თავი მეხუთე
რით აიხსნება ქმნილების არსებობა?
როგორც წინა თავებში იყო აღნიშნული, თანამედროვე მეცნიერული აღმოჩენები უხვად იძლევა იმის დამაჯერებელ ფაქტებს, რომ სამყაროსა და სიცოცხლეს დედამიწაზე დასაწყისი ჰქონდა. რამ განაპირობა მათი დასაწყისი?
ხელმისაწვდომი ფაქტების შესწავლის შემდეგ მრავალი მივიდა დასკვნამდე, რომ უნდა არსებობდეს „პირველმიზეზი“. მიუხედავად ამისა, მრავალი თავს იკავებს იმისგან, რომ ეს „მიზეზი“ პიროვნებად სცნოს. შემოქმედზე საუბრის სურვილის ასეთი უქონლობა ირეკლავს ზოგი მეცნიერის აზროვნებას.
მაგალითად, ალბერტ აინშტაინი დარწმუნებული იყო, რომ სამყაროს დასაწყისი ჰქონდა, და სურვილი გამოთქვა, „გაეგო, თუ როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო“. მაგრამ მას არ სწამდა ღმერთი, როგორც პიროვნება; ის ლაპარაკობდა კოსმოსურ „რელიგიურ გრძნობაზე, რომელსაც არ ახასიათებს დოგმები და წარმოდგენები ადამიანის მსგავს ღმერთზე“. ნობელის პრემიის ლაურეატმა ქიმიკოსმა კენიჩი ფუკუიმაც აღიარა სამყაროს სტრუქტურის დიდებულება. მან თქვა: «ეს დიდებული კავშირი და სტრუქტურა შეიძლება გადმოიცეს შემდეგი სიტყვებით: „აბსოლუტი“ ან „ღმერთი“». მაგრამ მან ამას „ბუნების თავისებურება“ უწოდა.
იცით, რომ უპიროვნო მიზეზისადმი ასეთი რწმენა ძალიან ჰგავს აღმოსავლური რელიგიების შეხედულებებს? აღმოსავლეთში მრავალს სწამს, რომ ბუნება თავისით გაჩნდა. ეს იდეა გამოიხატება ბუნების აღმნიშვნელ ჩინურ იეროგლიფებშიც კი, რომლებიც სიტყვასიტყვით ნიშნავს: „თავისით ჩნდება“ ან „თვითარსებული“. აინშტაინი ფიქრობდა, რომ კოსმოსურ რელიგიურ გრძნობას, რომელიც მას ჰქონდა, კარგად განმარტავდა ბუდიზმი. ბუდას აზრით, მნიშვნელოვანი არ იყო, მონაწილეობდა თუ არა შემოქმედი სამყაროსა და ადამიანების შექმნაში. არც სინტოიზმი ხსნის, თუ როგორ გაჩნდა ბუნება; მის მიმდევრებს სწამთ, რომ ღმერთები მკვდრების სულები არიან, რომლებსაც ბუნებასთან შერწყმა შეუძლიათ.
საინტერესოა, რომ ასეთი აზროვნება დიდად არ განსხვავდება ძველ საბერძნეთში გაბატონებული პოპულარული შეხედულებებისგან. ამბობენ, რომ ფილოსოფოს ეპიკურეს (ძვ. წ. 341—270 წწ.) სწამდა, თითქოს ‘ღმერთები ძალიან შორს არიან იმისათვის, რომ ტკივილი მოგაყენონ ან სიკეთე გაგიკეთონ’. მისი აზრით, ადამიანი ბუნებამ შექმნა, შესაძლებელია, თავისთავადი ჩასახვისა და შეგუებულთა ბუნებრივი გადარჩევის მეშვეობით. ეს იმის მაჩვენებელია, რომ დღეს გავრცელებული მსგავსი იდეები სულაც არ წარმოადგენს სიახლეს.
ეპიკურეს მიმდევრების დროს ცხოვრობდნენ ბერძენი სტოიკოსები, რომლებიც ღმერთად ბუნებას თვლიდნენ. მათ ეგონათ, რომ სიკვდილისას ადამიანებისგან გამოსული უპიროვნო ენერგია კვლავ უსაზღვრო ენერგიას უერთდებოდა, რომლისგანაც ღმერთი შედგებოდა. მათი აზრით, უდიდესი სიკეთე იყო ბუნების კანონებთან შესაბამისად ცხოვრება. გსმენიათ თქვენც მსგავსი რამ ჩვენს დროში?
პიროვნებაა ღმერთი? — პოლემიკა
მიუხედავად ამისა, ჩვენ უცნაურობად არ უნდა ჩავთვალოთ ძველი საბერძნეთიდან მოღწეული ყველა ინფორმაცია. ამ შეხედულებების გარემოცვაში პირველი საუკუნის გამოჩენილი მასწავლებელი ისტორიაში ყველაზე ღირსშესანიშნავი სიტყვით გამოვიდა. ექიმმა და ისტორიკოსმა ლუკამ ჩაწერა ეს სიტყვა, რომლის მონახვაც შეგვიძლია „მოციქულთა საქმეების“ მე-17 თავში. ის დაგვეხმარება „პირველმიზეზის“ შესახებ ჩვენი თვალსაზრისის საბოლოოდ ჩამოყალიბებაში და იმის დანახვაში, თუ ჩვენ როგორ გვეხება ეს. მაგრამ როგორ შეუძლია მოხსენებას, რომელიც 1900 წლის წინ წარმოითქვა, გავლენა მოახდინოს იმ გულწრფელი ადამიანების ცხოვრებაზე, რომლებიც დღეს სიცოცხლის აზრს ეძებენ?
ცნობილი მასწავლებელი პავლე ათენის უმაღლეს სასამართლოში მიიწვიეს. იქ ის პირისპირ შეხვდა ეპიკურელებსა და სტოიკოსებს, რომლებსაც არ სწამდათ, რომ ღმერთი პიროვნებაა. შესავალში პავლემ მოიხსენია მათს ქალაქში ნანახი სამსხვერპლო, რომელზეც ეწერა: „უცნობ ღმერთს“ (ბერძ. „აგნოსტოი თეოი“). საინტერესოა, რომ, ზოგიერთის აზრით, ბუნებისმეტყველი ტომას ჰ. ჰაქსლი (1825—1895) ამას ეყრდნობოდა, როცა შემოიღო ტერმინი „აგნოსტიკოსი“. ჰაქსლიმ ეს სიტყვა მათ მიმართ გამოიყენა, ვისაც სწამდა, რომ „უმთავრესი მიზეზი (ღმერთი) და საგანთა არსი უცნობი ან შეუცნობელია“. მაგრამ მართლა „შეუცნობელია“ შემოქმედი, როგორც ეს მრავალს ჰგონია?
გულახდილად რომ ვთქვათ, ეს პავლეს მიერ ნათქვამი ფრაზის არასწორი გაგება და გამოყენებაა. პავლემ ის კი არ თქვა, შემოქმედი შეუცნობელიაო, არამედ მხოლოდ ის, რომ ღმერთი უცნობი იყო იმ ათენელებისთვის. მან არ იცოდა შემოქმედის არსებობის დამამტკიცებელი იმდენი მეცნიერული ფაქტი, რამდენიც დღეს ჩვენ ვიცით. მიუხედავად ამისა, პავლეს ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ არსებობს გონიერი კონსტრუქტორი — პიროვნება, რომლის თვისებებმაც მისკენ უნდა მიგვიზიდოს. ყურადღება მიაქციეთ, რა თქვა შემდეგ პავლემ:
„მე გიქადაგებთ მას, ვისაც არ იცნობთ და ეთაყვანებით. ღმერთი, შემოქმედი სამყაროსი და ყოველივე მასში არსებულისა, უფალი ცისა და მიწისა, ხელთქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს, არც ადამიანთა ხელიდან სამსახურს მოითხოვს, თითქოს რაიმე სჭირდებოდეს, თავად ანიჭებს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს. ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი მოდგმა, რათა დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ“ (საქმეები 17:23–26). ეთანხმებით, რომ ეს საინტერესო მსჯელობაა?
დიახ, პავლემ ის კი არ თქვა, ღმერთი შეუცნობელიაო, არამედ აღნიშნა, რომ ის ჯერჯერობით უცნობი იყო მრავალი მისი მსმენელისთვის და მათთვის, ვინც ათენში ის სამსხვერპლო ააგო. შემდეგ პავლემ მოუწოდა მათ — და ყველას, ვინც იმ დროიდან მოყოლებული კითხულობს მის სიტყვას — შეეცნოთ შემოქმედი, ვინაიდან „შორს როდია თითოეული ჩვენთაგანისაგან“ (საქმეები 17:27). ვხედავთ, რომ პავლემ ტაქტიანად წარადგინა ის ფაქტი, რომ ყოველივეს შემოქმედის არსებობის მტკიცების დანახვა შეგვიძლია მის ქმნილებაზე დაკვირვებით. ასე ზოგ მის თვისებასაც დავინახავთ.
ჩვენ განვიხილეთ შემოქმედის არსებობის დამამტკიცებელი რამდენიმე ფაქტი. ერთ-ერთია გონივრულად ორგანიზებული უზარმაზარი სამყარო, რომელსაც, აშკარად, დასაწყისი ჰქონდა. მეორეა სიცოცხლე დედამიწაზე, ჩვენი სხეულის უჯრედების ჩათვლით, რომლებშიც ჩანაფიქრი ვლინდება. მესამეა ჩვენი ტვინი, აგრეთვე ცნობიერება და მომავლისადმი ინტერესი. მაგრამ მოდით განვიხილოთ შემოქმედის ქმნილების სხვა ორი მაგალითი, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდებით. ამ განხილვის დროს დაფიქრდით, რას გეუბნებათ ეს იმ პიროვნებაზე, ვინც ეს გამოიგონა და შექმნა.
რას გვასწავლის მისი ქმნილება?
მხოლოდ ქმნილებაზე დაკვირვებაც ბევრს გვეუბნება შემოქმედის შესახებ. სხვა შემთხვევისას პავლემ მოიხსენია ამის ერთი მაგალითი, როცა მცირე აზიაში ხალხის ჯგუფს უთხრა: „წარსულ თაობებში [შემოქმედმა] ნება მისცა, ყველა ერს თავისი გზებით ევლო, თუმცა ყოველთვის მოწმობდა თავის თავზე, ზეციდან გვაძლევდა წვიმას და ნაყოფის მომცემ დროებს, საზრდოთი და სიხარულით გვივსებდა გულებს“ (საქმეები 14:16, 17). ყურადღება მიაქციეთ პავლეს მიერ მოყვანილ მაგალითს, თუ როგორ მოწმობდა შემოქმედი თავისი პიროვნების შესახებ, როცა ადამიანებს საკვებით უზრუნველყოფდა.
დღეს ზოგ ქვეყანაში საკვების სიუხვე ჩვეულებრივი მოვლენაა. სხვაგან კი მრავალი იმისთვის იბრძვის, როგორმე დანაყრდეს. როგორც უნდა იყოს, ადამიანებს შემოქმედის სიბრძნისა და სიკეთის წყალობით აქვთ საკვები.
ადამიანები და ცხოველები საკვებს რთული მიმოქცევების — მათ შორის წყლის, ნახშირბადის, ფოსფორისა და აზოტის მიმოქცევის — შედეგად ღებულობენ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ფოტოსინთეზის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესში მცენარეები იყენებენ ნახშირორჟანგსა და წყალს როგორც ნედლეულს, რომ სინათლის ენერგიის ხარჯზე ნახშირწყლები წარმოქმნან. ფოტოსინთეზის დროს მცენარეები ჟანგბადსაც გამოყოფენ. შეიძლება ამას „უსარგებლო ნარჩენი“ ეწოდოს? ეს თანაპროდუქტი ნამდვილად არ არის უსარგებლო. ჟანგბადი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ის გამოიყენება ნივთიერებათა ცვლისთვის, ანუ ორგანიზმში საკვების წვისთვის. ნახშირორჟანგს კი, რომელსაც ამოვისუნთქავთ, მცენარეები კვლავ ფოტოსინთეზისთვის იყენებენ. შესაძლებელია, სკოლაში ვისწავლეთ ეს პროცესი, მაგრამ ამის გამო ის ნაკლებად მნიშვნელოვნად არ გვეჩვენება და კვლავაც გვაოცებს. ეს კი მხოლოდ ერთი მაგალითია.
ენერგიის ტრანსპორტირებისთვის ადამიანისა და ცხოველების უჯრედებში აუცილებელია ფოსფორი. საიდან ვიღებთ ფოსფორს? ისევ მცენარეებიდან. მცენარე ნიადაგიდან არაორგანულ ფოსფატებს ითვისებს და ორგანულ ფოსფატებად გარდაქმნის. ჩვენ ვჭამთ მცენარეებს, რომლებიც შეიცავენ ორგანულ ფოსფორს, და მას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესებში ვიყენებთ. შემდეგ ფოსფორი უბრუნდება ნიადაგს ექსკრემენტების სახით, რასაც კვლავ მცენარეები ითვისებენ.
გარდა ამისა, გვესაჭიროება აზოტი, რომელიც ჩვენს სხეულში ცილებისა და დნმ-ს მოლეკულების შემადგენლობაში შედის. როგორ ვიღებთ ამ ელემენტს, რომელიც ასე აუცილებელია სიცოცხლისთვის? მიუხედავად იმისა, რომ ატმოსფეროს 78 პროცენტი აზოტისგან შედგება, მოლეკულური აზოტის შეთვისება არ შეუძლიათ არც მცენარეებს და არც ცხოველებს. მაშასადამე, ჰაერში არსებული აზოტი უნდა გარდაიქმნას, სანამ მას მცენარე შეითვისებს და მოგვიანებით ადამიანი თუ ცხოველი გამოიყენებს. როგორ ხდება ეს გარდაქმნა, ანუ ფიქსაცია? სხვადასხვაგვარად. მაგალითად, ელვის მოქმედებითa. აზოტის ფიქსაცია აგრეთვე ხდება ბაქტერიების დახმარებით, რომლებიც ცხოვრობენ პარკოსნების, მაგალითად: ბარდის, სოიასა და იონჯას ფესვების კოჟრებზე. ეს ბაქტერიები ატმოსფერულ აზოტს ისეთ ნივთიერებებად გარდაქმნის, რომლების შეთვისებაც მცენარეებს შეუძლია. ამგვარად, როცა მწვანილეულს შევექცევით, ორგანიზმში შედის აზოტი, რომელიც საჭიროა ცილების წარმოსაქმნელად. საოცარია, რომ პარკოსანთა ოჯახის სახეობებს ვხვდებით ტროპიკულ ტყეებში, უდაბნოებსა და ტუნდრებშიც კი. ხოლო ნიადაგის გადაწვის შემთხვევაში, ჩვეულებრივ, პირველად პარკოსნები ამოდიან.
ეს მიმოქცევითი სისტემები მართლაც საოცარია. ყოველი მათგანი სასარგებლოდ იყენებს სხვა მიმოქცევების ნარჩენებს. ამისთვის საჭირო ენერგია ძირითადად მოდის მზისგან — სუფთა, უშრეტი და მუდმივი წყაროდან. რამდენად განსხვავდება ეს ადამიანის მცდელობისგან — არსებული რესურსები მრავალჯერ გამოიყენონ! ადამიანის ხელით შექმნილმა ნაწარმმა, რომელიც ეკოლოგიურად უვნებლად ითვლება ადამიანის მიერ გამოგონებული რთული გადამამუშავებელი სისტემების გამო, მაინც შეიძლება დააბინძუროს პლანეტა. ამასთან დაკავშირებით, „იუ. ეს. ნიუზ ენდ უორლდ რიპორტი“ მიუთითებდა, რომ პროდუქტები ისე უნდა იყოს წარმოებული, რომ გადამუშავების დროს ადვილი იყოს მათი ძვირფასი კომპონენტების აღდგენა. ნუთუ ამას არ ვხედავთ ბუნებრივ მიმოქცევებში? მაშ, რას გვეუბნება ეს შემოქმედის გამჭრიახობასა და სიბრძნეზე?
მიუკერძოებელი და სამართლიანი
შემოქმედის სხვა თვისებების დანახვაში დაგვეხმარება კიდევ ერთი სისტემა — ჩვენი ორგანიზმის იმუნური სისტემა. ისიც ბაქტერიებთანაა დაკავშირებული.
„ახალი ბრიტანული ენციკლოპედია“ ამბობს: „თუმცა ადამიანები ხშირად ბაქტერიების მავნე მოქმედებაზე ამახვილებენ ყურადღებას, მაგრამ ბაქტერიების უმრავლესობა უვნებელია ადამიანისთვის და მრავალი მათგანი, სინამდვილეში, სასარგებლოცაა“. მართლაც, ისინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბაქტერიები მთავარ როლს ასრულებენ აზოტის ზემოხსენებულ მიმოქცევაში, აგრეთვე ნახშირორჟანგისა და სხვა ელემენტების მიმოქცევაში. ბაქტერიები საჭმლის მომნელებელ ტრაქტშიც გვჭირდება. მხოლოდ მსხვილ ნაწლავში ბაქტერიების დაახლოებით 400 სახეობა გვაქვს და ისინი K ვიტამინის სინთეზსა და ორგანიზმის ნარჩენების გადამუშავებაში გვეხმარებიან. ბაქტერიებს სხვა სარგებლობაც მოაქვთ ჩვენთვის — ძროხას ბალახის რძედ გადაქცევაში ეხმარებიან. სხვა ბაქტერიები ფერმენტაციისთვისაა აუცილებელი — მაგალითად, ყველის, მაწონის, კიტრისა და კომბოსტოს მწნილის გაკეთებისთვის. მაგრამ რა მოხდება, თუ ბაქტერიები მოხვდებიან იქ, სადაც არ უნდა იყვნენ?
მაშინ ორგანიზმში არსებული ორ ტრილიონამდე სისხლის თეთრი უჯრედი ებრძვის ბაქტერიებს, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენთვის ზიანის მოყენება. დანიელ ე. კოშლანდ-უმცროსი, ჟურნალ „საიენსის“ რედაქტორი, ხსნის: „იმუნური სისტემა ისეა მოწყობილი, რომ იცნოს უცხო სხეულები. ამისთვის ის წარმოქმნის დაახლოებით 1011 [1 00 000 000 000] სხვადასხვა სახეობის იმუნოლოგიურ რეცეპტორს. ასე რომ, მნიშვნელობა არა აქვს, როგორი ფორმისაა უცხო სხეული, ყოველთვის მოიძებნება რეცეპტორი, რომელიც იცნობს მას და გაანადგურებს“.
უჯრედების ერთ-ერთი სახეობა, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი იყენებს, რომ შეებრძოლოს უცხო სხეულებს, არის მაკროფაგი; მისი სახელწოდება ნიშნავს „დიდ შთანმთქმელს“, რაც მართებულია, რადგან ის შთანთქავს ჩვენს სისხლში მოხვედრილ უცხო სხეულებს. მაგალითად, შემოჭრილი ვირუსის შთანთქმის შემდეგ მაკროფაგი მას ანაწევრებს. შემდეგ ვირუსიდან გამოაჩენს გარკვეულ ცილას, რომელიც იმუნური სისტემისთვის გამაფრთხილებელი ნიშნის მსგავსია, რაც ორგანიზმს უცხო სხეულის შემოჭრის სიგნალს აძლევს. თუ იმუნური სისტემის სხვა უჯრედი, დამხმარე T–უჯრედი, სცნობს ვირუსის ცილას, ქიმიურ სიგნალს ცვლის მაკროფაგთან. ეს ქიმიური ელემენტები თვითონ წარმოადგენენ არაჩვეულებრივ ცილებს, რომლებსაც აქვთ სასწაულებრივად მრავალი ფუნქცია — არეგულირებენ ჩვენს იმუნურ სისტემას და ეხმარებიან, უცხო სხეულის შემოჭრის დროს საპასუხოდ იმოქმედოს. ამ პროცესს მოჰყვება ენერგიული ბრძოლა სპეციფიკური ვირუსის წინააღმდეგ. ამგვარად, ჩვენ, ჩვეულებრივ, ვუმკლავდებით ინფექციებს.
სინამდვილეში, ამაში უფრო მეტი შედის, მაგრამ ეს მოკლე აღწერაც გვიჩვენებს ჩვენი იმუნური სისტემის სირთულეს. საიდან გვაქვს ეს რთული მექანიზმი? ის უფასოდ მოგვეცა, ჩვენი ოჯახის ფინანსური თუ სოციალური მდგომარეობის მიუხედავად. შეადარეთ ეს უსამართლობას, რომელიც სამედიცინო მომსახურებაში ვლინდება. „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის აზრით, მზარდი უსამართლობა, პირდაპირი მნიშვნელობით, სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხია, რადგან ღარიბებს ჯანმრთელობის ფასად უჯდებათ სოციალური უთანასწორობა“, — წერდა ამ ორგანიზაციის გენერალური დირექტორი დ-რი ჰიროში ნაკაიმა. ამიტომ გასაგებია, რატომ ჩივიან სან-პაულუს ჯურღმულებში მცხოვრები ადამიანები: „ჩვენთვის კარგი სამედიცინო მომსახურება წააგავს მდიდრული მაღაზიის ვიტრინაში მოთავსებულ ნივთს. კი შეგვიძლია ვუყუროთ მას, მაგრამ სახსრები არა გვაქვს, რომ შევიძინოთ“. მსგავსად ფიქრობს დედამიწის ზურგზე მცხოვრები მილიონობით ადამიანი.
ასეთმა უსამართლობამ აიძულა ალბერტ შვაიცერი, წასულიყო აფრიკაში, რომ სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა უღარიბესი ხალხისთვის, რის გამოც ნობელის პრემია მიიღო. როგორი თვისებები აქვთ ისეთ მამაკაცებსა და ქალებს, რომლებიც მსგავს კეთილ საქმეებს აკეთებენ? ალბათ, აღიარებთ, რომ მათ უყვართ ადამიანები და აქვთ სამართლიანობის გრძნობა, რადგან სწამთ, რომ განვითარებად ქვეყნებში მცხოვრებ ხალხსაც აქვს სამედიცინო დახმარების მიღების უფლება. მაშ, რაღას ვიტყვით საუცხოო იმუნური სისტემის უზრუნველმყოფელზე, რომელმაც ეს, ჩვენი ფინანსური და სოციალური მდგომარეობის მიუხედავად გვიბოძა? ნუთუ ეს საუკეთესოდ არ მეტყველებს შემოქმედის სიყვარულის, მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის გრძნობებზე?
შემოქმედის გაცნობა
ზემოხსენებული სისტემები შემოქმედის ქმნილების ელემენტარული მაგალითებია. განა არ გვიჩვენებენ ეს მაგალითები, რომ შემოქმედი არის რეალური და გონიერი პიროვნება, რომლის თვისებები და გზები გვიზიდავს მისკენ? სხვა მრავალი მაგალითის განხილვა შეიძლება. ყოველდღიურ ცხოვრებაში, ალბათ, შევამჩნევდით, რომ მხოლოდ პიროვნების საქმეებზე დაკვირვება შეიძლება საკმარისი არ იყოს მის კარგად გასაცნობად. შეიძლება ისიც მოხდეს, რომ არასწორადაც გავუგოთ, თუ მას კარგად არ ვიცნობთ! ხოლო თუ მას არასწორად წარმოგვიდგენენ ან ცილს სწამებენ, განა უკეთესი არ იქნებოდა პირადად შევხვედროდით, რომ მისი აზრი გაგვეგო? ჩვენ ვისაუბრებდით მასთან და დავინახავდით, როგორ რეაგირებს სხვადასხვა სიტუაციაში და რა თვისებებს ავლენს.
რა თქმა უნდა, ჩვენ პირისპირ ვერ ვესაუბრებით სამყაროს უძლიერეს შემოქმედს. მაგრამ მან მრავალი რამ გაგვიმჟღავნა საკუთარი თავის, როგორც რეალური პიროვნების, შესახებ ერთ წიგნში, რომელიც მთლიანად თუ ნაწილობრივ არსებობს 2000-ზე მეტ ენაზე, მათ შორის ჩვენს ენაზეც. ეს წიგნი — ბიბლია — გიწვევთ, რომ გაიცნოთ და დაუმეგობრდეთ შემოქმედს. მასში ნათქვამია: „მიუახლოვდით ღმერთს და ისიც მოგიახლოვდებათ თქვენ“. ის აგრეთვე გვაჩვენებს, თუ როგორ შეგვიძლია მასთან დამეგობრება (იაკობი 2:23; 4:8). დაგაინტერესებდათ ასეთი რამ?
ამ მიზნით გთავაზობთ, რომ განიხილოთ შემოქმედის შემოქმედებითი საქმიანობის რეალური და განსაცვიფრებელი ცნობა.
[სქოლიო]
a ელვის დროს აზოტის გარკვეული რაოდენობა გარდაიქმნება შესათვისებელ ფორმად, რომელიც წვიმასთან ერთად მიწაზე ეცემა. მცენარეები მას იყენებენ როგორც ბუნებრივ სასუქს. შემდეგ ადამიანები და ცხოველები მცენარეებიდან იღებენ ამ აზოტს, ის კი მიწაში ბრუნდება ამონიუმის ნაერთად და, საბოლოოდ, გარკვეული ნაწილი ისევ აიროვან აზოტად იქცევა.
[ჩარჩო 79 გვერდზე]
გონივრული დასკვნა
მეცნიერთა შორის დღეს ფართოდაა ცნობილი, რომ სამყაროს დასაწყისი ჰქონდა. მრავალი იმასაც ეთანხმება, რომ დასაწყისამდე რაღაც რეალური უნდა არსებულიყო. ზოგი მეცნიერი მოიხსენიებს მუდამ არსებულ ენერგიას. სხვები პოსტულატად მიიჩნევენ პირველყოფილ ქაოსს, როგორც არსებობისწინა მდგომარეობას. რა ტერმინიც უნდა გამოიყენონ, უმრავლესობა ვარაუდობს, რომ რაღაც არსებობდა, — რაღაც, რასაც არ ჰქონდა დასაწყისი, — რაც უსასრულობიდან მოდის.
ამიტომ საკითხი იმაში მდგომარეობს, თუ ჩვენ რას ვფიქრობთ — ეს იყო რაღაც, რაც მარადიულია, თუ ეს იყო ვიღაც, ვინც მარადიულია. ამ ორიდან რომელი გეჩვენებათ უფრო გონივრულად მას შემდეგ, რაც განვიხილეთ, თუ რა იცის მეცნიერებამ სამყაროს დასაწყისისა და ბუნების, აგრეთვე მასში არსებული სიცოცხლის შესახებ?
[ჩარჩო 80 გვერდზე]
„სიცოცხლისთვის აუცილებელ ყოველ ელემენტს — ნახშირბადს, აზოტს, გოგირდს — ბაქტერიები არაორგანული, აიროვანი ნაერთიდან გარდაქმნიან ისეთ ფორმად, რომლის შეთვისებაც შეუძლიათ მცენარეებსა და ცხოველებს“ („ახალი ბრიტანული ენციკლოპედია“).
[დიაგრამა/სურათი 78 გვერდზე]
(სრული ტექსტისთვის იხილეთ რუბლიკაცია)
რა დაასკვენით?
ჩვენი სამყარო
↓ ↓
არ ჰქონდა ჰქონდა
დასაწყისი დასაწყისი
↓ ↓
არაფერს ან არავის გამოიწვია
გამოუწვევია
↓ ↓
რაღაცამ, რაც ვიღაცამ, ვინც
მარადიულია მარადიულია
[სურათი 75 გვერდზე]
აღმოსავლეთში მრავალს სწამს, რომ ბუნება თავისით გაჩნდა.
[სურათი 76 გვერდზე]
ამ გორაზე, აკროპოლისის წინ, პავლემ დამაფიქრებელი სიტყვა წარმოთქვა ღვთის შესახებ.
[სურათი 83 გვერდზე]
ღმერთმა თითოეულს გვიბოძა იმუნური სისტემა, რასაც ვერ შეედრება თანამედროვე მედიცინის ვერავითარი მიღწევა.