გაკვეთილი 2
კარგი დიქცია
აზრის სწორად გადასაცემად საჭიროა გარკვევით ლაპარაკი. შეიძლება ნამდვილად რაღაც საინტერესოსა და მნიშვნელოვანს ამბობდე, მაგრამ მსმენელმა სრულად ვერ აღიქვას ინფორმაცია მხოლოდ იმის გამო, რომ სიტყვებს მკაფიოდ არ წარმოთქვამ.
მსმენელს მოქმედებისკენ ვერ აღძრავს სიტყვები, რომლებიც კარგად არ ესმის. თუნდაც ორატორს ძლიერი ხმა ჰქონდეს და ხმამაღლა ლაპარაკობდეს, მისი ნათქვამი ვერაფერს შემატებს სხვებს, თუ სიტყვებს გაურკვევლად წარმოთქვამს. მისი ლაპარაკი მსმენელისთვის გაუგებარ, უცხო ენაზე ლაპარაკს დაემსგავსება (იერ. 5:15). ბიბლია შეგვახსენებს: „თუ საყვირი გაურკვეველ ხმას გამოსცემს, ვინ გაემზადება საბრძოლველად? ასევე, თუ ენით ადვილად გასაგებ სიტყვებს არ გამოთქვამთ, როგორ გაიგებენ, რას ამბობთ? ჰაერზე ილაპარაკებთ“ (1 კორ. 14:8, 9).
რა არის გაურკვეველი მეტყველების მიზეზი? სიტყვები შეიძლება გაურკვეველი იყოს, თუ ლაპარაკის დროს პირი საკმარისად არ იღება. დაძაბული სახის კუნთები და თითქმის მოკუმული ტუჩებიც ახშობს ბგერებს.
ნათქვამის გაგება შეიძლება მეტისმეტად სწრაფი ლაპარაკის გამოც გართულდეს. ამ დროს სიტყვების აღქმა რთულია, ისევე როგორც აჩქარებული ჩანაწერის მოსმენისას, როდესაც ხმა კი გესმის, მაგრამ თითქმის ვერაფერს იგებ.
ზოგჯერ ცუდი დიქციის მიზეზი სამეტყველო ორგანოების დეფექტია. მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი არის შესაძლებელი მეტყველების გარკვეულწილად გაუმჯობესება ამ გაკვეთილში შემოთავაზებული რჩევების გამოყენებით.
უფრო ხშირად კი ლაპარაკს ძნელად გასაგებს ხდის სიტყვების ერთმანეთის მიყოლებით, პაუზების გარეშე წარმოთქმა. ასეთი ლაპარაკის დროს იყლაპება მარცვლები, ცალკეული ბგერები ან სიტყვის დაბოლოებები. სიტყვებს თუ ერთმანეთს მიაყრი, მსმენელი ზოგ აზრს ან ფრაზას კი გაიგებს, მაგრამ დანარჩენის მიხვედრა, ალბათ, თავად მოუწევს. აშკარაა, რომ ცუდი დიქცია ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია სწავლებისას.
რა დაგვეხმარება გარკვევით ლაპარაკში? სიტყვების გარკვევით წარმოთქმისთვის მნიშვნელოვანია გესმოდეს სიტყვების სტრუქტურა. ენათა უმრავლესობაში სიტყვები მარცვლებისგან შედგება. მარცვალში ერთი ან რამდენიმე ბგერაა და ის ერთი ამოსუნთქვით წარმოითქმება. ამ ენებზე ლაპარაკის დროს, ჩვეულებრივ, თითოეული მარცვალი უნდა წარმოითქვას, თუმცა, შეიძლება, ყველა ერთნაირად მკაფიოდ არ ისმოდეს. თუ გსურს დიქციის გაუმჯობესება, ნელა ილაპარაკე და ეცადე, ყველა მარცვალი გამოკვეთო. თავიდან შეიძლება სიტყვების დანაწევრება გამოგივიდეს, მაგრამ თანდათანობით უფრო ბუნებრივად შეძლებ ლაპარაკს. ჩვეულებრივ, ლაპარაკის დროს, ალბათ, რამდენიმე სიტყვას გადაბმულად — მოკლე პაუზებით ან პაუზების გარეშე — წარმოთქვამ, მაგრამ ფრთხილად უნდა იყო, რომ ამის გამო სიტყვები გაუგებარი არ გახდეს.
გაფრთხილება: დიქციის გასაუმჯობესებლად ვარჯიშის დროს შეგიძლია თითოეული მარცვლის გამოკვეთით ილაპარაკო და იკითხო, მაგრამ ფრთხილად იყავი, რომ ეს ჩვევად არ გექცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არაბუნებრივი მეტყველება ჩამოგიყალიბდება.
თუ შენი ლაპარაკი ყრუდ ისმის, შეეცადე, თავი გაასწორო. როდესაც კითხულობ, ბიბლია ისეთ სიმაღლეზე გეჭიროს, რომ მსმენელისთვის შესახედად და ბიბლიაში ჩასახედად მხოლოდ ოდნავ გჭირდებოდეს ახედვა და დახედვა. ამგვარად სიტყვების წარმოთქმაც გაგიადვილდება.
მეტყველებას ისიც გაგიუმჯობესებს, თუ დაძაბულობის მოხსნას ისწავლი. ცნობილია, რომ სახის კუნთებისა და სუნთქვის ფუნქციაში მონაწილე კუნთების დაჭიმვა უარყოფით გავლენას ახდენს მეტყველებაზე. დაძაბულობა ხელს უშლის სამეტყველო ორგანოების, სასუნთქი ორგანოებისა და გონების ჰარმონიულ ურთიერთკავშირს, რაც თავისთავადი და ბუნებრივი უნდა იყოს.
ყბის კუნთები მოდუნებული უნდა იყოს იმისათვის, რომ დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება ტვინიდან მიღებულ იმპულსებზე. არც ტუჩები უნდა გქონდეს დაძაბული. პირის ღრუსა და ხახაში წარმოქმნილი ბგერები სათანადოდ რომ წარმოთქვა, ტუჩებს თავისუფლად უნდა ამოძრავებდე. თუ ყბები და ტუჩები დაძაბული გექნება, პირს ნორმალურად ვერ გააღებ და სიტყვებს კბილებში გამოსცრი, რაც ხმას დაგიხშობს და ნათქვამს გაუგებარს გახდის. მაგრამ ყბებისა და ტუჩების მოდუნება იმას არ ნიშნავს, რომ უსიცოცხლოდ ილაპარაკო. საჭიროა ზომიერება — ისე უნდა წარმოთქვა ბგერები, რომ მსმენელისთვის გასაგები იყოს.
ხმამაღლა კითხვა დაგეხმარება იმის განსაზღვრაში, თუ როგორი დიქცია გაქვს. დააკვირდი, როგორ იყენებ სამეტყველო ორგანოებს. საკმარისად აღებ პირს, რომ ბგერები თავისუფლად წარმოთქვა? მართალია, ენა ყველა ორგანოზე აქტიურად მონაწილეობს მეტყველების პროცესში, მაგრამ გახსოვდეს, რომ ის ერთადერთი სამეტყველო ორგანო არ არის. კისერი, ქვედა ყბა, ტუჩები, სახის კუნთები და ხორხი ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამოძრავებ ლაპარაკის დროს სახის კუნთებს? სახის კუნთები თუ გაშეშებული გაქვს, შენი მეტყველება, ალბათ, რთული გასაგები იქნება.
თუ შესაძლებლობა გაქვს, ჩაიწერე შენი ხმა. ილაპარაკე ბუნებრივად, ისე როგორც ქადაგების დროს დაელაპარაკებოდი ვინმეს. რამდენიმე წუთი ილაპარაკე. ჩანაწერის მოსმენით უკეთ შენიშნავ, რის გაუმჯობესება გჭირდება ზოგიერთი სიტყვის წარმოსათქმელად. მაგალითად, დააკვირდი, პაუზების გარეშე ხომ არ წარმოთქვამ სიტყვებს, ხომ არ ლუღლუღებ ან ხომ არ ყლაპავ ბგერებს. შეეცადე, განსაზღვრო მიზეზიც. ხშირ შემთხვევაში, გაუმჯობესება შესაძლებელია ამ გაკვეთილში მოცემული რჩევების გამოყენებით.
რა უნდა გააკეთო, თუ მეტყველების დეფექტი გაქვს? მიეჩვიე პირის უფრო ფართოდ გაღებას და შეეცადე, უფრო მკაფიოდ წარმოთქვა სიტყვები. ღრმად ისუნთქე და ნელა ილაპარაკე. ეს რჩევები ბევრს დაეხმარა მეტყველების გაუმჯობესებაში. თუ „ს“ ბგერის წარმოთქმა გიჭირს, ენა წინა კბილებს მოაშორე და ისე შეეცადე წარმოთქმას. გულს ნუ გაიტეხ, თუ სრულად ვერ დაძლევ პრობლემას. მოსეს, როგორც ჩანს, მეტყველების ნაკლი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, იეჰოვამ სწორედ ის ამოირჩია, როგორც თავისი ხალხისთვის, ისე ეგვიპტის ფარაონისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადასაცემად (გამ. 4:10—12). თუ მზად იქნები, იეჰოვა შენც მოგცემს დავალებებს და დაგეხმარება წარმატების მიღწევაში.