დანართი II
„რნმ-ს სამყაროდან“ თუ სხვა სამყაროდან?
დნმ-ს, რნმ-სა და ცილის ურთიერთქმედებით გამოწვეული ჩიხის გათვალისწინებით ზოგმა მკვლევარმა „რნმ-ს სამყაროს“ თეორია წამოაყენა. რაში მდგომარეობს ის? ისინი არ ემხრობიან იმას, რომ დნმ, რნმ და ცილა ერთდროულად გაჩნდა, რათა სიცოცხლე წარმოექმნათ, არამედ ამბობენ, რომ რნმ თვითონ იყო სიცოცხლის პირველი ნაპერწკალი. ლოგიკურია ეს თეორია?
80-იან წლებში მკვლევარებმა თავიანთ ლაბორატორიაში აღმოაჩინეს, რომ რნმ-ს მოლეკულას შუაზე გაყოფითა და ისევ შეერთებით შეუძლია შეასრულოს ფერმენტის როლი. ამას მოჰყვა ვარაუდი: რნმ შეიძლება ყოფილიყო თავისნაირის წარმომქმნელი პირველი მოლეკულა. შემუშავდა თეორია, რომ დროთა განმავლობაში რნმ-ს მოლეკულებმა ისწავლეს უჯრედის მემბრანების შექმნა და რომ ბოლოს რნმ-ს ორგანიზმმა საწყისი მისცა დნმ-ს. «რნმ-ს სამყაროს მოციქულებს, — წერს ფილ კოჰენი ჟურნალ „ნიუ საიენტისტში“, — სწამთ, რომ მათი თეორია სახარებად თუ არა, ჭეშმარიტების მაგვარად მაინც არის მისაჩნევი“.
მაგრამ ყველა მეცნიერი არ ეთანხმება მოვლენების ასეთ განვითარებას. კოჰენის თქმით, სკეპტიკოსები „ამტკიცებენ, რომ ეს ძალიან დიდი ნახტომია იმის ჩვენებიდან, რომ საცდელ მილში რნმ-ს ორი მოლეკულა მონაწილეობდა გარკვეული სახის თვითდამახინჯებაში, იმის მტკიცებამდე, რომ რნმ-ს შეეძლო დამოუკიდებლად წარმოექმნა უჯრედი და გამოეწვია სიცოცხლის წარმოშობა დედამიწაზე“.
არსებობს სხვა პრობლემებიც. ბიოლოგი კარლ უოუსი იმ აზრისაა, რომ „რნმ-ს სამყაროს თეორიას. . . სასიკვდილო ჭრილობა აქვს მიყენებული, რადგან ის ვერ ხსნის, რა ენერგიამ გამოიწვია რნმ-ს პირველი მოლეკულების წარმოშობა“. და მკვლევარებს ერთი რნმ-ც კი არ აღმოუჩენიათ, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად შექმნას თავისივე ასლი. აგრეთვე საკითხავია, საიდან წარმოიშვა რნმ. მიუხედავად იმისა, რომ „რნმ-ს სამყაროს“ თეორია მრავალ სახელმძღვანელოში ჩნდება, გარი ოლსენის თქმით, მისი უმეტესი ნაწილი „თეორიული ოპტიმიზმია“.
ზოგი მეცნიერი მხარს უჭერს იმ თეორიას, რომ ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლე კოსმოსიდან შემოვიდა. მაგრამ, სინამდვილეში, ეს თეორია არ განიხილავს საკითხს — „როგორ წარმოიშვა სიცოცხლე?“. როგორც სამეცნიერო სტატიების ავტორი ბოის რენსბერგერი აღნიშნავს, იმის თქმა, რომ სიცოცხლე კოსმოსიდან შემოვიდა, „მხოლოდ ცვლის საიდუმლოების ადგილმდებარეობას“. ის არ ხსნის სიცოცხლის წარმოშობას. უბრალოდ, ის გვერდს უვლის საკითხს წარმოშობის გადაადგილებით სხვა მზის სისტემასა თუ გალაქტიკაში. მთავარი საკითხი მაინც გაურკვეველი რჩება.