საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • be გაკ. 16 გვ. 135-გვ. 138 აბზ. 5
  • თავდაჭერილობა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • თავდაჭერილობა
  • მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
  • მსგავსი მასალა
  • თავდაჭერილობა და გარეგნობა
    როგორ გაიუმჯობესო მეტყველება და სწავლების უნარი
  • როგორ შევძლო თავისუფლად ლაპარაკი?
    გამოიღვიძეთ! — 2004
  • შინაარსიანი და ნათლად გადმოცემული მასალა
    როგორ გაიუმჯობესო მეტყველება და სწავლების უნარი
  • ინტერესის აღმძვრელი შესავალი
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
იხილეთ მეტი
მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
be გაკ. 16 გვ. 135-გვ. 138 აბზ. 5

გაკვეთილი 16

თავდაჭერილობა

რა უნდა გააკეთო?

შენი მოძრაობა და ლაპარაკი უნდა მოწმობდეს, რომ სიმშვიდეს ინარჩუნებ და საკუთარი ღირსების გრძნობა გაქვს.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

თავდაჭერილი თუ იქნები, მსმენელს გაუადვილებ, ყურადღება შენს ნათქვამზე გაამახვილოს და არა პირადად შენზე.

სავსებით ბუნებრივია ნერვიულობა სცენაზე გამოსვლამდე, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც ხშირად არ უწევს გამოსვლა. ისიც ნორმალურია, თუ სამქადაგებლო მსახურების დაწყების დროს მაუწყებელი ღელავს. „არ ვიცი, როგორ ვილაპარაკო, მე ხომ ყმაწვილი ვარ“, — სწორედ წინასწარმეტყველად მსახურების დაწყებამდე თქვა იერემიამ ეს სიტყვები (იერ. 1:5, 6). იეჰოვა დაეხმარა იერემიას. ის შენც დაგეხმარება და თანდათანობით მეტ თავდაჭერილობას შეიძენ.

თავდაჭერილი გამომსვლელი სიმშვიდეს ინარჩუნებს. მისი სიმშვიდის გარეგნული ნიშნებია ბუნებრივი და მდგომარეობის შესაფერისი პოზა, ხელების სათანადოდ მოძრაობა და გამომეტყველებით, აუღელვებლად ლაპარაკი.

თუ ფიქრობ, რომ თავდაჭერილი მომხსენებელი არა ხარ, გულს ნუ გაიტეხ. გაუმჯობესება შესაძლებელია. როგორ? ვნახოთ, რატომ ღელავს მომხსენებელი და რატომ აკლია თავდაჭერილობა. ერთ-ერთი მიზეზი ორგანიზმში მიმდინარე პროცესებია.

როდესაც გვინდა რამე კარგად გავაკეთოთ, მაგრამ დარწმუნებული არა ვართ საკუთარ ძალებში, ჩვეულებრივ, ვღელავთ. ამის შედეგად, ტვინი სხეულს იმპულსებს გადასცემს, რომ ჭარბად გამოიყოს ადრენალინი. ეს იწვევს გულისცემის აჩქარებას, სუნთქვის რეჟიმის შეცვლას, ჭარბ ოფლიანობას და ზოგჯერ ხელების, მუხლებისა და ხმის კანკალს. სხეული მეტი ენერგიის გამოყოფით გვეხმარება, თავი გავართვათ სირთულეს. მთავარია, ვიცოდეთ, როგორ გამოვიყენოთ მოჭარბებული ენერგია ჩვენ სასარგებლოდ იმისათვის, რომ ენთუზიაზმით ვილაპარაკოთ.

რა უნდა გააკეთო იმისათვის, რომ ნაკლებად აღელდე. გახსოვდეს, რომ ოდნავ აღელვება სავსებით ნორმალურია, მაგრამ თავდაჭერილობა ნიშნავს იმას, რომ ნაკლებად აღელდე, მშვიდად გაართვა თავი სირთულეს და თავი ღირსეულად გეჭიროს. რა დაგეხმარება ამაში?

კარგად მოემზადე. დრო გამოყავი მოსამზადებლად. კარგად გაერკვიე განსახილველ თემაში. თუ შენზეა დამოკიდებული, რა აზრებს განიხილავ, მხედველობაში მიიღე შენი მიზანი და ის, თუ რა იცის მსმენელმა მოცემული საკითხის შესახებ. ამგვარად ნამდვილად ფასეულ მასალას მოამზადებ. თავიდან თუ გაგიჭირდა, გამოცდილ მომხსენებელს სთხოვე, დაგეხმაროს მასალის გაანალიზებაში, რათა კონკრეტული მსმენელისთვის სასარგებლო გახადო. როდესაც გარკვევით გექნება ჩამოყალიბებული აზრები და დარწმუნებული იქნები, რომ მომზადებული მასალა მსმენელს გამოადგება, ინფორმაციის გაზიარების სურვილი მღელვარებას გადაფარავს.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე შესავალს. მოიფიქრე, რა სიტყვებით დაიწყებ ლაპარაკს. პირველი სიტყვების შემდეგ, ალბათ, თანდათანობით ნაკლებად ინერვიულებ.

ქადაგებისთვისაც ამის მსგავსად მოემზადე. წინასწარ მოიფიქრე, რა საკითხზე იმსჯელებ. გარდა ამისა, გაითვალისწინე, ვისთან მოგიწევს ქადაგება. კარგად მოამზადე შესავალი. აგრეთვე, გამოცდილ ქრისტიანებს მიმართე რჩევებისთვის.

შეიძლება იფიქრო, რომ უფრო თავდაჭერილი იქნები, თუ კრებაში სცენაზე გამოსვლის დროს მზა ტექსტს გამოიყენებ, მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება უფრო მეტადაც კი აღელდე. მართალია, ზოგი მომხსენებელი დაწვრილებით ჩანაწერებს იყენებს, ზოგი კი — მოკლეს, მაგრამ სიმშვიდის შენარჩუნებასა და ყურადღების მასალაზე გადატანაში სიტყვების ფურცელზე დაწერა კი არ დაგეხმარება, არამედ იმის რწმენა, რომ შენ მიერ მომზადებული მასალა მსმენელს ნამდვილად გამოადგება.

ხმამაღლა გაიმეორე. მომზადებული მასალის ხმამაღლა გამეორება დაგარწმუნებს, რომ ნამდვილად შეგიძლია აზრების სიტყვიერად გადმოცემა. უფრო მეტიც, ინფორმაცია მეხსიერებაში ჩაგებეჭდება და გამოსვლის დროს ადვილად შეძლებ გახსენებას. წარმოიდგინე შენი გამოსვლა, მსმენელი. ფეხზე დადექი ან სკამზე დაჯექი იმისდა მიხედვით, თუ როგორ მოგიწევს კრებაში მასალის გადმოცემა.

იეჰოვას ლოცვაში სთხოვე დახმარება. გიპასუხებს ის ასეთ ლოცვაზე? „დარწმუნებული ვართ მასში, რომ რაც უნდა ვთხოვოთ მისი ნებისამებრ, ის გვისმენს“ (1 იოან. 5:14). თუ გსურს, ღმერთი განადიდო და ადამიანებს მისი სიტყვის გაგებაში დაეხმარო, ის უეჭველად დაგეხმარება. თუ ამაში დარწმუნებული იქნები, უფრო ადვილად გაართმევ თავს დავალებას. გარდა ამისა, სულის ნაყოფის — სიყვარულის, სიხარულის, მშვიდობის და თავშეკავების — განვითარებასთან ერთად ჩამოგიყალიბდება ისეთი აზროვნება, რომელიც სხვადასხვა სიტუაციაში თავდაჭერილობის შენარჩუნებაში დაგეხმარება (გალ. 5:22, 23).

შეიძინე გამოცდილება. რაც უფრო ხშირად მიიღებ მონაწილეობას სამქადაგებლო მსახურებაში, მით უფრო ნაკლებად აღელდები. რაც უფრო მეტ შეკითხვას გასცემ პასუხს კრების შეხვედრაზე, მით უფრო გაგიადვილდება მსმენელის წინაშე ლაპარაკი. რაც უფრო ხშირად გამოხვალ კრებაში, მით უფრო ნაკლებად ინერვიულებ გამოსვლამდე. გსურს სცენაზე უფრო ხშირად გამოსვლა? თუ ასეა, მაშინ ყოველთვის მზად იყავი საჭიროების შემთხვევაში გამომსვლელის შესაცვლელად.

ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯების გადადგმის შემდეგ კარგი იქნება, გაეცნო იმას, თუ რაში ვლინდება აღელვება. თუ გეცოდინება, რაში გამოიხატება ნერვიულობა და როგორ მოიქცე ასეთ შემთხვევებში, ლაპარაკის დროს უკეთ შეძლებ თავის დაჭერას. როგორც წესი, ნერვიულობა ვლინდება მოქმედებაში ან ხმაში.

ნიშნები, რომლებიც მოქმედებაში ვლინდება. როგორც თავდაჭერილობა, ისე ნერვიულობა დგომაში, მიხრა-მოხრასა და ხელების მოძრაობაში შეინიშნება. პირველ რიგში, ყურადღება მიაქციე ხელებს. ხელების ზურგს უკან დაწყობა; ხელებჩამოშვებული გაუნძრევლად დგომა; კათედრას ჩაბღაუჭება; პერიოდულად ხელების ჯიბეებში ჩაწყობა და ამოღება; ღილის შეკვრა და შეხსნა; უმიზეზოდ ხელის ლოყაზე, ცხვირზე ან სათვალეებზე მოკიდება; მაჯის საათით, ფანქრით, ბეჭდით ან ჩანაწერებით თამაში; უხერხული და დაუსრულებელი ჟესტები — ყოველივე ეს იმის ნიშანია, რომ გამომსვლელს თავდაჭერილობა აკლია.

მღელვარების ნიშანი იქნება ისიც, თუ მოუსვენრად იდგები; ხან ერთ ფეხს დაეყრდნობი და ხან მეორეს. აგრეთვე, თუ არაბუნებრივად გაიჭიმები, მეტისმეტად მოდუნდები, ხშირად დაისველებ ტუჩებს, ხშირად გადაყლაპავ ნერწყვს ან თუ სწრაფად და ზედაპირულად ისუნთქებ.

თუ ამ ნიშნებს ყურადღებას მიაქცევ, მსმენელი შენს აღელვებას ნაკლებად შენიშნავს. თითოეულ ნიშანზე ცალ-ცალკე იმუშავე. დაუკვირდი, რაში ავლენ მღელვარებას და დაფიქრდი, რა შეგიძლია გააკეთო იმისათვის, რომ ეს პრობლემა დაძლიო. თუ ძალ-ღონეს მოახმარ, ისწავლი საკუთარი თავის მართვას.

ნიშნები, რომლებიც ხმაში ვლინდება. შესაძლებელია, ნერვიულობის დროს ხმა გიწვრილდება, გიკანკალებს ან ჩვევად გაქვს ხშირი ჩახველება და სწრაფი ლაპარაკი. ამას გადაეჩვევი, თუ ყოველმხრივ შეეცდები საკუთარი ხმის დამორჩილებას.

თუ აღელვებული ხარ, სცენაზე გასვლამდე რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქე. შეეცადე მთელი სხეულის მოდუნებას. ყურადღება არ გაამახვილო ნერვიულობაზე. იფიქრე იმაზე, თუ რატომ გსურს მომზადებული ინფორმაციის მსმენელისთვის გაზიარება. ლაპარაკის დაწყებამდე აუდიტორიისკენ გაიხედე, რამდენიმე კეთილგანწყობილი მსმენელი შეარჩიე და გაუღიმე. თავიდან ნელა ილაპარაკე და შემდეგ თანდათანობით სულითა და გულით ჩაერთე მოხსენებაში.

რას უნდა მოელოდე. ნუ იფიქრებ, რომ საერთოდ აღარ ინერვიულებ. ბევრი გამოცდილი მომხსენებელი ყოველი გამოსვლის წინ ნერვიულობს. მათ, უბრალოდ, იციან საკუთარი ემოციების მართვა.

თუ შეეცდები, გარეგნულად ნაკლებად გამოავლინო შინაგანი განცდები, მსმენელი თავდაჭერილ მომხსენებლად მიგიჩნევს. შეიძლება, შინაგანად ისევ ნერვიულობდე, მაგრამ ამას ვერავინ შენიშნავს.

გახსოვდეს, რომ ადრენალინი, რომლის ჭარბად გამოყოფის შედეგიცაა მოქმედებასა თუ ხმაში გამოვლენილი ნიშნები, ენერგიის მოზღვავებასაც იწვევს. ეს ენერგია ენთუზიაზმით ლაპარაკისთვის გამოიყენე.

ამ რჩევების გამოსაყენებლად ნუ დაელოდები სცენაზე გამოსვლას. შეეცადე, ყოველთვის თავდაჭერილი და გაწონასწორებული იყო, აგრეთვე ლაპარაკის დროს სათანადოდ გამოხატო გრძნობები. ამით საკუთარი თავის რწმენა შეგემატება და უფრო თავდაჭერილი იქნები სცენაზე გამოსვლისა და ქადაგების დროს — მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია.

რა არის საჭირო თავდაჭერილობისთვის

  • კარგად მოემზადე.

  • მასალა ხმამაღლა გაიმეორე.

  • ილოცე და „იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი“ (ფსალმ. 55:22).

  • რეგულარულად მიიღე მონაწილეობა სამქადაგებლო მსახურებაში, ხშირად უპასუხე კრების შეხვედრებზე და მზად იყავი, საჭიროების შემთხვევაში შეცვალო გამომსვლელი.

  • დაუკვირდი, რაში ავლენ მღელვარებას და დაფიქრდი, როგორ შეგიძლია საკუთარი თავის მართვა.

სავარჯიშო: ერთი თვის განმავლობაში ყოველკვირა შეეცადე რამდენჯერმე უპასუხო „საგუშაგო კოშკის“ შესწავლასა და კრების წიგნის შესწავლაზე. დაინახავ, რომ თითოეულ შეხვედრაზე მეორე და მესამე პასუხის გაცემის დროს ნაკლებად აღელდები.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება