სასიხარულო ცნობა, რომლის გაზიარებაც მათ სურთ
როცა იესო დედამიწაზე იყო, მოწაფეები მიუახლოვდნენ და ჰკითხეს: „რა იქნება შენი მოსვლისა და წუთისოფლის აღსასრულის ნიშანი?“ მან უპასუხა, რომ იქნებოდა ომები, რომლებშიც ჩაებმებოდა მრავალი ერი; იქნებოდა შიმშილი, ეპიდემიები, მიწისძვრები, უკანონობის ზრდა, ცრუ რელიგიათა მოძღვრები მრავალს შეაცდენდნენ, თავისი ჭეშმარიტი მიმდევრები მოძულებული და დევნილი იქნებოდნენ, მრავალს გაუნელდებოდა სამართლიანობის სიყვარული. ყოველივე ამის ახდენა ქრისტეს უხილავად მოსვლისა და ზეციერი სამეფოს მოახლოების ნიშანი იქნებოდა. სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ცნობა — სასიხარულო ცნობა! ამიტომ იესომ ამ ნიშნის კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილი აღნიშნა: „ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული“ (მათე 24:3—14).
თავისთავად, ახლო წარსულში მომხდარი მსოფლიო მოვლენები საზარელია, მაგრამ ეს კარგის მომასწავებელია, სახელდობრ — რომ ქრისტე მოსულია. ზემოხსენებული პირობები შეიქმნა 1914 წელს, რომლის შესახებაც საყოველთაოდ აუწყებდნენ! ამ წლით აღინიშნა წარმართთა ჟამის დასასრული და დაიწყო გარდამავალი პერიოდი — ადამიანთა მმართველობიდან ქრისტეს ათასწლიან სამეფომდე.
ის, რომ ეს გარდამავალი პერიოდი იქნებოდა, მითითებულია 109-ე ფსალმუნის პირველ და მეორე მუხლებსა და გამოცხადების 12:7—12-ში. იქ ნაჩვენებია, რომ ქრისტე ზეცაში დაჯდებოდა ღვთის მარჯვნივ თავის გამეფებამდე. შემდეგ ზეცაში მომხდარი ომის შედეგად სატანა გადმოგდებულ იქნებოდა დედამიწაზე, რაც უბედურებას მოუტანდა მსოფლიოს, და ქრისტე იმეფებდა თავის მტრებს შორის. ბოროტება სრულიად განადგურდება „დიდი გასაჭირით“, რომლის კულმინაცია იქნება ომი არმაგედონი, რასაც ქრისტეს ათასწლიანი მშვიდობიანი სამეფო მოჰყვება (მათე 24:21, 33, 34; გამოცხადება 16:14—16).
„ეს კი იცოდე, რომ, — ნათქვამია ბიბლიაში, — უკანასკნელ დღეებში საზარელი ჟამი დადგება, ვინაიდან ადამიანები იქნებიან თავმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმიდურნი, მოძულენი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, შეუკავებელნი, მოღალატენი, სასტიკნი, კეთილის მოძულენი, გამცემნი, თავხედნი, გაბღენძილნი, უფრო სიამეთა მოყვარულნი, ვიდრე ღვთისა, რომელთაც ღვთისმოსაობის სახე აქვთ, მის ძალას კი უარყოფენ. ასეთებს ერიდე“ (2 ტიმოთე 3:1—5).
ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს ყველაფერი ადამიანთა ისტორიაში ადრეც ხდებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ მსგავსი რამ ასეთი მასშტაბით არასოდეს მომხდარა. როგორც ისტორიკოსები და ანალიტიკოსები ამბობენ, დედამიწაზე არასოდეს ყოფილა ისეთი დრო, როგორიც ახლა არის, 1914 წლიდან მოყოლებული (იხ. გვ. 7). პრობლემები უწინდელთან შედარებით ახლა უფრო მეტია. გარდა ამისა, დღეს ნათლად ჩანს ქრისტეს მიერ მითითებული უკანასკნელი დღეების ნიშნის სხვა თავისებურებანი, რომლებიც ყურადსაღებია: ქრისტეს მოსვლისა და სამეფოს შესახებ ცნობის გაცხადებამ ისტორიაში არნახული მასშტაბები მიიღო. ქადაგების გამო არავინ ყოფილა იეჰოვას მოწმეებივით დევნილი. მრავალი მათგანი სიკვდილით დაისაჯა ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში. დღეისათვის იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა ზოგან აკრძალულია, ზოგან კი მათ აკავებენ, აპატიმრებენ, აწამებენ და კლავენ. ეს ყველაფერი იესოს მოცემული ნიშნის ნაწილია.
როგორც გამოცხადების 11:18-შია ნაწინასწარმეტყველები, ერები „გამძვინვარდნენ“ იეჰოვას ერთგული მოწმეების წინააღმდეგ და ეს ცხადყოფს, რომ იეჰოვას „რისხვა“ მალე თავს დაატყდება ამ ერებს. საღვთო წერილის ამავე მუხლში ნათქვამია, რომ ღმერთი ‘მოსპობს დედამიწის მომსპობთ’. ადრე არასოდეს ყოფილა ისეთი დრო კაცობრიობის ისტორიაში, რომ დედამიწის სიცოცხლისუნარიანობას რამე დამუქრებოდა. მაგრამ ახლა სულ სხვა მდგომარეობაა! მრავალი მეცნიერი გვაფრთხილებს, რომ, თუ ადამიანი განაგრძობს დადამიწის დაბინძურებას, მას საცხოვრებლად უვარგისს გახდის. მაგრამ იეჰოვამ ის „დასასახლებლად გამოსახა“ და მის დამაბინძურებლებს თავად გაანადგურებს, სანამ ისინი დაღუპავენ დედამიწას (ესაია 45:18).
კურთხევები დედამიწაზე სამეფოს მმართველობისას
ის აზრი, რომ ადამიანები იცხოვრებენ აქ, დედამიწაზე, როგორც ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები, შეიძლება უცნაურად ეჩვენებოდეს ბიბლიისადმი რწმენის მქონე მრავალ იმ ადამიანს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ყველა, ვინც გადარჩება, ზეცაში იცხოვრებს. ბიბლია ცხადყოფს, რომ მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის ადამიანები წავლენ ზეცაში და დედამიწაზე კი განუსაზღვრელი რაოდენობის უამრავი ხალხი იცხოვრებს მარადიულად (ფსალმუნი 36:11, 29; გამოცხადება 7:9; 14:1—5). ქრისტეს მმართველობის დროს ღვთის სამეფოს ხელისუფლება მთელ დედამიწაზე დამყარდება, რასაც ბიბლიის წიგნი „დანიელ წინასწარმეტყველი“ გვიჩვენებს.
იქ ქრისტეს სამეფო წარმოდგენილია ლოდით, რომელიც, ასე ვთქვათ, მოსწყდა იეჰოვას უზენაეს ხელისუფლებას, რომელიც მთასთან არის შედარებული. კერპი დედამიწის ძლიერ ერებს განასახიერებდა, ხოლო „ის ლოდი, კერპი რომ შემუსრა, ვეებერთელა მთად იქცა და მთელი დედამიწა დაიჭირა“. წინასწარმეტყველება ასე გრძელდება: „იმ მეფეთა დღეებში ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა და მისი ხელმწიფება სხვა ხალხში არ გადავა. იგი შემუსრავს, და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება“ (დანიელი 2:34, 35, 44).
იეჰოვას მოწმეებს სურთ, მოგითხრონ ამ სამეფოსა და განწმენდილ და გალამაზებულ დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების საღვთო წერილზე დაფუძნებული იმედის შესახებ. ამჟამად მცხოვრებ თუ აწ განსვენებულ მილიონობით ადამიანს დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა ექნება. იესო ქრისტე ათასწლიანი მეფობის დროს, განხორციელდება იეჰოვას თავდაპირველი განზრახვა, რომელიც მას ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა, როცა დედამიწა შექმნა და მასზე ადამიანთა პირველი წყვილი დაასახლა. ეს მიწიერი სამოთხე არასოდეს იქნება მოსაწყენი. როგორც ადამს ჰქონდა დავალება ედემის ბაღში, ისე კაცობრიობას ექნება სახალისო დავალებები, რომ იზრუნონ დედამიწაზე და მასზე არსებულ მცენარეებსა და ცხოველებზე. ისინი „გაცვეთენ საკუთარი ხელის ქმნილებას“ ანუ დიდხანს ისარგებლებენ თავიანთი ხელის ნასაქმით (ესაია 65:22; დაბადება 2:15).
საღვთო წერილიდან ბევრი ისეთი ადგილის მოყვანა შეიძლება, რომლებშიც აღწერილია ის მომავალი, როცა პასუხი გაეცემა იესოს მიერ ჩვენთვის ნასწავლებ ლოცვას: „მოვიდეს სუფევა შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“ (მათე 6:10). მაგრამ ამჯერად ერთიც საკმარისი იქნებოდა: «გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: „აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის! და ის დამკვიდრდება მათ შორის, ისინი იქნებიან მისი ერი და თვით ღმერთი იქნება მათთან. მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ“. თქვა ტახტზე მჯდომარემ: „აჰა, ვქმნი ყოველივეს ახალს“. და მითხრა მე: „დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია“» (გამოცხადება 21:3—5).
[ჩანართი 15 გვერდზე]
„საზარელი ჟამი დადგება“,
შემდეგ კი აღსასრული მოვა.
[სურათი 18 გვერდზე]
ნიდერლანდები
[სურათი 18 გვერდზე]
ნიგერია