიჩქარდება და ამაღლებული გრძნობები გვეუფლება. რატომ?
რატომ გვაქვს შინაგანი წადილი ისეთი რამეების მიმართ, რაც, სინამდვილეში, არაფერს მატებს ჩვენს არსებობას? საიდანა გვაქვს ესთეტიკური სიამოვნების შეგრძნება? ამ კითხვებზე ვერ მივიღებთ დამაკმაყოფილებელ პასუხებს, თუ არ გავითვალისწინებთ, რომ არსებობს შემოქმედი, რომელმაც ადამიანს შექმნის დროს ჩაუნერგა ეს ფასეულობები. იგივე ეხება მაღალ ზნეობასაც.
ზნეობრივი ფასეულობები
მრავალი აღიარებს, რომ კარგი საქმეები სილამაზის უმაღლესი ფორმაა. მაგალითად, დევნის დროს პრინციპებისადმი ერთგულება, უანგარო მოქმედება სხვებისთვის ტანჯვის შემსუბუქების მიზნით და მიმტევებლობის გამოვლენა პიროვნების მიმართ, რომელმაც ტკივილი მოგვაყენა, ის საქმეებია, რომლებსაც აფასებს ყველა მოაზროვნე ადამიანი. სწორედ ამგვარ სილამაზეს მოიხსენიებს ძველი ბიბლიური იგავი: „გონიერი კაცი სულგრძელია და მისი დიდება [სილამაზე, აქ] ცოდვის მიტევებაა“. ან როგორც სხვა იგავშია შენიშნული: „კაცის ნეტარება მის სიკეთეშია“ (იგავნი 19:11, 22).
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ თუმცა ზოგი ადამიანი და ადამიანთა ჯგუფიც კი უგულებელყოფს ან თელავს მაღალ ზნეობას, უმრავლესობა ასე არ იქცევა. საიდან წარმოიშვა ზნეობრივი ფასეულობები, რომლებიც თითქმის ყველგან არის და ყოველთვის იყო? თუ არ არსებობს ზნეობის წყარო, შემოქმედი, ნუთუ სიკეთისა და ბოროტების შეგრძნება, უბრალოდ, ადამიანებთან, ადამიანთა საზოგადოებასთან, ერთად წარმოიშვა? განვიხილოთ მაგალითი: ადამიანთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ მკვლელობა ბოროტებაა. მაგრამ ვინმემ შეიძლება იკითხოს: „ბოროტება რასთან შედარებით?“ როგორც ჩანს, არსებობს ზნეობის რაღაც საერთო გაგება, რომელსაც აღიარებს ადამიანთა მთელი საზოგადოება და რაც შევიდა მრავალი ქვეყნის კანონში. რა არის ზნეობის ამ ნორმის წყარო? განა ეს გონიერი შემოქმედი არ არის, რომელიც ფლობს ზნეობრივ ფასეულობებს და რომელმაც ადამიანებს ჩაუნერგა სინდისი, ანუ ეთიკის გრძნობა? (შეადარეთ რომაელთა 2:14, 15).
თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ მომავალზე და დაისახოთ გეგმები
ჩვენი ცნობიერების სხვა თავისებურებას წარმოადგენს უნარი — დავფიქრდეთ მომავალზე. როცა პროფესორ რიჩარდ დოკინზს ჰკითხეს, აქვთ თუ არა ადამიანებს ისეთი თვისებები, რომლებიც მათ ცხოველებისგან განასხვავებს, მან აღიარა, რომ ადამიანს მართლაც უნიკალური თვისებები აქვს. მას შემდეგ, რაც დოკინზმა მოიხსენია „დაგეგმვის უნარი, რომელიც შესაძლებელია შემოქმედებითი ფანტაზიის წყალობით“, დასძინა: «ევოლუციაში ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ხანმოკლე სარგებლობა, ხანგრძლივი კი — არასოდეს. არაფერი არ განვითარდებოდა ევოლუციით, თუ ის ზიანს მოუტანდა ინდივიდის ხანმოკლე სარგებლობას. პირველად ისტორიაში შესაძლებელი გახდა, რომ, ყველამ თუ არა, ზოგიერთმა მაინც თქვა: „მოდით აღარ გავჩეხოთ ეს ტყე ხანმოკლე მოგების მიზნით; გვირჩევნია ხანგრძლივ სარგებლობაზე დავფიქრდეთ“. ჩემი აზრით, ეს თვისება მართლაც ახალი და სწორუპოვარია».
სხვა მკვლევარებიც ამტკიცებენ, რომ ადამიანის უნარი, გაცნობიერებულად დაისახოს მომავლის გეგმები, უნიკალურია. ნეიროფიზიოლოგი უილიამ ჰ. კალვინი შენიშნავს: „ზამთრისთვის მზადებებისა და დაწყვილების გარდა, რაც ჰორმონალური პროცესებითაა გამოწვეული, ცხოველებს, უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ რამდენიმე წუთით ადრე შეუძლიათ დაგეგმვა“. ცხოველებს შეუძლიათ მოიმარაგონ საკვები ზამთრის დადგომამდე, მაგრამ არ შეუძლიათ მდგომარეობის გაანალიზება და დაგეგმვა. ამის საპირისპიროდ, ადამიანები ფიქრობენ მომავალზე, თვით შორეულ მომავალზეც. ზოგი მეცნიერი იმაზეც კი ფიქრობს, თუ რა შეიძლება დაემართოს სამყაროს მილიარდობით წლის შემდეგ. დაფიქრებულხართ ოდესმე, რატომ შეუძლია ადამიანს — ცხოველებისგან ასე განსხვავებულს — იფიქროს მომავალზე და დაისახოს გეგმები?
ბიბლია ადამიანზე ამბობს: „[შემოქმედმა] საუკუნენი მისცა გულთა შინა მათთა“ („ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წლის გამოცემა). „შესწორებული სტანდარტული თარგმანი“ (Revised Standard Version) ამას ასე გადმოსცემს: „მან ადამიანს მარადიულობა ჩაუდო გონებაში“ (ეკლესიასტე 3:11). ამ უნარს, რომელიც მხოლოდ ჩვენ გვაქვს, ყოველდღე ვიყენებთ, მაშინაც, როცა, უბრალოდ, სარკეში ვიყურებით და ვფიქრობთ, თუ როგორები ვიქნებით 10 ან 20 წლის შემდეგ. ეკლესიასტეს 3:11-ის სიტყვებს მაშინაც ვადასტურებთ, როცა ვუფიქრდებით — თუნდაც მცირე ხნით — ისეთ ცნებებს, როგორიცაა დროისა და სივრცის უსასრულობა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ჩვენ გვაქვს ეს უნარი, უკვე ეთანხმება იმ შენიშვნას, რომ შემოქმედმა „ადამიანს მარადიულობა ჩაუდო გონებაში“.
ლტოლვა შემოქმედისკენ
მრავალი გრძნობს, რომ სილამაზით მინიჭებულ სიამოვნებას, მოყვასისთვის სიკეთის ქმნასა და მომავალზე ფიქრს არ მოაქვს სრული კმაყოფილება. პროფესორი სტივენ ევანზი შენიშნავს: „უცნაურია, მაგრამ იმ უბედნიერეს და უძვირფასეს წუთებშიც კი, როცა ვგრძნობთ, რომ სხვებს ვუყვარვართ, ხშირად გვეჩვენება, რომ რაღაც გვაკლია. ვგრძნობთ, რომ მეტი გვინდა, მაგრამ თვითონ არ ვიცით, რა“. მართლაც, ჩვენ, გონიერ ადამიანებს — ცხოველების საპირისპიროდ, რომლებთან ერთადაც დედამიწაზე ვცხოვრობთ — სხვა საჭიროებები გვაქვს.
„რელიგია ღრმად არის გამჯდარი ადამიანის ბუნებაში და ეს ყოველთვის ვლინდება, მიუხედავად ეკონომიკური მდგომარეობისა და განათლებისა“. ასე იქნა შეჯამებული პროფესორ ალისტერ ჰარდის მიერ წარმოდგენილი გამოკვლევა ნაშრომში „ადამიანის სულიერ ბუნება“ (The Spiritual Nature of Man). ისიც იმას ადასტურებს, რაც მრავალი შესწავლის შედეგად დადგინდა — ადამიანში ჩადებულია ღვთის არსებობის შეგრძნება. თუმცა ზოგიერთები შეიძლება ათეისტები იყვნენ, ამას ვერ ვიტყვით მთლიან ერებზე. წიგნში „ერთადერთი რეალობაა ღმერთი?“ (Is God the Only Reality?) ნათქვამია: „რელიგიის საშუალებით სიცოცხლის აზრის ძიება. . . ჩვეულებრივი მოვლენაა ყველა კულტურასა და ეპოქაში კაცობრიობის გაჩენის დღიდან“.
როგორ გაჩნდა, ერთი შეხედვით, თანდაყოლილი შეგრძნება, რომ ღმერთი არსებობს? თუ ადამიანი მხოლოდ ნუკლეინმჟავებისა და ცილის მოლეკულების შემთხვევით შეერთებას წარმოადგენს, რა მიზეზით განუვითარდათ ამ მოლეკულებს ხელოვნებისა და სილამაზის სიყვარული, რატომ გადაიქცნენ რელიგიურ პირებად და დაიწყეს ფიქრი მარადიულობაზე?
სერ ჯონ ეკლზიმ დაასკვნა, რომ ადამიანის არსებობის ევოლუციური ახსნა „მარცხს განიცდის უმნიშვნელოვანეს საკითხში. ის ვერ ხსნის, თუ რატომ არსებობს თითოეული ჩვენგანი, როგორც უნიკალური პიროვნება, რომელსაც შეგნებული აქვს საკუთარი მეობა“. რაც უფრო მეტს ვიგებთ ჩვენი ტვინისა და გონების მუშაობის შესახებ, მით უფრო ადვილია იმის დანახვა, თუ რატომ მიდის მილიონობით ადამიანი შემდეგ დასკვნამდე: ადამიანის გაცნობიერებული არსებობა წარმოადგენს იმის მტკიცებას, რომ არსებობს მზრუნველი შემოქმედი.
მომდევნო თავში გავიგებთ, თუ რატომ ფიქრობენ საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლები, რომ ეს გონივრული დასკვნა ამოსავალია შემდეგ მნიშვნელოვან კითხვებზე დამაკმაყოფილებელი პასუხების მოძებნისთვის: რატომ ვართ აქ და საით მივდივართ?
[ჩარჩო 51 გვერდზე]
მსოფლიო ჩემპიონი კომპიუტერის წინააღმდეგ
როცა ძლიერმა კომპიუტერმა „დიპ ბლუმ“ დაამარცხა მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში, წამოიჭრა კითხვა: «ხომ არ უნდა დავასკვნათ, რომ „დიპ ბლუს“ გონება აქვს?»
იეილის უნივერსიტეტის პროფესორმა დეივიდ გელერნტერმა უპასუხა: «არა. „დიპ ბლუ“ მხოლოდ მანქანაა. მას ისევე აქვს გონება, როგორც ყვავილის ქოთანს. . . საქმე იმაშია, რომ ამ მანქანის სწორუპოვარი ამწყობები ადამიანები არიან».
პროფესორმა გელერნტერმა მთავარ სხვაობაზე მიუთითა: «ტვინი ისეთი მანქანაა, რომელსაც შეუძლია შექმნას „მეობა“. ტვინს მდიდარი წარმოდგენის უნარი აქვს, კომპიუტერს კი — არა».
მან დაასრულა: „უფსკრული ადამიანსა და [კომპიუტერს] შორის ყოველთვის არსებობდა და არც არასოდეს შეივსება. მანქანები კვლავაც მოგვიტანენ უფრო ადვილ, ჯანმრთელ, მდიდარ და მეტი თავსატეხით სავსე ცხოვრებას. ადამიანები კი კვლავ იფიქრებენ იმაზე, რაზეც ყოველთვის ფიქრობდნენ: საკუთარ თავზე, ერთმანეთზე, მრავალი მათგანი — ღმერთზე. ამ საკითხებზე მანქანები არასოდეს ახდენდნენ გავლენას და ვერც ვერასოდეს მოახდენენ“.
[ჩარჩო 53 გვერდზე]
სუპერკომპიუტერი ლოკოკინას უთანასწორდება
«თანამედროვე კომპიუტერებს ხედვის, ლაპარაკის, მოძრაობისა და საღი აზროვნების უნარში ვერ შეედრება თვით ოთხი წლის ბავშვსაც კი. რასაკვირველია, ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ კომპიუტერებს მხოლოდ გამოთვლის შესაძლებლობები აქვთ. გამოთვლილია, რომ ყველაზე ძლიერი სუპერკომპიუტერის ინფორმაციის დამუშავების შესაძლებლობა უთანაბრდება ლოკოკინას ნერვულ სისტემას — ეს კი [ჩვენს] თავის ქალაში არსებული „სუპერკომპიუტერის“ ძალის უმცირესი ნაწილია» (სტივენ პინკერი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტთან არსებული ნევროლოგიის ცენტრის დირექტორი).
[ჩარჩო 54 გვერდზე]
„ადამიანის ტვინი, ძირითადად, [ცერებრული] ქერქისგან შედგება. მაგალითად, შიმპანზეს ტვინსაც აქვს ქერქი, მაგრამ გაცილებით მცირე პროპორციებით. ქერქი შესაძლებლობას გვაძლევს ვიფიქროთ, დავიმახსოვროთ, წარმოვიდგინოთ. სინამდვილეში, მხოლოდ ქერქის წყალობით ვართ ადამიანები“ (ედოარდო ბონჩინელი, წამყვანი მკვლევარი მოლეკულური ბიოლოგიის დარგში, მილანი, იტალია).
[ჩარჩო 55 გვერდზე]
ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა და ჩვენი ტვინი
პროფესორმა პოლ დეივისმა შემდეგი აზრი გამოთქვა ტვინის უნართან დაკავშირებით — აითვისოს ისეთი თეორიული დარგი, როგორიცაა მათემატიკა. „მათემატიკა ხეზე არ იზრდება. ის ადამიანის გონების ნაყოფია. მაგრამ თუ ვიკითხავთ: სად ნახულობს მათემატიკა ყველაზე დიდ გამოყენებას, ეს არის ისეთი სფეროები, როგორიცაა: ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა და ასტროფიზიკა, ფუნდამენტური მეცნიერების დარგები, რომლებიც ძალიან, ძალიან შორსაა ყოველდღიური ცხოვრებისგან“. რას ნიშნავს ეს? „ჩემი აზრით, ცნობიერება და ჩვენი უნარი, ვაწარმოოთ მათემატიკური გამოთვლები, უბრალო დამთხვევა არ არის, არც წვრილმანი, არც ევოლუციის უმნიშვნელო თანაპროდუქტი“ (Are We Alone?).
[ჩარჩო/სურათები 56, 57 გვერდებზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
შუბლის წილი
შუბლისწინა წილის ქერქი
ბროკას ზონა
ვერნიკეს ზონა
ქერქის მამოძრავებელი ზონა
● თავის ტვინის ქერქი ტვინის ზედაპირული ნაწილია, რომელიც ყველაზე მეტად არის დაკავშირებული ინტელექტთან. თუ გავშლით, ადამიანის თავის ტვინის ქერქი დაფარავს საბეჭდი ქაღალდის ოთხ გვერდს; შიმპანზესი — მხოლოდ ერთ გვერდს; ვირთხისა კი — საფოსტო მარკას („საიენტიფიკ ამერიკენი“).
[ჩარჩო 58 გვერდზე]
ყველა ერს თავისი აქვს
ისტორიის განმავლობაში, როცა სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ერთმანეთს ხვდებოდნენ, ხედავდნენ, რომ ყოველი თავის ენაზე ლაპარაკობდა. წიგნ „ენის ინსტინქტში“ (The Language Instinct) ნათქვამია: «არც ერთი უტყვი ტომი არ აღმოჩენილა და არც იმის მტკიცება არსებობს, რომ რომელიმე ადგილმა შეასრულა ენის „აკვნის“ როლი, საიდანაც ის გავრცელდა ჯგუფებში, რომლებსაც ენა არ ჰქონდა. . . რთული ენის უნივერსალურობა წარმოადგენს აღმოჩენას, რომელიც მოწიწებას უნერგავს ლინგვისტებს, და პირველ მიზეზს ვარაუდისთვის, რომ ენა. . . ადამიანის განსაკუთრებული ინსტინქტის შედეგია».
[ჩარჩო 59 გვერდზე]
ენა და ინტელექტი
რატომ აღემატება ადამიანი ცხოველებს ინტელექტით, მაგალითად ადამიანის მსგავს მაიმუნებს? ეს იმით აიხსნება, რომ ჩვენ ვიყენებთ სინტაქსს — ბგერების გაერთიანებით ვქმნით სიტყვებს, სიტყვების გაერთიანებით კი — წინადადებებს. ნეიროფიზიოლოგ-თეორეტიკოსი დ-რი უილიამ ჰ. კალვინი ხსნის:
«გარეული შიმპანზეები იყენებენ ოცდათექვსმეტამდე ბგერას, რომლებსაც ამავე რაოდენობის სხვადასხვა მნიშნველობა აქვს. ისინი იმეორებენ ბგერებს მათი მნიშვნელობის გაძლიერების მიზნით, მაგრამ არ აერთიანებენ სამ ბგერას, რომ თავიანთ „ლექსიკურ მარაგს“ ახალი სიტყვა შემატონ.
ჩვენც, ადამიანები, ვიყენებთ ოცდათექვსმეტამდე ბგერას, რომლებსაც ფონემები ეწოდება. მაგრამ მხოლოდ მათ კომბინაციას აქვს მნიშვნელობა: ჩვენ ვაერთიანებთ ერთმანეთთან აზრს მოკლებულ ბგერებს, რომ მივიღოთ აზრიანი სიტყვები». დ-რმა კალვინმა აღნიშნა, რომ „ჯერჯერობით ვერავინ ახსნა“ ის ნახტომი, რომელიც გაკეთდა ცხოველების მიერ გამოცემული „ერთი ბგერა — ერთი მნიშვნელობიდან“ ჩვენს უნიკალურ უნარამდე — გამოვიყენოთ სინტაქსი.
[ჩარჩო 60 გვერდზე]
თქვენ ჯღაბნაზე მეტი შეგიძლიათ
«მხოლოდ ადამიანს, ჰომო საპიენსს, შეუძლია ენით კავშირის დამყარება? რა თქმა უნდა, პასუხი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა იგულისხმება „ენაში“ — რადგან განვითარების მაღალ საფეხურზე მდგომი ცხოველები კავშირს ამყარებენ მრავალნაირი ნიშნებით, მაგალითად: ჟესტებით, სუნით, ხმებითა და ჩხავილით, ფრინველები — გალობით, ფუტკრები კი — ცეკვით. მაგრამ, როგორც ჩანს, ცხოველებს ადამიანისგან განსხვავებით არა აქვთ ჩამოყალიბებული გრამატიკული ენა. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცხოველებს არ შეუძლიათ ხატვა. ყველაზე მეტი, რაც შეუძლიათ, ეს არის ჯღაბნა» (პროფესორები რ. ს. და დ. ჰ. ფაუცსები).
[ჩარჩო 61 გვერდზე]
პროფესორი ა. ნოამ ხომსკი ამბობს: საოცარი სირთულის სტრუქტურებს ტვინის შესწავლის დროსაც ვნახულობთ. ამის ერთ-ერთ, მაგრამ არა ერთადერთ, მაგალითს, წარმოადგენს ენა. დაფიქრდით რიცხვითი სისტემის აბსტრაქტული ცნებების გამოყენების უნარზე, [რომელიც] მხოლოდ ადამიანებს აქვთ“.
[ჩარჩო 62 გვერდზე]
კითხვების დასმის უნარით „დაჯილდოებულები“
ჩვენი სამყაროს მომავალთან დაკავშირებით ფიზიკოსი ლორენს კრაუსი წერდა: „რადგანაც კითხვების დასმა შეგვიძლია, ვბედავთ, რომ დავსვათ კითხვები ისეთი რამეების შესახებ, რაც შეიძლება ვერასოდეს ვიხილოთ. ერთ დღეს ამ კითხვებს უპასუხებენ ჩვენი შვილები ან შვილიშვილები. ჩვენ დაჯილდოებულები ვართ ფანტაზიით“.
[ჩარჩო 69 გვერდზე]
თუ სამყარო და სიცოცხლე შემთხვევით გაჩნდა, ჩვენს სიცოცხლეს არ ექნება ხანგრძლივი აზრი. მაგრამ თუ ჩვენი შექმნა განზრახული იყო, სიცოცხლეს უნდა ჰქონდეს დამაკმაყოფილებელი აზრი.
[ჩარჩო 72 გვერდზე]
ხმალკბილა ვეფხვებისგან თავის დაღწევის შედეგია?
ჯონ პოკინგჰორნმა (ინგლისი, კემბრიჯის უნივერსიტეტი) აღნიშნა:
„ფიზიკოს-თეორეტიკოსმა პოლ დირაკმა შეიმუშავა ის, რასაც ეწოდა კვანტური თეორია, რაც ფიზიკური სამყაროს გაგების საფუძველს წარმოადგენს. არ მჯერა, რომ დირაკის უნარი — შეემუშავებინა ეს თეორია — ან აინშტაინის უნარი — შეემუშავებინა ფარდობითობის თეორია — წარმოადგენს რაღაც თანაპროდუქტს, რომელიც ჩვენი წინაპრების ხმალკბილა ვეფხვებისგან თავდაღწევას მოჰყვა. ხდება რაღაც უფრო დიდებული, უფრო იდუმალი. . .
როცა ვუყურებთ ფიზიკური სამყაროს რაციონალურ წესრიგსა და აშკარა სილამაზეს, რაც ბუნებისმეტყველებამ დაგვანახვა, სამყაროში ვხედავთ გონიერების უამრავ ნიშანს. მორწმუნე ადამიანი თვლის, რომ ამაში ვლინდება შემოქმედის გონება“ (Commonweal).
[სურათი 63 გვერდზე]
მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ კითხვების დასმა. ზოგი კითხვა სიცოცხლის აზრს ეხება.
[სურათი 64 გვერდზე]
ცხოველებისგან განსხვავებით ადამიანებს აქვთ საკუთარი მეობის შეგრძნებისა და მომავალზე ფიქრის უნარი.
[სურათი 70 გვერდზე]
მხოლოდ ადამიანები აფასებენ სილამაზეს, ფიქრობენ მომავალზე და მხოლოდ ისინი ილტვიან შემოქმედისკენ.