როგორ უნდა გამოიკვლიო
მეფე სოლომონი „ფიქრობდა და გულმოდგინედ იკვლევდა, რათა თანამიმდევრობით შეედგინა მრავალი იგავი“. რატომ? მას სურდა, „ზუსტი სიტყვებით დაეწერა ჭეშმარიტება“ (ეკლ. 12:9, 10). ლუკამ ქრისტეს ცხოვრებაში მომხდარი მოვლენების თანამიმდევრულად აღსაწერად გულდასმით გამოიკვლია ყოველივე (ლუკ. 1:3). ღვთის ეს ორივე მსახური კვლევა-ძიებით იყო დაკავებული.
რა არის გამოკვლევა? ეს კონკრეტული საკითხის შესახებ ინფორმაციის გულდასმით მოძებნაა. ამაში კითხვა და შესწავლის პრინციპების გამოყენებაც შედის. გამოკვლევა შეიძლება სხვებისგან დამატებითი ინფორმაციის მიღებასაც მოითხოვდეს.
რა შემთხვევაშია საჭირო გამოკვლევა? მაგალითად, პირადი შესწავლისას და ბიბლიის კითხვისას შეიძლება კითხვები წამოგეჭრას. შეიძლება ქადაგებისას ვინმემ ისეთი შეკითხვა დაგისვას, რომ პასუხის გასაცემად კონკრეტული მასალის მოძებნა დაგჭირდეს. ან შესაძლებელია, მოხსენება გქონდეს მოსამზადებელი.
განვიხილოთ მოხსენების მომზადების მაგალითი. გადმოსაცემი მასალა ზოგჯერ საკმაოდ ზოგადია. როგორ შეგიძლია ის შენი კრების მოთხოვნილებებს მოარგო? მასალის გამდიდრებას ინფორმაციის მოძებნით შეძლებ. თუ სტატისტიკურ მონაცემებს ან მასალის შესაფერის, მსმენელთათვის საინტერესო მაგალითს მოიყვან, საინტერესო და პრაქტიკულიც კი გახდება ის, რაც ერთი შეხედვით ისედაც ცხადია. პუბლიკაციები, რომლებსაც იყენებ, შეიძლება ფართო მკითხველისთვის არის განკუთვნილი. შენ კი მასალა დაწვრილებით უნდა განიხილო, თვალსაჩინოდ ახსნა და განმარტო, როგორ შეუძლია მისი გამოყენება კონკრეტულ კრებას ან პიროვნებას. როგორ უნდა გააკეთო ეს?
მასალის მოძებნამდე დაფიქრდი მსმენელზე. რა არის მათთვის უკვე ცნობილი? რის ცოდნა სჭირდებათ? შემდეგ განსაზღვრე, რა მიზანი გაქვს: აუხსნა, დაარწმუნო, რაღაცის სიცრუე დაუმტკიცო თუ მოქმედებისკენ აღძრა. ასახსნელად საჭიროა დამატებითი ინფორმაცია, რომ საკითხს ნათელი მოეფინოს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ძირითადი ფაქტები გასაგებია, შეიძლება დაგჭირდეს დაკონკრეტება, როდის და როგორ უნდა იქნეს გამოყენებული მასალა. დასარწმუნებლად აუცილებელია ამა თუ იმ ფაქტის დამამტკიცებელი არგუმენტების მოყვანა და იმის განმარტება, თუ რატომაა ეს სწორი. რაღაცის სიცრუის დასამტკიცებლად საჭიროა კარგად იცოდე როგორც მომხრეების, ისე მოწინააღმდეგეების თვალსაზრისი, და გულდასმით შეისწავლო მონაცემები. ცხადია, ჩვენი მიზანი უბრალოდ ძლიერი არგუმენტების მოყვანა კი არ არის, არამედ ფაქტების ტაქტიანად მოხსენიება. აღსაძვრელად საჭიროა, მსმენელის გულამდე მიიტანო მასალა; ეს იმას ნიშნავს, რომ მოსმენილის თანახმად მოქმედებისკენ წაახალისო. ამაში შეიძლება დაგეხმაროს მათი მაგალითების მოყვანა, ვინც სირთულეების მიუხედავად სათანადოდ მოიქცა.
მზად ხარ დასაწყებად? ჯერ არა. დაფიქრდი, რა მოცულობის ინფორმაცია დაგჭირდება. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, დროც გაითვალისწინო. რა დრო გექნება მოცემული ამა თუ იმ მასალის გადასაცემად? ხუთი წუთი? ორმოცდახუთი წუთი? წინასწარ არის დადგენილი დრო, როგორც, მაგალითად, კრების შეხვედრებზეა? თუ თავად უნდა განსაზღვრო, როგორც ბიბლიის შესწავლის ან სამწყემსო მონახულების შემთხვევაშია?
რა დამხმარე საშუალებებია შენთვის ხელმისაწვდომი? არის შენი სამეფო დარბაზის ბიბლიოთეკაში ისეთი პუბლიკაციები, რომლებიც სახლში არა გაქვს? იქნებ მათ სთხოვო პუბლიკაციები, ვინც წლების განმავლობაში ემსახურება იეჰოვას? არის სადმე ახლოს ბიბლიოთეკა, სადაც საჭირო მასალის მოძებნას შეძლებდი?
ჩვენი ძირითადი იარაღი ბიბლიაა
თუ ბიბლიის რომელიმე მუხლს იკვლევ, გამოკვლევა თვით ბიბლიიდან დაიწყე.
დააკვირდი კონტექსტს. დაფიქრდი: „ვის ეხება მოცემული მუხლის სიტყვები? წინა და შემდგომი მუხლებიდან გამომდინარე, რა გახდა ბიბლიის პერსონაჟთა ამა თუ იმ მოქმედების ან სიტყვების მიზეზი?“ ასეთი დეტალები ტექსტის უკეთ გაგებაში დაგეხმარება და გამოაცოცხლებს მოხსენებას, რომელშიც მოცემულ მუხლს გამოიყენებ.
მაგალითად, ებრაელების 4:12 ხშირად არის ციტირებული იმის დასამტკიცებლად, რომ ღვთის სიტყვა გულამდე აღწევს და ზეგავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე. კონტექსტი უფრო მეტად გვიღრმავებს ცოდნას ამ საკითხის შესახებ. ტექსტში საუბარია, როგორ გაატარეს ისრაელებმა 40 წელი უდაბნოში, ვიდრე იეჰოვას მიერ აბრაამისთვის აღთქმულ მიწაზე შეაბიჯებდნენ (ებრ. 3:7—4:13). „ღვთის სიტყვა“ — მისი დანაპირები, რომ ისრაელებს დასვენებაში შეიყვანდა, როგორც აბრაამისთვის ჰქონდა აღთქმული — ცოცხალი იყო და ახლოვდებოდა დრო, როცა შესრულდებოდა. ისრაელებს ღვთის სიტყვის რწმენის ყოველგვარი საფუძველი ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, განუწყვეტლივ ურწმუნოებას ავლენდნენ, როდესაც იეჰოვას ისინი ეგვიპტიდან სინას მთისკენ და შემდეგ აღთქმული მიწისკენ მიჰყავდა. ამგვარად, ღმერთი მოქმედებდა თავისი სიტყვის შესასრულებლად და ამაზე მათი რეაგირება ცხადყოფდა, რა ჰქონდათ გულში. მსგავსად, ღვთის სიტყვა, რომელიც დაკავშირებულია მის დაპირებასთან, დღესაც მოქმედია — ააშკარავებს, რა არის ადამიანის გულში.
მოძებნე მარგინალური მუხლები. ბიბლიის ზოგიერთ გამოცემას მარგინალური მუხლები აქვს. შენს ბიბლიაშიც არის ასეთი მუხლები? ისინი ნამდვილად დაგეხმარება. განვიხილოთ მაგალითი „ახალი ქვეყნიერების თარგმანიდან“. 1 პეტრეს 3:6-ში სარა ქრისტიანი ცოლებისთვის მისაბაძ მაგალითად არის მოხსენიებული. მარგინალურ მუხლებში მითითებულია დაბადების 18:12, რომელიც განამტკიცებს ამ აზრს. ამ მუხლიდან ვხედავთ, რომ სარამ „გულში“ უწოდა ბატონი აბრაამს. მაშასადამე, სარას მორჩილება გულწრფელი იყო. გარდა ამისა, მარგინალურმა მუხლმა, შესაძლებელია, დაგანახვოს, როგორ შესრულდა ესა თუ ის ბიბლიური წინასწარმეტყველება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზოგი მარგინალური მუხლი რაიმეს ასახსნელად არ არის გათვალისწინებული. მათში შეიძლება, უბრალოდ, მსგავსი აზრი ან ბიოგრაფიული თუ გეოგრაფიული ინფორმაცია იყოს მოცემული.
გამოკვლევა ბიბლიის სიმფონიის დახმარებით. ბიბლიის სიმფონია ანბანური თანამიმდევრობით დაწყობილი, ბიბლიაში გამოყენებული სიტყვების საძიებელია. ის იმ მუხლების მოძებნაში დაგეხმარება, რომლებიც შენი კვლევის საგანს უკავშირდება. მითითებული მუხლებიდან სხვადასხვა საინტერესო წვრილმანს შეიტყობ და აშკარად დაინახავ ღვთის სიტყვაში მოცემული ჭეშმარიტების „ნიმუშს“ (2 ტიმ. 1:13). „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“ თან ახლავს „ბიბლიური სიტყვების საძიებელი“. „სრული სიმფონია“ გაცილებით მეტ სიტყვას მოიცავს. თუ ის ხელმისაწვდომია შენს ენაზე, მისი დახმარებით ყველა იმ მუხლის მოძებნას შეძლებ, რომლებშიც ბიბლიაში მოხსენიებული ძირითადი სიტყვები გვხვდება.
სხვა დამხმარე საშუალებების გამოყენება
33-ე გვერდზე, ჩარჩოში, ჩამოთვლილია გამოკვლევაში დამხმარე ის საშუალებები, რომლებსაც „ერთგული და გონიერი მონა“ გვაწვდის (მათ. 24:45—47). მათ უმრავლესობას დართული აქვს სარჩევი და საძიებელი, რომელიც საჭირო ინფორმაციის მოსაძებნად არის გათვალისწინებული. ჟურნალებში „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ ყოველი წლის ბოლოს იბეჭდება საგნობრივი საძიებელი მთელი წლის სტატიებისთვის.
მასალას უფრო მალე მოძებნი, თუ გეცოდინება, რა ტიპის ინფორმაციას გთავაზობს ბიბლიის შესწავლაში დამხმარე ესა თუ ის პუბლიკაცია. ვთქვათ, გინდა მოძებნო წინასწარმეტყველებასთან, სწავლებასთან, ქრისტიანულ ქცევასთან ან ბიბლიური პრინციპების გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ასეთი მასალის ნახვა, ჩვეულებრივ, „საგუშაგო კოშკში“ შეგიძლია. ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ ეხება დღევანდელ მოვლენებს, პრობლემებს, რელიგიას, მეცნიერებას და მოგვითხრობს სხვადასხვა ქვეყნის ხალხზე. სახარებებში აღწერილი მოვლენები ქრონოლოგიური თანამიმდევრობით არის განხილული წიგნში „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“. ისეთ პუბლიკაციებში, როგორიცაა „გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!“, „ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!“ და ორტომეული „ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის“, ბიბლიის შესაბამისი წიგნების თითოეული მუხლია განხილული. წიგნში „მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე“ იპოვი დამაკმაყოფილებელ პასუხებს მრავალ ბიბლიურ შეკითხვაზე, რომლებსაც ხშირად გვისვამენ სამქადაგებლო მსახურებისას. სხვადასხვა რელიგიის, მათი სწავლებებისა და წარმოშობის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გამოიყენე წიგნი „კაცობრიობა ღვთის ძიებაში“. იეჰოვას მოწმეთა თანამედროვე ისტორია დაწვრილებით მოთხრობილია წიგნში „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“, ხოლო მოკლედ — ბროშურაში „იეჰოვას მოწმეები გაერთიანებულად ასრულებენ ღვთის ნებას მთელ მსოფლიოში“. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ მსოფლიო მასშტაბით როგორ ვრცელდება სასიხარულო ცნობა, შეგიძლია ნახო „იეჰოვას მოწმეთა წელიწდეულში“. ბიბლიის ენციკლოპედია „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, რომელშიც რუკებიც არის მოცემული, შესანიშნავი დამხმარე საშუალებაა, თუ გჭირდება ინფორმაცია ბიბლიური პერსონაჟების, ადგილების, საგნების, ენების ან ისტორიული მოვლენების შესახებ.
„საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების საძიებელი“. 20-ზე მეტ ენაზე გამოქვეყნებული ეს საძიებელი ჩვენი პუბლიკაციებიდან ინფორმაციის მოძებნაში დაგეხმარება. ის საგნობრივ საძიებლად და ბიბლიური მუხლების საძიებლად არის გაყოფილი. საგნობრივი საძიებლის გამოყენებისას უნდა მოძებნო სიტყვა, რომლის შესახებაც ეძებ მასალას. მუხლების საძიებლის გამოყენებისას კი სიაში უნდა მოძებნო მუხლი, რომლის უკეთ გაგებაც გსურს. თუ შენთვის გასაგებ ენაზე გამოქვეყნებულია რაიმე მასალა ამ საკითხზე ან მუხლზე იმ წლებში, რომლებსაც საძიებელი მოიცავს, მოცემული იქნება შესაბამისი პუბლიკაციების სია. საძიებლის თავში მითითებულია, თუ რომელი პუბლიკაციაა აღნიშნული ამა თუ იმ შემოკლებით (მაგალითად, მისი დახმარებით შეგიძლია გაიგო, რომ w99 3/1 15-ით მითითებულია „საგუშაგო კოშკის“ 1999 წლის 1 მარტის ნომერი, გვერდი 15). კრებისთვის საინტერესო მოხსენებების მომზადებაში დაგეხმარება, მაგალითად, „შემთხვევები სამქადაგებლო მსახურებიდან“ და „იეჰოვას მოწმეების ბიოგრაფიები“.
კვლევისას ფრთხილად იყავი, რომ სხვადასხვა საინტერესო თემამ არ გაგიტაცოს. ეცადე, ეძებო ის მასალა, რომელიც მოცემულ მომენტში გჭირდება. საძიებელში მოყვანილი პუბლიკაცია პირდაპირ მითითებულ გვერდ(ებ)ზე გადაშალე, შემდეგ კი ქვესათაურებისა და აბზაცის პირველი წინადადებების დახმარებით მოძებნე საჭირო მასალა. თუ ბიბლიის რომელიმე მუხლის განმარტებას ეძებ, პირველ რიგში ეს მუხლი მოძებნე მითითებულ გვერდზე, ხოლო კომენტარებს შემდეგ გადახედე.
„საგუშაგო კოშკის ბიბლიოთეკა“ კომპაქტ-დისკზე. თუ კომპიუტერს იყენებ, შეგიძლია ისარგებლო „საგუშაგო კოშკის ბიბლიოთეკით“, რომელშიც ძალიან ბევრი პუბლიკაციაა შეტანილი. მოსახერხებელი პროგრამა შესაძლებლობას გაძლევს, მოძებნო სიტყვა, სიტყვათა შეთანხმება ან ბიბლიური მუხლი „საგუშაგო კოშკის ბიბლიოთეკაში“ შესულ ნებისმიერ პუბლიკაციაში. ეს ბიბლიოთეკა შენს ენაზე ხელმისაწვდომი რომც არ იყოს, მაინც შეძლებ მის გამოყენებას, თუ რომელიმე საერთაშორისო ენას ფლობ.
ჩვენი სხვა პუბლიკაციები
მოციქულმა პავლემ ღვთის შთაგონებით დაწერილ წერილში ტიმოთეს სთხოვა, მისთვის რომში წაეღო „გრაგნილებიც . . . განსაკუთრებით პერგამენტები“ (2 ტიმ. 4:13). პავლე აფასებდა და ინახავდა ამგვარ ჩანაწერებს. შენც შეგიძლია მის მსგავსად მოიქცე. ინახავ თუ არა „საგუშაგო კოშკის“, „გამოიღვიძეთ!“-ის და „ჩვენი სამეფო მსახურების“ ნომრებს მას შემდეგ, რაც კრებაზე განიხილავთ? თუ დიახ, სხვა ქრისტიანულ პუბლიკაციებთან ერთად მათაც გამოიყენებ ამა თუ იმ ინფორმაციის მოსაძებნად. კრებების უმრავლესობას სამეფო დარბაზში თეოკრატიული პუბლიკაციების ბიბლიოთეკა აქვს. ამ პუბლიკაციებით სარგებლობა კრების ყველა წევრს შეუძლია სამეფო დარბაზში.
გქონდეს პირადი არქივი
შეაგროვე საინტერესო მასალები, რომლებსაც მოხსენების მომზადებისას ან სწავლებისას გამოიყენებ. თუ ჟურნალ-გაზეთებში შეგხვდება ახალი ამბები, სტატისტიკური მონაცემები ან მაგალითები, რომლებსაც სამქადაგებლო მსახურებაში გამოიყენებდი, ამოჭერი საჭირო მონაკვეთი ან ასლი გააკეთე. მიაწერე თარიღი, გამოცემის სათაური და, თუ გინდა, ავტორი ან გამომცემელი. კრების შეხვედრებზე ჩაიწერე აზრები და მაგალითები, რომლებიც სხვებისთვის ჭეშმარიტების ასახსნელად გამოგადგება. ყოფილა თუ არა ისეთი შემთხვევა, როდესაც მოიფიქრე კარგი მაგალითი, მაგრამ მაშინვე გამოყენების შესაძლებლობა არ გქონდა? ჩაიწერე და შეინახე ასეთი მაგალითები. თეოკრატიული მსახურების სკოლაში დროთა განმავლობაში არაერთ დავალებას მოამზადებ. ნუ გადაყრი შენი გამოსვლების გეგმებს. მოძებნილი მასალა შეიძლება მომავალშიც გამოგადგეს.
ესაუბრე ხალხს
ხალხი ინფორმაციის უშრეტი წყაროა. ლუკამ სახარების დასაწერად მასალა, როგორც ჩანს, ძირითადად, ფაქტების თვითმხილველთა გამოკითხვით შეაგროვა (ლუკ. 1:1—4). შეიძლება თანაქრისტიანმა გაგარკვიოს იმ საკითხში, რომლის შესახებაც მასალის მოძებნა გინდოდა. ეფესოელების 4:8, 11—16-ის თანახმად, ქრისტე ჩვენს დასახმარებლად იყენებს „ძღვენს ადამიანების სახით“ იმისათვის, რომ „ღვთის ძის შესახებ საფუძვლიან ცოდნაში“ გავიზარდოთ. მათთან საუბრისას, ვინც გამოცდილია ღვთის მსახურებაში, შეიძლება საინტერესო აზრები წამოიჭრას. საუბრით, აგრეთვე, წარმოდგენა შეგექმნება სხვების აზროვნებაზე. ეს კი ნამდვილად პრაქტიკული მასალის მომზადებაში დაგეხმარება.
გადაარჩიე მოძებნილი მასალა
ხორბლის მოსავლის აღების შემდეგ საჭიროა მარცვლისა და ნამჯის გადარჩევა. ამის მსგავსად უნდა მოიქცე გამოკვლევის ჩატარების შემდეგაც — გამოყენებამდე მასალას უნდა მოაშორო ის, რაც ზედმეტია.
თუ ინფორმაცია მოხსენებისთვის გჭირდება, დაფიქრდი: „მნიშვნელოვანია თუ არა ჩემ მიერ განსახილველი საკითხისთვის ის აზრი, რომლის გამოყენებასაც ვაპირებ? ან, მიუხედავად იმისა, რომ მასალა საინტერესოა, ხომ არ გადამახვევინებს თემიდან და სხვა რამეზე ხომ არ გადაიტანს მსმენელის ყურადღებას?“ მეცნიერების სხვადასხვა დარგში, მაგალითად მედიცინაში, გამუდმებით ხდება მონაცემების განახლება. თუ ასეთი მონაცემების გამოყენებას აპირებ, შეამოწმე, ფლობ თუ არა უახლეს ინფორმაციას. გაითვალისწინე ისიც, რომ ჩვენს ძველ პუბლიკაციებში გამოქვეყნებული მონაცემები შესაძლოა უკვე განახლებული იყოს. ამიტომაც შეამოწმე, რა გამოქვეყნდა ამ თუ იმ საკითხზე ბოლო დროს.
განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებს, თუ ინფორმაციას ქვეყნიური წყაროებიდან იღებ. არ დაივიწყო, რომ ღვთის სიტყვაა ჭეშმარიტება (იოან. 17:17). იესო მთავარ როლს ასრულებს ღვთის განზრახვის შესრულებაში. ამიტომაც, კოლოსელების 2:3-ში ნათქვამია, რომ მასში „საგულდაგულოდ არის დამალული სიბრძნისა და ცოდნის მთელი განძი“. მხედველობაში მიიღე ეს მოპოვებული მასალის გადარჩევისას. გარდა ამისა, დაფიქრდი: „გაზვიადებული, საეჭვო ან მიკერძოებული ხომ არ არის ეს მასალა? პირადი გამორჩენის ან კომერციული მიზნებით ხომ არ იყო დაწერილი? ეთანხმება თუ არა ამ ინფორმაციას სხვა სანდო წყაროები? რაც ყველაზე მთავარია, ეთანხმება თუ არა ის ბიბლიურ ჭეშმარიტებას?“
იგავების 2:1—5 მოგვიწოდებს, რომ ცოდნა, გაგების უნარი და გამჭრიახობა ‘ვერცხლივით და დამალული განძივით’ ვეძებოთ. ამ სიტყვებში როგორც შრომა, ისე ამის შედეგად მიღებული ჯილდო იგულისხმება. გამოკვლევა ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ მისი დახმარებით გაიგებ ღვთის აზრებს კონკრეტულ საკითხებზე, შეიძენ სწორ თვალსაზრისს და განმტკიცდები ჭეშმარიტებაში. ის აგრეთვე უფრო აზრიანს გახდის და გამოაცოცხლებს შენს გამოსვლებს. მათ შენც სიამოვნებით წარმოადგენ და მსმენელიც სიამოვნებით მოისმენს.